06-05-2025 03:10:42 პოლიტიკა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტს“ მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა.
კანონპროექტის მხარდამჭერი კონგრესმენიდან 168 რესპუბლიკელია, ხოლო 181 – დემოკრატი. მოწინააღმდეგეთაგან კი - 34 რესპუბლიკელია და 8 – დემოკრატი.
აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში ამჟამად 433 კონგრესმენია, მათგან 220 რესპუბლიკელია და 213 – დემოკრატი. კანონის მისაღებად 218 ხმა არის საკმარისი.
შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, შემდეგი ორი ეტაპი კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერაა.
„MEGOBARI აქტის" მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის შესახებ დებატები გაიმართა, რომელზეც სიტყვით 5 კონგრესმენი გამოვიდა. მათგან 3 რესპუბლიკელია, 2 კი – დემოკრატი.
4–მა კონგრესმენმა [ბრაიან მასტი - პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი; ჯონი ოშესკი, დემოკრატი; ჯო უილსონი, რესპუბლიკელი; სტივ კოენი, დემოკრატი.] „MEGOBARI აქტის" მიღებას მხარი დაუჭირა, ხოლო ერთი კონგრესმენი [უორენ დევიდსონი, რესპუბლიკელი] შეეწინააღმდეგა.
აქტის მხარდამჭერი ბრაიან მასტის თქმით, "საქართველო აშშ-ის ტრადიციული მოკავშირეა, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები შეირყა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გამო, რომლებიც იმეორებენ რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას“.
"საქართველო ნატო-ს წევრობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე იყო, განსაკუთრებით 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ. აშშ სარგებლობდა სამხედრო და დაზვერვის სფეროში თანამშრომლობით და საქართველოს მოსახლეობა თავისი პროამერიკული განწყობებით ცნობილია. საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა შეარყია მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ქმედებებმა, რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას და ასევე ჩინეთთან და ირანთან დაახლოებით. პროდასავლური დემოკრატიული საქართველოს მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები აშკარაა. საქართველოს შავ ზღვაზე მდებარეობის გამო, ის შუა დერეფნის გავლით ვაჭრობისთვის საკვანძო ადგილს წარმოადგენს და შეიძლება, რეგიონში ირანისა და რუსეთის გავლენის გამაწონასწორებელ ძალად იქცეს. [...] ეს კანონპროექტი სანქციებს დაუწესებს რეჟიმის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და პროდასავლური ტრაექტორიის შელახვის გამო, ასევე, გადახედავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის დახმარების პროგრამებს და მოითხოვს ანგარიშის მომზადებას, რომელიც შეისწავლის რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ქმედებებს საქართველოში. თუმცა ეს კანონპროექტი ასევე აძლევს საქართველოს ალტერნატივას – როგორც კი პრეზიდენტი დარწმუნდება, რომ საქართველო დაუბრუნდა პროდასავლურ ტრაექტორიას, [კანონპროექტი] გვპირდება ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას, სამხედრო თანამშრომლობას და ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა მან.
თავის მხრივ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა აღნიშნა, რომ "ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ძირს უთხრის".
მისი თქმით, "თავისუფლების მოყვარული საქართველოს ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავისი ერის მომავლისა და სულის დასაცავად".
"ხალხის ნება ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიზნესმენის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს. [...] მქონდა პატივი, რომ ჩემს შვილებს ავღანეთსა და ერაყში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ემსახურათ და ენახათ, თუ როგორი მამაცები არიან ისინი. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკასთან კავშირის კრიმინალიზაცია დაიწყო და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ამერიკული კომპანიების შეთავაზებები უარყო და 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ან მასთან აფილირებულ კომპანიებს გადასცა. ეს კი ამერიკის შუა დერეფანთან და ცენტრალურ აზიაში კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომას ბლოკავს. რეჟიმი ყოველდღიურ ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევა და აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს, ასევე, სენატის საგარეო საქმეთა თავმჯდომარეს პატივცემულ ჯიმ რიშს ადანაშაულებს კორუფციაში და „დიპ სტეიტის დაქვემდებარებაში“. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ ბანდიტების წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის. იგი ასევე ითვალისწინებს ორმხრივი კავშირების გაძლიერებას მას შემდეგ, რაც საქართველო დაუბრუნდება თავის კონსტიტუციის ვალდებულებებს“, – განაცხადა მან.
კიდევ ერთმა კონგრესმენმა სტივ კოენმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა და ქვეყანას აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან აახლოებს".
"ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით არალეგიტიმურმა „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 2024 წლის არჩევნები და მას შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს", – განაცხადა კოენმა.
მისივე თქმით, ადგილი აქვს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას, უკანონო დაკავებას და სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენებას.
"ეს კანონპროექტი შეაფასებს საქართველოს მთავრობის ყველა თანამდებობის პირს სანქციების თვალსაზრისით. თუ დადგინდება, რომ ისინი ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას ან კორუფციაში არიან ჩართულნი, მათ სანქციები დაეკისრებათ. ასევე, მომზადდება ანგარიში საქართველოში რუსეთის სადაზვერვო აქტივებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის ძირის გამოსათხრელად რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ. რაც ხდება, ფაქტობრივად რევოლუციაა, სადაც პარტიის ხელმძღვანელ ივანიშვილს რუსეთში ინვესტიციები აქვს და ცდილობს, ქვეყანა პუტინთან დააახლოოს. ეს კანონპროექტი და ხედვა ასევე ითვალისწინებს აშშ-საქართველოს ძლიერ ურთიერთობას მას შემდეგ, რაც საქართველო დაუბრუნდება ტრადიციულ ევროატლანტიკურ გზას, რომელიც მისივე კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და რასაც მისი ხალხი მოითხოვს“, – დასძინა მან.
კონგრესმენმა ჯონი ოშესკიმ განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი შექმნილია იმის უზრუნველსაყოფად, რომ აშშ ერთგული დარჩეს საქართველოს ევროატლანტიკური და დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ.
მან ისაუბრა აგვისტოს ომზე და აღნიშნა, რომ "რუსეთის მხრიდან მუდმივი საფრთხის მიუხედავად, ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და, როგორც ამ კანონმდებლობაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ერაყისა და ავღანეთის ომებშიც კი, თუმცა დემოკრატიული პროგრესი მყიფეა და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს".
"2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, რომელიც, მათი თქმით, გამჭვირვალობისკენ იყო მიმართული. თუმცა, კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას მძიმე შეზღუდვებს უწესებდა და მათს სტიგმატიზაციას ეწეოდა. აშშ-სა და ევროპაში პარტნიორების გაფრთხილებებისა და საპროტესტო აქციების ტალღის შემდეგ, მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა 2024 წლის აპრილში ხელახლა წარადგინა. მასშტაბური პროტესტის, პრეზიდენტის ვეტოს, აშშ-ის კონგრესის, ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროკავშირის დამატებითი შენიშვნების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ეს კანონპროექტი დაამტკიცა. მოგვიანებით, დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი მაგალითი გახდა 2024 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი და ჩატარდა მრავალი და სერიოზული დადასტურებული საარჩევნო დარღვევით. ეს კანონპროექტი საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე პასუხს წარმოადგენს. ეს ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ დემოკრატიისკენ სწრაფვაში, პატივს ვცემთ მათ უფლებებს და მხარს ვუჭერთ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში უფრო ღრმა ინტეგრაციას", – განაცხადა მან.
კოლეგებისგან განსხვავებით, კონგრესმენმა უორენ დევიდსონმა კანონპროექტს "საშინელი იდეა" უწოდა და აღნიშნა, რომ "ასუსტებს აშშ–ის სანქციების რეჟიმის ეფექტურობას".
"კოლეგებმა ამ კანონპროექტს მხარი არ უნდა დაუჭირონ. ამერიკელ ხალხს აქ იმისთვის არ გამოვუგზავნივართ, რომ ამერიკის უსაფრთხოების საბანი მსოფლიოს უფრო მეტ ნაწილს გადავაფაროთ. არ გვჭირდება ყველა იმ კონფლიქტში ჩართვა, რომელშიც გვიწვევენ და ასევე, არც დამატებითი კონფლიქტების ძებნა გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია, ქართველ ხალხს ყველაფერი კარგი ვუსურვოთ, ევროპის თავდაცვის მიმართ აღებული ჩვენი ვალდებულების გაფართოების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს არ შეუძლია რუსეთისგან საკუთარი თავი დაიცვას და ისინი მშპ-ს 2%-საც კი არ ხარჯავენ თავდაცვაზე, რაც ნატო-ში გაწევრიანებისთვის მინიმუმს წარმოადგენს. მათ ვერ დაადანაშაულებ, როდესაც დიდი ქვეყნები, მაგალითად, გერმანიაც არ ხარჯავს მინიმუმს. . მათი ეკონომიკა არც ისე დიდია, ამიტომ, მაშინაც კი, თუ ისინი მეტს დახარჯავდნენ, ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. ეს ეროვნული უსაფრთხოების მიმართ მცდარი მიდგომაა და ასევე ასუსტებს ჩვენი სანქციების რეჟიმის ეფექტურობას, ვფიქრობ, ეს საშინელი იდეაა", – განაცხადა მან.