საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გევრდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც იმეორებს „ქართული ოცნების" პროპაგანდისტულ ნარატივს, თითქოს
ევროკავშირი საქართველოს ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ტრადიციების დათმობას სთხოვს.
ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას 31 აგვისტომდე მისცა ვადა, შეასრულოს რეკომენდაციები, რომელთა აგვისტოს ბოლომდე შეუსრულებლობა უვიზო რეჟიმის შეჩერებას დააყენებს დღის წესრიგში.
საპატრიარქოს საზოგადებასთან ურთიერთობის გვერდზე წერია:
„უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ევროპული არჩევანი შეიძლება განხორციელდეს იმ პირობებში, როდესაც თავსმოხვეული არ იქნებოდა ღვთის საწინააღმდეგო სწავლება, როგორიც არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა. ყოველივე ამის ფონზე ევროპელთა ამჟამინდელ რეკომენდაციებში ისეთი დებულებების შეტანა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს ლგბტ პროპაგანდისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას, დიდ გაწბილებას იწვევს, სრულად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ღვთის სწავლებებსა და ქრისტიანობის საფუძვლებს, არამედ იმ ზეპირსიტყვიერ და წერილობით დაპირებებსაც, რომლებიც წარსულში არაერთგზის დაფიქსირდა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობისას.
სამწუხაროდ, ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის პერსპექტივას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს".
შეგახსენებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის 2024 წლის დეკემბრის ანგარიშის შესაბამისად, ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს 8 რეკომენდაციის შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავს, დაიწყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი.
რეკომენდაციები ითვალისწინებს საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის უფლების დაცვასა და დისკრიმინაციის აკრძალვას. ასევე — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმებას, სავიზო პოლიტიკის ევროკავშირთან შესაბამისობას და სხვა.