დაკარგული შანსი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად

28-03-2025 15:51:27 თავდაცვა

ავტორები: მანანა ღოღობერიძე და ნანუკა ბრეგაძე

საჰაერო სივრცის თვალთვალი, მტრის საფრენი აპარატების აღმოჩენა და განადგურება; პორტის, რკინიგზის თუ სხვა სტრატეგიული ადგილების დაცვა თავდასხმისგან – ამ მიზანს ემსახურება საჰაერო თავდაცვის ბრიგადა. მისი სიძლიერე კი დამოკიდებულია იმაზე, რა რაოდენობის და როგორი ტექნიკაა ბრიგადის მარაგში.

ვინ და როგორ იცავს საქართველოს ცას, ეს დეტალურად უკვე მოგიყევით, ამ სტატიით კი გაიგებთ, რა არის “ასტერ-30”-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს არ ჰყავს, მაგრამ არსებობდა რეალური შანსი, რომ ჰყოლოდა.

ერთი თვის წინ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გაამხილა, რომ 2013 წელს საქართველოს მთავრობამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა და საფრანგეთისგან არ შეიძინა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი. [SAMP/T-ის სისტემა, ასტერ-30-ის რაკეტით]. ამ გადაწყვეტილებას კი ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ოლიგარქ ივანიშვილს მიაწერს.

“იმაზაც წამომყვნენ, რომ კრედიტით გვაძლევდნენ ამ სისტემას და გადახდა 7 წლის მერე გვიწევდა. 2013 წელს რომ დაგვეწყო, 2021 წლისთვის საქართველოს ცა, მთელი ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა იქნებოდა დაცული[…] როდესაც ჰაერი დაცულია, რა თქმა უნდა, შენს ჯარსაც აძლევს დიდ სტიმულს, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყანა. ამიტომ, ეს იყო უპატიებელი შეცდომა”, – თქვა ირაკლი ალასანიამ 2025 წლის 20 თებერვალს, “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

რა უნარები აქვს “ასტერ-30”-ის რაკეტას?

ევროპული კომპანია MBDA აწარმოებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექს SAMP/T-ის. ეს არის მთლიანი მოწყობილობა, ე.წ ბატარეა, რომელსაც მანქანის სახე აქვს და ველზე, ერთ კონკრეტულ ადგილას ეწყობა. ამ სისტემაში შედის რადარებიც და რაკეტებიც. რადარმა მტრის ობიექტი უნდა შეამჩნიოს და დააფიქსიროს, რაკეტამ კი უშუალოდ გაანადგუროს.

SAMP/T-ის სისტემა, რომელზეც მაგრდება “ასტერის”-ის რაკეტებიწყარო: Armyrecognition.com

SAMP/T-ის რაკეტებია “ასტერ-15” და “ასტერ-30”. მათ შორის უფრო მძლავრი, სწრაფი და ეფექტიანია “ასტერ-30”.

ოფიციალურად, ეს სისტემა საშუალო და შორ მანძილზე მოქმედებს. ანუ, შეუძლია გაანეიტრალოს მაქსიმუმ 150 კილომეტრის მანძილზე და 20 კილომეტრ სიმაღლეზე მოძრავი ობიექტები. მათ შორის, “კამიკაძე დრონი”, სადაზვერვო დრონი, ფრთოსანი რაკეტა, თვითმფრინავი, შვეულმფრენი და ბალისტიკური რაკეტა.

“ასტერ-30”-ის სიჩქარე 5,500 კმ/სთ-ია. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ მტრის საფრენი აპარატი 5 კილომეტრშია, რაკეტა მას 1-2 წამში მიწვდება.

ამ სისტემას აქვს მრავალარხიანი დამიზნება, რაც გულისხმობს, რომ თავისუფლად შეუძლია მიზანში ამოიღოს ერთდროულად რამდენიმე ობიექტი, თანაც სხვადასხვა მიმართულებით. ამას მარტივად ახერხებს, რადგან 360-გრადუსიანი დაფარვა აქვს. რაც შეეხება რაოდენობას, “ასტერ-30”-ს რთდროულად ათეულობით რაკეტის გასროლაც შეუძლია.

[“ასტერ-30”-ის რაკეტები, წყაროები: მწარმოებელი კომპანია MBDA და root-nation.com]

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია დამიზნების ტიპი. თავდაცვის სფეროს სპეციალისტები გვიხსნიან, რომ რაკეტების ფასს და სიძვირეს სწორედ ეს განსაზღვრავს. თანამედროვე და ხარისხიან რაკეტას უნდა შეეძლოს, რომ ჰაერში გაგზავნოს რადიოტალღები და ისე დააფიქსიროს მტრის ობიექტი. სწორედ ამას აკეთებს “ასტერ-30”-ის რაკეტა.

“თუ რაკეტა მაღალტექნოლოგურია, მას უნდა ჰქონდეს რადიოლოკაციური თვითდამიზნების თავაკი. რას ნიშნავს ეს? ვთქვათ, რადარმა დააფიქსირა მიზანი, ასე 20-25 კილომეტრში. შემდეგ ეს ინფორმაცია გადაეცემა ცეცხლის მართვის ჯგუფს, რომელიც ამ ობიექტისკენ უშვებს რაკეტას. თვითონ რაკეტის თავაკში არის რადარი. ანუ, სამიზნეს თვითონ ეძებს და თვითონვე მიდის მის გასანადგურებლად. თუ “ასტერის” რაკეტამ მიზანში ამოიღო, თვითმფრინავი ვეღარ მოიშორებს მას ფრენის ბოლომდე და აუცილებლად განადგურდება. ეს არის თანამედროვე რაკეტების პლიუსი. მინუსი კი მხოლოდ ისაა, რომ მათი ფასი ძვირია”, – გვიხსნის ოთო კონჯარია, სამხედრო ანალიტიკოსი და პლატფორმა “ალფასიხშირის” დირექტორი.

როცა რაკეტების მახასიათებლებს არჩევენ, ასახელებენ ხოლმე კონკრეტულ პროცენტს, თუ რამდენია იმის შანსი, რომ გაშვებული რაკეტა სამიზნეს მიწვდება და წარმატებით გაანადგურებს. “ასტერ-30”-ის შემთხვევაში ეს პროცენტული დაშვებები საერთოდ არ არსებობს. მის ოფიციალურ აღწერაში ვკითხულობთ, რომ უშუალოდ ეჯახება სამიზნეს და სრულად ანადგურებს მას. შეჯახების შემდეგ კი არ რჩება ნამსხვრევები, რომელიც შეიძლება ჩამოცვივდეს და დააზიანოს ხმელეთზე მდებარე ობიექტები, შენობები თუ ადამიანები.

როგორც თავდაცვის სფეროს სპეციალისტები და სამხედრო ანალიტიკოსები გვიხსნიან, “ასტერ-30”-ზე უარის თქმა ნიშნავს, რომ უარი ვთქვით საქართველოს უკეთესად დაცვაზე. თუმცა, არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს, რომ მხოლოდ ეს ერთი სისტემა დაგვიცავდა, “ცას ჩავკეტავდით”, “თავი ქუდში გვექნებოდა” ან რაიმე მსგავსი… მთავარი ისაა, რომ ამ რაკეტებით საფრთხეს ავარიდებდით სტრატეგიულ სახელმწიფო ობიექტებს, ან დავიცავდით დედაქალაქის შემოგარენს.

“ ‘ასტერს’, ძირითადად, იყენებენ ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ, ჩვენ ახლა აბსოლუტურად არაფერი არ გვაქვს მათ ‘გადასაჭერად’, მაგალითად, ისკანდერის ტიპის რაკეტების წინააღმდეგ. თუ ‘ასტერის’ მხოლოდ ერთ ბატარეაზე[მოწყობილობაზე] იყო საუბარი, ყველა კრიტიკულ ინფრასტრქუტურას ვერ დაიცავდა, მაგრამ თბილისს, აეროპორტის და ვაზიანის ტერიტორიას – კი. თბილისთან თუ გაიშლებოდა ეგ სისტემა, მთლიანად დაგვიცავდა თვითმფრინავისგან და ფრთოსანი რაკეტებისგან. ხოლო ბალისტიკური რაკეტებისგან არა მხოლოდ თბილისს, რომელიმე ახლო მდებარე რაიონსაც დაიცავდა. აი, მაგალითად, 31-ე ქარხანასთან, ‘დელტასთან’ რომ დაგვეყენებინა, მთელი იმ ქარხნის და დასახლების ტერიტორიას დაფარავდა. პრაქტიკულად, რაღაც დონეზე დაგვიცავდა ყველა იმ იარაღისგან, რაც ახლა რუსეთის არსენალშია და რაც შეიძლება ჩვენ გვესროლოს”,- გვიხსნის ანალიტიკოსი, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ლექვინაძე.

როგორი სისტემები აქვს ახლა საჰაერო თავდაცვის ბრიგადას?

საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან რაც ვიცით, ისაა, რომ 2008 წელს საქართველოს თავდაცვის ძალებს ცის დაცვა შეეძლო სამი ტიპის გადასაზიდი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით. ესენი იყო უკრაინიდან შეძენილი “ოსა” და “ბუკი,” ხოლო ისრაელის ქარხანა “რაფაელიდან” შეძენილი მობილური სისტემა “სპაიდერი.”

ამათში ყველაზე ეფექტიანი “ბუკი” გამოდგა, რადგან მაღლა მფრენი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი, ტუ-22 ჩამოაგდო. “ბუკის” მოქმედების არეალი 32 კილომეტრის რადიუსში და 15-დან 17 კმ სიმაღლემდე ვრცელდებოდა.

მოგვიანებით, რუსულმა საფრენმა აპარატებმა უფრო მაღლა დაიწყეს ფრენა და შესაბამისად, “ბუკიც” ვეღარ გამოდგებოდა. გამოდის, რომ ომის გამოცდილებით, რუსეთთან საჰაერო ბრძოლაში წარმატების მოსაპოვებლად, “ბუკზე” კიდევ უფრო ძლიერი და შორსმებრძოლი სისტემა გვჭირდება.

რა მოხდა შემდეგ? “ბუკები” საბრძოლო მორიგეობიდან ჩაიხსნა და ჩანაცვლდა ფრანგული “მისტრალ ატლასით”, რომელიც 2018 წელს ვიყიდეთ.

რა ვიცით “მისტრალ ატლასის” უნარებზე

ეს არის ტაქტიკური თავდაცვის სისტემა, რომელიც მარტივად გადასაზიდია, მაგრდება მანქანის ძარაზე, მიწაზე ან შენობის სახურავზე. შესაძლებელია ჯარისკაცმა ის მხარზეც გაიდოს.

როგორც სპეციალისტები გვიხსნიან, ის გამოიყენება სახმელეთო ძალებში. შესაძლოა, ომში ამით იყოს შეიარაღებული რომელიღაც ერთი ქვედანაყოფი და ანადგურებდეს ახლო მანძილზე მყოფ საფრენ ობიექტებს. დაბალი იმის ალბათობა, რომ ‘მისტრალის’ რაკეტა ფრთოსან რაკეტასაც მოიგერიებს.

“მისტრალ ატლასის” რაკეტის გაშვება, ფოტო: მწარმოებელი MBDA

საქმე ისაა, რომ “მისტრალ ატლასის” რაკეტა მოქმედებს მაქსიმუმ 8 კილომეტრის მანძილზე და 6 კილომეტრ სიმაღლეზე. ანუ, უფრო შორს და უფრო მაღლა მფრენ ობიექტს ვერც გაანადგურებს და ვერც დააზიანებს.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის გამოცდილებით, რუსული მოიერიშე საფრენი აპარატები 10 კილომეტრზე მაღლა დაფრინავდნენ.

“სინამდვილეში, ახლა ჩვენი ცა გაცილებით დაუცველია, ვიდრე 2008-ში იყო. რუსებს მაშინ დრონებიც არ ჰყავდათ. წარმოიდგინეთ, ჩვენთან რომ გამოიყენონ ‘ბაირახტარები’ და ‘ორიონები’ დამრტყმელი დრონები, იმათი ჩამოსაგდები არაფერი გვაქვს. სიმაღლეში ვერ მიწვდება მისტრალი…”,- ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

“მისტრალ-ატლასის” რაკეტების მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურ დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ ეს არის ძალიან მოკლე მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ანუ, შეუძლია ჩამოაგდოს მხოლოდ ახლოს და დაბალ სიმაღლეზე მფრენი საფრთხეები. აქვს ინფრაწითელი დამიზნება, რაც ნიშნავს, რომ სამიზნეს აღიქვამს ძრავიდან გამომავალი ტემპერატურით. ამიტომ, მარტივად ტყუვდება ე.წ ხაფანგებით, ანუ თბილი ჭურვებით, რომელსაც ბომბდამშენებლი სპეციალურად ყრიან ხოლმე, რაკეტის მოსატყუებლად. შედეგად, რაკეტას ორიენტაცი ერევა ხოლმე, ყურადღება გადააქვს და აზიანებს ხაფანგს, მთავარი სამიზნე კი უვნებელი რჩება. უფრო ზუსტად, თუ რა არის სითბური ხაფანგი და როგორ შეიძლება მოატყუოს მან “მისტრალ-ატლასი”, სამხედრო ანალიტიკოსმა ოთო კონჯარიამ განგვიმარტა:

“ხაფანგები ეფექტიანია იმ შემთხვევაში, თუ საუბარია ძველი მოდიფიკაციის, სითბური დამიზნების თავაკიან რაკეტებზე. (სტინგერი, მისტრალი, სტელა… ) როცა ეს რაკეტა გაეშვება მიზნისკენ, თვითმფრინავის პილოტს გაფრთხილების სისტემა “ეუბნება”, რომ მიზანშია ამოღებული, ანუ მისკენ მოემართება რაკეტა, გასანადგურებლად. ამ დროს, თვითმფრინავი ან შვეულმფრენი ავტომატურად, ‘მაშხალებივით’ ყრის მაღალი ტემპერატურის სითბურ ხაფანგს. ის მისკენ იზიდავს რაკეტას, რომელიც სამიზნიდან გადაუხვევს და თვითმფრინავიც გადარჩება… ეს ხაფანგი არის ძველი, ელემენტარული პროცედურა და არ მუშაობს აქტიური რადიოლოკაციური თავაკების წინააღმდეგ. [ასეთია ასტერ-30]”.

“მისტრალ-ატლასი” ერთ ჯერზე, მხოლოდ ორ რაკეტას უშვებს და მხოლოდ ერთი მიმართულებით. ხოლო იმის შანსი, რომ ეს რაკეტა სამიზნემდე მიაღწევს, 96%-ია. თუმცა, საქმე ისაა, რომ შეუძლია სამიზნე მხოლოდ დააზიანოს, ფრაგმენტებად დაშალოს და ამოცანის შესრულებაში ხელი შეუშალოს. მას სამიზნის მყისიერი განადგურება არ შეუძლია. რაც შეეხება სიჩქარეს, “მისტრალ-ატლასის” რაკეტა მოძრაობს 1200კმ/სთ სისწრაფით, ანუ, დაახლოებით, 6 კილომეტრს 10 წამში ფარავს.

როგორც სპეციალისტები გვიხსნიან, “მისტრალ-ატლასის” შედარება “ასტერ-30”-თან არ შეიძლება, რადგან სულ სხვა ფუნქციის და დონის სისტემებია. გვეუბნებიან, რომ თუ გამართული საჰაერო თავდაცვა და ჯარის გაძლიერება გვინდა, ერთიც საჭიროა და მეორეც. ცალ-ცალკე კი ეფექტიანობას ორივე კარგავს. სამხედრო ანალიტიკოსები ასეთ აწყობილ სისტემას ეშელონურ თავდაცვას უწოდებენ.

რა არის ეშელონირებული თავდაცვა და რატომ გვჭირდება ის?

ეს ნიშნავს, რომ ყველა სისტემა ჩართულია ერთიან საჰაერო თავდაცვის ქსელში, არსებობს კონკრეტული საფეხურები და თანმიმდევრობა, თუ რომელ ტექნიკას რა ფუნქცია აქვს, რა მანძილს იცავს, რა სიმაღლეზე მუშაობს და ასე შემდეგ. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ერთმანეთს უნდა ავსებდნენ. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებიც ამის მიხედვით უნდა იგეგმებოდეს და ითვალისწინებდნენ, ამ ქსელის რა ნაწილია სუსტი, რა გვაკლია და რა გვაქვს… სამხედრო ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ ახლა ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემები ერთიან ქსელს არ კრავს და არც სახელმწიფო შესყიდვებშია რაიმე ლოგიკა.

“მაგალითად, გვაქვს საკმაოდ ძვირიანი, ‘გრაუნდ მასტერ-200’ და ‘გრაუნდ მასტერ-400’ რადარები, რომლებიც თავიანთი მონაცემებით აღემატება იმას, რაც სჭირდება ‘მისტრალს’. ეს რადარები თავისთავად კარგია, მაგრამ ის შორს მსროლელი საჰაერო თავდაცვის სისტემების შემადგენელი ნაწილია და არა ‘მისტრალის’. კარგი, ხედავ ობიექტს, მაგრამ თუ ხედავ და ვერ ჩამოაგდე, რა აზრი აქვს? ეგ ყველაფერი ერთიან ქსელში უნდა ყოფილიყო ჩართული, საფეხურებად. რომ იძახიან ხოლმე ეშელონირებული საჰაერო თავდაცვა… ეს არის მოკლე, საშუალო და შორი მანძილი. როცა ასეა აწყობილი, მაშინ მუშაობს ყველაფერი ეფექტურად. ამ წუთას, ჩვენი სიტუაცია ჰგავს ამას – მანქანასთან ერთად რომ შეუკვეთოთ ბავშვის სავარძელიც, რომელიც ამ მანქანაში უნდა ჩააყენოთ, იმიტომ რომ პატარა ბავშვი გყავთ. ჩამოგივიდათ სავარძელი, მაგრამ თვითონ მანქანა – არა. A-ს რომ იტყვი, B უნდა მოაყოლო, მაგრამ ლოგიკა არ ჩანს მანდ. ფორმალურად, თითქოს, ვალი მოიხადეს, რომ რაღაც იყიდეს.

ეშელონირებული თავდაცვის აუცილებლობას გვიხსნის ოთო კონჯარიაც. მისი აზრით, ‘ასტერ-30’-იც ვერ იქნებოდა ჩვენი ხსნა, თუ მას ერთიან სისტემაში არ ჩავსვამდით. თუმცა, მისი შეძენა წინ გადადგმულ ნაბიჯად მაინც ჩაგვეთვლებოდა და ახლა ნაკლები საზრუნავი გვექნებოდა.

“უნდა გქონდეს ახლო მანძილზე მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემები, ანუ ‘მისტრალები’. უნდა გქონდეს საშუალო მანძილზე, 10-25 კილომეტრზე მოქმედი სისტემებიც. ასევე უნდა გქონდეს საშუალოზე მეტ მანძილზე, 20-80 კილომეტრამდე მოქმედი და ბოლოს, შორს, 100 და მეტ კილომეტრამდე მოქმედი თავდაცვის სისტემები. ამ ყველაფერს ზემოდან დაემატება ავიაგამანადგურებლები და ერთიან კომპლექსურ სისტემაში შეიქმნება საჰაერო თავდაცვის ძალები… ის, რომ ‘ასტერ-30’ არ შევიძინეთ, კი, რა თქმა უნდა, ხელიდან გავუშვით შანსი და ძალიან დიდი დანაკარგია. თუმცა, ამ სისტემის მხოლოდ 1 ბატარეა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში საქართველოს დავიცავთ. მას პირველივე დღეს გაანადგურებდნენ, იმდენი რაკეტა დაუმიზნდებოდა. ამიტომ გვჭირდება ახლო, საშუალო, საშუალოზე მეტი და შორი ავიაგამანადგურებლები. ამისთვის კი უნდა გამოიყოს ძალიან დიდი თანხები და დაიწყოს ნულიდან შენება”.

წყარო: https://ifact.ge/

ახალი ამბები

სხვა სიახლეები