
ოკუპირებული ახალგორი: შერჩევითი კარანტინი ლეტალური შედეგით
15/04/2020 08:59:47 კონფლიქტები
გასულ კვირას ახალგორის ოკუპირებული რაიონის საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა. კიდევ ორის სიცოცხლე სადღეისოდ საფრთხეშია იმის გამო, რომ მათ თბილისის კლინიკებში სამკურნალოდ არ უშვებენ. დე ფაქტო საზღვრის კარანტინზე ჩაკეტვის შემდეგ ცხინვალის რეჟიმი გამონაკლისს გადაუდებელი სამედეცინო ჩარევის აუცილებლობის შემთხვევებშიც კი აღარ უშვებს.
ორი კვირის წინ, ქეიფის შემდეგ 65 წლის ადგილობრივმა ზაურ ჩიტიშვილმა შეუძლოდ იგრძნო თავი. ამ ორი კვირის განმავლობაში, მცირე ინტერვალებით იგი ღებინებითა და დიარეით იტანჯებოდა. ორჯერ ჰყავდა გამოძახებული რაიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა მას მხოლოდ ანალგინი და დიმედროლი შესთავაზეს.
სამი დღის წინ მამაკაცის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – წნევა დაუვარდა, დაეწყო გაუწყლოვანება. ნათესავებმა მამაკაცი რაიონულ საავადმყოფოში ხელით მიიყვანეს. ამჯერად ზაურ ჩიტიშვილი კლინიკაში გასტროენთერითის დიაგნოზით დაიტოვეს, თუმცა იგივე პრეპარატებით – ანალგინითა და დიმედროლით “მკურნალობდნენ”…. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას – ერთხელ ლევომიცეტინიც შესთავაზეს და რაღაც წვეთოვანის დადგმას ცდილობდნენ… დილით მამაკაცი გარდაიცვალა, ადგილობრივი მედიკოსების დასკვნით – გულის მწვავე უკმარისობისგან….
ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მსგავსი ისტორიები ოკუპირებული რაიონის მაცხოვრებლებლებისთვის ჩვეულ მოვლენად იქცა – ეს იმ ხუთწლიანი ადმინისტრაციული სელექციის შედეგია, რომელსაც რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაცია ატარებს: კარგი ექიმები სამსახურებიდან გაუშვეს, გამოთავისუფლებული ადგილები კი თავისი “გემოვნებით” შეავსეს:
«ჩვენთან მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ხუთი წლის წინ ასე არ იყო, სადღეისოდ კი – არ ვაზვიადებ – ჩვენი რაიონული საავადმყოფო ბუტაფორიაა, ადგილი, სადაც კარგი ფულის შოვნა შეიძლება და თუ ნაცნობები გყავს ხელმძღვანელობაში, ადვილად იშოვი სამსახურს. რაიონში ხალხი ერთმანეთს სამარცხვინო ისტორიებს უყვება იმის შესახებ, როგორ სვამენ ე.წ. ექიმები დიაგნოზს “გუგლში” სიმპტომების შეყვანით. რისი იმედი უნდა გვქონდეს მსგავსი “ექიმების” ხელში?! და ისინი, ვინც ასეთ “ექიმებს” სამსახურში იღებენ, ჩვენს რაიონულ საავადმყოფოში სამკურნალოდ არასოდეს მივლენ – მათ რუსეთში მკურნალობის შესაძლებლობა აქვთ».
თუმცა ყველაზე მძიმე ამ ისტორიაში მედიკოსების არა არაკვალიფიციურობა, არამედ გულგრილობაა: ისინი არ ცდილობენ, ცხინვალელ კოლეგებს დაუკავშირდნენ, გამოიძახონ, ან აზრი მაინც ჰკითხონ.
როგორც მეარაყიშვილი ამბობს, ერთი კვირის განმავლობაში ორი სიკვდილი – ეს მხოლოდ დასაწყისია. რაიონში ბევრია ხანდაზმული. გასულ წელს, როცა დე ფაქტო საზღვარი ე.წ. წნელისის კრიზისის გამო ჩაკეტეს, რაიონში 10 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად - ინსულტისგან. COVID-19-ის გამო კარანტინის შემოღების დროიდან კი კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას რაიონის უკვე ორი მაცხოვრებელი საჭიროებს:
«ამ დროისთვის ორი მოხუცი საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დახმარებას, რომელსაც ცხინვალში ვერ უზრუნველყოფენ. ერთ-ერთი 70-ს არის გადაცილებული. რესპუბლიკის მთავარმა ონკოლოგმა გრიგორი კულიჯანოვმა მას კიბოს დიაგნოზი დაუსვა და უთხრა, რომ გადაუდებლად ესაჭიროება ქიმიოთერაპია, ეს კი მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი. კიდევ ერთ ქალს გულის სასწრაფო ოპერაცია აქვს ჩასატარებელი – სტენტი ესაჭიროება. ასეთივე ოპერაცია გაუკეთეს ერთ-ერთი რაიონის მილიციის უფროსს, რომელიც რამდენიმე თვის წინ “წითელი ჯვრის” ხაზით თბილისში გაგზავნეს. არადა, ოპერაცია სასწრაფო არ იყო, მას შეეძლო, აერჩია კლინიკა ჩრდილოეთ ოსეთში, მაგრამ თბილისი აირჩია. ვიცი, რომ კარანტინის დაწყების შემდეგაც აგზავნიდნენ თბილისში: ერთ-ერთ კლინიკაში ამჟამად ორი მამაკაცი მკურნალობს, ერთ-ერთს გულზე ოპერაცია აქვს. ჩვენ კი არ გვიშვებენ. გამოდის ჩვენი რაიონის რაღაც დისკრიმინაცია. თუ ჩვენთვის თბილისში არ შეიძლება, მაშინ თავად გვიმკურნალონ ან რუსეთში გაგვგზავნონ».
ქალს, რომელზეც თამარი საუბრობს, ნიარა ჩერქეზიშვილი ჰქვია. მას ოსური ე.წ. მოქალაქეობა აქვს, თუმცა რუსულ კლინიკაში მიმართვა არ მისცეს: ადრე იგი თბილისის კლინიკაში დადიოდა სამკურნალოდ – როგორც ჩანს, ამის გამო ჩათვალეს ცხინვალში, რომ მისთვის იქ იქნებოდა უკეთესი, სადაც უკვე იცნობენ... თუმცა ე.წ. “რაზდახანის” გამშვები პუნქტის გადაკვეთის შესაძლებლობა ქალს არ მისცეს და მას თავის სოფელში მოუწია დაბრუნება. არადა, გაცილებით მეტი გულისყურით მოეკიდა დე ფაქტო ხელისუფლება ანალოგიური პრობლემის მქონე მილიციის ჩინოსანს....
ასე იქცა ქართული უფასო მედიცინა ოკუპირებული რეგიონების ჩართულობის პოლიტიკიდან ამავე რეგიონებში რჩეულთა პრივილეგიად, დე ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან შერჩევით წახალისებად: “დამსახურებულებს” თბილისში სამკურნალოდ უშვებენ, ყველა დანარჩენისთვის კი ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტილია.
თამარ მეარაყიშვილის თქმით, არავინ ამბობს, რომ კარანტინი უნდა არღვიო და მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა, თუმცა შესაძლებლობა, დე ფაქტო საზღვარი ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმის დაცვით კვეთონ სპეცმანქანებმა კვალიფიციური მედიკოსებით, აუცილებლად უნდა იყოს: წარმოუდგენელია, ადამიანს კარანტინის გამო სიცოცხლის უფლებას ართმევდე.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რაიონში გამოიყენება