ამბები "COVID-19"-თან ბრძოლის წინა ხაზიდან: რას ყვებიან ექიმები

20-03-2020 18:34:24 საზოგადოება ,მსოფლიო

საქართველო ახალი ტიპის კორონავირუსის („COVID-19“) შეკავებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის. ახალ რეალობაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის მთავარი მიზანი გავრცელების ტემპის მაქსიმალური შენელებაა: ქვეყანაში მოქმედებს მთელი რიგი შეზღუდვები, მთავარ რეკომენდაციად კი ჰიგიენური ნორმების დაცვა და სოციალური დისტანცირება, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლისგან თავშეკავება სახელდება.

მიუხედავად მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა დრამატული ციფრისა (ჯერ კიდევ არ ვიცით მოვლენები როგორ განვითარდება), როგორც ჩანს, საქართველოში მოქალაქეთა ნაწილს საფრთხის აღქმა ჯერ კიდევ უჭირთ: სამართალდამცველებს კარანტინში იძულებით ყოველდღიურ რეჟიმში გადაჰყავთ თვითიზოლაციის წესების დამრღვევნი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეზობლებს, კოლეგებს... – მთელი ჯაჭვია. როგორც ჩანს, მათთვის 43 ინფიცირებული (20 მარტის მონაცემებით საქართველოში 43 ინფიცირებულია) არც ისე შემაშფოთებელი რიცხვია.

სწორედ იმ მიზნით, რომ მოქალაქეებმა საფრთხე ადეკვატურად გაიაზრონ (პანიკა იმუნიტეტს აქვეითებს) და დაიცვან რეკომენდაციები, „აქცენტმა“ იმ მედიკოსების მონათხრობი და მოწოდებები ამოკრიბა, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ცდილობენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას.

იტალიის ქალაქ ბაგრამოში მდებარე ერთ–ერთი საავადმყოფოს ექიმი დანიელე მაჩინი:

„უმძიმეს მდგომარეობაში გვიწევს მუშაობა. ძალიან დიდ სტრესს განვიცდით, როდესაც ვუყურებთ, როგორ იღუპებიან მოქალაქეები ვირუსის გავრცელების გამო. მედიკოსები 24–საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, ჩვენთვის სოციალური ცხოვრება დაპაუზებულია. სახლში მისვლისაც კი გვეშინია, რომ ახლობლები არ დავაავადოთ. მესმის რომ არ უნდა შევქმნათ პანიკა, მაგრამ ხალხს მინდა, კარგად ესმოდეს კორონავირუსის საფრთხე. იყავით მომთმენნი, არ წახვიდეთ თეატრში, მუზეუმებსა თუ დარბაზში, იფიქრეთ თქვენი საქციელის შედეგებზე! მინდა, გთხოვოთ, თუ გადაუდებელი აუცილებლობაა არაა, დარჩით სახლებში“.

„Oglio Po Hospital“– ის ექიმი რომანო პაოლუჩი:

„ვიტყოდი, რომ უკვე ძალები გველევა. ეს პატარა ჰოსპიტალია და ჩვენ უამრავი ხალხის მიღება გვიწევს. ლომბარდიის რეგიონში არსებული თითქმის ყველა საავადმყოფო მხოლოდ კორნავირუსით დაავადებლთა სამკურნალო ცენტრადაა გადაქცეული. აღარ არსებობს არც პედიატრიული, არც კარდიოლოგიური განყოფილებები. არ გვაქვს საკმარისი რესურსი არც სამედიცინო და არც პერსონალის კუთხით. თანამშრომლების ნაწილი უკვე ინფიცირებულია“.

ქალაქ ბაგრამოს საავადმყოფოს „Papa Giovanni XXIII“ პედიატრიული განყოფილების მთავარი ექიმი ლორენცო დანტიგა:

„ციკლონს ვუყურებთ თვალებში. გასტროენტეროლოგიის, ნევროლოგიის, კარდიოლოგიისა თუ სხვა განყოფილებებში მხოლოდ COVID-19– ით ინფიცირებულ პაციენტებს ვიღებთ. რაც კიდევ უფრო აუარესებს ვითარებას, ისაა, თანამშრომლების ნაწილი ინფიცირებულია. მაგალითად, მარტო ჩემს განყოფილებაში 25 მედიკოსიდან 10 უკვე დაავადებულია. მსგავსი სიტუაციაა სხვა განყოფილებებშიც. შეზღუდული სახსრების გამო გვიწევს პაციენტების გადარჩევა, რომელთან აქვს მკურნალობის გაგრძელებას აზრი და რომელთან არა. საუბედუროდ, ამ უმძიმესი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს“.

მილანის ერთ–ერთი საავადმყოფოს ექიმი ფრანჩესკა კორტელანო:

„იცით რა არის ყველაზე დრამატული? როცა ვხედავთ, რომ პაციენტები მარტოობაში იღუპებიან. როცა გვევედრებიან, რომ შვილებსა და შვილიშვილებს დავემშვიდობოთ. იცით როგორ ვეხმარები მათ ამ დროს? ამოვიღე ტელეფონი და ერთ–ერთი მომაკვდავი ბებიის თხოვნით, მის შვილიშვილს ვიდეო–ზარით დავურეკე. იგი დაემშვიდობა შვილიშვილს და გარდაიცვალა. ახლა მე მაქვს ვიდეო–ზარების გრძელი სია. მე მას გამოსამშვიდობებელ სიას ვუწოდებ“.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში „COVID-19“–ს 3405 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 41,035.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 10 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 000–ს გადააჭარბა, 89 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული. 42 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები