რა განაპირობებს საქართველოში ლეტალური შემთხვევების არარსებობას – ვაჭარაძის დაკვირვება

26-03-2020 20:49:23 საზოგადოება

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის კახა ვაჭარაძის შეფასებით, იმ გარემოებას, რომ საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა შემთხვევები არ ფიქსირდება, ინფიცირებულთა ასაკი და დაავადების მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობა განაპირობებს.

„თავად გარდაცვლილთა სტატისტიკა ძალიან საინტერესო და ურთიერთგამომრიცხავია: თუ ევროპაში დაავადება და გარდაცვალება ძირითადად ხანდაზმული ასაკის პაციენტებზე მოდის, აშშ–ში 20–დან 50–წლამდე კონტიგენტში გვხვდება –სხვადასხვა მიმდინაორეობა გამოაჩინა კორონავირუსმა. ამ შემთხვევაში ეპიდემიოლოგების კვლევები საინტერესო იქნება.

საბედნიეროდ, საქართველოში ლეტალური შემთხვევები არ გვაქვს და ვიმედოვნოთ, რომ ეს ასე გაგრძელდება. ამის ახსნა ალბათ ისაა, რომ ჩვენთან ჯერ–ჯერობით მხოლოდ საშუალო და მსუბუქი ფორმით დაინფიცირებული პაციენტები არიან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელოვ აქვს: ერთ–ერთი გართულება, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის რესპირაციული თვალსაზრისით ახასიათებს, პნევმონიებია. პნევმონიებს ძალიან მძიმე მიმდინარეობა აქვს და მათი ერთ–ერთი მძიმე გამოვლენა რესპირაციული დისტრესსინდრომია, ანუ სუნთვის მწვავე უკმარისობით მიმდინარეობს – პაციენტები გადადიან მართვით სუნთქვაზე და ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტების დროულ მართვას როგორც არაინვაზიური, ისე ინვაზიური ვენტილაციის საშუალებებით.

ამდენად, ჩვენთან ძირითადი კონტიგენტი საშუალო და მსუბუქი ფორმით დაავადებულია და ძირითადი კონტიგენტი ახალგაზრდა ასაკია, რომელიც ძლიერი იმუნიტეტით გამოირჩევა. ყოველ ჯერზე ვამბობ, რომ ის, რაც ჩვენ დღეს ამ ბრძოლაში გადაგვარჩენს, ეს ძლიერი იმუნიტეტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და რეკომენდაციების გათვალისწინებაა – სიციალური დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების დაცვა“,– განაცხადა ვაჭარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის: საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. მედიკოსები ოთხი პაციენტის მდგომარეობას ასაკისა და თანდართული დაავადებების გამო, მძიმედ აფასებენ.

ახალი ამბები