რუსული მუშტი აფხაზეთის თავზე

01-05-2025 16:43:28 კონფლიქტები

წლების მანძილზე აფხაზეთში სუფევდა ერთგვარი პოლიტიკური ანარქია, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, "ხელისუფლებების" ხშირ ძალადობრივ ცვლაში გამოიხატებოდა: ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს შეეძლო მხარდამჭერთა არცთუ დიდი რაოდენობის შეკრება და თითქმის წინააღმდეგობის გარეშე "ხელისუფლებაში" მოსვლა.

როდესაც მსგავსი რამ ერთხელ ხდება, შეიძლება, გამონაკლისად ჩათვალო, თუმცა ამგვარი შემთხვევების ხშირი გამეორება ცხადყოფს, რომ ეს აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური სისტემის განუყოფელი ნაწილია.

გარდა იმისა, რომ აფხაზები ძალზე თავისუფლებისმოყვარე ერია, რასაც აფხაზეთში საკმაოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და მედიის მოქმედება ემატება, ამ მოცემულობის ერთ-ერთი მიზეზი კარგად ორგანიზებული ძალოვანი აპარატის არარსებობაა.

ძნელი სათქმელია, რის გამოა, რომ რუსეთმა აფხაზეთში ვერა და ვერ მოძებნა იქაური „ხარება“, ვერ შექმნა ჩვენებური გდდ-ის მსგავსი ეფექტური სადამსჯელო მანქანა. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ, აფხაზური ეთნოსის მცირერიცხოვნობაა: ამ პირობებში ძალიან ძნელია, მოძებნო საჭირო რაოდენობის მანქურთები, რომლებიც არ მოერიდებიან თანამემამულეებისთვის თავში ხელკეტის ჩარტყმას, ქალების თმით თრევას, ახალგაზრდების მასობრივად ციხეში ჩასმას.

დროდადრო აფხაზეთის ხელისუფლება ცდილობდა „ჭანჭიკების მოჭერას“, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც ასლან ბჟანიას „პრეზიდენტობის“ პერიოდში „პარლამენტისა“ და „მთავრობის“ შენობების ირგვლივ რკინის მაღალი ღობის აშენება იყო. იმავე პერიოდში გააქტიურდა „პროკურატურაც“, ამოქმედდა სამთავრობო პროპაგანდა „უცხოური აგენტების“ და „ხალხის მტრების“ თემაზე.

რაღაც პერიოდში შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს მიზანი მიღწეულია და აფხაზეთში, ბოლოს და ბოლოს, ჩამოყალიბდა ეფექტური პოლიციური აპარატი. თუმცა რეალურად, შედეგი საკმაოდ მყიფე და მოკრძალული აღმოჩნდა: საბოლოო ჯამში, ბჟანიას ადმინისტრაციას არ ეყო ძალა რუსული კანონების, მათ შორის აგენტების შესახებ კანონის მისაღებად და პოლიტიკური ველის მოსაწმენდად.

2024 წლის ნოემბერში კი აფხაზმა ოპოზიციონერებმა ადგურ არძინბამ და კან ქვარჩიამ წამოიწყეს მორიგი გადატრიალება. „ხელისუფლებამ“ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, და გარკვეულ სტადიაში იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ 2-დღიანი წინააღმდეგობის შემდეგ სისტემა საბოლოოდ ჩამოიშალა. ასე, რომ ამჯერადაც პოლიციური რეჟიმის კონსოლიდაციის მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა.

შემდეგ იყო რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ბლოკადა, მოსკოვის ახალი ფავორიტის - ბადრა გუნბას გამოჩენა და ტრადიციული კითხვა: ნათელია, აფხაზეთის მიმართ რუსეთის ესოდენ მკაცრი ზომები გზავნილია იმის შესახებ, რომ „დემოკრატიული თამაშები უნდა დასრულდეს და აფხაზი ხალხი მოძმე ჩრდილოეთკავკასიელების გზას გაჰყვეს“, თუმცა გაუგებარია, როგორ?

ძალოვანი რესურსის დეფიციტი ყოველთვის იქნება ნებისმიერი აფხაზური „ხელისუფლების“ აქილევსის ქუსლი. და თუ რუსეთს აფხაზეთის ბოლომდე ჩაყლაპვა სურს, ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს, თანაც ეფექტურად და სამუდამოდ. თუმცა სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად - არა: თუ მსგავსი ხრიკი დღემდე არც ერთ აფხაზ „ხელისუფალს“ გამოუვიდა, ბადრა გუნბას რატომ გამოუვა?! აფხაზური საზოგადოება ხომ კვლავინდებურად არ რეაგირებს სახელმწიფო შანტაჟზე, ხოლო „ხარებასა“ და მისი ჯალათების მოძიება აფხაზეთში ისეთივე გადაუჭრელ პრობლემად რჩება, როგორც აქამდე...

და მაინც, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აფხაზებზე ძალისმიერი ზეწოლის მექანიზმის შექმნა მოხერხდა. მოხერხდა არა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო - ადგილობრივი რეპრესიული აპარატის გაძლიერებითა და იმით, რომ დიდი ფულის სანაცვლოდ აფხაზეთში, ბოლოს და ბოლოს, ჩამოყალიბდებოდა გდდ-ის მსგავსი დანაშაულებრივი ჯგუფი. არა, კრემლმა გამოსავალს სულ სხვა კუთხიდან მიაგნო: ამჯერად აფხაზებს აშანტაჟებს და ატერორებს უშუალოდ რუსეთი.... ვერ მოძებნა რა თავად აფხაზების წიაღში მოღალატეთა საკმარისი რაოდენობა, მოსკოვი მივიდა ყველაზე მარტივ და ლოგიკურ დასკვნამდე: „რაში მჭირდება აფხაზი მონა-დამსჯელი, როდესაც ყველაფრის გაკეთება საკუთარი ძალებით შემიძლია?!“.

ახ;ა რუსეთი აძლიერებს ზეწოლას აფხაზურ საზოგადოებაზე და ამისთვის იყენებს თავის უზარმაზარ გავლენას აფხაზების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გზავნილი მარტივია: „სოხუმში, გაგრასა და გუდაუთაში შეგიძლიათ, მოიქცეთ ისე, როგორც გსურთ, მაგრამ ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ მიზეზით მოგიწევთ ფსოუს საზღვრის გადმოკვეთა და აი, მაშინ სრულად ჩვენს ხელთ იქნებით“.

მოსკოვი ურჩ აფხაზებს რუსეთის მოქალაქეობას ართმევს და ამით სრულ იზოლაციაში აქცევს - მათთვის ხომ რუსეთის კარის დაკეტვა ძალიან მტკივნეულია. კრემლი ვერ მოესწრო აფხაზური „პარლამენტისგან“ აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღებას, მაგრამ თავად „აჯილდოებს“ დაუმორჩილებელ აფხაზებს ამ სტატუსით და მათზე ზეწოლის ყველა ბერკეტი გააჩნია: მარტივად, მათ შეიძლება, გაუყინონ საბანკო ანგარიშები - და ამას ვერაფერს მოუხერხებენ.

რუსეთის საზღვარზე აფხაზი ოპოზიციონერი ადგურ არძინბას დროებითი, მაგრამ დემონსტრაციული დაკავება იყო ნათელი გზავნილი: „ყველა, ვინც ბადრა გუნბას გადაჭარბებულად პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგია, რჩება სრულიად მარტო და დაუცველი“.

ამ დროისთვის ეს არ ვრცელდება უშუალოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა ყველა აფხაზი, რომელიც რუსული პასპორტის მფლობელია და რაიმე საქმეები ან კონტაქტები აქვს რუსეთის ტერიტორიაზე, ამიერიდან უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილი საკუთარი აზრის გამოხატვაში.

ასე, რომ პრობლემა სხვა კუთხიდან გადაწყდა: ამიერიდან აღარაა საჭირო აფხაზი დამსჯელების ძიება; თუ რომელიმე აფხაზი არასდროს აპირებს რუსეთში ჩასვლას, მას შეუძლია, კვლავინდებურად ისიამოვნოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით, მაგრამ ასეთები აფხაზეთში ძალიან ცოტაა, ამიტომაც რისკები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე - დიდი პირდაპირი საფრთხეა აფხაზების 99%-სთვის... ამ რეალობაში ადამიანები 1000-ჯერ დაფიქრდებიან, სანამ ქუჩიდან „ხელისუფლების“ შეცლაში მონაწილეობა გადაწყვიტონ.

სოჭში აფხაზი აქტივისტის - თემურ აგრბას ამასწინანდელმა დაპატიმრებამ საბოლოოდ დაადასტურა: ამჯერად ურჩ აფხაზებს ებრძვის არა ხაჯიმბა ან ბჟანია, არამედ პირდაპირ და უშუალოდ პუტინი.

თენგიზ აბლოთია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები