
"გადააბიჯო თავმოყვარეობას": როგორ უმკლავდებიან COVID-19-ს სოხუმსა და ცხინვალში
24/04/2020 09:16:13 კონფლიქტები
აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის კუთხით პრობლემები კორონავირუსის პანდემიამდეც არ აკლდათ, COVID-19-ის გავრცელების საფრთხის წინაშე კი სრულიად დაუცველები, მხოლოდ უცხოური დახმარების იმედად აღმოჩნდნენ. სხვაობა იმაშია, რომ სოხუმმა დასავლური დახმარების მიღება არ “იუკადრისა”, ცხინვალმა კი განაცხადა, “თქვენი არაფერი გვინდა, ყველაფერში მოძმე რუსეთი დაგვეხმარებაო”. იმით, თუ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ რეგიონებში ამჟამად, BBC დაინტერესდა.
როგორც აფხაზი, ისე ოსი ექიმების განცხადებით, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობას სახლში ჯდომა მობეზრდა და ჯარიმების მიუხედავად, ორიოდ კვირაში შეზღუდვების რეჟიმის დარღვევა დაიწყო.
ქართველი ჩინოსნები, ექსპერტები და სამოქალაქო აქტივისტები ერთხმად აცხადებენ, რომ ოკუპირებული რეგიონების ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიის დაწყების შემთხვევაში ავამდყოფების ნაკადს ვერ გაუმკლავდება. თბილისმა სოხუმსა და ცხინვალს როგორც დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის კუთხით დახმარება უკვე არაერთგზის შესთავაზა, - აღნიშნავს BBC.
"არავითარი ეპიდემია არ არსებობს"
"რა თქმა უნდა, საქართველო გაჰკივის თავის მედიასაშუალებებში, რომ მზადაა, დაგვეხმაროს. თუმცა მაპატიეთ და ჩვენ ნაპირებს ვერ დავკარგავთ, ეპიდემიის მიუხედავად. მით უფრო, რომ ჩვენთან [კორონავირუსის] არანაირი ისეთი აფეთქება არ არის, რომ თავმოყვარეობაზე უარი ვთქვათ და ვინმე ან რამე თბილისთან გავგზავნოთ სათხოვნელად", - განუცხადა BBC-ს კორონავირუსთან ბრძოლის აფხაზური ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა ალხას ჯინჯოლიამ.
სოხუმში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დღემდე ინფიცირების სულ 3 შემთხვევა ჰქონდათ, ცხინვალში კი, ოფოციალური ინფორმაციით, COVID-19 ამ დრომდე არ გამოვლენილა, მაშინ, როცა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემთხვევათა რაოდენობამ ამ დროისთვის 400-ს გადააჭარბა, რუსეთის სამხრეთ რეგიონებში კი თვლა ასეულებზე მიდის.
აპარატები არის, სპეციალისტები - არა
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ აპრილის დასაწყისში რუსეთთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა, აი, 9 მაისის სამხედრო აღლუმისთვის მზადება კი ჯერ-ჯერობით ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ცხინვალში ამბობენ, რომ ტექნიკურად რეგიონი მზადაა, ეპიდემიის პირველ ტალღას გაუმკლავდეს, მაგრამ პრობლემად რჩება სპეციალისტების ნაკლებობა. ცხინვალის რეგიონში ამ დროისთვის ხელოვნური სუნთქვის 26 აპარატია, ხოლო სპეციალისტები, რომლებიც მათთან მუშაობას შეძლებენ, – სულ ერთი-ორი.
"ამ აპარატთან ადამიანის მიერთება უბრალო პროცედურა როდია – საჭიროა გამოცდილი ანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი, რესპუბლიკაში კი მათი დეფიციტია. ვარ მე, ოთხი-ექვსი ჩემი მოსწავლე – და მორჩა. ამ ძალებით აპარატებზე 25 პაციენტის ყოფნას მოვერევით, მაგრამ თუ დიდი ნაკადი წამოვა, სერიოზული პრობლემა შეგვექმნება", - განუცხადა BBC-ს “სამხრეთ ოსეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის” მთავარმა ანესთეზიოლოგმა და რეანიმატოლოგმა ალექსანდრე ფილიევმა.
კადრების პრობლემის სწრაფად გადაჭრა შეუძლებელია. ამიტომაც კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემთხვევაში ფილიევი გეგმავს, მიმართოს კოლეგებს რუსეთის რეგიონებიდან და დონეცკის თვითგამოცხადებული ე,წ, სახალხო რესპუბლიკიდან. "ეს სულ ჩემი პირადი ნაცნობებია, რომელთაც მრავალი წელია, ვიცნობ და ვენდობი, როგორც პროფესიონალებს. ისინი უკვე დამპირდნენ ჩამოსვლას, თუ საჭირო გახდება", - დასძინა ანესთეზიოლოგმა.
მსგავსი ისტორიაა მედიკოსების ინდივიდიალური დაცვის საშუალებების კუთხითაც. ამჟამად, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, შესაბამისი მასალების მარაგი არის, თუმცა დაავადებულთა რაოდენობის ზრდის შემთხვევაში არავინ იცის, საკმარისი აღმოჩნდება თუ არა ეს მარაგი.
ამასთან, აპრილის დასაწყისში მედიაში მოხვდა ცხინვალის საავადმყოფოს ქირურგ ვლადისლავ ვალიევის ირგვლივ აგორებული სკანდალი. ექიმმა მორიგეობაზე გასვლაზე უარი განაცხადა იმის გამო, რომ კორონავირუსის საყოველთაო საფრთხის პირობებში იგი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით არ უზრუნველჰყვეს.
რეანიმატოლოგი ფილიევი, რომელიც პირადად იცნობს ვალიევს, ამბობს, რომ დამცავი საშუალებების არქონის ცალკეული შემთზხვევები მართლაც არსებობს, თუმცა მთლიანობაში სისტემა სადღეისოდ არსებულ მდგომარეობას ერევა.
"შეიძლება, ერთ რომელიმე განყოფილებაში იმ წუთისთვის დამცავი საშუალებები გათავაბული იყოს, მაგრამ შეიძლება, გადახვიდე მეორეში და ითხოვო, სისტემური პრობლემა ამ მხრივ ჯერ არ გვაქვს. ცალკეული შემთხვევები კი, როგორც ვიცი, მთელს მსოფლიოში ხდება – არა მარტო ჩვენთან", - აცხადებს ექიმი.
ცხინვალის რეგიონში არ მოქმედებს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, “წითელი ჯვრის” გარდა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დახმარებაზე კი ცხინვალი უარს აცხადებს.
"ცხინვალის სურვილი, თბილისისგან და პრინციპში, რუსეთის გარდა, ყველასგან იზოლირება მოახდინოს, როგორც ჩანს, კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებაზეც გავრცელდა. პრინციპში, ცხინვალის ხელისუფლება ლოგიკურია თავის მოქმედებაში, მაგრამ ეს ლოგიკა ნაკლოვანია და არა მგონია, სიკეთე მოიტანოს", - თვლის ქართველი ანალიტიკოსი გიორგი კანაშვილი.
რეალური დახმარება თუ დიდი პოლიტიკა?
ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლები რთული დაავადებების შემთხვევაში დახმარებას ადრეც რუსი მედიკოსებისგან (ამის შესახებ სოხუმის და ცხინვალის ხელისუფლებები სიამოვნებით საუბრობენ) და საქართველოსგან (ამ შესაძლებლობით უფრო ხშირად უშუალოდ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და ქალაქების მაცხოვრებლები სარგებლობდნენ) იღებდნენ.
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ თავის საავადმყოფოებში აფხაზეთის 689 და ცხინვალის რეგიონის 174 მკვიდრის მკურნალობა დააფინანსა.
თუმცა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ მოხვედრა ყოველთვის მარტივი როდია.
ქართველი უფლებადამცველების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ვითარება ახალგორის ოკუპირებულ რაიონში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური ქართველები წარმოადგენენ. 2008 წლიდან ეს ტერიტორია ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება.
ადრე ადგილობრივი მოსახლეობა დე ფაქტო საზღვარს ხშირად კვეთდა ახლობლების სანახავად და სამედიცინო დახმარების მისაღებად. ნაწილი საქართველოს ხელისუფლებისგან შემწეობებსა და პენსიებსაც იღებდა. თუმცა 2019 წლის სექტემბერში ცხინვალმა ახალგორის რაიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამტარი პუნქტი ჩაკეტა.
ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, ხანდახან გადასასვლელს ახალგორელი პაციენტებისთვის ხსნიან, თუმცა შესაბამისი საშვის მიღება ძალზე რთულია. იყო შემთხვევები, როდესაც ცხინვალს მძიმე ავადმყოფები არ გაუტარებია. ამ ფონზე ახალგორელები შიშობენ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემთხვევაში საჭირო დახმარებას ვერ მიიღებენ.
თუმცა როგორც მეარაყიშვილი აღნიშნავს, ადგილობრივთა დახმარებისკენ სწრაფვა დიდად არც თბილისს ემჩნევა.
"მათ [საქართველოს ხელისუფლებას] ყოველთვის აქვს შანსი, აჩვენოს, რომ ჩვენზე ზრუნავს და არა უბრალოდ აკეთებს განცხადებებს, - ამბობს თამარი. - შეეძლოთ, მაგალითად, გამოეგზავნათ 200 ნიღაბი. ნათესავები ხომ ახერხებენ აქ დახმარების გამოგზავნას? გზები არსებობს და საქართველოს ხელისუფლებას მათი გამოყენება შეეძლო, თუმცა ამას არ აკეთებს", - ამბობს მეარაყიშვილი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში უარი განაცხადეს, BBC-სთვის მიეწოდებინათ მონაცემები იმის შესახებ, რა სახის დახმარება გაეწია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს კორონავირუსთან საბრძოლველად.
"არა მგონია, უბრალოდ გადავრჩეთ"
აფხაზეთში ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა. მარტის ბოლოს, როცა მთელი ევროპა ტოტალურ კარანტინზე იკეტებოდა, იქ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და კენჭისყრაში მოსახლეობის 70%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკოსები აქტიურად დადიოდნენ რაიონებში და ხვდებოდნენ ამომრჩევლებს. 27 მარტამდე ოკუპირებულ რეგიონში გრძელდებოდა ტრადიციული ქორწილები, რომლებზეც, როგორც წესი, 15000-მდე ადამიანი იყრის თავს.
30 მარტს დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. მედიკოსების განცხადებით, ქალი აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდა და იმ მომენტისთვის თავს უკვე შეუძლოდ გრძნობდა, ამიტომაც პირდაპირ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. Covid-19-ის დიაგნოზი მას უკვე ზუგდიდში დაუსვეს.
ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა უკვე თავად აფხაზეთში დადასტურდა. საავადმყოფოში მოხვდა ქალაქ გაგრის მკვიდრი, რომელიც, როგორც გაირკვა, მოსკოვიდან იყო დაბრუნებული. ოდნავ მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა მის მეუღლესა და 95 წლის მეზობელსაც. ამჟამად, ექიმების თქმით, პირველი ორი ინფიცირებული გამოჯანმრთელებულია, მესამეს მდგომარეობას კი მედიკოსები აკვირდებიან.
ექიმები თვლიან, რომ ამ შემთზხვევაში კერის ლოკალიზება შეძლეს. მთელი კორპუსი, სადაც ეს ოჯახი სახლობს, იზოლირებული იყო მილიციის ძალებით, ჩატარდა დეზინფექცია, ყველა მცხოვრები ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდა.
"რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ უბრალოდ გადავრჩებით. გვესმის, რომ შესაძლებელია ეპიდემია. თუმცა ჩემი აზრით, უახლოეს ხანებში დაავადება უკან დაიხევს. პირადად მე მეორე ტალღას ნოემბერში დაველოდებოდი", - ამბობს აფხაზეთის სამხედრო ჰოსპიტალის მთავარი ექიმი ზურაბ აჩბა.
ექიმები – ისევე, როგორც ცხინვალის რეგიონში, - საუბრობენ გამოცდილი სპეციალისტების, უპირველესად რეანიმატოლოგების ნაკლებობაზე. იყო პრობემები მედიკოსებისთვის დამცავი საშუალებების ნაკლებობაზეც.
"ხელოვნური სუნთქვის აპარატები მთელი რესპუბლიკის მასშტაბით შევაგროვეთ და ჩამოვიტანეთ პროფილურ საავადმყოფოში. ძალიან დაგვეხმარა მოსკოვის აფხაზური დიასპორაც და ამ დროისთვის სულ 60 აპარატი გვაქვს. ასევე გამოგვიგზავნეს ნიღბები", - განუცხადა BBC-ს აფხაზეთში კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის წარმომადგენელმა ალხას ჯინჯოლიამ.
აფხაზეთმა საერთაშორისო დახმარებაც მიიღო. აპრილის შუა რიცხვებში გაერო-ს ხაზით მედიკოსებისთვის დამცავი საშუალებების მესამე პარტია ჩაიტანეს. ჰუმანიტარული კოლონა აფხაზეთში დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის გავლით ჩავიდა.
"გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოსთან სასაზღვრო რეჟიმი დროებით სწორედ ამ კოლონისთვის შეამსუბუქეს, ყველა დანარჩენისთვის საზღვარი ჩაკეტილია. ეს მანქანები ჩვენი ნებართვით შემოვიდნენ – დახმარება ხომ გვჭირდებოდა. გაერო-ელებმა დახმარება პირველივე დღეებში შემოგვთავაზეს და არ გვიმტყუნეს", - ამბობს ჯინჯოლია.
ახალი კლინიკა რუხში
საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ ყველა შესაძლო არხს იყენებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის დასახმარებლად და ადგილობრივებს კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემთხვევაში დახმარებას ჰპირდება. ამ მიზნით აფხაზეთთან დე ფაქტო საზღვრის სიახლოვეს, სოფელ რუხში დაჩქარებული ტემპით გაიხსნა ახალი კლინიკა, სადაც სამომავლოდ ქართველ ექიმებს 220-მდე პაციენტის მიღება შეეძლებათ.
თუმცა აფხაზეთის წარმომადგენლები თვლიან, რომ პრობლემას თავადაც გაუმკლავდებიან.
"არსებობენ საზღვრისპირა რაიონების მაცხოვრებლები, ქართველები, რომლებიც რაღაცნაირად აღწევენ საქართველოში. თუმცა ასეთი სულ 3-4 შემთხვევაა, მათი პირადი სურვილით. ოფიციალურად ჩვენ იქ არავის ვაგზავნით და ამას არც სამომავლოდ ვაპირებთ. ჩვენი ძალებიც გვყოფნის. ასეთ არაოფიციალურ გადასვლებზე ჯერ-ჯერობით თვალს ვხუჭავთ, - უბრალოდ სიტუაციას არ ვამწვავებთ", - განმარტავს ჯინჯოლია.
"ის, რომ აფხაზურ მხარეს ქართულისგან დახმარების შესაძლო მიღებაზე საუბარი არ სურს, აჩვენებს, რამდენად ცოცხალია ჯერ კიდევ კონფლიქტი. თუმცა, ჩემი აზრით, კოოპერაციის შესაძლებლობა იქ არსებობს და ჩვენი ხელისუფლება კიდევ უფრო აქტიური უნდა გახდეს", - თვლის ექსპერტი-კონფლიქტოოგი გიორგი კანაშვილი.
სამხედრო მანევრები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ეხმარება. "არც ერთი მომართვა – იქნება ის დსთ-ის ქვეყნებისგან, აფხაზეთისგან თუ სამხრეთ ოსეთისგან, უყურადღებოდ არ გვრჩება", - განაცხადა ლავროვმა გამოცემა "Коммерсант"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
17 აპრილს აფხაზეთში რუსი სამხედროებით სავსე 13 ავტომანქანა შევიდა. “ინტერფაქსის” მონაცემებით, ეს შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებია, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსთან საბრძოლველად გადაისროლეს.
თუმცა მოგვიანებით სოხუმში განაცხადეს, რომ რუსი სამხედროები იქ დიდი ხნით ადრე დაგეგმილი წვრთნების ფარგლებში ჩავიდნენ.
ოკუპირებული რეგიონის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის დახმარებას ჯერ-ჯერობით "უფრო მეთოდოლოგიური" ხასიათი აქვს, უზიარებს რა “რესპუბლიკას” ეპიდემიოლოგების რჩევებსა და დაავადებულთა მკურნალობის პროტოკოლებს.
გადავრჩებით თუ არა?
საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებულ რეგიონებში დაავადებულთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების რეალურობაში ეჭვი შეაქვს. როგორც თბილისში აღნიშნავენ, ამ ტერიტორიებზე სრულყოფილი ლაბორატორიული კვლევების შესაძლებლობა არ არსებობს.
საპასუხოდ სოხუმსა და ცხინვალში აცხადებენ, რომ ტესტებისა და აღჭურვილობის ნაკლებობას არ განიცდიან, ხოლო გაანალიზებაში რუსი სპეციალისტები ეხმარებიან.
რომც შეძლონ რეგიონებმა ეპიდემიოლოგიური კრიზისის თავიდან არიდება, იმ ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც პანდემიას მოჰყვება, ისინი ვერ აიცილებენ.
შემოღებული შეზღუდვების გამო ბევრი საწარმო, ორგანიზაცია და სავაჭრო ობიექტი გაჩერდა.
აფხაზური უნივერსიტეტის ეკონომიკური თეორიის კათედრის სპეციალისტების გათვლით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში აფხაზეთი დღეში 50 მლნ რუბლზე მეტს კარგავდა (აფხაზეთს საკუთარი ვალუტა არ აქვს). 21 აპრილიდან სოხუმმა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. აი ცხინვალის რეგიონში კი საკარანტინო რეჟიმი გრძელდება.
ტურისტული სეზონის დასაწყისი ოკუპირებულ ტერიტოტიებზე, უპირველესად აფხაზეთში კითხვის ნიშნის ქვეშაა. ტურინდუსტრიის მუშაკები ამბობენ, რომ საკმაოდ ბევრი განაცხადი აქვთ მიღებული რუსეთიდან ჩასვლის მსურველებისგან. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როდის და როგორ მოიხსნება გადაადგილების შეზღუდვები თავად რუსეთში.
ეკონომისტების გათვლით, გასულ წლებში ოკუპირებული რეგიონების ბიუჯეტები 50-70%-ით რუსეთიდან შემოსულობებით ივსებოდა. აპრილის მდგომარეობით, დოტაციები ადრე დაგეგმილი სქემით გამოიყოფოდა. თუმცა ძალაში რჩება კითხვა, შეძლებს თუ არა მოსკოვი დაფინანსების უზრუნველყოფას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე.