
საია: ფონდების წარმომადგენელთა სახლებში ჩხრეკა „ოცნების“ ტერორის კიდევ ერთ გამოხატულებაა
30/04/2025 11:39:00 პოლიტიკა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმაურება 29 აპრილს ფონდების წარმომადგენლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩხრეკა-ამოღება ჩატარდა სასამართლოს მიერ განჩინების გაცემიდან 3 კვირაზე მეტი ხნის შემდეგ და ეს გარემოება, მათი შეფასებით, საგამოძიებო მოქმედების მყისიერებას და საგამოძიებო მიზნობრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, იმ პირობებში, როდესაც, რიგ შემთხვევაში 29 აპრილს ჩხრეკის პროცესს არ დაასწრეს ადვოკატები.
„საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სამართალდამცავები საცხოვრებელ სახლებში უკვე შესულები იყვნენ და საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული ჰქონდათ, მანამ სანამ მოქალაქეები სრულად გაეცნენ განჩინებას და მათთან მივიდნენ ადვოკატები. მეტიც, მარიამ ბაჯელიძის განცხადებით, საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა მოატყუეს, რომ იყვნენ მეზობლები.ჩხრეკა-ამოღების საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული იქნა ტელეფონები და კომპიუტერები. სამართალდამცავები არა მხოლოდ უკრძალავდნენ ადვოკატის გარეშე მყოფ მოქალაქეებს ჩხრეკა-ამოღების გადაღებას, არამედ, როდესაც პირები ითხოვდნენ ახსნას თუ რომელი ნორმით იყო აკრძალული გადაღება, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებდნენ“, – წერია განცხადებაში.
საია ყურადღებას ამახვილებს აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე და ამბობს, რომ ლაივ ტრანსლაციის მიხედვით, ყველა საგამოძიებო უწყების თანამშრომელს არ ჰქონდა სამხრე კამერა, ხოლო ერთ-ერთი, სახლის მეპატრონის თანხლების, ასევე კამერის გარეშე შევიდა სხვა ოთახში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარობითი ნიშნები.
ის, რომ ტელეფონი შეიძლება იყოს ინფორმაციის შემცველი საგანი, ეს ობიექტურად განჭვრეტადი და შეცნობადია საგამოძიებო უწყებისთვის, ამიტომ, საიას მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, განჩინებაში პირდაპირ უნდა იყოს მითითება გაკეთებული ტელეფონის ამოღებასთან დაკავშირებით.
„ამავე დროს, ამოღებულ ტელეფონებში შეიძლება ინახებოდეს პროფესიული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია (როგორიცაა, მაგალითად საადვოკატო ან ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია), რაც განსაკუთრებით დაცული მონაცემია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე, რელევანტური საერთაშორისო ხელშეკრულებებით (მაგ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით).
იმის გათვალისწინებითაც, რომ 1 თვეზე მეტია გასული ფონდების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებიდან და ანგარიშების დაყადაღებიდან, 29 აპრილს, დილით, ხსენებული პირების სახლებში მისვლა და ჩხრეკა-ამოღების ჩატარება „ქართული ოცნების“ ტერორის კიდევ ერთ გამოხატულებას წარმოადგენს და იგი ობიექტურად მიმდინარე გამოძიების პრეზუმფციითაც კი ვერ შეფასდება, როგორც მიზანშეწონილი საგამოძიებო ღონისძიება“, – წერია განცხადებაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021