სიყვარულით კრემლისგან -დახმარება იტალიას თუ მედია მანიპულაციები

07-04-2020 14:03:15 ანალიზი

კრემლის პროპაგანდისტული მედია იუწყება, რომ იტალიის ქუჩებში რუსეთის ჰიმნი ისმის, ხოლო ევროკავშირის დროშებს მასობრივად ცვლიან „ტრიკოლორით“. „ბიბისიმ” გაარკვია, რომ ინფორმაციები „იტალიის მადლიერი მაცხოვრებლების“ შესახებ, რუსეთთან უშუალო კავშირების მქონე ადამიანების ჩართულობით არის მომზადებული. ეს სტატია განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზეც, როცა კრემლი დიდ ყურადღებას აქცევს სხვადასხვა ქვეყნის „მხარდაჭერას“, პარალელურად კი ფეიკნიუსებით, დეზინფორმაციითა და მანიპულაციებით საკუთარი გავლენების განმტკიცებასა და ადამიანების მოტყუებას უტიფრად ცდილობს. სტატია სათაურით – „იტალიაში-რუსეთის ჰიმნი, „ტრიკოლორს“ კიდებენ და პუპო რუსულად მღერის. რაღაც ისე ვერ არის“, BBC-ს რუსულმა ბიურომ 3 აპრილს გამოაქვეყნა. ამავე დროს, ევროპულ და, მათ შორის, იტალიურ მედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ კრემლმა იტალიაში სამხედრო ექიმები, სინამდვილეში, სადაზვერვო მისიით გაგზავნა, რათა ნატო-ს ობიექტების შესახებ საჭირო ინფორმაცია მოეგროვებინათ. ამ მოსაზრებას აძლიერებს იტალიურ გაზეთ La Stampa-ში დაბეჭდილი სტატია, სადაც ნათქვამია, რომ რუსული დახმარების 80 % სრულიად გამოუსადეგარია.

რას წერს BBC

„მადლობა, რომ ხელი გამოგვიწოდეთ“, „ძვირფასო მერკელ, მადლობა, რომ მიგვატოვეთ“, – ასეთი სათაურების მქონე სტატიები რუსულ მედია სივრცეში მას მერე გამოჩნდა, რაც რუსეთმა იტალიაში ვირუსოლოგებითა და სამედიცინო აღჭურვილობით სავსე 15 თვითმფრინავი გააგზავნა. ოფიციალურ დონეზე რუსეთის მიმართ მადლიერება იტალიის თავდაცვის მინისტრმა გამოხატა. სოციალურ ქსელებში კი უბრალო იტალიელებმაც არ დაიშურეს სამადლობელო სიტყვები. თუმცა, კრემლის მედიას ეს მადლობები საკმარისი არ მოეჩვენა – ისინი შეეცადნენ, წარმოედგინათ იტალიელების ჯანსაღი რეაქცია, როგორც მასშტაბური სახალხო მხარდაჭერა.

პირველი სიუჟეტი: ევროკავშირის დროშების ჩამოშვება

„მეგობრობა გასაჭირში შეიცნობა. იტალიელები ევროკავშირის დროშებს რუსეთის ტრიკოლორზე ცვლიან“, – ასეთი სათაურის მქონე მასალა ცნობილ რუსულ გამოცემა Life-ის ვებგვერდზე 24 მარტს გამოქვეყნდა. ანალოგიური სტატიები და სიუჟეტები სხვა რუსულ საიტებზეც ბევრი იყო. თუმცა მათში წარმოდგენილი იყო ერთი და იგივე ადამიანი – იტალიელი ფედერიკო კანე, მილანთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქის, ომენიას ასაკოვანი მკვიდრი. ის პატარა ქარხნის მფლობელია. კანემ „ბიბისის“ უამბო, რომ ევროკავშირის დროშა რუსულზე სწორედ თავისი ქარხნის ტეტირორიაზე შეცვალა. აღმოჩნდა, რომ მას რუსეთში პარტნიორები ჰყავს. მის პროდუქციას მოსკოვსა და რუსეთის სხვა რეგიონებში კომპანია СДС ჰყიდის. როგორც „ბიბისის“ ჟურნალისტმა გაარკვია, ეს კომპანია მოსკოვის მერიის საცხოვრებელ-კომუნალური ტენდერების ხშირი გამარჯვებულია. ბატონი კანეს „ფეისბუქგვერდის“ ნახვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ვლადიმერ პუტინის დიდი თაყვანისმცემელია და დიდი ხანია, ევროკავშირის მიმართ კრიტიკულ კონტენტს რუსულ და ბულგარულ ენებზე აზიარებს.

ამას გარდა, რამდენიმე მეორეხარისხოვანმა რუსულმა სააგენტომაც გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც რუსეთისა და იტალიის დროშები ერთად ფრიალებს. თავიდან ეს ფოტო გამოაქვეყნა ვინმე ნიკოლა მეიერმა წარწერით – „ამ ძნელბედობის ჟამს იტალიისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა! მიიღეთ ჩემი მადლიერება როგორც საერთაშორისო საპოლიციო ასოციაციის წევრისგან!“. ამ ადამიანის ჟესტის შესახებ ინფორმაცია პირველმა რუსულმა გამოცემა „რეპორტიორმა“ გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი სტრასბურგის მაცხოვრებელია, რომელიც წლების განმავლობაში მურმანსკში ცხოვრობდა, ხოლო დროშები მისი სახლის ეზოშია განთავსებული.

მეორე სიუჟეტი: იტალიის ქუჩებში რუსეთის ჰიმნი ისმის

დაახლოებით, ერთი თვეა, ვხედავთ, როგორ გამოდიან იტალიელები აივნებზე, რათა კორონავირუსთან ბრძოლას სოლიდარობა გამოუცხადონ. იტალიელების ამ აქტიურობას პირველად ჩინელმა პროპაგანდისტებმა მიაქციეს ყურადღება, მათგან ესტაფეტა რუსებმა წარმატებით გადაიბარეს. პირველი ვიდეო რუსული ჰიმნის ჰანგებით ინტერნეტში 25 მარტს გამოჩნდა. რუსული ჰიმნის მუსიკა რომში, ნეოფაშიტური ორგანიზაციის ოფისიდან ისმოდა. „ბიბისიმ“ დაადგინა, რომ ვიდეო თავდაპირველად ჟან ლუიჯი ფერეტიმ გამოაქვეყნა, რომელიც რამდენიმეჯერ არის ნამყოფი რუსეთში, მათ შორის – 2018 წლის არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით. რამდენიმე დღეში ანალოგიური ვიდეო იტალიელმა გიდმა, ანასტატია კუშუმოვამ გააზიარა. მის სოციალურ ქსელში ნათქვამია, რომ ანასტატია იტალიურ-რუსული კულტურული ასოციაციის წევრია. კუჩუმოვა აცხადებს, რომ მან ეს ვიდეოკადრები იტალიელი გიდების „ჩატიდან“ აიღო და არ იცის, ვინ არის ავტორი.

როგორ გავრცელდა სიუჟეტი რუსული ჰიმნის შესახებ

ფერეტის მიერ გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, 16 წუთში ინტერნეტში გამოჩნდა მესამე ვიდეო: პროვინციული იტალიური ქალაქის აივანზე იტალიური დროშა ფრიალებს, ფონად კი რუსეთის ჰიმნი ისმის. ის თავის „ტელეგრამ“ არხში გამოაქვეყნა რუსული პორტალის, Daily Storm-ის მთავარმა რედაქტორმა, ალიონა სივკოვამ. ეს პორტალი რუსეთის დუმის სპიკერის ახლანდელი მრჩევლის, ანასტასია კაშევაროვას დაფუძნებულია. სწორედ ალიონა სივკოვას ტელეგრამ-არხიდან აღებული ვიდეო გახდა შემდეგ რუსული მედიის მასშტაბური პროპაგანდისტული სიუჟეტების მთავარი დასაყრდენი. ალიონა სივკოვამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ვიდეოს ავტორი მისივე ინტერნეტ-რესურსის თანამშრომლის დედაა, რომელიც პატარა ქალაქ იმოლაში ცხოვრობს, მეუღლე კი იტალიელი ჰყავს. სწორედ მან და მისმა იტალიელმა მეუღლემ გადაწყვიტეს, ასე გამოეხატათ მადლიერება მოსკოვის მიმართ.

რუსული მედი მანიპულაციების ახსნა

არხ Дождь-ის გადაცემა Fake News-ის წამყვანი, ილია შეპელინი მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს არა წმინდა წყლის სიყალბესთან, არამედ – მანიპულაციასთან, ჰიბრიდულ ტყუილთან ან ჰიბრიდულ სიმართლესთან. „ეს შემთხვევა არ არის პირდაპირ სიცრუე. ხომ ნამდვილად არსებული იტალიელები არიან აღფრთოვანებულები რუსეთის ქმედებების გამო, საკუთარი ხელებით ცვლიან ევროკავშირის დროშას რუსულ ტრიკოლორზე. თუმცა, რუსეთის ყველა ამ თაყვანისმცემელს აქვს ახლო საქმიანი ან ფინანსური კავშირი მოსკოვთან და ეს რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, მათი აღფრთოვანებაც ამდენად ემოციურიც არ ყოფილიყო”.

მისი თქმით, რთულია იმის გაგება, რატომ ამზადებენ ასეთ “ფეიკებს” რუსული არხები მაშინ, როცა მარტივად შეიძლება ამისგან თავის არიდება და სიუჟეტის ხაზის შენარჩუნება; ასევე, მაშინ, როცა ინტერნეტის ეპოქაში არა თუ უბრალოდ დაგიჭერენ მანიპულაციაზე, არამედ ამისგან მიღებული დარტყმა უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე – პროპაგანდისტური ეფექტი. ეს ინფორმაცია ტელემაყურებლების ტვინში ერთი-ორი დღით იცოცხლებს, ხოლო გამოაშკარავება მიიყვანს სკანდალამდე. „ბოლოს და ბოლოს, ნუთუ არ არსებობენ იტალიელები, რომლებიც არ არიან ასე დაკავშირებულები რუსეთთან და მართლაც მადლიერებას გრძნობენ მოსკოვის მიმართ? რა თქმა უნდა, არსებობენ. მაგრამ, რუსულ მედიასივრცეში არსებობს ერთგვარი სისტემა, რომელიც სულ მუშაობს – არსებობს საინფორმაციო ამბავი, რომელიც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ არხების ხელმძღვანელობამ მის შესახებ უკვე წინასწარ იცის. საჭიროა მის გასაშუქებლად ყველაფრის მომზადება, ეს იქნება გმირები, თეზისები. ამიტომ ჟურნალისტს მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ დავალება შეასრულოს“, – ამბობს ილია შეპელინი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები