Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტრო: ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

ჯანდაცვის სამინისტრო: ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

03/07/2025 11:35:00 პოლიტიკა

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი სტაციონარი 22 პაციენტზეა გათვლილი. უახლოეს მომავალში საწოლფონდის პერიოდულად გაზრდა იგეგმება.

„ნარკომანიით დაავადებული პირების მკურნალობის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” ბაზაზე სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა.ახალი სტაციონარი 22 პაციენტზეა გათვლილი. უახლოეს მომავალში საწოლფონდის პერიოდულად გაზრდა იგეგმება.

დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.მკურნალობის პროცესში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან ნარკოლოგები, სხვადასხვა პროფილის ექიმები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. მკურნალობა წარიმართება თანამედროვე კლინიკური გაიდლაინებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და სრულად იქნება მორგებული თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის: სისხლის სამართლის კანონმდებლობას ახალი კარი დაემატა, რომელიც "ნარკომანიით დაავადებული პირების სავალდებულო მკურნალობის საკითხებს" დაარეგულირებს.შესაბამისი ცვლილებები “ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ ანტინარკოტიკულ პაკეტში აისახა.

ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის საფუძველი

პროექტით, ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას: ა) ნარკომანიით დაავადებულმა პირმა ჩაიდინა ამ კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული; ბ) პირს დასმული აქვს ნარკომანიით დაავადებული პირის დიაგნოზი (ამ კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მაგრამ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე). [XXXIII თავი სრულად მოიცავს ნარკოტიკულ დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსში].

ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა და მისი მიზნები

1. ამ კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ფიზიკურ პირს სასჯელთან ერთად ექიმ-ნარკოლოგთა კომისიის დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია დაენიშნოს სავალდებულო მკურნალობა, არაუმეტეს 2 წლის ვადით.

2. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს მსჯავრდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლებისას ან სასჯელის პირობითად ჩათვლისას, ხოლო სასჯელისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას შესაძლებელია სავალდებულო მკურნალობის გაგრძელება.

3. მსჯავრდებულს ამნისტიის ან შეწყალების აქტით შეიძლება შეუწყდეს სავალდებულო მკურნალობა.

4. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის მიზნებია:ა) ახალი დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილება;ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და მოსახლეობის დაცვა; გ) დანაშაულის ჩამდენი პირის განკურნება.

5. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები

ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნისას მხედველობაში მიიღება ნარკომანიით დაავადების ხასიათი და სიმძიმე, დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ნარკომანიისგან განკურნების ნება.

ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულება, გაგრძელება და შეწყვეტა

1. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა დაიწყება, თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ან შეწყდეს სასამართლოს მიერ სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინებით, ექიმ-ნარკოლოგთა კომისიის დასკვნის საფუძველზე.

3. იმას, ვისაც დაენიშნა ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა, დანიშნული მკურნალობის ვადის ერთი მესამედის გასვლისას ამოწმებს ექიმ-ნარკოლოგთა კომისია იმ საკითხის გადასაწყვეტად, არსებობს თუ არა ასეთი ღონისძიების შეწყვეტის შესახებ სასამართლოში წარდგინების შეტანის საფუძველი.თუ ასეთი საფუძველი არ არსებობს, მაშინ სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაცია სასამართლოს წარუდგენს დასკვნას სავალდებულო მკურნალობის გაგრძელების თაობაზე.ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს სავალდებულო მკურნალობის აღსრულების დაწყების მომენტიდან ყოველ სამ თვეში ერთხელ.

4. სასამართლო უფლებამოსილია შეწყვიტოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა, თუ პირის ნარკომანიით დაავადების ხასიათი და სიმძიმე ისე შეიცვალა, რომ საჭირო აღარ არის აღნიშნული ღონისძიების გამოყენება.

როგორი იქნება მკურნალობა?

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო სამედიცინო მკურნალობა განისაზღვრება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

აღნიშნულ კანონში ნარკომანიით დაავადებული პირის მკურნალობაზე ვკითხულობთ, რომ:„ნარკომანიით დაავადებულ პირს მკურნალობა უტარდება ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დადგენილი სტანდარტის ან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად”.

ადიქტოლოგთა ასოციაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციირებულ კანონპროექტს დესტრუქციულ რეფორმად აფასებს, ასევე ეხმაურება „სავალდებულო მკურნალობას“ და აღნიშნავს:

„რეფორმის ავტორები მკურნალობის თვალსაზრისით გამოსავალს მკურნალობის იძულებაში ხედავენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინიციატივა ეფუძნება მოძველებულ და მახინჯ პრაქტიკებს, რომლებიც საბჭოთა იდეოლოგიიდან მოდის, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და თანამედროვე სამედიცინო ეთიკას. ასეთი მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სახელმწიფო კვლავ ხელს უწყობს სტიგმის გაღრმავებას და არა ზიანის შემცირებას.

სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად, ეფექტური და მდგრადი შედეგის მისაღწევად მკურნალობა უნდა იყოს დაფუძნებული პაციენტის ნებაზე, ნდობასა და მოტივაციაზე – და არა კონტროლსა და რეპრესიაზე“, – აღნიშნავს ასოციაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S