ტელეარხებმა 6 აპრილს პუტინი კრემლში გვიჩვენეს, თუმცა შესაძლოა, ის იქ არ ყოფილა

07-04-2020 18:38:20 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ორშაბათს კრემლში ვიცე-პრემიერ იური ტრუტნევთან და მინისტრ კოზლოვთან შეხვედრით თვითიზოლაციის რეჟიმი არ დაურღვევია, - ირწმუნება პუტინის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი.

თუმცა კოზლოვის მიერ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებები მოწმობს, რომ იგი არა ორშაბათს, არამედ უფრო ადრე ჩატარდა.

კრემლის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ შეხვედრა 6 აპრილს გაიმართა, მაშინვე ყვებოდნენ მის შესახებ ტელეარხები. კრემლის საიტზე, შეხვედრის სტენოგრამაში მითითებულია, რომ კოზლოვი პუტინს ბაიკალისპირეთში ვიზიტის შესახებ უყვებოდა, რომელიც, მინისტრის თქმით, “გასულ კვირას გაიმართა”. რეალურად კი, იგი იქ 13 მარტს იმყოფებოდა, — ასეა მითითებული მისი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

13 მარტის "მომდევნო კვირა" სამი კვირის წინ იყო.

მოსკოვის ფარგლებს გარეთ ბოლო გასვლა, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზეა ასახული, 18 მარტს განხორციელდა. რუსეთის რეგიონების გუბერნატორების მოვალეობის დროებით შემსრულებლებთან მისი შეხვედრების მტკიცებულებები არ არსებობს. მთავრობის წევრებთან და პირად წარმომადგენლებთან ბოლო თათბირები მან ვიდეო-კონფერენციების რეჟიმში გამართა. ამასთან, თავად პესკოვი ირწმუნებოდა, რომ ამ რეჟიმში პუტინი კიდევ მინიმუმ, ერთ კვირას დარჩებოდა.

ბოლოს სხვა ადამიანების გარემოცვაში პრეზიდენტი 26 მარტს მის რეზიდენციაში, ნოვო-ოგარიოვოში ნახეს, მოსკოვში - 24 მარტს, როცა ის კორონავირუსით ინფიცირებულთათვის გამოყოფილ კლინიკას ესტუმრა.

პუტინის საავადმყოფოში ვიზიტიდან ერთ კვირაში ცნობილი გახდა, რომ მისი მთავარი ექიმი დენის პროცენკო კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ამის შემდეგ დიმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ მათ შორის ამ გარემოებამაც აიძულა პრეზიდენტი, ადამიანებთან პირადი კონტაქტები შეეზღუდა.

ორშაბათის შეხვედრის ამსახველ ვიდეოზე პუტინი შეკრების მონაწილეებს ხელს ართმევს. 1 აპრილს მისი პრეს-მდივანი აცხადებდა, რომ პრეზიდენტმა ხელის ჩართმევა შეწყვიტა. ახლა დიმიტრი პესკოვი შეუსაბამობას იმით ხსნის, რომ “პუტინი თავად წყვეტს, ვის ჩამოართვას ხელი, ვის - არა”.

• კრემლი სისტემატიურად აქვეყნებს ჩინოსნებთან შეხვედრების წინასწარ ჩაწერილ ვიდეოებს, თითქოს პრეზიდენტი მათ ამ წუთებში მართავდეს. 2015 წელს ამან წარმოქმნა ვითარება, როცა პუტინი საჯაროდ 10 დღის განმავლობაში არ გამოჩენილა და მთელი ამ ხნის განმავლობაში პრეს-სამსახური ქმნიდა სურათს, თითქოს ქვეყნის ლიდერი სამუშაო შეხვედრებს მართავდა, - წერდა РБК.

• პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩინოსნები ცდილობენ, შექმნან შთაბეჭდილება, რომ 67 წლის პუტინი არასოდეს ისვენებს და სულაც არ არის აუცილებელი, ჟურნალისტები, რომლებიც მის საქმიანობას აშუქებენ, პუტინს რეალურად ხედავდნენ, - მოგვითხრობს პრეზიდენტის საქმიანობის გაშუქების ნიუანსების შესახებ გამოცემა “Проект”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები