
პუტინმა მედინსკი კრემლის მთავარ იდეოლოგად გაამწესა
22/07/2025 11:35:43 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ, უკრაინასთან ომის ფონზე საკუთარი გავლენა გააძლიერა და ფაქტობრივად კრემლის მთავარ იდეოლოგად იქცა — წერს გამოცემა „Важные истории“.
მას შემდეგ, რაც 2020 წელს იგი კულტურის მინისტრის პოსტიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავიდა, მედინსკიმ დაიწყო იდეის პოპულარიზაცია, თითქოს „მტრები ყველგან არიან, მაგრამ რუსეთი — თეთრი და ფაფუკია“, — ჰყვებიან გამოცემასთან კრემლთან დაახლოებული წყაროები. მათივე თქმით, ეს მიდგომა ემთხვეოდა ვლადიმირ პუტინის ხედვას, რომელმაც ყირიმის ანექსიის შემდეგ კონფრონტაციის კურსი აირჩია დასავლეთთან.
"შედეგად, მედინსკი პრეზიდენტს იმდენად დაუახლოვდა, რომ გახდა ერთ-ერთი იმ იშვიათი ადმინისტრაციის წარმომადგენელთაგან, ვისაც შეუძლია პუტინთან შეხვედრის ან პირადი საუბრის ორგანიზება. გარდა ამისა, 2024 წლის ზაფხულიდან მედინსკის განკარგულებაში გადაეცა მთელი სამმართველო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რომელიც კურირებს კულტურულ და ისტორიულ-საგანმანათლებლო პოლიტიკას. ფაქტობრივად, ეს სტრუქტურა ფუნქციონირებს როგორც „იდეოლოგიის შექმნის განყოფილება“, — განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ევროპული დაზვერვის ოფიცერმა.
მედინსკი ასევე მონაწილეობს დახურულ სემინარებში იდეოლოგიურ საკითხებზე, სადაც მას პარტნიორობს პუტინის ქალიშვილი, ეკატერინა ტიხონოვა — ამბობს კრემლის ყოფილი თანამშრომელი. მისივე თქმით, მედინსკი ითვლება „ტიხონოველად“ — ანუ იმ ადამიანად, რომელიც პრეზიდენტის ქალიშვილის ახლო წრეს ეკუთვნის.
"მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მედინსკის „არასასიამოვნო“ და „უპრინციპო“ ადამიანად ახასიათებენ, ხოლო მისი უკრაინასთან მოლაპარაკებებში დანიშვნა პუტინის მხრიდან „მსოფლიოს დაცინვის“ მცდელობად მიაჩნიათ,“ — ამბობს გამოცემის წყარო.
უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა აღნიშნა, რომ მედინსკი მოლაპარაკებების ჯგუფში უკრაინელებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის ფუნქციას ასრულებს და თამაშობს აგრესიული მომლაპარაკებლის როლს, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინა არ არსებობს.
მოლაპარაკებების გარდა, მედინსკი ასევე მუშაობს ახალი ისტორიის სახელმძღვანელოების სერიაზე, რომლებიც მან თანაავტორობით შექმნა მგიმოს რექტორ ანატოლი ტორკუნოვთან და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ჩუბარიანთან. ეს სახელმძღვანელოები ფარავს ისტორიის მთელ კურსს მეხუთე კლასიდან მეთერთმეტემდე.
უკრაინელი იურისტის, დარია სვირიდოვას თქმით, სახელმძღვანელოებში უკრაინა წარმოდგენილია როგორც ხელოვნური, შემთხვევითი ან მტრული წარმონაქმნი რუსეთის მიმართ, ხოლო რუსეთის აგრესია კიევის წინააღმდეგ — გამართლებული.
„Важные истории“-ის ინფორმაციით, კრემლი აპირებს თავისი იდეოლოგიის გავრცელებას არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცის სკოლებში. ამ პროცესსაც მედინსკი კურირებს.