
რუსული მედია: თბილისმა და მოსკოვმა ტვირთბრუნვის გაფართოებაზე იმსჯელეს
15/05/2025 07:59:44 პოლიტიკა, ეკონომიკა
რუსული სახელისუფლებო გამოცემა "იზვესტიას" ინფორმაციით, რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა 14 მაისს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის გაფართოებაზე იმსჯელეს.
გამოცემის ცნობით, ქართულ მხარეს შეხვედრაზე წარმოადგენდა, მათ შორის, ზაზა ნიშნიანიძე - იმ "ქართულ-რუსული ბიზნეს-ასოციაციის" წევრუ, რომლის დაფუძნების შესახებაც მედია წლის დასაწყისში წერდა. ნიშნიანიძე უძრავი ქონების მართვა-განვითარების მსხვილი ქართული კომპანიის - Meidan Group-ის მფლობელია. ბიზნეს-ასოციაციის გენერალური დირექტორი კი რუსი ბიზნესმენი, "მარცვლეულის გაერთიანებული კომპანიის" ხელმძღვანელი მარატ შაიდაევი გახლავთ.
როგორც "იზვესტია" აღნიშნავს, მოსკოვში გამართული შეხვედრა "წარმოადგენს წარმატებულ მაგალითს ეკონომიკაში კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობისა".
"ეს კავკასიური რესპუბლიკა ცნობილია, უპირველესად, თავისი პროდუქტებით, რომელიც ადრე ხშირად ყალბდებოდა და ახლა მხარეები ამ პრობლემის ერთობლივად აღმოფხვრას ცდილობენ" - წერს გამოცემა.
მისივე ცნობით, რუსულმა მხარემ შეხვედრაზე წარმოადგინა დოკუმენტაცია რუსულ ბაზარზე მიწოდებული ქართული პროდუქციის უხარისხობის თაობაზე. მასში საუბარია, კერძოდ, ქართული კონიაკის პარტიის რუსული მაღაზიებიდან ამოღების თაობაზე.
"დიდი იმედი გვაქვს, რომ მიაწვდით საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაციას ჩვენი შეშფოთების შესახებ" - მიმართა შეხვედრის მონაწილეებს ასოციაცია "ანტიკონტრაფაქტის" პრეზიდენტმა, კონიაკის, სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა რუსული ასოციაციის თავმჯდომარემ ვლადისლავ რეზნიკმა. მისივე თქმით, "თბილისს აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს კონიაკის დისტილატი, რომლის ნაკლებობაა რუსეთში".
ამასთან, მან კმაყოფილება აღნიშნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო "ვერ ჩაითრიეს ანტირუსულ კამპანიაში".
რუსული გამოცემა ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის ზრდაზე (2024 წელს - $2,5 მლრდ-ზე მეტი) მიუთითებს და შეახსენებს მკითხველს, რომ საქართველომ რუსეთში ღვინისა და სხვა ალკოჰოლური პროდუქციის, მინერალური წყლის, წყლის, გაზიანი სასმელების, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი განახორციელა, ხოლო რუსეთმა საქართველოში - ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, გაზის, ხორბლისა და ფოლადის ნაკეთობების.
"იზვესტიას" ინფორმაციით, "შეხვედრაზე მხარეებმა "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტის განტვირთვის მიზნით ტვირთბრუნვის ნაწილის სარკინიგზო და საზღვაო ტრეანსპორტზე გადამისამართების შესაძლებლობაც განიხილეს". გარდა ამისა, საუბარი შეეხო იმასაც, რომ "კონტროლი იმაზე, თუ რისი გადაზიდვა ხორციელდება, უნდა გამკაცრდეს" და ქართულმა მხარემ ამ მიზნით უახლოეს მომავალში ახალი ლაბორატორიის შექმნის პირობა დადო.
ამასთანავე, მხარეებმა იმსჯელეს ანგარიშსწორების რუბლსა და ლარში განხორციელების დაწყების თაობაზე (ეს საკითხი ადრეც იქნა წამოწეული).
ცნობისთვის: მიმდინარე წლის იანვარში "ოცნების" სადავო ხელისუფლების ვიცე-პრემიერი/ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირწმუნებოდა, რომ არაფერი იცოდა რუსეთ-საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის შესახებ და რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში სახელმწიფო ვერ გაუწევდა დახმარებას ბიზნესს, რომელიც რუსეთში ექსპორტზეა ორიენტირებული.
ბოლო წლებში რუსეთი და საქართველო ეკონომიკურ თემებს კარასინი-აბაშიძის შეხვედრების ფორმატში განიხილავდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთთან ურთერთობის საკითხებში "ოცნების" პრემიერის სპეცწარმომადგენლად გიორგი ქაჯაია დაინიშნა, მსგავსი შეხვედრების შესახებ ცნობები აღარ გავრცელებულა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021