ცესკო PACE-ს კრიტიკას ღია წერილით პასუხობს

22-04-2025 13:40:20 პოლიტიკა ,სამართალი

ცენტერალური საარჩევნო კომისია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს. წერილში მითითებულია, რომ PACE-ს მხრიდან ცესკოს დადგენილებს კრიტიკა „არ შეესაბამება რეალობას”.

ცესკო ღია წერილით ირწმუნება, რომ მათ დადგენილებაში რეალურად ეუთო/ოდირის რეკომენდაციები ასახეს.

„ჯერ კიდევ 2017 წელს ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში აისახა რეკომენდაცია, დამკვირვებელთა ხმის მიცემის პროცესის ყველა ასპექტზე დაკვირვების უფლების შეზღუდვის გარეშე, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების მოპოვების და შემდგომი დამუშავების აკრძალვის მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

აღნიშნულის შემდგომ, 2018 წელს კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები და კენჭისყრის დღეს აიკრძალა ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. თავის მხრივ, ზემოაღნიშნული ცვლილების შესახებ ეუთო/ოდირის მიერ შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდა 2018 წელს.

შესაბამისად, პერსონალური მონაცემების არასათანადო დამუშავების აკრძალვის შესახებ დიდი ხანია ცნობილია ჩართული მხარეებისთვის, ამასვე ადასტურებს, ის რომ კანონის თანახმად არსებობს ამომრჩევლის სიების ორი ვერსია:

ერთი, სიის საჯარო ვერსია, რომელიც გაიცემა ყველა დაინტერესებულ უფლებამოსილ მხარეზე და მეორე, საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია – ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები ამომრჩეველთა ყველა პერსონალური მონაცემების ჩათვლით. ეს უკანასკნელი ვერსია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, მისი გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება კანონით აქამდეც აკრძალული იყო.

დამკვირვებელთა უფლებებიც სრულადაა გაწერილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლით და არც ერთი აღნიშნული უფლება ცესკოს დადგენილებით არ შეუზღუდავს და ვერც შეზღუდავდა.

ზემოხსენებული დადგენილებით ცესკომ მხოლოდ დააზუსტა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით. ამის საჭიროება კი განპირობებული იყო გასულ არჩევნებზე დაფიქსირებული არაერთი ინციდენტით, როცა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ ირღვეოდა კანონი საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით”. – წერია ცესკოს ღია წერილში.ცენტრალური საარჩევნო კომისია წერს, რომ მათ, ვინც დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრეს, „საკუთარი პოზიციის დასაცავად არც ერთი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ და ვერც წარმოადგენდნენ, რადგან ასეთი არგუმენტები რეალურად არ არსებობს”. ცესკოს მტკიცებით, ისინი „რეალობის დამახინჯებულად ინტერპრეტირებას ცდილობენ”.

„აღნიშნულ დადგენილებას დაინტერესებული პირები იმ მოსაზრების დამკვიდრებისთვის იყენებენ, თითქოს საქართველოში არჩევნების ადმინისტრირება სათანადო სტანდარტით არ ხდება და წინასწარ ქმნიან ნეგატიურ განწყობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების მიმართ. სინამდვილეში, პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ კარგად იცის, რომ როგორც დადგენილებასთან, ისე 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებები უსაფუძვლოა”. – ნათქვამია ცესკოს ღია წერილში.

ევროსაბჭომ რეზოლუციით გააკრიტიკა ცვლილებები, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 დადგენილებაში 2025 წლის 3 აპრილს შეიტანა.

ცვლილებების თანახმად, ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს ეზღუდებათ საარჩევნო უბნებზე გადაადგილება’ დამკვირვებლებს ეკრძალებათ ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა; ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტო-ვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.

„სამართლიანმა არჩევნებმა” და ოპოზიციურმა პარტიებმა დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა სარჩელები არ დააკმაყოფილეს.

PACE-მ რეზოლუციით ამ ცვლილებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და „ქართულ ოცნებას” მოუწოდა, დაუყოვნებლივ აღადგინოს პირობები დემოკრატიული არჩევნებისთვის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები