სად არის «მედიატორი» პრეზიდენტი?

03-03-2020 16:36:21 პოლიტიკა ,ანალიზი

უკვე რამდენიმე დღეში უნდა გაირკვეს, რა მიმართულებით გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება: ისევ უკიდურესი პოლარიზაციის, აქციების, „დაბოქლომების“, სპეცრაზმებისა და შიგადაშიგ წყლის ჭავლების სცენარით, თუ პარტიები, ბოლოს და ბოლოს, გადავლენ საარჩევნო პროგრამების „ჭიდილის“ სტადიაში. მიუხედავად ჯერ კიდევ გაურკვეველი მომავლისა, შექებას იმსახურებს დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევა, მედიატორის ფუნქცია ეტვირთა და მიუხედავად შეწყვეტილი დიალოგისა, მხარეები ერთ მარგიდასთან შეეკრიბა. ამჟამად აზრთა გაცვლა-გამოცვლა არა ვირტუალურად, არამედ დიპლომატებთან ვახშამზე ხორციელდება. ამ ფონზე საზოგადოებას ერთ მნიშვნელოვან გარეოებას შევახსენებთ: საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ერთ-ერთი ყველაზე ლეგიტიმური ინსტიტუცია, რომელსაც არჩეული პრეზიდენტი იკავებს. მილიონამდე ამომრჩეველმა ეს პოზიცია სალომე ზურაბიშვილს ექვსი წლის ვადით ჩააბარა. მართალია, თავად ზურაბიშვილი ამბობს, შიდა პოლირიკაში არ ვერევიო, მაგრამ კონსტიტუციურად მისი ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ მედიატორობაა. და სად არის პრეზიდენტი?

ვიცით, რომ მან საარჩევნო საკითხების თაობაზე დიპლომატებთან შეხვედრა გადაწყვიტა, შემდეგ არქელოგიით დაინტერესდა, ახალი ტიპის კორონავირუსის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟისას სიმშვიდისკენ მოგვიწოდა, 4 მარტს კი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. და წესით, პრეზიდენტმა პარლამენტში იმ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზეც უნდა ისაუბროს, რომელშიც, როგორც თავად ამბობს, არ ერევა.

პრეზიდენტის ფუნქციები და შესაძლებლობები

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „აქცენტთან“ საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითებს:

„საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს არ აქვს არანაირი აღმასრულებელი უფლებამოსილება - ეს მთავრობის ფუნქციაა, მაგრამ პრეზიდენტი მონაწილეობს მთელი რიგი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში ამ ინსტიტუტების ხელმძღვანელების დანიშნვის სახით. გარდა ამისა, პრეზიდენტს აქვს კონსტიუციური ვალდებულება, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ პარლამენტს მოხსენება წელიწადში ერთხელ წარუდგინოს. ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა უნდა გააანალიზოს და შეაფასოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ცხადია, ეს უკავშირდება როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას. წლიური ანგარიში შეიძლება, მოიცავდეს რეკომენდაციებსაც. ეს არა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა, არამედ წინადადებაა და გაითვალისწინებს თუ არა მას მას პარლამენტი და მთავრობა - მათი გადასაწყვეტია“.

კონსტიტუციონალისტის აზრით, უფლებამოსილების განხორციელებისას ნდობას გადამწყვეტი როლი აქვს:

„პარლამენტი და მთავრობა იმ შემთხვევაში იქნებიან იძულებული, წინადადებები გარკვეულწილად მაინც გაითვალსიწინონ, თუ პრეზიდენტი საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს, თუ მის სიტყვას საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ამდენად, ნდობა აუცილებელი პირობაა, რომ პრეზიდენტმა თავისი კონსტიტუციური მოვალეობები სათანადოდ შეასრულოს. მათგან ერთ-ერთია არბიტრის ფუნქცია. გასაგებია, რომ შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი ხდება მედიატორის გარეშე, რომელიც ეცდება დაპირისპირებული მხარეების მორიგებას და მათი ურთიერთკომპრომისის საფუძველზე შეთამხმების მიღწევას. მაგრამ მედიატორად უნდა იყოს პირი, რომელიც ორივე მხარის ხედვით, იქნება მიუკერძოებელი, ნეიტრალური, რომლის სიტყვასაც ორივე მხარისთვის ექნება ფასი. წინააღდეგ შემთხვევაში ეს პირი არბიტრის ფუნქციებს ვერ შეასრულებს. ვიცით, რომ პრეზიდენტმა შეთავაზება გააკეთა და როგორი იყო პოლიტიკური პარტიების რეაქცია? - საკმაოდ «აგდებული». რატომ? -განიმარტა, რომ პრეზიდენტს არ აქვს ის მაღალი ნდობა და ავტორიტეტი, რომ პროცესზე გავლენის მოხდენა შეძლოს“.

რატომ ვერ ახერხებს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში მის მიმართ გამოხატური მხარდაჭერის ნდობაში კონვერტირებას?

ამ შემთხვევაში კონსტიტუციონალისტი თავად ჩატარებული არჩევნების სპეციფიკასა და ამომრჩეველთა განწყობაზე მიუთითებს:

„ეს არჩევნები იყო სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის არა მხარდამჭერთა, არამედ მოწინააღმდეგეთა შერკინება. მაღალი იყო ამ მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც და შესაბამისად, იყო მოლოდინი, რომ არჩევნებში გამარჯვებულს საზოგადოების მხრიდან მაღალი მხარდაჭერა არ ექნებოდა. შემდგომმა მოვლენებმა და უკვე თანამდებობაზე მყოფი პრეზიდენტის მოქმედებებმა მხარდაჭერის ისედაც სუსტი ხარისხი კიდევ უფრო დააქვეითა“.

რატომ უნდა მოვუსმინოთ პრეზიდენტის პირველ ყოველწლიურ მოხსენებას?

კონსტიტუციონალისტი ფიქრობს, რომ საჯაროობა ამომრჩეველს საკუთარ არჩევანზე ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს.

„ნებისმიერ მოქმედებას ყოველთვის აქვს აზრი: ჩვენ შევძლებთ, შევაფასოთ, რამდენად სწორ აქცენტებს გააკეთებს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ; რამდენად ობიექტურად იქნება შეფასებული ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და იქ, სადაც არასასურველი ტენდენციებია, იქნება თუ არა და როგორი პრეზიდენტის რეკომენდაციები. ჩვენ შევძლებთ დასკვნების გაკეთებას, რამდენად შეეფერება სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობას და იმ შემთხვევაში, თუ მან სწორი რეკომენდაციები გასცა, რამდენად გაითვალისწინებს მათ მთავრობა და პარლამენტი. ამ ყველაფრის შეფასება შეგვეძლება და აქედან გამომდინარე, ჩვენვე უნდა გავაკეთოთ დასკვნები უპირველესად არჩევნები მხარდაჭერის გამოხატვის თვალსაზრისით. საჯაროობა ემსახურება იმ მიზნებს, რომ სწორად დავგეგმოთ ჩვენი გადაწყვეტილებები“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები