
ირან–ისრაელის დაპირისპირება და გლობალური რისკები – ინტერვიუ ბაკო ხელაძესთან
20/06/2025 10:16:57 ინტერვიუ, ანალიზი
ირან–ისრაელის დაპირისპირება სულ უფრო ფართო და სახიფათო მასშტაბებს იღებს. როგორ ვითარდება კონფლიქტი, რა ისტორიული და გეოპოლიტიკური მიზეზები უდევს საფუძვლად და რა შეიძლება იყოს საქართველოსთვის ამ პროცესის შედეგი? ამ და სხვა საკითხებზე გთავაზობთ "აქცენტის" ინტერვიუს აღმოსავლეთმცოდნე ბაკო ხელაძესთან.
- როგორია ირან-ისრაელის დაპირისპირების ფესვები და სად უნდა ვეძებოთ ამ კონფლიქტის საწყისი მიზეზები?
- ირანელი და ებრაელი ხალხის ურთიერთობა ძალიან ძველია და ამის შესახებ წმინდა წერილშიც კი არის ნახსენები, როდესაც კიროს დიდი ბაბილონის დამარცხების შემდეგ ებრაელ ხალხს ათავისუფლებს და უფლებას აძლევს, სამშობლოში დაბრუნდნენ. საუკუნეების განმავლობაში ირანში არსებობდა ებრაული თემი, რომელიც საკმაოდ შეძლებული და პატივსაცემი იყო. გარკვეულ ეპოზიდებს თუ არ ჩავთვლით, ეს ურთიერთობა ისტორიულად ძალიან დადებითია.
მოჰამად რეზა შაჰის ერებს შორის მეგობრობამ ქვეყნებს შორის მეგობრობაში ჰპოვა გაგრძელება და ორ ქვეყანას შორის მთელ რიგ მიმართულებებში მჭიდრო პერტნიორობა იყო, ეს ეხებოდა თავდაცვა-უშიშროების სფეროებსაც. ისლამური რევოლუციის შემდეგ, ირანის ახალ საგარეო პოლიტიკაში, სადაც პრაგმატიზმის ადგილი რელიგიურმა გრძნობებმა დაიკავა და ისლამური სოლიდარობის მიზეზით ისრაელი გამოცხადდა ნომერ მეორე მტრად ამერიკის შემდეგ, რამდენადაც მისი არსებობა ეწინააღმდეგებოდა მუსლიმი პალესტინელი ხალხის ინტერესებს. მას შემდეგ ირანსა და ისრაელს შორის შეუალი მტრობაა.
- რას შეიძლება მივაწეროთ დაძაბულობის გააქტიურება სწორედ ახლა — ადგილობრივი, რეგიონული თუ გლობალური ფაქტორებია გადამწყვეტი?
- როგორც „დიდი 7“-ის შეხვედრაზე გავიგეთ და მანამდე უკვე ისრაელის და თეთრი სახლის ოფიციალურ პოზიციებში, ირანი ბირთვული ბომბის შექმნასთან ძალიან ახლოს იყო. ეს კი ისრაელისთვის არსებითი საფრთხეა, რასაც ვერ დაუშვებდა და ემ ინტერვენციაც სწორედ პრევენციით იხსნება.
- თუ ვითარება კიდევ მეტად დაიძაბა, რა მექანიზმები აქვს დასავლეთს (განსაკუთრებით აშშ-ს) კრიზისის შესაჩერებლად?
- ვითარება უკვე საკმარისად დაძაბულია და ჯერ-ჯერობით არ ჩანს გამოსავალი. პირიქით, ტრამპის ბოლო განცხადებები და მოძრაობები ვაშინგტონში მიანიშნებს, რომ შანსი ამერიკის ჩართვისა დღითი დღე იზრდება, რაც ესკალაციას საითკენ წაიყვანს, ამის ტრაექტორიის განსაზღვრა ალბათ არავის შეუძლია.
- შეიცვალა თუ არა რეგიონული ალიანსების არქიტექტურა ირან-ისრაელის დაპირისპირების ფონზე? როგორ გადანაწილდა გავლენები? რა როლი შეიძლება ითამაშოს თურქეთმა, როგორც ნატოს წევრმა და რეგიონის ძლიერმა მოთამაშემ, ამ კონტექსტში?
- რამდენადაც კონფლიქტი აქტიურ ფაზაშია, ჯერ-ჯერობით ალიანსების გადაფორმირებაზე საუბარი საკმაოდ რთულია. ფაქტია, რომ ირანი ამ კონფლიქტში მარტო დგას და მას აქტიური მხარდამჭერი არ გამოუჩნდა. მისი მოკავშირეები და ისლამური ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ისინიც, ვისთანაც ირანს ბოლო დროს არც ისე კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს (ვგულისხმობ საუდის არაბეთს) ჯერ-ჯერობით დიპლომატიური განცხადებებით შემოიფარგლებიან. რაც შეეხება თურქეთს, ერდოღანმა უკვე გამოხატა სურვილი, დაეხმაროს ირანს ისრაელთან მედიაციაში, რათა მალე დასრულდეს კონფლიქტი. სამეზობლოში, განსაკუთრებით კი თურქეთს, კარგად ესმით, რომ ამ ომის შედეგები მათზეც აისახება და ბევრ უსიამოვნებას მოუტანთ.
- როგორ აისახება ირან-ისრაელის დაძაბულობა „3+3“ ფორმატზე, სადაც ირანი ერთ-ერთ აქტიურ მხარედ რჩება? არის თუ არა ეს ფორმატი კიდევ უფრო დაძაბული გეოპოლიტიკური კონტექსტის პლატფორმად ქცევის საფრთხის წინაშე?
- 3+3 ფორმატი ალბათ ახლა ყველაზე ნაკლებ საინტერესო საკითხია იმის ფონზე, რაც ვითარდება ირანში. ირანის ისლამური მთავრობა ფაქტობრივად გადარჩენისთვის იბრძვის, ვინაიდან ნათელი გახდა, რომ ისრაელის მთავარი ამოცანა არა მხოლოდ ატომური ინფრასტრუქტურის განადგურებაა, არამედ ისლამური მთავრობის დემონტაჟი. რა ბედი ეწევა ამ ფორმატს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ბედი ეწევა ზოგადად ისლამურ რესპუბლიკას.
- როგორია ირანის და ისრაელის კიბერშეტევების და საინფორმაციო ომის ტაქტიკა? როგორ იყენებენ პროპაგანდას ორივე მხარე — და რამდენად იზრდება დეზინფორმაციის რისკი გლობალურად, მათ შორის საქართველოშიც?
- საინფორმაციო ომი, ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ისრაელი ცდილობს, დაარწმუნოს ირანული საზოგადოება, რომ გადაატრიალოს მთავრობა. მეორეს მხრივ, თუ ალი ხამენეის გზავნილებს დავაკვირდებით, პირიქით - ერის კონსოლიდაციისკენ წაყვანას ცდილობს. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ინტერნეტი და სატელეფონი კავშირი ძალიან ჭირს ირანში. დღის განმავლობაში სულ რამდენიმე წუთით თუ ექნება ხალხს წვდომა. ამიტომ, სოციალური მედიის საშუალებით გავლენების მოხდენა რთულია.
რაც შეეხება დეზინფორმაციას, საკმაოდ ბევრია ინტერნეტში. ამის საშუალებას იძლევა ისიც, რომ ხელოვნური ინტელექტი მაღალი რეზოლუციის და საკმაოდ რეალისტურ ფოტო და ვიდეო კონტენტს ქმნის, რომლის გარჩევასაც ბევრი ვერ ახერხებს. ეს შესამჩნევია საქართველოშიც.
- რა გავლენა შეიძლება იქონიოს ირან-ისრაელის დაპირისპირებამ ნავთობის ფასებზე და გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე? შეიძლება თუ არა ტვირთის გადაზიდვის შეფერხება ჰორმუზის სრუტეში და როგორ აისახება ეს საქართველოზე და კავკასიაზე?
- ნავთობის ფასებზე გავლენა თავიდანვე იქონია ამ კონფლიქტმა. კონფლიქტის დაწყების დღესვე ნავთობის ფასები დაახლოებით 14%-ით გაიზარდა. 90-ანებიდან მოყოლებული, თუ სპარსეთის ყურეში მიმდინარე კონფლიქტებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ნავთობის ფასები პირდაპირაა კორელაციაში ამ რეგიონის სტაბილურობასთან, ვინაიდან სწორედ ამ რეგიონშია თავმოყრილი ჰიდროკარბონატული რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი და ჰორმუზის სრუტე კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგო სატრანსპორტო კვანძია. ამ სტურის ჩაკეტვა, რომლის გასაღებსაც სწორედ ირანი ფლობს, რა საკვირველია, უარყოფითად აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე. თუმცა სხვა რეგიონში მყოფი ნავთობ მწარმოებლები რიგიანად იხეირებენ, პირველ რიგში, რუსეთი.
- რა საფრთხეები არსებობს საქართველოსთვის ირან-ისრაელის დაძაბულობის პირობებში — მათ შორის საინფორმაციო, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით? შეიძლება თუ არა ირანიდან ან ახლო აღმოსავლეთიდან დაიძრას ლტოლვილთა ახალი ტალღა და რამდენად მზად არის საქართველო მსგავსი გამოწვევისთვის?
- ბოლო რამდენიმე წელია ირანი საქართველოს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად იქცა და ირანული პროდუქტი მრავლადაა წარმოდგენილი სხვადასხვა სფეროში. შესაბამისად, ეს კონფლიქტი აუცილებლად აისახება ქართულ ეკონომიკაზეც. ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ომებს ყოველთვის მოყვება დიდი მიგრაცია, მოსალოდნელია საქართველოსკენ გარკვეული რაოდენობის დევნილების წამოსვლა.