“კარანტინი ბიზნესსა და ეკონომიკას ჩაკლავს”? - პასუხი უკვე 100 წელია, “ისპანკის” შემდეგ არის ცნობილი

03-04-2020 16:12:49 ანალიზი

მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა კორონავირუსს კარანტინით ებრძვის, მიუხედავად უდიდესი ზარალისა ეკონომიკებისათვის. სხვანი ბიზნესის ხელოვნურ კომაში შეყვანას არ ჩქარობენ - შიშობენ, რომ წამალი დაავადებაზე საშიში აღმოჩნდება.

იქაც კი, სადაც მოსახლეობა დაემორჩილა შინ დარჩენის მოწოდებას, მაღაზიები და ოფისები კი დაიკეტა, სულ უფრო ხმამაღლა ისმის უკმაყოფილოთა ხმები: სამუდამოდ ჩაკეტილები ხომ არ ვიჯდებით ვაქცინის მოლოდინში? - ასე ყველანი გავღატაკდებითო.

რომელია მართალი? რომელია გადასარჩენი პირველ რიგში: ადამიანები თუ ბიზნესი?

ამ კითხვაზე პასუხის ძებნაში ამერიკელმა მეცნიერებმა 100 წლის წინანდელ მოვლენებს გადაავლეს თვალი, რომლებიც ძალიან ჰგავს ამჟამინდელს. დიდი კარანტინი სიახლეს არ წარმოადგენს: მსოფლიო მასში ზუსტად 100 წლის წინ, “ისპანკის” სახელწოდებით ცნობილი მომაკვდინებელი ვირუსის პანდემიის დროს იმყოფებოდა. ამ ვირუსმა 50 მილიონი სიცოცხლე იმსხვერპლა; ვირუსი მსოფლიოს თითქმის ყოველმა მესამე ადამიანმა გადაიტანა, ყოველი მეათე ინფიცირებული კი დაიღუპა.

დღევანდელის მსგავსად, 1918 წელსაც პასუხად იქცა თვითიზოლაცია, ნიღბები, ქარხნებისა და მაღაზიების დაკეტვა. მაშინაც ვიღაცამ კარანტინი უფრო ადრე შემოიღო, ვიღაცამ – უფრო გვიან.

მოგვიანებით კი გაირკვა: მოგებაში დარჩა ის, ვინც მოსახლეობის და არა ეკონომიკის გადარჩენას ცდილობდა. თავიდან ყველას ერთნაირად უჭირდა, მაგრამ გრიპის შემდეგ ნორმასთან დაბრუნება უფრო სწრაფი აღმოჩნდა იქ, სადაც კარანტინი მაშინვე შემოიღეს.

"იმ ქალაქებში, სადაც დროული და მკაცრი ზომები იქნა შემოღებული, საქმიანი აქტივობის ვარდნა სხვა ქალაქებისას არ აღემატებოდა. სამაგიეროდ პანდემიის დასრულების შემდეგ ისინი უფრო სწრაფად იზრდებოდნენ", - ამბობენ თავისი კვლევის პირველად შედეგებზე დაყრდნობით ამერიკული ცენტრალური ბანკისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ეკონომისტები.

"გაირკვა, რომ საკარანტინო ზომები არა მარტო ამცირებს სიკვდილიანობას, არამედ პანდემიის ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებსაც არბილებს", - ნათქვამია კვლევაში, რომელიც “ისპანკის” ზეგავლენას ეძღვნება აშშ-ზე, სადაც 100 წლის წინ გრიპისგან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

მოვკვდეთ ფეხზე მდგომნი, თუ ვიცოცხლოთ მუხლმოდრეკილებმა?

ის პანდემია ძალიან მსგავსი სცენარით ვითარდებოდა: აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ტალღისებურად. პირველი, საგაზაფხულო ძალზე სასტიკი აღმოჩნდა, მეორე, ზამთრის - კატასტროფული.

აშშ-ის დასავლეთში მდებარე ქალაქებმა, მათ შორის სიეთლმა და ლოს-ანჯელესმა დარტყმა სულ ბოლოს მიიღეს. აღმოსავლეთ სანაპიროს მეგაპოლისების გამოცდილების გათვალისწინებით, მათ ამჟამინდელის მსგავსი პრევენციული ზომები მიიღეს, - ერთადერთ გამონაკლისს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, ინტერნეტ-ვაჭრობა და მოსახლეობის ციფრული კონტროლი წარმოადგენს.

ამჟამინდელის მსგავსად, კეტავდნენ სკოლებს, თეატრებს, ეკლესიებს, კრძალავდნენ შეკრებებს, პანაშვიდებს, ქორწილებს, ზღუდავდნენ ვაჭრობას, აჩერებდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შემოიღეს თვითიზოლაცია და ფიზიკური დისტანცირება, ნიღბების სავალდებულო ტარება, გამუდმებით ისმოდა მოწოდებები პირადი ჰიგიენის წესების აქტიური დაცვისა და ხელის ბანის შესახებ.

"ვინც არ შეყოვნდა, პანდემიის შემდგომ წელს უკეთეს შედეგებს მიაღწია სამრეწველო წარმოებისა და საბანკო აქტივების ზრდის კუთხით, ვიდრე სხვა ქალაქებში. ეკონომიკური ეფექტი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა", - ნათქვამია კველვაში.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კარანტინის შემოღების თარიღებში 10-დღიანმა სხვაობამ პოსტეპიდემიურ პერიოდში მრეწველობაში დასაქმებულობის მაჩვენებლის დაახლოებით 5%-იანი მატება გამოიწვია, ხოლო შეზღუდვების დამატებითმა 50-მა დღემ - სამუშაო ადგილების რაოდენობის 6,5%-იანი მატება.

“ისპანკის” მსგავსი მაგალითები რწმენას (თავდაჯერებულობას) შესძენენ დასავლელ პოლიტიკოსებს, რომელთათვისაც კარანტინი იქცა დრამად ჯერ არდაწერილი ფინალით. ისინი მხოლოდ ცდილობენ, მოსინჯონ მყიფე ბალანსი, რომელიც პანდემიის პირობებში როგორც მოსახლეობის, ისე ჯანდაცვის სისტემისა და ეკონომიკის გადარჩენის შესაძლებლობას მისცემთ. უმრავლესობამ არჩევანი სიცოცხლეების გადარჩენის სასარგებლოდ გააკეთა. და ეკონომისტები ამას მხარს უჭერენ.

"ადამიანებისა და ეკონომიკის გადარჩენის ამოცანები ამ ეტაპზე ერთმანეთს სრულიადაც არ ეწინააღმდეგება. ეპიდემიის მოსათოკად და სიცოცხლეების გადასარჩენად ზომების მიღებისას ჩვენ მხოლოდ ვაჩქარებთ სამომავლოდ ენერგიული ეკონომიკური აქტივობის აღდგენას ", - განაცხადა “განგრძობადი რეცესიის პერსპექტივით ღრმად შეშფოთებული” ამერიკელი “მძიმეწონოსნების” ჯგუფმა, მათ შორის – ფინანსთა ექს-მინიტრმა, ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბიზნესმენებმა და მეცნიერებმა.

ვაქცინისა და რეანიმაციებში საწოლების საკმარისი რაოდენობის არარსებობის პირობებში ქვეყნის თითქმის ყველა დაზარალებული პიკის შერბილების გზით წავიდა – შეეცადა, ეპიდემია დროში გაეწელა, რისთვისაც საზოგადოებრივ და საქმიან ცხოვრებაში მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს. ჯერ - აზიაში, სადაც ეპიდემია დაიწყო, - ჩინეთიდან სინგაპირამდე. მერე ევროპაში – იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში. მათ კვალდაკვალ - აშშ-ში.

სხვანი კარანტინის შემოღებას არ ჩქარობენ. სკეპტიკოსებისა და ბიზნესის დამცველების რიცხვშია აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. თუმცა მან სწრაფად გადაიფიქრა და ახლა შეზღუდვებს უჭერს მხარს: ჩნდება ტელეეკრანებზე შემზარავი გრაფიკის ფონზე, რომლის მიხედვით, კარანტინის გარეშე აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ შესაძლოა, 2 მილიონს გადააჭარბოს, კარანტინის პირობებში კი გაჩნდება იმედი, ეს რიცხვი 240 ათასს არ ასცდეს.

დარწმუნებული ჯერ ყველა როდია.

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ იმდენად აქტიურად იღწვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების წინააღმდეგ, რომ მას Twitter-სა და Instagram-ში “ბანს»” ადებენ. ირანის პრეზიდენტი ხასან როუჰანი კი ვირუსს “მტრის შეთქმულებად” მოიხსენიებს ირანელების დასაშინებლად და ქვეყანაში ცხოვრების შესაჩერებლად და მოსახლეობას სამსახურში სიარულის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

აი, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს კი არ შემოუღია და არც თავად იცავს დისტანცირების არანაირ ზომას. მან განაცხადა, რომ ”უმჯობესია, მოკვდე მდგომარე, ვიდრე იცოცხლო მუხლმოდრეკილმა" და მოსახლეობას საკუთარი “ანტივირუსული კოქტეილი” შესთავაზა: არაყი, აბანო, სპირტი და საგაზაფხულო სამუშაოები.

როგორ ავნებს და არგებს კარანტინი ეკონომიკასქვეყანაში ცხოვრების სრულ შეჩერებას სერიოზუოი შედეგები მოაქვს ეკონომიკისთვის. მათგან ნეგატიურები იმთავითვე იკვეთება, თუმცა არსებობს პოზიტიურებიც.

დავიწყოთ უარყოფითით.

აქტიური სოციალური ცხოვრება საფუძველს ქმნის თანამედროვე ეკონომიკაში მოხმარებისთვის. ადამიანები დადიან რესტორნებში და სპორტდარბაზებში, კლუბებში და სტუმრად, ყიდულობენ ჯიოებს და იცვამენ თვალშისაცემად ერთი მიზნით – სხვების წინ წარმოაჩინონ საკუთარი თავი და სხვებსაც შეხედონ.

შემოაქვს რა კარანტინი და თვითიზოლაცია, ხელისუფლება ამგვარად მოთხოვნას ახშობს და იმავე გასროლით კლავს მეორე კურდღელს - შეთავაზებას. ვინაიდან მცირდება როგორც მუშა ძალა (ხალხი სახლებში ზის, უფრო ხშირად ავადობს და, სამწუხაროდ, უფრო ხშირად კვდება), ისე საქონლისა და მომსახურეობის გამოშვებაც (შეზღუდულია შეკრებები, ვაჭრობა,მ სპორტი და ტრანსპორტის გადაადგილება).

შედეგად ბიზნესი განვითარებაში ფულის დაბანდებას წყვეტს, რაც სამომავლოდ სიმდიდრის შექმნას ძირს უთხრის. გარდა ამისა, იზრდება ბანკროტების რაოდენობა, ბანკროტდებიან არა მარტო კომპანიები, არამედ ცალკეული ადამიანებიც.

ეს უკვე საბანკო სისტემას უქმნის საფრთხეს: მასობრივი არგადახდები ფინანსური კრიზისის, საბანკო დანაკარგების, კრედიტების ლიკვიდობისა და ხელმისაწვდომობის შემცირების საფუძველს ქმნის.

თუმცა კარანტინს თავისი “ეშხიც” აქვს.

პირველ რიგში, იგი ეპიდემიის და, შესაბამისად, მისი შედეგების მასშტაბებს ამცირებს. მკაცრი პრევენციული ზომები კარანტინის შერბილებისა და მისი ხანგრძლივობის შემცირების შესაძლებლობას ქმნის.

მეორეც: კარანტინი ძალაუნებურად ქმნის სამომავლოდ უფრო სერიოზული ეკონომიკური პრობლემების თავიდან არიდების შესაძლებლობას კიდევ იმიტომ, რომ სიკვდილიანობის პიკებს არბილებს. თუ ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება, გადავსებული საავადმყოფოებისა და მორგების სურათები იმდენად დააშინებს მოსახლეობას, რომ იგი სახლებში მოკალათდება უკვე არა იძულებით, არამედ საკუთარი ნებით.

ასეთ შემთხვევაში ადამიანების რესტორანში, კონცერტზე ან ოფისში გაყვანა ძალზე ძნელი იქნება; ფულს დააგროვებენ და არა დახარჯავენ. დაეცემა მოთხოვნა არაპირველადი საჭიროების საქონელზე – დაწყებული ავეჯითა და მანქანებით, დამთავრებული მუსიკის გაკვეთილებითა და საზღვაო ტურებით. მოხმარება ხანგრძლივი დროით ჩახშობილი აღმოჩნდება, ეკონომიკა “პიკეში” შევა.

მომავალი ვარდნის სღრმეს ამ ეტაპზე ვერავინ იწინასწარმეტყველებს. 1918 წლის “ისპანკის” ეპიდემიამ აშშ-ში სამრეწველო წარმოება საშუალოდ 18%-ით შეამცირა. მაგრამ რომ არა კარანტინი, ყველაფერი გაცილებით უარესად იქნებოდა, - დაასკვნეს ამერიკელმა მეცნიერებმა.

"პანდემიები უკიდურესად მავნებელია ეკონომიკისთვის, - წერენ ისინი. - თუმცა დროული ზომები მათ მასშტაბებს ამცირებს და ამით შემდგომ ეკონომიკურ კრიზისს არბილებს. ამგვარად, საკარანტინო ღონისძიებები არა მახოლოდ სიკვდილიანობას ამცირებს, არამედ ეკონომიკური სარგებელიც მოაქვს".

ისინი აღიარებენ განსხვავებას Covid-19-სა და "ისპანკას" შორის, რომელმაც ახალგაზრდა და შრომისუნარიანი მოსახლეობა მოცელა, ასევე სხვაობას საუკუნოვანი სიძველის არქაულ მეორნეობასა და თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკას შორის, თუმცა განსხვავებებზე მეტ პარალელს ხედავენ.

"ქვეყნებმა, რომლებმაც თავიდანვე შემოიღეს კარანტინი, კერძოდ ტაივანმა და სინგაპურმა, არა მარტო ინფექციის გავრცელება აღკვეთეს, არამედ პანდემიის ყველაზე არასასიამოვნო ეკონომიკური შედეგების შერბილებაც მოახერხეს. ამგვარად, საკარანტინო ღონისძიებები არ უნდა განიხილებოდეს პანდემიის დროს სერიოზული ეკონომიკური ზარალის წყაროდ", - ასკვნიან მკლევარები.

ნათარგმნია https://www.bbc.com/-დან

ახალი ამბები

სხვა სიახლეები