
მოსკოვი ცხინვალთან შეთანხმებას ცვლის
16/04/2019 19:43:12 კონფლიქტები
რუსეთი და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი რუსეთის მოქალაქეების ცხინვალში ყოფნისა და „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების“ რუსეთში ყოფნის ხანგრძლივობის კუთხით შეზღუდვებს ხსნიან. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რატიფიცირების მიზნით სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც რუსულ და ოსურ მხარეებს შორის გაფორმებულ ე.წ. საინტერგაციო შეთანხმებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. გარდა ამისა, უახლოეს ხანებში მზად იქნება შეთანხმება, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ.
რუსი პოლიტოლოგი ვლადიმერ ნოვიკოვი აღნიშნულს რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელების მიმართ “ჰუმანიტარულ აქტად” აფასებს:
„ადამიანებს ექმნებათ ვიზების აღების პრობლემები მესამე ქვეყნებში გასამგზავრებლად, რუსეთში სწავლის დაწყების კუთხით, სამსახურის შოვნის მიმართულებით და ა.შ. საკანონმდებლო ცვლილებები კი ამ პრობლემებს მოხსნის. არსობრივად, საუბარია რუსეთის მოქალაქეებთან უფლებრივ გათანაბრებაზე, რაც სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო–სამართლებრივი სტატუსის განსხვავებულ აღქმებთან დაკავშორებით არაერთი ჰუმანიტარული პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას შექმნის და ბევრ ადამიანს ცხოვრებას გაუმარტივებს“.
ოსი ანალიტიკოსი ალან პარასტაევი იხსენებს, რომ “ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის პირველი კონტურები 1993 წელს გამოიკვეთა – ეს იყო ჯიხური და ტროსი, რომელიც გზის სავალ ნაწილს კვეთდა”:
“მაშინ სამხრეთ ოსეთის იმ აღშფოთებული მაცხოვრებლების რიცხვში ვიყავი, რომლებიც საზღვრისკენ გაემართნენ და ზღუდის აღმართვას აპროტესტებდნენ. ხალხი იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ლუდვიგ ჩიბიროვმა გააჩერა. შესაძლოა, [ჩიბიროვს] მართლაც სჯეროდა, როცა გვითხრა, «რისი გეშინიათ? ეს ყველაფერი დროებითია, სანამ ჩეჩნეთში ომი მიდის, სანამ საქართველოსთან პრობლემები გვაქვს, მერე კი ჯიხურს აიღებენო”. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს “დროებითი” საგუშაგო გადაულახავ საკონტროლო-გამშვებ კომპლექსად გადაიქცა. პირველ ხანებში ხალხს საბჭოთა პასპორტებით ატარებდნენ, შემდეგ შეწყვიტეს და საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ რუსული პასპორტით გახდა შესაძლებელი. გავრცელებულია აზრი, თითქოს თავიდან სამხრეთ ოსებს რუსულ ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტებს (მათი გაცემა ცხინვალში 2003 წლიდან დაიწყო) ურიგებდნენ, შემდეგ კი აღიარეს იმ საბაბით, რომ ჩვენთან ყველა რუსეთის მოქალაქეა.რეალურად, იმ დროისთვის რუსეთის მოქალაქეობა სამხრეთ ოსეთის მკვიდრთა უკვე სულ მცირე, 70%-ს გააჩნდა: ყველა ვლადიკავკაზში გადიოდა, ოსური პასპორტით კი საზღვარზე აღარ ატარებდნენ».
ცნობისთვის: “რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ” კანონი რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებულ სისტემას ითვალისწინებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც სსრკ-ის დაშლის შემდეგ აპატრიდებად (მოქალაქეობის გარეშე დარჩენილ პირებად) იქცნენ. ამ განსაზღვრებას, მოსკოვის ხედვით, ცხინვალის რეგიონის ის მაცხოვრებლებიც ექვემდებარებოდნენ, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა არ მიუღიათ.
“იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მოსკოვმა გადაწყვიტა, სამხრეთ ოსებისთვის ხელი რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში ხელი არაფორმალურ საფუძველზეც კი არ შეეშალა. თუმცა ამან მათ ხელოვნური შეზღუდვები და ჩრდილოეთ ოსი ჩინოსნების მხრიდან ძარცვა ვერ აარიდა. რუსული პასპორტის მიღება რთული და ხარჯიანი საქმე აღმოჩნდა. რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, 2009 წლის თებერვლის ბოლოს სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის საკონსულომ პასპორტების გაცემა შეწყვიტა. აღიარებული სახელმწიფოს მაცხოვრებლები ვეღარ ჩაითვლებოდნენ აპატრიდებად, რომელთაც მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების უფლება გააჩნიათ” - ყვება პარასტაევი.
მისივე თქმით, აღიარების შემდეგ იმატა პრობლემებმა რუსების მოქალაქეების მიერ “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის” მიღების ირგვლივაც:
“იქ ბევრი სხვადასხვა ძალა და ინტერესია წარმოდგენილი, რომლებიც ხშირად იკვეთება. მაგალითად, რუსული საბაჟო ებრძვის იმას, რომ რუსეთში ოსური სანომრე ნიშნების მქონე უცხოური მანქანები მომრავლდეს. ჩრდილოეთ ოსეთის მაცხოვრებლები იღებენ ჩვენს პასპორტებს, ყიდულობენ უცხოურ მანქანებს და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განაბაჟებენ, რადგან აქ გადასახადი, რუსეთთან შედარებით, ბევრად დაბალია. საბაჟო მუდმივად იგონებს რაღაც ხრიკებს. მაგალითად, ორი წლის განმავლობაში მოქმედებდა წესი, რომ მსგავსი უცხოური მანქანის მფლობელს არ უნდა გააჩნდეს რუსული ჩაწერა”.
ოსი ანალიტიკოსი ასკვნის, რომ “მომზადებული საკანონმდბელო ცვლილებები სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, თუმცა იმედოვნებს, რომ ისინი “გარკვეული უწყებრივი ინტერესების კვეთის მორიგ საგნად არ იქცევა”.
კავკასიური სახლის აღმასრულებელ დირექტორ ვანო აბრამაშვილის ვარაუდით, ზოგადად რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის გარდა, დაგეგმილისაკანონმდებლო ცვლოლება ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში არსებულ წინაასარჩევნო პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს და პროცედურის დაჩქარება თავად დე ფაქტო მმართველ პარტიას სჭირდებოდა.
“როგორც მახსოვს, [დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი] ბიბილოვმა ამ ცვლილებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო და ვინაიდან ის რუსეთის ამჟამინდელი დაბალი ინტერესის გამო ვერ ასრულებს დაპირებას სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ, მას ეს ხელშესახები შედეგი სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. და რუსეთმაც მხარდაჭერის ნიშნად ეს ნაბიჯი გადადგა. რუსეთისთვის ეს დიდ მსხვერპლს არ წარმოადგენდა, ვინაიდან ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მაინც რუსული პასპორტი აქვს“ - განუცხადა “აქცენტს” აბრამაშვილმა.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021