ყალბი შეტყობინებები, როგორც იარაღი ქართული საზოგადოების ერთობის შესარყევად

17-03-2020 15:19:24 კომენტარი

როდესაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ყურადღება ახალი ტიპის კორონავირუსზეა კონცენტრირებული და ზოგადად სახელმწიფო უწყებების მიმართ ნდობის არცთუ სახარბიელო ხარისხის პირობებში საკუთრივ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიმართ მაღალი ნდობა გაჩნდა, დაფიქსირდა ყალბი შეტობინებების გავრცელების შემთხვევები. მსგავსი შეტყობინებები ჯერ ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში, 17 მარტს კი მოქალაქეებმა ისინი მობილურ ტელეფონებზე მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს სახელით მიიღეს.

“დაინტერესებული პირების მიერ მოხდა მთავრობის სახელით ფეიქ- შეტყობინების გავრცელება, ოდნავ მოგვიანებით კი ანალოგიურად ყალბი შეტყობინება გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს სახელით. სმს-ების გამავრცელებლის მიზანს საზოგადოების კიდევ უფრო დაძაბვა და შეცდომაში შეყვანა წარმოადგენდა”,– აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და მობილურ ოპერატორებს მოუწოდებენ, არ დაუშვან კორონავირუსთან დაკავშირებით მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი შეტყობინებების გავრცელება.

თუმცა საკმარისია კი ეს ზომა? მხოლოდ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ისახავდა და უბრალოდ ბოროტი ხუმრობა იყო კი ეს შეტყობინებები, თუ სხვა - გაცილებით სახიფათო პროცესთან გვაქვს საქმე?

„აქცენტი“ შეეცადა, გაერკვია, დაინტერედნენ თუ არა საკითხით საგამოძიებო უწყებები. შსს–ში განგვიცხადეს, რომ ეს «მათი თემა არაა“, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ვიდრე ვარკვევთ, ყალბი შეტყობინებების ავტორების გამოვლენითა და მათი მიზნების გარკვევით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ თუ არა, ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი ფიქრობს, რომ ძიების წარმოება აუცილებელია, თუნდაც პოზიტიურ, თუმცა ყალბ ინფორმაციასთან გვქონდეს საქმე, მით უფრო, რომ გაურკვეველ პირებს მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებთან აქვთ წვდომა.

„ხვალ კორონავირუსის წამალი გვექნება და ყველანი გადავრჩებითო“– მსგავსმა შეტყობინებამაც კი შესაძლოა, საზოგადოებაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს, ვინაიდან ხვალ მსგავსი წამალი არ გვექნება და ამან შესაძლოა, სამთავრობო პოლიტიკის მიმართ უნდობლობა წარმოშვას. ეს არის კლასიკური ჭორის გავრცელების სქემა. სულ სამი ტიპის ჭორებს იყენებენ სპეცსამსახურები, განსაკუთრებით - რუსული: შემშინებელს, სასურველს და აგრესიულს. ამ შემთხვევაში შემაშინებელ ჭორთან გვაქვს საქმე, რაც დიდი ხანია, რუსული სპეცსამსახურების პრაქტიკაა. მისი გავრცელების მიზანს კი კრიზისულ ვითარებაში მყოფ საზოგადოებაში ქაოსისა და დეზორიენტაციის შეტანა წარმოადგენს. დაფიქსირებულია, რომ რუსეთ–საქართველოს ომის დროს მსგავსი შემაშინებელი შეტყობინებები ეგზავნებოდათ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახების წევრებს – მაგალითად, „განადგურდა კონკრეტული დანაყოფი“ და ა.შ. ბრძოლაში ჩართულ სამხედროებს ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ამდენად ეს მეტ პანიკას, არეულობას იწვევდა ჯარისკაცების ოჯახის წევრებში და თვით ჯარისკაცებშიც კი“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას ძიძიშვილი.

მისივე თქმით, აუცილებელია, დადგინდეს, რა მექანიზმით მოხერხდა შეტყობინებების დაგზავნა: მარკეტინგულ კომპანიასთან აქვთ კავშირი, ყიდულობენ ნომრებს, საკუთარი სისტემა აქვთ აწყობილი და ა.შ.:

„ძალიან სახიფათოა, თუ ამაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელი და ინტერესი ურევია და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამას აკეთებს ადამიანი, რომელიც უბრალოდ ერთობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტი შესასწავლია და თუ იკვეთება დანაშაული, ეს პირები უნდა დაისაჯონ. დღეს რთული არაა, გაარკვიო, შეტყობინების დაგზავნა რა სისტემით მოხდა. ამისთვის საჭიროა სახელმწიფოს ნება და იმედი მაქვს, ეს ნება აღმოაჩნდებათ. წესით, ამ ამბით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს დაკავებული“,– დასძენს ძიძიშვილი.

მიზანი

  • საზოგადოების დეზორიენტირება;
  • ნეგატიური ინფორმაციის გასავრცელებლად მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ჯგუფების ორგანიზება;
  • ინფორმაციის გავრცელების სისწრაფის გატესტვა.

„პირობითად, მე რომ ვიყო მსგავსი ინფორმაციის გამავრცელებელი, ალბათ, სულ ორ მიზანს დავისახავდი: 1) იმის გარკვევა, რამდენად ამყვება საზოგადოება – რამდენადაა მზად, ამ ტიპის შეტყობინებებზე მყისიერი რეაქცია ჰქონდეს, რაც უფრო მძიმე კრიზისებისას მოქმედებას გამიმარტივებს; 2) დროის კონტროლი – რა დრო მაქვს სამოქმედოდ. მოქალაქეების კიდევ უფრო შესაშინებლად და სქემის გასატესტად ახლა შესაბამისი დროა, რადგან მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ყურადღება მიმდინარე მოვლენებზეა კონცენტრირებული. მაგალითად, ლარი გაუფასურდა, მაგრამ ამის გამო არავინ ჩხუბობს. საზოგადებაში რაღაც ტიპის შეთანხმება გვაქვს, რომ ამჟამად კორონავირუსია მთავარი გამოწვევა. ალბათ, ვიღაც თვლის, რომ ეს შეკრულობა „დასაშლელია“: თუ ამ სექტორში ნდობა გაჩნდა, მერე უფრო მარტივი იქნება, სხვა საკითხებთან მიმართებაშიც მოვახერხოთ ერთმანეთის გვერდში დგომა“,– ამბობს ძიძიშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები