Accentnews.ge
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია სირიაში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია სირიაში ჩავიდა

26/08/2025 18:02:00

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია დამასკოს 62-ე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღების მიზნით სირიაში იმყოფება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „დელეგაციას“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი ხელმძღვანელობს, ხოლო მის შემადგენლობაში „ეკონომიკის მინისტრი“ თეიმურაზ მიქვაბია, „კულტურის მინისტრი“ დაურ კოვე და სხვა პირები შედიან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „დელეგაცია“ დამასკოში სირიის მთავრობისა და პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მიწვევით ჩავიდა.

დამასკოს 62-ე საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად ტარდება, 27 აგვისტოს გაიხსნება.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი დამასკოში ივნისში იმყოფებოდა და ვიზიტის ფარგლებში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასად ჰასან ალ-შაიბანის შეხვდა.

მიმდინარე წლის 18 ივნისს პარლამენტის პრესცენტრმა განაცხადა, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თურქ კოლეგას, - თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, - ფუატ ოქტაის შეხვდა. „ნიკოლოზ სამხარაძემ ფუატ ოქტაის დახმარება სთხოვა სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომ სირიამ აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს“, - წერდა პრესცენტრი განცხადებაში.

მსგავსი მოწოდებით სირიის ხელისუფლებას მიმართეს როგორც საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ასევე აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა. ოფიციალური დამასკოს პოზიციის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

საქართველო და მისი საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და ცხინვალს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათი დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, სირიამ და ნაურუმ აღიარეს.

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობა" 2018 წელს აღიარა, რის შემდეგაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა დამასკოსთან. 2020 წელს სირიის დედაქალაქში აფხაზეთის ე.წ. საელჩო გაიხსნა.

აჰმედ ალ-შარა ხელისუფლებაში 2024 წლის დეკემბერში, ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ მოვიდა. მას შემდეგ სირიის ხელისუფლებამ დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობები აღადგინა. ალ-შარამ, კერძოდ, შეხვედრები გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S