ჟურნალისტური გამოძიება: სანქციების შავი ხვრელი - როგორ აღწევს მძიმე ტექნიკა რუსეთში?

09-05-2025 17:55:52 პოლიტიკა ,ეს საინტერესოა

ავტორები: ია ასათიანი, აიდან იუსიფი, მარიამ კაჭკაჭაშვილი

“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო” ხომ გაგიგიათ? ზუსტად ასეა იმ გზააბნეული ტრაქტორებისა და ბულდოზერების ამბავი, საქართველოდან ყირგიზეთში რომ წავიდა, მაგრამ იქამდე ვერ ჩააღწია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემებში შავით თეთრზე წერია, 2022-2023 წლებში ყირგიზეთში 54 ტრაქტორი და ბულდოზერი გავგზავნეთ, ყირგიზული მხარე კი ირწმუნება, ჩვენ ერთი მათგანიც არ მიგვიღიაო. ასეთი აცდენა უკრაინაში ომის დაწყებამდე მონაცემებს შორის არ იყო: ქართულ და ყირგიზულ ბაზებში ამ მძიმე ტექნიკით ვაჭრობის მონაცემები ერთმანეთს სარკისებურად ემთხვეოდა.

როგორ აღწევს აკრძალული ტვირთი რუსეთში?

  • გზა #1: მოჩვენებითი დანიშნულების პუნქტი და სტატისტიკური აბსურდები გზა
  • #2: საქართველოდან პირდაპირ რუსეთშიგზა
  • #3: საქართველოდან “შემოვლითი” გზით რუსეთში გზა
  • #4: საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რუსეთში

ზუსტად ასევე უჩინარდება ის ტრაქტორები და ბულდოზერებიც, რომელმაც გეზი სომხეთისკენ აიღო.აა

რა ხდება სინამდვილეში, სად ასრულებს გზას ეს მძიმე ტექნიკა და რა შუაშია ამ ამბავში ოკუპანტი რუსეთი, ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებით შეიტყობთ.

საქართველოს საზღვრები რომ სანქციების გვერდის ასავლელი “მწვანე დერეფანია”, არაერთხელ დავამტკიცეთ. ჯერ, ლარსიდან ვლადიკავკაზში მსუბუქი ავტომობილების გაყვანაზე გიყვებოდით, მერე დრონების უკონტროლო ექსპორტზე, სულ ბოლოს კი ამოვხსენით უცნაური ამოცანა, როგორ საღდება რუსული ნავთობი ქართულად და უპრობლემოდ მიდის ევროპაში.

ამჯერად, გიყვებით, როგორ დაუძვრა რუსეთი კიდევ ერთ სანქციას და შეუფერხებლად იმარაგებს ბულდოზერებს, ექსკავატორებს, გრეიდერებს, ტრაქტორებს, ამწეებს თუ თოვლმავლებს. ანუ, იმ მძიმე ტექნიკას, რომელიც სამხედრო ლოჯისტიკაშიც გამოიყენება.

ევროკავშირმა რუსეთს სწორედ ამ ტექნიკის მიწოდება შეუზღუდა სანქციების მე-8 და მე-10 პაკეტებით, რომელიც 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდა და ჯამში, 22 სასაქონლო კოდს შეეხო.

“…დამატებითი აკრძალვები ეხება ისეთ საქონელს, რომელიც ადვილად შეითავსებს საომარ დანიშნულებას და რუსეთის ბრძოლისუნარიანობას ზრდის”, – ვკითხულობთ ევროკომისიის 2023 წლის 25 თებერვლის განცხადებაში.

ამ ფონზე, ოკუპანტთან სანქცირებული ტვირთით ვაჭრობა არაერთ ქვეყანას აქვს გაჩაღებული, მათ შორის, სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს და საქართველოს…

სტატიაში განხილული მონაცემები ამოკრებილია საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემთა ბაზებიდან, როგორიცაა Volza, ImportGenius, Comtradeplus. ასევე მონაცემები გამოვითხოვეთ საქართველოს, სომხეთის, უზბეკეთის და ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურებიდან. მოგროვებული ინფორმაცია გავაანალიზეთ და ერთმანეთს შევადარეთ, რომ გვენახა, რა სხვაობები და უზუსტობები იყო მათ შორის.

სტატიაში ნახავთ, რომ ექსპორტის სქემები ახსნილია სამი ქართული კომპანიის მაგალითზე. მათ შესახებ მონაცემები საერთაშორისო ბაზებში ვნახეთ. მათ შემთხვევაში, ფაქტებითა და მტკიცებულებებით, დანამდვილებით ვხედავდით, რომ მათ მიერ ზოგჯერ მესამე ქვეყნებში გაგზავნილი მძიმე ტექნიკა საბოლოოდ რუსეთში ჩადიოდა. ეს კი ასე მოხდა: ერთმანეთს ვადარებდით გაგზავნილი და რუსეთში ჩასული ტექნიკის VIN კოდებს (მანქანის უნიკალური ნომერი), ასევე ვადარებდით მიმღები კომპანიის ადგილმდებარეობას.

ImportGenius აშშ-ში, არიზონას შტატში შექმნილი საგარეო ვაჭრობის პორტალია, რომელიც მონაცემებს ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან აგროვებს. ეყრდნობა მხოლოდ საბაჟო სტრუქტურების მიერ გაგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტებს

Volza- აშშ-ში, დელავერის შტატში შექმნილი საერთაშორისო ბაზაა. ვაჭრობის მონაცემებს ისიც ოფიციალური სტრუქტურებიდან და საბაჟო დეკლარაციებიდან აგროვებს.

Comtradeplus გაეროს საგარეო ვაჭრობის პორტალია, რომელიც სტატისტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური საბაჟო მონაცემებიდან კრებს.

როგორ აღწევს აკრძალული ტვირთი რუსეთში?

გზა #1: მოჩვენებითი დანიშნულების პუნქტი და სტატისტიკური აბსურდები

იმ ანდაზისა არ იყოს, შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო… სანქცირებული ტვირთიც გრძელ გზას გადის. მძიმე ტექნიკა რამდენიმე ქვეყნის საზღვარს კვეთს – ხან ერთი, ხან მეორე სქემით, საბოლოოდ კი რუსეთამდე “მშვიდობით” აღწევს.

როგორც ჩანს, რუსეთის მომარაგების ეს ჯაჭვი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აეწყო. ამაში ოფიციალური სტატისტიკაც დაგარწმუნებთ. 2022 წლიდან 2025 წლის აპრილამდე საქართველოდან მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე ცენტრალური აზიის 5 ქვეყანაში, ჯამში, 2 403 ცალი ტრაქტორი, ბულდოზერი, სპეც.ტექნიკა, ექსკავატორი და გრეიდერი გაიგზავნა. წინა სამ წელში, ანუ 2019-2021 წლებში ათასამდე ამგვარი ტექნიკა.

ერთი შეხედვით, ამ სტატისტიკაში საგანგაშო არაფერია, რომ არ გვქონდეს ეჭვი, რომ ჩვენგან წასული აკრძალული ტვირთი რუსეთში ჩადის. ამ ეჭვების საფუძველი კი საგარეო ვაჭრობის ოფიციალური მონაცემებია.

ახლა მოგიყვებით ერთ სტატისტიკურ აბსურდს, რომელიც ნათელს ხდის, რომ საქართველოდან გაგზავნილი მძიმე ტექნიკა სომხეთში ნამდვილად არ რჩება.

საქსტატის მიხედვით, 2022 წლიდან 2025 წლის მარტამდე სომხეთში ექსპორტით გავიტანეთ 1 245 ცალი მძიმე ტექნიკა – მათ შორის, 339 ტრაქტორი, 86 სპეც. ტექნიკა და 820 ბულდოზერ-ექსკავატორი ან გრეიდერი. სომხური მხარე კი ამბობს, ამ პერიოდში ასეთი ტვირთი საქართველოდან იმპორტით საერთოდ არ მიგვიღიაო.

რას უნდა ნიშნავდეს ეს? სავარაუდოდ, მძიმე ტექნიკა სომხეთში არც ჩასულა და პირდაპირ სხვა ქვეყნის გზას დაადგა, ან სომხეთამდე მიაღწია და შემდეგ რეექსპორტით იცვალა გეზი. თუ ვერ გამოიცანით, საით, ეს მონაცემები გიკარნახებთ:

სომხეთმა, ბოლო წლებში, რუსეთთან მძიმე ტექნიკით ვაჭრობა უპრეცენდენტოდ გაზარდა – 2023-ში (2021-თან შედარებით) 274 400 პროცენტით, ხოლო 2024-ში (2021-თან შედარებით) 6 500 პროცენტით.

სომხეთის მსგავსად, არც ყირგიზეთში ჩადის საქართველოდან, თითქოსდა, ყირგიზეთში წასული ტვირთი. ამას თავად მსუბუქი მანქანებით მოვაჭრეებიც არ მალავენ.

“დღეს ეს ავტომობილები გადავაფორმეთ ყირგიზეთში დარეგისტრირებულ ჩვენს კომპანიაზე, ახლა ევაკუატორებზე დავტვირთეთ და ვგზავნით ვლადიკავკაზისკენ, იქ მათ დახვდებიან და წაიყვანენ რუსეთში”, – ეუბნებოდა ერთ-ერთი ავტოდილერი ანტონ ბაის 2023 წელს, საკუთარ იუთუბ არხზე. ანტონ ბაი რუსი ვლოგერია, საქართველოში ომის დაწყების შემდეგ გადმობარგდა, ბიზნესი ააწყო და სანქცირებულ ავტომობილებს სოციალური ქსელების დახმარებით რუსეთში ყიდის. ამ საქმით, ბაიმ 2022 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე, მინიმუმ, 1.9 მილიონი აშშ დოლარი იშოვა და საკუთარი კომპანიის ფილიალი რუსეთშიც გახსნა.

როგორც ჩანს, იგივე სქემა მუშაობს მძიმე ტექნიკის შემთხვევაშიც. საქართველოში ნაყიდი ტრაქტორები, ექსკავატორები თუ სპეც.ტექნიკა ცენტრალურ აზიაში ექსპორტად ფორმდება, ლარსიდან გადის, თუმცა აზიისკენ გზას აღარ აგრძელებს და რუსეთშივე რჩება. ამას მოწმობს სტატისტიკური მონაცემებიც.

ქართული მხარე ამბობს, რომ 2024 წელს ყირგიზეთში ექსპორტით 63 მძიმე ტექნიკა წავიდა, ყირგიზეთი კი ამბობს, მხოლოდ 6 მივიღეთო (4 ტრაქტორი + 2 სპეც.ტექნიკა). რა ბედი ეწია “გაუჩინარებულ” ტვირთს, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ეს ტექნიკა ყირგიზეთში სახმელეთო გზით წავიდა და იქ რუსეთის ტერიტორიის გავლის გარეშე ვერ ჩააღწევდა.

ამ სტატისტიკურ აცდენას საქართველოს ოფიციალური უწყებები იმით ხსნიან, რომ ტვირთი ყირგიზეთში შესაძლოა რეექსპორტით გაიგზავნა. ანუ, საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა და სხვა ქვეყანაში წავიდა. მარტივად რომ აგიხსნათ, თუ ქართულმა კომპანიამ ბულდოზერი თურქეთიდან ჩამოიყვანა, შემდეგ კი ის ყირგიზულ კომპანიას მიჰყიდა, ყირგიზეთმა შესაძლოა ის თურქულ იმპორტად გაატაროს.

თუმცა, საქართველოს თავისსამართლებელ ვერსიას ეწინააღმდეგება 6 ბულდოზერის შემთხვევა. ბაზებში ვნახეთ, რომ ყირგიზეთში საქართველოდან გაიგზავნა 6 ბულდოზერი, როგორც ადგილობრივი ექსპორტი. ანუ, ეს ნიშნავს, რომ ბულდოზერები საქართველოში იდგა, საქართველოდანვე დაიძრა და შესაძლოა, მისი მწარმოებელი ან ამწყობიც საქართველო იყო. ამიტომ, ისინი ყირგიზულ ბაზაში აუცილებლად უნდა დაფიქსირებულიყო, როგორც საქართველოდან იმპორტი. თუმცა, ყირგიზეთის 2024 წლის სტატისტიკაში არც ერთი მათგანის შეყვანა არაა აღრიცხული.

გზა #2: საქართველოდან პირდაპირ რუსეთში

კაჯიკის ტვირთი, რომელიც ლარსზე არ გაატანეს

ფოტო: 2023 წლის 11 ივლისი

2023 წლის ზაფხულში, როცა სანქცირებული მსუბუქი ავტომობილების რუსეთში მოხვედრის გზებს ვიკვლევდით, სომხეთის საზღვართანაც ჩავედით. სადახლოს საბაჟოსთან ერთ ტრაილერის მძღოლს, სომხეთის მოქალაქეს, სახელად კაჯიკს შევხვდით, რომელიც ლარსიდან მოდიოდა და სომხეთში ბრუნდებოდა. კაჯიკმა შემოგვჩივლა, სომხეთიდან ბულდოზერი შემოვიყვანე და რუსეთში მიმყავდა, მაგრამ ლარსზე ქართველმა მესაზღვრეებმა ამის უფლება არ მომცეს და უკან მომაბრუნესო. საქმე ისაა, რომ კაჯიკის მძიმე ტექნიკა ამერიკული წარმოების იყო და მისი რუსეთში გაყვანა 2022 წლიდან აკრძალულია.

“ზუსტად ასეთი ბულდოზერი რუსეთში უკვე ორჯერ წავიღე, ერთხელ ათი დღის უკან, მეორედ სამი თვის წინ. დღეს მესაზღვრეებს ვკითხე, ადრე თუ გამატანეთ, ახლა რატომ არ მიშვებთ-თქო? მითხრეს – პროგრამა განახლებადია და ახლა აჩვენა, რომ ეს ტვირთი სანქცირებულიაო”, – გვითხრა კაჯიკმა.

როგორც ჩანს, 2024 წელს ლარსზე სიმკაცრემ იკლო. ახლა რუსეთში მძიმე ტექნიკა არათუ სომხეთიდან, პირდაპირ საქართველოდანაც გაგვყავს.

2014-2020 წლებში, პირდაპირ რუსეთში, სულ 5 ცალი ტრაქტორი გავიყვანეთ, ჯამში, 430 000 აშშ დოლარის ღირებულების. 2020-2023 წლებში ეს ტვირთი რუსეთში აღარ გაგვიტანია. უკრაინაში ომის პარალელურად, მძიმე ტექნიკის ლარსზე გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. მოგვიანებით კი სიტუაცია შეიცვალა.

2024 წლის თებერვალში საქართველოდან პირდაპირ რუსეთში, ჯამში, 193 000 აშშ დოლარის ღირებულების 2 ცალი ტრაქტორი გავუშვით.

2025 წლის იანვარ-თებერვალში კი კვლავ საავტომობილო გზით წავიდა, ჯამში, 407 000 აშშ დოლარის ღირებულის 4 ტრაქტორი.

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგი ტრაქტორები არა მხოლოდ რუსეთში, ე.წ მესამე ქვეყნებშიც დიდი რაოდენობით გაგვაქვს.

უფრო ზუსტად რომ გაგვეგო, ვაჭრობს თუ არა საქართველო აკრძალული ტვირთით, ე.წ. მესამე ქვეყნებთან და რუსეთთან, მივაკითხეთ იმპორტ-ექსპორტის საერთაშორისო ბაზებს – ImportGenius-სა და Volza-ს.

Volza-ს ბაზაში გამოჩნდა, რომ საქართველოდან რუსეთში გაგზავნილი ტრაქტორების რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე ეს საქსტატის ოფიციალურ მონაცემებში ჩანს.

2022 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში საქართველოდან პირდაპირ რუსეთში გაიგზავნა 7 ერთეული გერმანული წარმოების ტრაქტორი (ეს მონაცემები საქართველოს სტატისტიკაში არაა ასახული).

2024 წლის მონაცემები Volza-ს და საქსტატში ერთმანეთს ემთხვევა. Volza ამბობს, რომ შარშან საქართველოდან რუსეთში გაიგზავნა გერმანული, CLAAS-ის ბრენდის ორი ცალი ტრაქტორი. შეგახსენებთ, ამ დროს რუსეთში ევროპული წარმოების მძიმე ტექნიკის შეყვანა სანქცირებული იყო. ამჯერად ტვირთის გადამზიდი არაბული კომპანია იყო.

სქრინი Volza-ს ბაზიდან

2024 წლის ივნისი-ივლისის პერიოდში, ლარსის გავლით, რუსეთში თურქული წარმოების მძიმე ტექნიკაც გავიდა. Volza-ში ვიპოვეთ, რომ ქართულმა კომპანია “ჯორჯიატრანს+”-მა თურქული HIDROMEK-ის წარმოებული 6 ცალი ექსკავატორ-დამტვირთველი, ჯამში, 600 000 აშშ დოლარის ღირებულების, რუსულ კომპანიას, РУСКОН СПЕЦТЕХНИКА-ს გაუგზავნა. დანამდვილებით ვიცით, რომ ტვირთი საქართველოდან რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა.

სქრინი Import Genius-ის ბაზიდან

ავტორის შენიშვნა: თურქული წარმოების ტექნიკის რუსეთში შეყვანა ოფიციალურად აკრძალული არ არის. ევროკავშირის სანქციები მხოლოდ ევროპული წარმოების ბრენდებს ეხება. თუმცა, საქმე ისაა, რომ თურქეთმაც დააწესა დამატებითი რეგულაცია და ევროკავშირის მიერ აკრძალული საქონლის რუსეთში ექსპორტი 2023 წლის მარტიდან თავადაც შეზღუდა

“ჯორჯიატრანს+” 2013 წელს, ქობულეთში რეგისტრირებული კომპანიაა. მისი საქმიანობის სფეროა საბაჟო და საბროკერო მომსახურება, რეექსპორტის და რეექსპორტის ლოჯისტიკა. მისი მფლობელი და დირექტორი ირაკლი ნემსაძეა. ის საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის დამფუძნებელიცაა.

ნემსაძეს მისი კომპანიის მიერ რუსეთში გაგზავნილ ტვირთზე რომ ვკითხეთ, ასეთი ამბავი მოგვიყვა: მე მძიმე ტექნიკა უზბეკურ კომპანიას გავუგზავნე, რომელიც ტენდერში მონაწილეობდა და ექსკავატორ-დამტვირთველები ამისთვის სჭირდებოდა, თუმცა აქედან გაგზავნილ პარტიას ტექნიკური წუნი აღმოაჩნდა და ტენდერისთვის აღარ გამოადგათო. რა მოხდა შემდეგ? მისი თქმით, უზბეკურმა კომპანიამ ტვირთი განბაჟების გარეშე, რუსეთში გადაყიდა. ასე აღმოჩნდა საქართველოდან წასული თურქული ექსკავატორები საბოლოოდ სანქტ-პეტერბურგში. ირაკლი ნემსაძეს უზბეკური კომპანიის სახელი ვკითხეთ, მაგრამ გვითხრა, არ მახსოვსო.

ხოლო კითხვაზე, თუ წააწყდა რაიმე დაბრკოლებას ამ ტვირთის საქართველოდან ექსპორტისას, გვიპასუხა:

“როდესაც ბათუმში საბაჟო გაფორმების პროცედურებს ვახორციელებდით, დაგვაყოვნეს. ეს სპეციფიკური საქონელია, მოწმდებოდა ნებისმიერი რეექსპორტი, შუა აზიის ქვეყნებსა და მეზობელ ქვეყნებში, რადგან არის შესაძლებლობა, საბოლოოდ რუსეთში აღმოჩნდეს. ამის გამო იყო პაუზა. შემდეგ გადაამოწმეს და გაგვატარეს.”

ნემსაძემ თავისი გამოცდილებით მოგვიყვა, რომ საქართველოდან თურქული წარმოების მძიმე ტექნიკის გაყვანა პრობლემა არ არის, თუ მასში ბრიტანული წარმოების ნაწილები არ აღმოჩნდება.

“…ამისი გაკონტროლება არ შეგვეძლო საკუთარი ძალებით. არსებობდა რისკი, რომ გამოგზავნილ ტრაქტორში ბრიტანული წარმოების ძრავი ან გადაცემათა კოლოფი იქნებოდა და საქართველოში გაიჭედებოდა…ან, ჩვენდა უნებურად მიგვეღო მონაწილეობა ისეთ გარიგებასა და ყიდვა-გაყიდვაში, რომელიც მთლად ნებადართული არ არის. ამიტომ, თავი შევიკავეთ მისი [ექსკავატორ-დამტვირთველი] მიღება-მიწოდებისაგან.”

ირაკლი ნემსაძესთანაა დაკავშირებული კიდევ ერთი ქართული კომპანია – “ჯორჯიანტრანსი”. ის საერთაშორისო გადამზიდი, ანუ “შიფერია”, ტვირთი სხვადასხვა დამკვეთის დავალებით ერთი პუნქტიდან მეორემდე, მათ შორის, რუსეთამდეც ჩააქვს.

NEW HOLLAND-ის მოდელი, რომელიც “ჯორჯიანტრანსის” გადაზიდვით რუსეთში მოხვდა. ფოტო: ავტომარკეტი lectura.specs.com

ImportGenius-ში ვიპოვეთ, რომ 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის აგვისტომდე “ჯორჯიანტრანსმა” რუსეთში 14 ექსკავატორ-დამტვირთველი ჩაიყვანა – 13 თურქული წარმოების HIDROMEK-ი და ერთი იტალიური NEW HOLLAND-ი.

ამ ტექნიკამ რომ რუსეთამდე ნამდვილად ჩააღწია, ბაზების გარდა რუსულ ავტომარკეტ Avito.ru-ს შესწავლითაც ვადასტურებთ.

2024 წლის თებერვალში “ჯორჯიატრანსმა” რუსულ კომპანია АВТОКАММОТОРС-ს HIDROMEK-ის 2 ცალი შავ-თეთრი ექსკავატორ-დამტვირთველი ჩაუყვანა.

Avito.ru-ზე კი წავაწყდით, რომ 2024 წლის მარტში АВТОКАММОТОРС-ი ზუსტად ასეთ ექსკავატორ-დამტვირთველებს ყიდდა. ფოტოზე ჩანს, რომ ისინი თათრეთში, ქალაქ ნაბერეჟნიე-ჩელნიში, ამ კომპანიის მაღაზიის წინ დგას.

АВТОКАММОТОРС-ზე რაც ვიცით ისაა, რომ კომპანია რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში 2019 წელს დარეგისტრირდა. მას რუსეთის მოქალაქეები, ალმაზ გაბდრახმანოვი და ევგენი კრაპივინი ფლობენ. АВТОКАММОТОРС Avito.ru-ზე 2019 წლიდან ჩნდება და ყიდის როგორც მძიმე ტექნიკას, ისე მსუბუქ ავტომობილებს და ნავებს. მათ შორის, ცნობილი ევროპული, ჩინური და კორეული ბრენდების წარმოებულს. მაგალითად, PORSCHE, HYUNDAI, LIFAN და FIAT.

რუსულმა კომპანიამ ერთი ცალი ექსკავატორ-დამტვირთველი, დაახლოებით, 10 მილიონ რუბლად (110 000 აშშ დოლარი) შეიძინა, ავტომარკეტზე კი მის ფასად, დაახლოებით, 14 მილიონი რუბლი (160 000 აშშ დოლარი) მიუთითა.

ნივთის შეძენის და Avito.ru-ზე განცხადების განთავსების თარიღები ერთმანეთს მოსდევს. მძიმე ტექნიკა რუსეთში თებერვალში გაიგზავნა, პორტალზე კი მარტიდან იყიდებოდა. ემთხვევა მიმღების ვინაობაც, ბრენდიც და დიზაინიც. გამოდის, ამბის ყველა დეტალი გვარწმუნებს, რომ ეს სწორედ ის თურქული ექსკავატორ-დამტვირთველებია, რომელიც “ჯორჯიატრანსმა” გაგზავნა.

HIDROMEK-ის მძიმე ტექნიკა АВТОКАММОТОРС-ის მაღაზიის წინ, ფოტო: Avito.ru, 2024 წლის მარტი

Import Genius-ის მიხედვით, ექსკავატორ-დამტვირთველები უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან კი გაიგზავნა, მაგრამ სავაჭრო გარიგება (მაგალითად, გადარიცხვები) მოხდა რუსულ და სომხურ მხარეს შორის. ამიტომ, ჩვენს ოფიციალურ მონაცემებში, ექსკავატორების საქართველოდან გაყვანა რუსეთში ექსპორტად არ აღირიცხა. სტატისტიკის სამსახურში გვეუბნებიან, რადგან ვაჭრობაში მესამე ქვეყანა იყო ჩართული, ამ ტვირთმა საქართველოდან ტრანზიტით გაიარა და ექსპორტად არ ითვლებაო.

“ჯორჯიანტრანსი”-ის გადაზიდვები ნახსენებია ნორვეგიული ანალიტიკური კომპანიის, “Corisk“-ის კვლევაშიც. მათ 2022 წლიდან, 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან რუსეთში უცხოური და სანქცირებული ტვირთის ექსპორტი შეისწავლეს.

შპს “ჯორჯიანტრანსი” 2011 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, იურიდიული მისამართი ქობულეთში, სამუშაო ოფისი კი ბათუმში აქვს. “ჯორჯიანტრანსის” მფლობელი და დირექტორი ახლა გოჩა გიორგაძეა, თუმცა 2025 წლის თებერვლამდე კომპანიის დირექტორი ირაკლი ნემსაძე იყო. “ჯორჯიანტრანს+” ამბავზე რომ დავურეკეთ, გვითხრა – “ჯორჯიანტრანსზეც” მე გაგცემთ პასუხებს, რადგან აღმასრულებელი მენეჯერი ვარ და საოპერაციო საქმიანობას მე ვეწევიო.

ნემსაძემ დაგვიდასტურა, უცხოური კომპანიის დაკვეთით ტვირთის საქართველოდან რუსეთში ჩატანა გავრცელებული და დასაშვები პრაქტიკააო:

“გავრცელებული პრაქტიკაა და არა მხოლოდ სომხეთის შემთხვევაში… შეიძლება დამკვეთი ემირატები იყოს. მაგალითად, მან დაავალა, თურქეთში აიღეთ [ტვირთი] და მიაწოდეთ რუსეთის ტერიტორიაზეო. მესამე პირები ვაჭრობაში მონაწილეობენ ისე, რომ ფიზიკურად შემხებლობა არ აქვთ საქონელთან. გარიგებაში დისტანციურად მონაწილეობენ და განხორციელებას ავალებენ ამა თუ იმ გადამზიდს”.

საუბრის ბოლოს ისიც არ დაუმალავს, პირადად ვიცი ბევრი ქართული გადამზიდი, რომლებსაც არ აქვთ ფუფუნება, მორალური სტანდარტებით იხელმძღვანელონ და რუსეთზე არ იმუშაონ, გინდა თუ არ გინდა, ეს ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანიაო.

ირაკლი ნემსაძეს “ჯორჯიანტრანსის” იმ გადაზიდვაზეც ვკითხეთ, ყირგიზული კომპანიის დაკვეთა რომ შეასრულა და რუსეთში სანქცირებული, იტალიური ბრენდის მძიმე ტექნიკა ჩაიყვანა. გვითხრა, ეს ფაქტი არ მახსოვს, ალბათ, ერთჯერადი თანამშრომლობა იყოო.

“შეკვეთის გაკეთების დროს, დამკვეთი არ გაძლევს დეტალურ ინფორმაციას, თუ რა კოდები უნდა გადაზიდო. ვერ მოითხოვ ეგეთ რამეს, არ აქვს მაგის ვალდებულება. თქვენ კი პოულობთ ბაზაში, მაგრამ თქვენ პოულობთ ამას პოსტ-ფაქტუმ. ამიტომ თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით პირდაპირი გადაზიდვის შემთხვევაში თუ გვერდს აუვლის საქართველოს ე.ი. რჩება რისკი იმისა, რომ სანქცირებული საქონელი გადაზიდო შენდა უნებურად“, – გვითხრა ნემსაძემ.

ჩვენ მიერ განხილულ შემთხვევებში ტვირთის დამკვეთები იყვნენ: ПАРМОС-ი, БАС ЛОГИСТИКС-ი, G-PRO TECH და TIMER TULPAR. სწორედ ამ კომპანიებმა იყიდეს რუსეთში ჩაყვანილი მძიმე ტექნიკა, მათ გააფორმეს შეთანხმება გადამზიდავ-გამყიდველთან და ტვირთის გადაზიდვის საფასურიც გადაიხადეს.

ПАРМОС რუსეთში, ბელგოროდის ოლქში 2004 წელს რეგისტრირებული მიკროსაწარმოა. მისი მფლობელი და დირექტორი ალექსეი პარფენოვია. საქმიანობის სფეროებია – ტელე-რადიომაუწყებლობა და სატრანსპორტო საშუალებების რემონტი. კომპანია რუსეთის სახელმწიფო შესყიდვებშიც მონაწილეობს.

БАС ЛОГИСТИКС ყაზახეთში, 2023 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. მას ფლობს და ხელმძღვანელობს ქსენია გრიგორიევა. კომპანია სახმელეთო, სარკინიგზო და ავიაგადაზიდვების მიმართულებით მუშაობს. მისი სავაჭრო პარტნიორები არიან ევროპის ქვეყნები, ჩინეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და რუსეთი.

G-PRO TECH უზბეკეთში რეგისტრირებული კომპანიაა. ის სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას რუსულ საწარმოებს აწვდის. ოფისები აქვთ როგორც ტაშკენტში, ისე თბილისსა და ევროპაში.

TIMER TULPAR ყირგიზეთში 2023 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც დაკავებულია სამშენებლო ტექნიკის იმპორტითა და რეალიზაციით. ის თურქული და ჩინური წარმოების მძიმე ტექნიკას ყიდულობს და რუსეთს აწვდის. Trademo-ს საერთაშორისო ბაზის მიხედვით, ეს კომპანია რუსეთის ტოპ იმპორტიორია.

გზა #3: საქართველოდან “შემოვლითი” გზით რუსეთში

როგორც ჩანს, ზოგიერთი ქართული გადამზიდი აკრძალული ტვირთის პირდაპირ რუსეთში ტრანსპორტირებას ერიდება და ამისთვის ირიბ გზებს იყენებს. ასე იქცევა, მაგალითად, შპს “ბასმოტორსი”.

ამ ქართულმა კომპანიამ 2024 წლის მარტი-ივნისის პერიოდში РУСКОН СПЕЦТЕХНИКА-ს, ჯამში, 1 მილიონი აშშ დოლარის 10 ცალი მძიმე ტექნიკა გაუგზავნა. ტვირთის ნაწილი, 8 ექსკავატორ-დამტვირთველი ბათუმის სადგომიდან წავიდა, 2 – თბილისიდან, საბოლოოდ კი რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში აღმოჩნდა.

იმაში დასარწმუნებლად, რომ “ბასმოტორსის” გზავნილმა რუსეთამდე ნამდვილად ჩააღწია, გადავამოწმეთ მის მიერ გაგზავნილი და РУСКОН СПЕЦТЕХНИКА-ს მიერ რუსულ ავტომარკეტზე განთავსებული მოდელები. შევისწავლეთ ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ყველაზე ცნობილი საიტი Avito.ru.

ვიპოვეთ, რომ საქართველოდან გაგზავნილი და РУСКОН СПЕЦТЕХНИКА-ის მიერ Avito.ru-ზე განთავსებული ექსკავატორ-დამტვირთველების მოდელები ერთმანეთის იდენტურია.

სქრინი Import Genius-ის ბაზიდან

“ბასმოტორსმა” რომ რუსეთს 10 ექსკავატორ-დამტვირთველი მიაწოდა, ჩვენ კი დავადასტურეთ, მაგრამ საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკაში მხოლოდ ორი მათგანის ექსპორტი ფიქსირდება.

რაც შეეხება დანარჩენ 8 ტექნიკას, საქსტატი ამბობს, რომ “ბასმოტორსმა” ისინი რუსეთში კიარა, სომხეთსა და უზბეკეთში გაიყვანა. არადა, სომხეთის სტატისტიკის სამსახური გვეუბნება, 2024 წელს ექსკავატორ-დამტვირთველები არა თუ ამ კომპანიისგან, საქართველოსგან საერთოდ არ მიმიღიაო.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ბასმოტორსის” მიერ სომხეთსა და უზბეკეთში გაგზავნილი ტვირთი საბოლოოდ მართლაც რუსეთში ჩავიდა. (ამას პარალელური ვაჭრობა ჰქვია. ანუ, ტვირთი ერთი ქვეყნიდან მეორეში ლეგალურად გაიყიდა, შემდეგ კი მეორედან მესამე ქვეყანაში გადაიყიდა, შუამავალი კომპანიის/ფიზიკური პირის მიერ).

შპს “ბასმოტორსზე” ვიცით, რომ ის 2014 წელს დარეგისტრირდა და საქართველოში თურქული HIDROMEK-ის ოფიციალური დილერია. კომპანიის “შოურუმი” თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს, ბათუმში კი ავტოსერვისი აქვს, სადაც მანქანებს ტექნიკურ მომსახურებას უწევს.

“ბასმოტორსის” მფლობელები და დირექტორები ძმები, რუსლან და ამირან ბასილაძეები არიან. ეს ოჯახი კიდევ 9 კომპანიას ფლობს. ისინი ავტოსატრანსპორტო, სამშენებლო, საბუღალტრო და აუდიტორულ სფეროში საქმიანობენ.

მათგან სამი, “ბასმოტორსი”, “ბასმოტორს თბილისი” და “რომ ტრანსი” სახელმწიფო შესყიდვებშიც აქტიურად მონაწილეობს – ძირითადად, ყიდიან მძიმე ტექნიკას და მის ნაწილებს. 2013-2025 წლებში ამ კომპანიებმა ტენდერებით და გამარტივებული შესყიდვებით 9 მილიონ ლარზე მეტის ხელშეკრულებები გააფორმეს. შემსყიდველებს შორის აჭარის ა/რ-ის უწყებები ლიდერობს (1 მაისის მონაცემებით).

“ბასმოტორსის” თბილისის ოფისი, წყარო: ფეისბუქ გვერდი

“ბასმოტორსის” დირექტორს ვკითხეთ, რატომ არ უთითებს ტვირთის ნამდვილ საბოლოო დანიშნულების ადგილს ოფიციალურ დოკუმენტებში. რუსლან ბასილაძემ თავიდან რუსეთთან ვაჭრობის ამბავი უარყო – “გამორიცხულიაო”. შემდეგ კი აღიარა: “მერე რა, გავყიდე, მერე რა… რუსეთში ყოველდღე მილიონობით ტექნიკა მიდის. თუ დეკლარაციებში არის, თუ გაყიდულია, იქნება გაყიდული, რა პრობლემაა…”

რაც შეეხება იმას, რომ “აი, ფაქტის” მიერ მოპოვებული მტკიცებულებით, მისი კომპანიის მიერ უზბეკეთსა და სომხეთში გაგზავნილი მძიმე ტექნიკა საბოლოოდ რუსეთში აღწევს, ბასილაძემ გვითხრა – ტრანსპორტირებაში არ ჩავრეულვარ, ტვირთი ბათუმში გავყიდე და მისი ასავალ-დასავალით მერე აღარ დავინტერესებულვარო:

“მე მივყიდე იმ ადამიანს, ოფიციალურად გავაკეთე ექსპორტი და მერე იმან რა შეცვალა და სად წაიყვანა, არ ვიცი… მეპატრონე სად ვეძებო… მაგისი ყარაული ხომ არ ვარ?”

რა ვიცით რუსულ კომპანიებზე, რომლებმაც ქართული კომპანიების მიერ გაგზავნილი სანქცირებული ტვირთი ჩაიბარეს:

РУСКОН СПЕЦТЕХНИКА სანქტ-პეტერბურგში, 2019 წელს დარეგისტრირდა და მას შემდეგ ავტომობილების საბითუმო ვაჭრობითაა დაკავებული. კომპანიის მფლობელები არიან რუსეთის მოქალაქეები პაველ ვერიუჟსკი, მაქსიმ დეგელი, იური სტეგანცევი და რომან პოზოხინი. avito.ru-ზე 2023 წლიდან ჩნდება და ყიდის მხოლოდ მძიმე ტექნიკას. კომპანია ავტოსანტრანსპორტო საშუალებებს ყიდულობს ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და სხვა აზიური ქვეყნებიდან.

МАШИНЕРИ ГРУПП-რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში 2020 წელს დარეგისტრირდა, დაკავებულია როგორც სატვირთო ავტომობილების, ისე მძიმე ტექნიკის და მისი ნაწილების იმპორტით. საქონელი რუსეთში, ძირითადად, ჩინეთიდან, იაპონიიდან და კორეიდან შეაქვს. კომპანიის მფლობელები არიან: რუსეთის მოქალაქეები ალექსანდრ ივანოვი, დმიტრი კალინინი და ოლეგ სოკოლოვი.

გზა #4: საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რუსეთში ექსკავატორების რუსეთში მოხვედრის კიდევ ერთი მარშრუტია: თურქეთი-საქართველო-ვლადიკავკაზი.

Volza-ს საერთაშორისო ვაჭრობის ბაზიდან ვიგებთ, რომ 2024 წლის 17-30 ოქტომბრის პერიოდში საქართველოში სარფიდან შემოვიდა, ხოლო ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან რუსეთში გავიდა CASE-ის ბრენდის 80 ცალი ექსკავატორ-დამტვირთველი. ტვირთი რუსულ HIGER BUS RUS-ს სამმა კომპანიამ მიაწოდა, მათ შორის ორის, თურქული კომპანიების სახელს ვხედავთ: Kiraç Elektrik İnşaat Mühendislik და Troy İnşaat Müteahhitlik. მესამის სახელი კი ბაზაშიც დაფარულია. HIGER BUS RUS 2022 წელს მოსკოვში რეგისტრირებული კომპანიაა და ძირითადად, ჩინური ავტობუსების რეალიზაციითაა დაკავებული.

[ავტორის შენიშვნა: 2022 წლიდან რუსეთში ამერიკული წარმოების მძიმე ტექნიკის ექსპორტიც აკრძალულია]

CASE ამერიკული ბრენდია, რომელიც პროდუქციას იტალიაში, ინდოეთსა და თურქეთშიც აწარმოებს. CASE-ის მფლობელმა CNH Industrial-მა რუსული ბაზარი 2023 წლის აპრილში დატოვა და იქ არსებული აქტივები გაყიდა. თუმცა, ფაქტია, რომ მისი ნაწარმი აგრესორ ქვეყანას ისევ მიეწოდება. თანაც, საქართველოს გავლით.

CASE-ის ამ მოდელის ექსკავატორ-დამტვირთველი გაიგზავნა საქართველოს გავლით რუსეთში

ბუნებრივია, ინტერვიუს ჩაწერა შემოსავლების სამსახურთანაც ვცადეთ, რომ გაგვეგო, როგორ აკონტროლებენ საქართველოს საზღვრებზე აკრძალული ან უცხოური ტვირთის მიმოსვლას, ან თუ იციან ჩვენს სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე… მათგან ინტერვიუზე თანხმობა სტატიის გამოქვეყნებამდე არ მიგვიღია, თუ წერილობით გვიპასუხებენ, სტატიას პასუხის მიღებისთანავე განვაახლებთ.

წყარო: ifact.ge

ახალი ამბები

სხვა სიახლეები