ნიუსფრონტის 3 მითი საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ

04-03-2020 12:03:42 მითები და სტერეოტიპები

2020 წლის 25 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო ნიუსფრონტმა გამოაქვეყნა სტატია საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ, სათაურით “25 თებერვალი საქართველოს ხსნის დღე ყოფილა!”. სტატიის ავტორმა ირაკლი დოჭვირმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის და პირველი რესპუბლიკის გენერლების გმირობა ეჭვქვეშ დააყენა.

ნიუსფრონტი: “განსაკუთრებით მოსაგონებელია ქართული საეკლესიო განძის გატაცება, გაყიდვა და საფრანგეთში ლევილში მამულის ყიდვა და იქ განცხრომით ცხოვრება. სხვათა შორის, განძის გატაცებაში მონაწილეობას თვით ექვთიმე თაყაიშვილი იღებდა...ქაცუცა დადგა შიმშილის წინაშე და მაშინ მოაგონდა, რუსეთმა რომ დაიპყრო საქართველო. გენერლები მაზნიაშვილი, აფხაზი და კვინიკაძე. ეს გენერლები იყვნენ ბრძანების შემსრულებელი გენერლები. როცა უბრძანებდა ცარიზმი, ემსახურებოდა მეფის რუსეთის ინტერესებს. მაშინ ბედკრული საქართველო ვის ახსოვდა, პორტ-არტურში დიდება ჩვენ მეფე ნიკოლოზსო, რომ იძახდნენ?”

მითი N1: ეროვნული განძი საქართველოში სტალინის ინიციატივით დაბრუნდა, ექვთიმე თაყაიშვილის წვლილი მინიმალურია

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, ექვთიმე თაყაიშვილის 1935 წლის 9 აპრილს საქართველოს სსრ სამეცნიერო დაწესებულებათა მმარველობის გამგეს, ვუკოლ ბერიძესთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ის აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული საგანძური საქართველოში დაბრუნდეს და მუზემს ჩაბარდეს.

„ვერ დავმშვიდდები მანამ, სანამ ნივთები საქართველოს არ დაუბრნდება და მუზეუმებს არ ჩაბარდება“.ექვთიმე ასევე საფრანგეთშიც აქტიურად მუშაობდა, რათა განძის გადარჩენა მოხერხებულიყო. ასევე მნიშვნელოვანია 1935 წელს გაგზავნილი წერილი, სადაც ექვთიმე საფრანგეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, იერ ეტიენ ფლანდენს შემდეგნაირად მიმართავს:

„ქართული განძეულობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც მენშევიკური მთავრობის კუთვნილება და, მაშასადამე, ამ მთავრობის არცნობასთან დაკავშირებით არ შეიძლება მისი უპატრონოდ გამოცხადება...განძეულობა შეადგენს კუთვნილებას ქართული მუზეუმებისას, რომელთაც იგი მხოლოდ დროებით, ევაკუაციასა და დაცვისათვის მიაბარეს ყოფილ მენშევიკურ მთავრობას, ცნობილს თავის დროზე საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ“ეროვნული საგანძურის დაბრუნების საქმეში ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა როგორც საბჭოთა კავშირის ელჩთან, ასევე საფრანგეთის მთავრობასთანაც. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდის საერთაშორისო ურთიერთობების ვითარება ხელსაყრელი გამოდგა ექვთიმესთვის, რომ განძი საქართველოში დაებრუნებინა. მეორე მსოფლიო ომის დასასრულების შემდგომ მან წერილით მიმართა საბჭოთა კავშირის ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს. წერილი საგანძურის დაბრუნებას შეეხებოდა. მანვე შეადგინა მოხსენება, რომელიც მარშალ დე გოლს გააცნეს. იმავე პერიოდში საფრანგერთი შარლ დე გოლის თაოსნობით სსრკ-სთან ხელშეკრულების დადებას აპირებდა, განძის დაბრუნება კი ერთგვარი დიპლომატიური ჟესტი იქნებოდა საბჭოთა კავშირის მიმართ. 1944 წლის 23 ნოემბერს სწორედ შარლ დე გოლმა გასცა განკარგულება განძის დაბრუნების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ეს მითი პრორუსულ მედიაში ხშირად ვრცელდება. 2019 წელს ობიექტივის ეთერსა და ონლაინ გამოცემა საქართველო და მსოფლიოს Facebook გვერდზე იდენტური შეინაარსის დეზინფორმაცია გავრცელდა, რომლის შესახებ მითების დეტექტორმა ვრცელი სტატია მოამზადა. პასევე გავრცელებულია მითი, თითქოს ექვთიმე თაყაიშვილმა განძი ვერ შეინახა და იქ გადახვეწილმა საქართველოს მთავრობამ საგანძური გაყიდა. ამ საკითხზე შეგიძლიათ იხილოთ მითების დეტექტორის 2019 წლის სტატია.

მითი N2: ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დროს ქვეყნისთვის აქტიურობით არ გამოირჩეოდა

აღსანიშნავია, რომ ნიუსფრონტის მტკიცება, თითქოს ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობისას აქტიურობით არ გამოირჩეოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. დამოკიდებლობამდე და შემდგომაც ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი აქტიურად იყო ჩაბმული სამხედრო საქმიანობაში. ის მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომშიც.

შემდგომში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქართული არმიის პოლკოვნიკი გახდა ის ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა. საგულისხმოა, რომ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი 1919 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეც გახდა. ის აქტიურად იყო ჩართული 1918 წელს, სადახლო-შულავერის ფრონტზე, 1919 წელს, სოჭის ფრონტზე, გენერალ დენიკინის შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლაში და გორის მაზრაში, ამბოხების ჩახშობის დროს.

საკმაოდ აქტიური იყო ქაქუცა საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში. მან არ დატოვა საქართველო ოკუპაციის პერიოდში და წითელ არამიასთან ბრძოლა გადაწყვიტა. ამ პერიოდშივე ქაქუცა სამეგრელოში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის ჯარის წინააღმდეგ ქართული არმიის ცხენოსანთა ნაწილის ჩამოყალიბებას ცდილობდა. მისი ინიციატივა იყო 1922 წელს შეფიცულთა არმიის შექმნა, რომელიც პარტიზანული შეტაკებებით გამოირჩეოდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება 1924 წლის აჯანყება და ამ პერიოდში არსებული მნიშვნელოვანი შეტაკებები წითელ არმიასთან.

მითი 3: გენერალი კვინიტაძე, აფხაზი და მაზნიაშვილი ცარიზმის მსახური გენერლები იყვნენ

მართალია აღნიშნული გენერლები მეფის რუსეთის პერიოდშიც მსახურობდნენ, თუმცა ისინი ძირითადად პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები იყვნენ და იქ მიღებული გამოცდილება შემდგომში საქართველოს არმიის ჩამოყალიბებასა და განვითარებას მოახმარეს. კონსტანტინე აფხაზს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი და საჭირო დოკუმენტი იყო იმ პერიოდში, დიდი წვლილი მიუძღვის. ის სხვა გენერლებთან ერთად (მაზნიაშვილი, კვინიტაძე) ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას ედგა სათავეში.

ნიუსფრონტის შესახებ

კრემლის გამოცემა News Front-ს, რომლის ქართულენოვანი ვერსია საქართველოში 2019 წლის ოქტომბრიდან გამოჩნდა, “ქართულ მარშთან” დაკავშირებული, მოსკოვში მყოფი პრორუსი აქტორი შოთა აფხაიძე რედაქტორობს.

News Front Georgia-ს ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძეა, რომელიც ამავდროულად “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და მისი ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორიცაა. “საქართველო და მსოფლიოს” გამომცემელი მოსკოვში მყოფი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭიაა, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ქართველ და რუს ხალხს შორის მეგობრობაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.

წყარო: mythdetector

ახალი ამბები

სხვა სიახლეები