შანსები საქართველოსთვის პანდემიის ფონზე – ქადაგიძის ანალიზი

05-04-2020 23:43:17 ეკონომიკა ,კომენტარი

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და ამ ფონზე, საქართველოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ კრიზისების მართვის კუთხით დაგროვილი გამოცდილება სწორად გამოიყენოს და უპირატესობად აქციოს: მთავარი ამოცანაა, საქართველო ქვეყნების სიაში, რომლებსაც საერთაშორისო ინსტიტუტებისგან კრიზისის აღმოფხვრის მიზნით, ფინანსური დახმარება შეეხებათ, მოწინავე რიგებში აღმოჩნდეს.

„ჩვენი ამოცანაა, ამ "მატარებელში" ვიყოთ წინ, სწრაფები, ეფექტურები, რომ ჩვენი წილი საერთაშორისო ფინანსური დახმარება წამოვიღოთ და მივმართოთ ისეთ ინდუსტრიებში, რომლებიც ჩვენ შემდგომში უპირატესობას მოგვიტანს. საქართველო, როგორც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა, არსებულ წესრიგს ვერ მოერგო – არ ვართ ისეთი მდიდრები, როგორც ევროპული ქვეყნები, მაგრამ ზუსტად ეს წესრიგი იცვლება ახლა“, - აღნიშნა სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

მისი დაკვირვებით, პანდემიის გამო ჩინეთი მსუბუქი მრეწველობის კუთხით უპირატესობას კარგავს, საქართველოს კი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები უჩნდება:

„ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიომ თავისი მსუბუქი მრეწველობა და სამრეწველო პოტენციალი აზიაში – ჩინეთში გადაიტანა და ეს წესრიგი შეიცვლება. უკვე ბევრი საუბრობს, რომ ჩვენ სავაჭრო ომების ფაზაში შევდივართ და ბევრი ქვეყანა, ბევრი ბიზნესი შეეცდება, ამ ლოგისტიკურ ჯაჭვში დივერსიფიკაცია გააკეთოს ჩინეთისგან, როგორც უპირობო მონოპოლისტი მიმწოდებლისგან ამ ინდუსტრიების. აქ საქართველოს ძალიან კარგი პოზიციონირება აქვს: ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება; ჩვენთან ხელფასები შედარებით დაბალია, ვიდრე ევროკავშირის და მათ შორის – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ამიტომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, ჩვენი მცირე წვლილი წამოვიღოთ ამ უზარმაზარი ჯაჭვის ცვლილებიდან. საუბარია უზარმაზარ თანხებზე – ტრილიონებზე, ამიტომ ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ მსუბუქი მრეწველობის ტრადიცია გვაქვს.

თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ეპიდემიას – გამოწვევას შევხვდებით როგორც ქვეყანა, რომელმაც მინიმალური დანაკარგებით შეძლო, გაევლო ეს პროცესი, რომელმაც აჩვენა თვითორგანიზების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და ამავე დროს მკაფიო ხედვის მქონე ეფექტური მენეჯმენტის პირობებში ჩვენ ვთავაზობთ დაბალ გადასახადებს, დაბალ რეგულაციებს და ასე შემდეგ, ნამდვილად გაჩნდა უზარმაზარი ნიშა, სადაც საქართველოსნაირ ქვეყანას აქვს ყველა შანსი, რომ ამ მსუბუქი მრეწველობის ჯაჭვში რაღაც ნაწილი ჩვენ წამოვიღოთ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები