დატოვებს თუ არა მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე

31-03-2020 13:18:52 პოლიტიკა ,ანალიზი

APM Terminals-მა ფოთის ნავსადგურის გაფართოების ნებართვის პირველი საფეხური გაიარა და მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო. თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, შემდეგი საფეხურია პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესწავლა და დეტალური დოკუმენტაციის შემუშავება.

“არსებული კრიზისის ფონზე, ძალზედ დადებითი და იმედის მომცემი ფაქტია, რომ მთავრობა შეუქცევადად უჭერს მხარს ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოებას და მის როლს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკების განვითარებაში”,– აცხადებენ კომპანიაში.

ინფორმაციისთვის: “ეიპიემტერმინალს ფოთმა” ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 11 თებერვალს ხელახლა მიმართა ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, რაც სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, “ეიპიემტერმინალს ფოთმა” ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ნებართვის მიღების პროცედურა თავდაპირველად 2019 წელს დაიწყო და პირველადი ნებართვა მიიღო კიდეც, რის გამოც შეშფოთება გამოხატა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, ხოლო ექსპერტულ (და არა მხოლოდ) წრეებში მაშინვე გააჩინა კითხვები, ანაკლიის ირგვლივ შექმნილი პრობლემების ფონზე ხომ არ იყოს ეს მთავრობის მხრიდან ფოთის პორტის ანაკლიის ალნერნატივად შემოთავაზების და პოტენციური ინვესტორებში ანაკლიისადმი ინტერესის დაკარგვის მცდელობა (აღნიშნული ნებართვით ქვეყანამ პრაქტიკულად ორი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დააანონსა)? ხმაურის ფონზე მაშინ ნებართვა ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით გაუქმდა, თუმცა სახელმწიფო ამ ვითარებაშიც სანდოობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ასევე ინვესტორების წინაშე: ნებართვა გასცა, მაგრამ რამდენიმე დღეში გადაიფიქრა და რა პრინციპით მიიღება გადაწყვეტილებები?

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კვლავ ირწმუნება, რომ ფოთის პორტის განვითარება შეზღუდულია, ხოლო ანაკლიის პორტი სტრატეგიულ პროექტად რჩება:

„გაითვალისწინეთ ერთი რამ – ფოთის პორტის განვითარება არის შეზღუდული. მაქსიმუმ განვითარდეს დაახლოებით 6 მლნ დამატებითი ტონით, მეტი ადგილი იქ ფიზიკურად არ არის, რაც ნიშნავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც 100 მლნ დამატებით ტონაზე იყო გათვლილი, არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და სტრატეგიული პროექტი. ამიტომ, ვისაც უნდა განავითაროს ანაკლია, მოიტანოს დაფინანსება რაც შეიძლება სწრაფად და ჩვენ მას გავუკეთებთ ყველაფერს. ფოთმა რა ვალდებულებაც აიღო – დამატებითი ტვირთების მოზიდვის და სიმძლავრეების შექმნა – უნდა განახორციელოს 2 წელში. ფოთის პორტის ვალდებულებაა, უახლოესი 2 წლის განმავლობაში 350 მლნ დოლარის ინვესტირება და, მინიმუმ, მშენებლობის ეტაპზე 1500 სამუშაო ადგილის შექმნა. ვინც ამის წინააღმდეგი იქნება, დავუდგები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ფორმით ამ თემაზე სასაუბროდ“.

HUB Georgia-სექსპერტი პაატა ცაგარეიშვილიკი რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, როგორც ექსპერტი „აქცენტთან“ იხსენებს, ფოთის ნავსადგურის გაფართოებაზე საუბარი 2002, 2012 წლებშიც მიმდინარეობდა, უკვე 2016 წელს კი პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესწავლის მრავალგვერდიანი დოკუმენტიც მომზადდა (რაც მესამე საფეხურად განიხილება და რაც იმას გულისხმობს, რომ არსებობდა მთავრობის მხრიდან შესაბამისი ნებართვა):

„მაშინ ანაკლია არ არსებობდა და რამ შეუშალათ ხელი პროექტის განხორციელებაში, მით უფრო, რომ შესრულებული იყო პროექტის გარემოზე ზემოქმედებისშესწავლა? სწორედ ეს აჩენს კითხვას: ხსენებული გაფართოების პროექტი შესაძლოა, ანაკლიის პორტის ჩაძირვის საპირწონე იყოს და ამას ღრმა პოლიტიკური ფესვებიც გააჩნდეს“.

არც ღრმაწყლოვანი პორტი და არც ინვესტორი?

როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, ფოთის ნავსადგურის ჩრდილოეთით სადღეისოდ არის ადგილი (საუბარია 10 ჰექტრამდე პერიმეტრის საზღვაო აკვატორიაზე), სადაც დაღრმავება დაბალი – ოთხიდან ექვს მეტრამდეა. საზღვაო მიმართულებით ფოთის პორტის გაფართოების სტრატეგია გულისხმობს, ხსენებული საზღვაო აკვატორიის 13 მეტრამდე დაღრმავებას, რაც ნავსადგურს 50 000ტონა წყალწყვის გემის მიღების შესაძლებლობას მისცემს. ანაკლიის პორტის შემთხვევაში კი მინიმუმ, 17–18 მეტრზეა საუბარი.

„სადღეისოდ სტანდარტული განსაზღვრება, თუ დაღრმავების რამდენი მეტრაჟის შემდეგ ითვლება ესა თუ ის პორტი ღრმაწყლოვანად, არ არსებობს. ამიტომაც, მე საკითხს ასე ვსვამ: 13 მეტრის დაღრმავება შეიძლება, არც ჩაითვალოს ღრმაწყლოვანად. გარდა ამისა, ხსენებულ საზღვაო აკვატორიაში 13 მეტრამდე დაღრმავების მიღწევა პრაქტიკულად, შეუძლებელია:რიონიდან ხრეშის შემოდინება და დალექვა ხდება. ამ პირობებში კი სიღრმის დაცულობა კოლოსალურ თანხებთან იქნება დაკავშირებული და ამით ის სტრატეგიული ამოცანა, რომ ფოთის ნავსადგური ღრმაწყლოვან ნავსადგურად გადაიქცეს, ვერ მიიღწევა.

მეორეს მხრივ, როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, იმის დაანონსებით, რომ ფოთის პორტი ღრმაწყლოვანი უნდა გახდეს, ვძირავთ ინვესტორს, რომელიც ანაკლიაში უნდა შემოვიდეს:

„ამდენად, ჰიპოთეტურად, საქართველოს ახლო მომავალში ანაკლიის ნავსადგური არ ექნება, რადგან ინვესტორს ვერ მოვიზიდავთ. გვექნება ფოთის პორტი, რომლის პარამეტრებიც ღრმაწყლოვანი პორტისას არ მიესადაგება და მხოლოდ 50 000 ტონა წყალწყვის გემის მიღების შეძლებს. მაგალითისთვის, ოდესის ნავსადგურში 90 000–დან 100 000 ტონა წყალწყვის გემები შედიან (დაღრმავება 16 მეტრია და 19–მდე აღრმავებენ). ტვირთმფლობელი კი ცდილობს, პარტია დიდ გემზე განათავსოს, რათა მიმდინარე მოვლა–შენახვის ხარჯები დაზოგოს. ამასთან, ცენტრალური აზიიდან ტვირთნაკადი ზრდადია, ხოლო თუ ჩვენ ძლიერი ღრმაწყლოვანი პორტი არ გვექნება, რომელიც ტვირთებს მოიზიდავს, მფლობელები სხვა მიმართულებას იპოვიან. ამით დაზარალდება არა მხოლოდ პორტი, არამედ რკინიგზა, ლოჯისტიკური ცენტრების განვითარების ალბათობაც დაბალია და ა.შ. ამდენად, მსგავს ქმედებებს სხვა ახსნა არ აქვს, თუ არა, ლოიალური გარემოს შექმნა თუნდაც მეზობელ სახელმწიფოსთან: შესაძლოა, „არგაღიზიანების“ პოლიტიკას ეხმიანებოდეს“.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება არა სახელმწიფო ინტერესებით, არამედ ვიწრო პოლიტიკური ხედვითაა მიღებული:

„ეს მეტყველებს, რომ საკითხებს ძალიან ვიწრო პრიზმაში უყურებენ –რა მოცემულობაში რა უფრო „მიზანშეწონილია“საკუთარი პოლიტიკური ჰორიზონტიდან გამომდინარე, იმ გადაწყვეტილებებს იღებენ. ფოთის ნავსადგურს განვითარებას ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ იმ მოცემულობაში, როდესაც ჩვენ ქვეყნის გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე და ძალიან მასშტაბურ პროექტზე [ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე] ვსაუბრობთ, რომელსაც გარდა ეკონომიკურისა, უსაფრთხოების და გეოპოლიტიკური ფუნქციის განვითარების განზომილება აქვს, ბუნებრივია, ფოთის პორტში პარალელური აქტივობის დაწყება ანაკლიის ტექნიკურ ეკონომიკურ დასაბუთებას კიდევ უფრო ამცირებს, კიდევ უფრო უპერსპექტივოს ხდის ამ პროექტის დასაბუთებას: როდესაც ინვესტორი მილიარდიან პროექტში ფულის ჩადებას აპირებს, ის მათ შორის ბაზარსაც სწავლობს. როდესაც ბევრი კონკურენტული ელემენტები ჩნდება, ეს ტექნიკურ–ეკონომიკურ დასაბუთებას ასუსტებს და ისედაც საკმაოდ მაღალი რისკის ინვესტიციას კიდევ უფრო უპერსპექტივოს ხდის. ბიძინა ივანიშვილმა [პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე] თავადაც თქვა, „ანაკლიის პორტზე იმიტომ დავთანხმდი, რომ გიორგი კვირიკაშვილი [საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი]გამემაგრებინაო. როდესაც ასეთ დონეზე წყდება სტრატეგიული პროექტების ბედი, შესაბამის მოცემულობასაც ვიღებთ“.

ახალი ამბები