Accentnews.ge
ბინძური სტატისტიკა: რატომ შეიძლება, COVID-ით გარდაცვლილი  გაცილებით მეტი იყოს

ბინძური სტატისტიკა: რატომ შეიძლება, COVID-ით გარდაცვლილი  გაცილებით მეტი იყოს

29/04/2020 12:57:49 ანალიზი

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა, დაღუპულია 600-ზე მეტი მოქალაქე. თუ ამ სტატისტიკას მივენდობით, ქვეყანაში გაცილებით ნაკლები ადამიანი იღუპება, ვიდრე სხვა სახელმწიფოების უმრავლესობაში, რომლებმაც ეპიდემიის მოცემული ეტაპი უკვე გაიარეს. ამავე დროს, არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთში კორონავირუსული ინფექციით დაღუპულ მოქალაქეებს გარდაცვალების მოწმობებში სხვა დაავადებებს უწერენ. ასე მოხდა COVID-19-ით დაღუპული უკვე მეორე პაციენტის შემთხვევაში: ქალი ჯერ შეიყვანეს კორონავირუსულ სტატისტიკაში, თუმცა მალევე ამორიცხეს და განაცხადეს, რომ გარდაცვალების მიზეზად თრომბი იქცა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთის ხელისუფლება COVID-19-ით გარდაცვალების სტატისტიკას გამიზნულად ამცირებს?

დემოგრაფი, სიკვდილიანობის საკითხთა სპეციალისტი, მაკს პლანკის დემოგრაფიული კვლევების ინსტიტუტისა (გერმანია) და მოსახლეობისა და ჯანმრთელობის კვლევის საერთაშორისო ლაბორატორიის (რუსეთი) სამეცნიერო ხელმძღვანელი, ჯანმო-ს რიგი კომიტეტების წევრი ვლადიმირ შკოლნიკოვი ირწმუნება, რომ COVID-19-ისგან გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა საერთოდ არ იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას; სიკვდილიანობის აღრიცხვა, ერთის მხრივ, ძლიერ არის დამოკიდებული ეროვნული სისტემების თავისებურებებზე და კონკრეტული ექიმების პირად გადაწყვეტილებებზე, ხოლო მეორეს მხრივ, სტატისტიკის მსოფლიო სისტემა პრინციპში, არ არის განკუთვნილი პანდემიის დროს მონაცემების შეგროვებისთვის. მისი აზრით, სხვადასხვა ქვეყნების შედარება მთვლელი საიტების მონაცემებით სრულიად უსარგებლო საქმიანობაა. თუმცა COVID-19-ის მსხვერპლთა რეალური რაოდენობის შეფასების მეთოდი არსებობს და მალე მისი გამოყენებაც დაიწყება. პირველადი გათვლებიც კი აჩვენებს, რომ კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გარდაცვალებების რეალური მაჩვენებელი ათობით ათასით უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალურ საერთაშორისო მონაცემებში.​

იმის შესახებ, თუ რატომ ვერ უმკლავდებიან სტატისტიკური სისტემები პანდემიის დროს საქმეს და როგორ მოვითვალოთ COVID-19-ისგან გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა, ვლადიმირ შკოლნიკოვს “რადიო თავისუფლება” ესაუბრა.

– პანდემია 2020: მონაცემების შეგროვებისა და გაცვლის თანამედროვე შესაძლებლობებით სტატისტიკა თითქოს პროგნოზირების მძლავრ ინსტრუმენტად უნდა ქცეულიყო გადაწყვეტილებების მიღებისთვის. რეალურად კი, ჩვენ ფაქტობრივად არაფერი ვიცით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რეალური რაოდენობის თაობაზე. რატომ?

– მე უმთავრესად სწორედ სიკვდილიანობის სტატისტიკაზე ვისაუბრებ. როგორც წესი, მსგავს მონაცემებს ეროვნული სტატისტიკური ბიუროები აგროვებენ. ეს რუტინული წესით ხდება. გარდაცვალების ფაქტი და მიზეზი სამედიცინო მოწმობაში ფიქსირდება, ხოლო შემდეგ სამოქალაქო მდგომარეობის აქტების აღრიცხვის ორგანოების მიერ აღირიცხება. წლის შედეგებით ინდივიდუალური გარდაცვალებების შესახებ ყველა მონაცემი ერთად ჯამდება სტატისტიკური აღრიცხვის ცხრილებში სქესის, ასაკისა და სიკვდილის მიზეზის მიხედვით. ადამიანები ყოველდღე კდებიან. სხვათა შორის, იცით თუ არა, რამდენი ადამიანი იღუპება ყოველდღიურად სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად რუსეთში?

– ათასობით?

– დღეში დაახლოებით 4,5 ათასი. გასულ წელს გარდაიცვალა დაახლოებით 1,8 მილიონი. როგორც უკვე ვთქვი, ნელ-ნელა გარდაცვალების ყველა სამედიცინო მოწმობა სტატისტიკურ უწყებაში იყრის თავს, სადაც ისინი დიაგნოზების (გარდაცვალების მიზეზების) მიხედვით ტაბულირდება. დიაგნოზებს ენიჭებათ კოდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) სისტემით, რომელსაც “დაავადებებისა და გარდაცვალების მიზეზების მეათე გადახედვის საერთაშორისო კლასიფიკაცია” (ICD10) ეწოდება. გარდაცვალების შესახებ თითოეულ მოწმობაში ფიქსირდება სამი მიზეზი: უშუალო; მერე მიზეზი, რომელმაც უშუალო გამოიწვია და ბოლოს ე.წ. "ფუძემდებელი" (underlying), ანუ ძირითადი მიზეზი, რომელიც მთელი პათოლოგიური პროცესის დასაწყისსა და საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ეს მესამე მიზეზი ხვდება შემდგომში გარდაცვალების მიზეზების სტატისტიკაში.

– და ეს პროცედურა, როგორ წესი, რეალურ დროში არ მუშაობს?

– რაღა თქმა უნდა, ყველაფერი გარკვეული დაგვიანებით ხდება. სხვადასხვა ქვეყნებში მონაცემთა დამუშავების სიჩქარე განსხვავდება. შვედეთში, მაგალითად, ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება, იტალიაში – ბევრად უფრო ნელა. განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში მიზეზების საბოლოო გადანაწილება ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ შემდეგი წლის მიწურულისთვის, რუსეთში – შემდეგი წლის სექტემბერ-ოქტომბრისთვის. ამავე დროს, რუსეთში და სხვა სახელმწიფოებში არსებობს ასევე ე.წ. “ოპერატიული” ინფორმაცია სიკვდილიანობის თაობაზე: გარდაცვლილთა ყოველთვიური რაოდენობა, რომელიც არ მოიცავს დეტალურ მონაცემებს ასაკის მიხედვით და გამოყოფილია გარდაცვალების მხოლოდ რამდენიმე მიზეზი, რომელიც ქვეყნისთვის ტრადიციულ ინტერესს წარმოადგენს, – მაგალითად, ალკოჰოლური მიზეზები. ეს "ოპერატიული" ინფორმაცია დაახლოებით ორთვიანი დაგვიანებით ხდება ხელმისაწვდომი. სულ ესაა, რაც ხელთ გვაქვს ოფიციალური სტატისტიკის კუთხით და პრინციპში, მსოფლიოს ბევრი განვითარებული ქვეყანა ანალოგიურ მდგომარეობაშია. თუმცა არსებობს არაერთი სახელმწიფო, რომლებშიც ხელმისაწვდომია უფრო სრულყოფილი ოპერატიული მონაცემები საერთო სიკვდილიანობის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიისა და სხვა მსგავს სიტუაციებში.

- პანდემიის პირობებში ოპერატიულობის მოთხოვნა იზრდება?

– რა თქმა უნდა, პანდემია სტატისტიკური მონაცემების მხრივ განსაკუთრებულ მოთხოვნებს ქმნის. ჩვენ ვიცით, რომ ქვეყნების უმრავლესობაში მარტის ბოლო კვირამდეც კი სიკვდილიანობის მხრივ ვითარება პრაქტიკულად ნორმალური იყო, უკვე აპრილშუი კი დაიწყო მისი მკვეთრი ზრდა. წარმოიქმნა ვითარების სწორედ ოპერატიული მონიტორინგის აუცილებლობა და არა მარტო სიკვდილიანობის, არამედ ახალი შემთხვევების გამოვლენისა და ჰოსპიტალიზაციის კუთხით.

სანამ ეპიდემია ჩინეთში მძვინვარებდა, მთლად გარკვეული არ იყო, რისი მოლოდინი უნდა გვქონოდა, მით უფრო, რომ ჩინური სტატისტიკა დიდწილად “თავისებური” რამაა. მაგრამ როდესაც ვირუსი ევროპაშიც გამოვლინდა, საკმაოდ სწრაფად გახდა გასაგები, რომ დატვირთვა მედიცინაზე საკმაოდ მაღალი იქნება. საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის სისტემა პათოლოგიის გარკვეულ პროფილებს ეფუძნება, რომლებშიც ქრონიკული დაავადებები სჭარბობს. მაგალითად ავიღოთ რეანიმაციული საწოლები: ოპერაციის შემდეგ პაციენტი, მაგალითად, გულ-სოსხლძარღვთა დაავადებით შედარებით მცირე დროის განმავლობაში უნდა დარჩეს რეანიმაციაში. მსგავსი შემთხვევებისთვის იქ საწოლების რაოდენობა შეზღუდულია და ამასთანავე, ეს ძვირი “სიამოვნებაა”. და უცებ წარმოიშვა პათოლოგიის სხვა პროფილი – და სისტემას სარეანიმაციო ადგილების მწვავე დეფიციტი შეექმნა. არადა, გრძელდებოდა ახალ-ახალი პაციენტების შემოსვლა… ყველა მიხვდა, რომ საქმე გვაქვს ძალზე სერიოზულ გამოწვევასთან, რომ სასწრაფოდ გვესაჭიროებოდა იმის ცოდნა, როგორ ვითარდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ინფიცირრებულთა ნაკადისა და სიკვდილიანობის კუთხით. საჭირო გახდა სიკვდილიანობის მონაცემების სასწრაფო აქტუალური მოპოვება. ყოველ ქვეყანაში ეს სხვადასხვაგვარად გაკეთდა. ნაწილში (ინგლისი, ნიდერლანდები) ჩამოაყალიბეს სიკვდილიანობის ყოველდღიური აღრიცხვა საავადმყოფოებში მოხვედრილ პაციენტებს შორის, რომელთაც კორონავირუსი უდასტურდებოდათ, სხვაგან – საფრანგეთში, ბელგიაში ითვალისწინებენ ასევე სიკვდილიანობას მოხუცთა თავშესაფრებში. ზოგიერთ ქვეყანაში (იტალია, ესპანეთი) წარმოებდა გარდაცვლილთა ტესტირება კორონავირუსზე და მისი დადასტურების შემთხვევაში გარდაცვალება COVID-19-ით სიკვდილიანობაში აღირიცხებოდა. სხვაგან (გერმანია) კი გარდაცვალების მიზეზის რეგისტრირებისას უმთავრესად სიცოცხლის დროინდელ დიაგნოზს აფიქსირებდნენ.

ამგვარად, კორონავირუსით დადასტურებული ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები ქვეყნებს შორის ძნელადაა შესადარებელი და მეტიც, მათი არსი ერთი ქვეყნის ფარგლებშიც კი შეიძლება, ვარირებდეს დროის სხვადასხვა პერიოდში. ძნელი დასაჯერებელია, რომ ავადობის ერთსა და იმავე დონეზე საფრანგეთში ან ბელგიაში კორონავირუსისგან 5–7-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე გერმანიაში ან დანიაში. ცხადია, ავადობა ასახავს მოსახლეობის ტესტირებით მოცულობას. ამგვარად, ეს უკვე ის ოფიციალური მონაცემები არ არის, რომლებიც სტატოფისებიდან, ოფიციალური სააგენტოებიდან მოდის. როგორ დგება ის მონაცემები – ჩვენ უკვე ვიცით, ამათთან კი სულ სხვა ვითარებაა. როდესაც თვალს ვადევნებთ სხვადასხვა საიტებს მსოფლიო მთვლელებით, მაშინვე გვხვდება თვალში სხვადასხვა უცნაურობები. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ რაიმე სახის მონიტორინგის შემოღებისა და ახალი ამბების სააგენტოებისთვის ინფორმაციის სასწრაფოდ მიწოდების აუცილებლობამ მონაცემთა ხარისხიიანობის აუცილებლობა გადაწონა. ეს პრიორიტეტის საკითხია. აუცილებელია, ხალხს ინფორმაცია მიაწოდო და ხშირად აქ ხარისხს ნაკლები ყურადღება ეთმობა. შესაძლოა, სჯობდა, შევჩერებულიყავით, დავფიქრებულიყავით, შევთანხმებულიყავით რაღაც საერთო სისტემაზე. თუმცა რეალობაში, ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია.

– სტანდარტებზე შეთანხმება – ეს ვისი ამოცანა და პასუხისმგებლობაა? ჯანმო-სი?

– როგორც ჩანს, ასეა, თუმცა ინიციატივის დაყენება შეეძლო ევროსტატსაც, ეროვნულ სტატოფისებსაც... მაგრამ ჯანმო მუდმივად იგვიანებს. ორგანიზაციამ საკმაოდ სწრაფად შეიყვანა კლასიფიკაციაში სიკვდილიანობის ახალი მიზეზი COVID-19, თუმცა მხოლოდ 16 აპრილს გამოაქვეყნა ინსტრუქცია, როგორ უნდა მოხდეს სიკვდილის ამ მიზეზის კოდირება და ეს ინსტრუქციაც საკმაოდ არამკაფიოა. ისინი იქ წერენ, რომ ეს რეკომენდაცია “დაკვირვებისთვის”, surveillance-ისთვის გამოიცა...

ის, რასაც სადღეისოდ ჯანმო გვთავაზობს, სიკვდილის მიზეზების დადგენის ჩვეულებრივ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. აი, ნახეთ: ჩვენ რეგულარულად გვაქვს ჩვეულებრივი გრიპის ეპიდემიები. მაგალითად, საკმაოდ სერიოზულოი ეპიდემია იყო არაერთ ქვეყანაში 2015 წელს. კიდევ ერთი სერიოზული ეპიდემია გვქონდა 2018-ში, გრიპი H2N3. მათ სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი – ზამთრის თვეებში 12–17%-იანი მატება გამოიწვიეს, თუმცა 2018-ში იყო კიდევ ერთი პიკი – მარტში, რომელიც გრიპის სხვა ვირუსით – B/იამაგატათი იყო გამოწვეული. ჩვენ მონაცემებში საერთო (ყველა მიზეზით) სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას ვხედავთ ზამთრის სეზონის 12-16-კვირიანი პერიოდისთვის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ თუ ვნახავთ საკუთრივ გრიპისგან და პნევმონიისგან გარდაცვალების მაჩვენებლებს, დავინახავთ ძალიან მცირე რიცხვებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ ზრდას. რატომ? - იმიტომ, რომ გრიპისგან გარდაცვლილებს შორის ძალიან ბევრია ხანდაზმული, რომლებსაც ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული და სხვა სერიოზული ქრონიკული დაავადებები აწუხებდათ და ისინი რომ არ ჰქონოდათ, გრიპის ეპიდემიიის დროს ბევრი მათგანი არ გარდაიცვლებოდა.

ამიტომაც ექიმები ამას ხშირად არა “გრიპისგან სიკვდილად” ინტერპრეტირებდნენ, არამედ "სიკვდილად ძირითადი მძიმე დაავადებისგან”, რომელიც გრიპით დამძიმდა. გრიპი კი გარდაცვალების შესახებ მოწმობაში შესაძლოა, "თანმდევ დაავადებად” ასახონ და ამის გამო გრიპი ამ მიზეზებით სიკვდილიანობის სტატისტიკაში ნაკლებ სავარაუდოა, მოხვდეს. ანუ, ჩვეულებრივი გრიპის დროს ჩვენ თავად გრიპს, როგორც გარდაცვალების მიზეზს, სტატისტიკაში თითქმის ვერ ვხედავთ ძალზე სერიოზული ეპიდემიების დროსაც კი. ახლა კი ჯანმო სრულიად ახალ, სხვა ინსტრუქციას იძლევა: თუ ადამიანს COVID-19 აქვს დადგენილი, ჩაიწეროს "COVID", იმ თვალსაჩინო შემთხვევების გარდა, როცა მაგალითად, ადამიანს ეს ვირუსი ჰქონდა დადგენილი, მაგრამ მისგან განიკურნა და სულ სხვა მიზეზით გარდაიცვალა, ან ავადობდა, მაგრამ გარდაცვალების მიზეზად აშკარად სხვა რამ იქცა, მაგალითად თვითმკვლელობა ან ავტოავარია. აი, ამ ახალ ინსტრუქციას ლობირებს ჯანმო იმისათვის, რომ მოხდეს რესგიტრაციის პრაქტიკის უნიფიცირება და ქვეყნებს შორის მონაცემების შედარებითობის უზრუნველყოფა. ჯანმო ცდილობს, ერთგვარად გაზარდოს COVID-ის რეგისტრაცია, მაგრამ ამას მხოლოდ 16 აპრილიდან აკეთებს! განურჩევლად იმისა, მართებულია თუ არა ეს წინადადება, მაინც ძალიან დაგვიანებულია. მრავალ ქვეყანაში ეპიდემიის დიდი ნაწილი, იმედი გვაქვს, უკვე ჩავლილია.

გარდა ამისა, წესები, რომელსაც ჯანმო ადგენს, შესაძლოა, სხვადასხვაგვარად გამოიყენებოდეს ჯანდაცვის სხვადასხვა ეროვნული სისტემების მიერ. სიკვდილის შემთხვევების რეგისტრაცია საკმაოდ სუბიექტური საქმეა.

– რამდენად სუბიექტური?

– ექიმები ყოველდღიურად აფორმებენ გარდაცვალების შესახებ მოწმობებს და ამ საქმეში გარკვეულ წესებს ეყრდნობიან. ეს წესები, პრინციპში, ჯანმო-ს მიერ დგინდება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გარდაცვალების შესახებ მოწმობაში დიაგნოზის დასმის ძირითადი პრინციპი – ეს კაზუალური თანმიმდევრობაა. არსებობს გარკვეული ძირითადი პათოლოგია, რომელიც შეიძლება, მძიმდებოდეს მისი პროგრესირებით ან თანმდევი დაავადებებით და საბოლოოდ დგებოდეს სიკვდილი. მას აქვს უშუალო მიზეზი, რომელიც ხშირად განსხვავდება ძირითადი დაავადებისგან (ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი გულის ან სუნთქვის გაჩერებით დგება). აი, ეს კაზუალური თანმიმდევრობა უნდა ჩაეტიოს სამ მიზეზში, რომელიც გარდაცვალების შესახებ სამედიცინო მოწმობაში ფიგურირებს. სიკვდილის ძირითად მიზეზად სწორედ თავდაპირველი, ძირითადი პათოლოგია უნდა დაფიქსირდეს. მაგრამ ჯანმო ხანდახან წესებს ცვლის – როგორც ახლა. წინა ჯერზე მან ეს 2010-ში გააკეთა: ეს ეხებოდა დემენციის, ალცჰეიმერის დაავადების, როგორც სიკვდილის მიზეზის რეგისტრაციას. მანამდე ამ დაავადების მქონე ადამიანებს ძირითად მიზეზად გულ-სისხლძარღვოვან დიაგნოზებს უწერდნენ. შედეგად ალცჰეიმერის დაავადებისა და დემენციისგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ეს ერთგვარი ხერხია, სიკვდილის სხვა მიზეზებს შორის პათოლოგიის მნიშვნელობას გაესვას ხაზი. COVID-19-ის შემთხვევაში ჯანმო დაახლოებით ასევე მოქმედებს. მაგრამ აი, როგორ იმუშავებს ეს ინიციატივა სხვადასხვა ქვეყნებში... ექიმები მრავალი წლის განმავლობაში შეეჩვივნენ მოქმედებათა გარკვეულ ალგორითმს და ამის შეცვლა არც ისე იოლია. მაღალი ალბათობით, სხვადასხვა ქვეყნებში ამის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ექნებათ და გვექნება გარკვეული ინერციულობა.

– იქნებ, ეს უკვე შესამჩნევია? არსებობს მკვეთრი სხვაობა კორონავირუსისგან სიკვდილიანობის მაჩვენებლებში, რომელსაც აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში აფიქსირებენ – აღმოსავლეთში ის ძირითადად გაცილებით ნაკლებია. შეიძლება, ეს გარკვეული ეროვნული სამედიცინო ტრადიციების, სიკვდილიანობის აღრიცხვის იქაური მიდგომების შედეგი იყოს?

– საჭიროა სიკვდილიანობაზე პანდემიის ზემოქმედების შეფასების ხერხი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული სიკვდილისა და ავადობის მიზეზების სუბიექტურ რეგისტრაციაზე. შესაძლებელია, უბრალოდ ავიღოთ რომელიმე კვირას გარდაცვლილთა რაოდენობა და შევადაროთ ბოლო წლებში, წლის იმავე პერიოდში იმავე კვირის ჩვეულ მაჩვენებელს. შესაძლებელია ასევე, შევადაროთ სიკვდილიანობის ერთი რომელიმე კვირის მონაცემები სხვა ეპიდემიების დროინდელ ანალოგიურ მონაცემებს. ახლახანს დავთვალეთ ეს ინგლისისა და უელსისთვის. ბოლო კვირა, რომლის მონაცემებიც გვაქვს ამ დროისთვის ინგლისსა და უელსში, ეს 2020 წლის მე-15 კვირაა – 6-დან 12 აპრილის ჩათვლით. ამ დროს ინგლისში 18 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ჩვეულებრივ კი ამ დროს დაახლოებით 11 ათასი იღუპება. მაშასადამე, "ჭარბი” სიკვდილიანობა დაახლოებით 7 ათასს შეადგენს. 2015 წლის გრიპის ეპიდემიასთან შედარებისას “ჭარბი” სიკვდილიანობა 3 ათასია. შეფასების ეს ხერხი, ჩემი ხედვით, ყველაზე ობიექტურია. სტატისტიკას გარკვეული “სირბილე” ახასიათებს. ეს ზომა კი, იმავე კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებლების შედარება - ობიექტურია. კოლეგებთან ერთად წერილები მივწერეთ The Financial Times-სა და სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ს, რომელშიც გამოვდივართ ყველა ქვეყნის სტატისტიკური ოფისებისადმი მოწოდებით. სასწრაფოდ ჩამოაყალიბონ ყველა მიზეზით გარდაცვალების ერთკვირიანი მონაცემების გამოქვეყნება.

ევროპაში ევროსტატმა ამ მონაცემების შეგროვება უკვე დაიწყო და სულ მალე მათი გამოქვეყნებაც დაიწყება. ჯანდაცვის ზოგიერთმა (12-14 ქვეყნის) ეროვნულმა სტატისტიკურმა სააგენტოებმაც დაიწყეს მათი განთავსება საკუთარ საიტებზე.

– სწორედ ამაზეა საუბარი The New York Times-ის სტატიაში, რომლის მიხედვით, უკვე არსებობს სულ მცირე, 25 ათასი აღურიცხავი გარდაცვალება COVID-19-ისგან?

– დიახ, დაახლოებით ამაზეა საუბარი, თუმცა მათ გამოთვლებში მცირე შეცდომები აქვთ დაშვებული. ამ პუბლიკაციისთვის შესაბამისი კომენტარები მაქვს მიცემული. ეს სწორედ ის ხერხია, მასზე დაწერეს The New York Times-მაც, The Economist-მაც.

– მაგრამ “ჭარბი” გარდაცვალებების ამ რიცხვში კორონავირუსის პანდემიის ფონზე ხვდებიან არა მარტო ისინი, ვინც უშუალოდ ამ ინფექციისგან გარდაიცვალა, არამედ, მაგალითად, ისინიც, ვინც გარდაცვლილია სხვა დაავადებებისგან, იმის გამო, რომ სამედიცინო დახმარება ვერ მიიღეს, რადგან სისტემა COVID-19-ით არის გადატვირთული….

– დიახ. არსებობს მონაცემები, რომ დაიკლო სადიაგნოსტიკო პროცედურების რიცხვმა, ჩვეულებრივმა სამედიცინო აქტივობამ ქრონიკულ დაავადებებთან მიმართებით. ჩვენმა ფრანგმა კოლეგებმა შენიშნეს, რომ გაზრდილია სახლში სიკვდილიანობა ინფარქტისგან და ინსულტისგან, რადგან ადამიანები მედიკოსებისთვის დროული მიმართვისგან თავს ბოლო მომენტამდე იკავებენ. მსგავსი ვითარებაა იტალიაშიც. ეს ნეგატიური ტრენდია, თუმცა არსებობს პოზიტიურიც. ახალგაზრდები სახლებში სხედან, ესე იგი, იკლებს ტრავმატიზმისგან სიკვდილიანობა. და მაინც, “ჭარბი სიკვდილიანობის” შეფასებისას სტატისტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საკუთრივ ეპიდემიას. თუ ბუკვალურად წავიკითხავთ იმას, რასაც სადღეისოდ “მსოფლიო მთვლელები” აქვეყნებენ, გამოდის, რომ გერმანიის ჯანდაცვის სისტემა გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე იგივე სისტემა საფრანგეთში. ვინც ამ სისტემებს იცნობს, იცის, რომ ორივე საკმაოდ კარგია, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის თანაფარდობის მაჩვენებლებში სხვაობას კი მოსახლეობაში ვირუსის გამოვლენის მხრივ აქტიურობა განაპირობებს. გარდა ამისა, ძნელია საფრანგეთის ინგლისთან შედარება: საფრანგეთი, მაგალითად, აღრიცხავს COVID-ისგან გარდაცვალებებს მოხუცთა თავშესაფრებში, ინგლისი - არა.

– ანუ, თვალის დევნებას სიკვდილიანობის მიმდინარე მაჩვენებლებისთვის, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში იძლევიან სხვადასხვა ეროვნული სისტემები, აზრი არ აქვს?

– არა, როგორ არ აქვს და აი, რატომ: მნიშვნელოვანია თავად ტრენდი ერთი რომელიმე ქვეყნის მონაცემების ფარგლებში, რადგან Т+1 მომენტში რეგისტრაციის სისტემა დაახლოებით იგივენაირია, როგორც Т მომენტში. იქაც ხდება რეგისტრაციის ხერხების შეცვლა, თუმცა, როგორც წესი, ნაკლებად მნიშვნელოვანი. იგივე გერმანიაში გარკვეული პროცედურები სამჯერ შეცვალეს, მაგრამ მთლიანობაში, ტრენდი სწორი იყო. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ გარდაცვალებები არ ხვდება სტატისტიკაში რეალურ დროში. მაგალითად, 15 აპრილს ხედავთ მთვლელში, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ამდენი ადამიანი გარდაიცვალა; ქვეყნების უმრავლესობაში ეს არის სიკვდილიანობის შესახებ იმ დღეს მიღებული მონაცემები. რეალურად კი, ეს გარდაცვალებები გარკვეული დროის წინ მოხდა, ზოგი – ორი დღით ადრე, ინგლისის შემთხვევაში, მაგალითად, შემთხვევების დაახლოებით 85% - ბოლო 5-6 დღის განმავლობაში.... იდეალში, ეს მონაცემები გარდაცვალების რეალური თარიღით უნდა ნაწილდებოდეს და არა ცნობის მიღების დროის მიხედვით. როდესაც “ინგლისური” მონაცემები თარიღის მიხედვით გადავანაწილეთ, მივიღეთ სწორი პროტოკოლი – და ჩვენ, სხვათა შორის, დავინახეთ, რომ უკვე 9 აპრილს კლება იყო დაწყებული. ხოლო როდესაც ყოველდღიურ ცნობებს ვადევნებთ თვალს, ვხედავთ "ხერხს", რომელიც ეპიდემიის რეალურ კლებას არ ასახავს. და მაინც, მთვლელებში ეს “უხარისხო” მონაცემებიც გარკვეული დროის შემდეგ კლებას დაიწყებს და შევამჩნევთ ტრენდის ცვლილებას, თუნდაც დაგვიანებით. აი, საფრანგეთისა და გერმანიის ამ მონაცემებით შედარებას კი აზრი არ აქვს. უნდა მოვიცადოთ ერთი-ორი კვირა და შესაძლებელი იქნება ამ ორი ქვეყნის საერთო სიკვდილიანობის ერთკვირიანი მაჩვენებლების შედარება. აი, იქ უკვე რეალურ სურათს დავინახავთ.

– არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, იტალიაში, აშშ-ში ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებლები აღარ იზრდება. ეს პლატოს სტადიაა და შეგვიძლია, იმედი ვიქონიოთ, რომ ეპიდემია მალე დასრულდება?

– არ ვიცი. კლება რომაა – ეს გასაგებია. მაგრამ როგორი იქნება იგი, რამდენად სწრაფად წავა, იქნება თუ არა, მაგალითად, მეორე პიკი – ეს ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

– რუსეთში ორშაბათიდან დაწყებული, ინფიცირების ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი აღარ იზრდება, მაშინ, როცა მთელი წინა კვირის განმავლობაში იზრდებოდა. შეგვიძლია თუ არა, ამის საფუძველზე ტრენდის ცვლილებაზე, პლატოს მიღწევაზე ვისაუბროთ?

– დარწმუნებული არ ვარ. საერთოდ, არ მაქვს ორიენტირი შემთხვევების რაოდენობაზე, - ეს მეტისმეტად სუბიექტური სიდიდეა – რამდენ ტესტს ატარებენ, ვის უტარებენ… ცნობილია, რომ არსებობს საკმაოდ ბევრი უსიმპტომო მატარებელი. ახალი შემთხვევების რაოდენობა საეჭვო მაჩვენებელია. ერთადერთი, რაზეც შეიძლება ორიენტირება, ეს მძიმე პაციენტების ნაკადია, რომლებიც საავადმყოფოებში ხვდებიან. ზოგიერთ მთვლელში მსგავსი მონაცემები არსებობს. როდესაც დავინახავთ, რომ საავადმყოფოებში ასეთი პაციენტების ნაკადი იკლებს, ანუ სარეანიმაციო ადგილები თავისუფლდება, – აი, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ეპიდემია უკან იხევს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მე სწორედ სიკვდილიანობის, სიცოცხლის ხანგრძლივობის დარგში ვარ სპეციალისტი. ინფექციის საკითხები – ეს ჩემი ძირითადი სპეციალობა არ არის.

– მოდით, ძალიან კონკრეტულ კითხვას დაგისვამთ რუსეთსა და სიკვდილიანობაზე. რუსეთში COVID-19-ისგან სიკვდილიანობის გაცილებით ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული იმასთან შედარებით, რაც იყო ეპიდემიის იმავე სტადიაზე სხვა რიგ ქვეყნებში. არის თუ არა ეს საეჭვო? ეს სიკვდილიანობის ეროვნული აღრიცხვის რაღაც თავისებურებაზე მეტყველებს?

– პირადად ჩემი აზრით, სჯობს ყურადღების კონცენტრირება სწორედ სიკვდილიანობაზე ყველა მიზეზით ყოველკვირეულ და ყოველდღიურ რეჟიმშიც კი. ეს უფრო ობიექტური იქნება და მოსახლეობის თვალსაზრისით ეპიდემიის მასშტაბების სწორად შეფასების, ასევე მისი წინა ეპიდემიებთან და იმასთან შედარების შესაძლებლობას მოგვცემს, რაც ახლა სხვა სახელმწიფოებში ხდება.

– როდესაც ეპიდემია ჯერ მხოლოდ იწყებოდა, ყველამ ლეტალურობის თვლა დაიწყო – ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების გაყოფა გარდაცვლილთა რიცხვზე. თუმცა მალევე იძულებულები გახდნენ, ყური დაეგდოთ ექსპერტების მოსაზრებისთვის, რომ ამის კეთებას აზრი არ აქვს – არც ყველა შემთხვევა ვლინდება და არც პანდემიას უჩანს ჯერ-ჯერობით ბოლო. მიუხედავად ამისა, სადღეისოდ ახალი ტიპის კორონავირუსზე რაღაც თქმა ალბათ, მაინც შესაძლებელია. მაგალითად, რამდენად მომაკვდინებელია იგი?

– არსებობს არცთუ ბევრი კორექტული შეფასება COVID-19-ის ლეტალურობისა. მის დასადგენად აუცილებელია დახურული რაიონების და მათი ძალიან ხარისხიანი მონაცემების ქონა. აქ ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ის მონაცემებს: 3 ათასზე მეტი მგზავრი, 700 ინფიცირებული და 10 გარდაცვლილი. ეს სადღეისოდ case fatality-ს ყველაზე ზუსტი შეფასებაა – დაახლოებით 2%, infection fatality – 0,9%. მაგრამ ლაინერი – ეს განსაკუთრებული პირობებია, მათი უბრალოდ მთელს მოსახლეობაზე ექსტრაპოლირება შეუძლებელია. სხვა მონაცემებით კი რამის დადგენა კიდევ უფრო რთულია. დიახ, ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, გერმანიაში ძალზე დაბალია სიკვდილიანობის რაოდენობის შემთხვევების რაოდენობასთან თანაფარდობა. ეს - რატომ? იმიტომ, რომ ამდენად ცოტაა სიკვდილის შემთხვევრები? თუ იმიტომ, რომ გერმანია ძალიან ბევრ შემთხვევას ავლენს? გერმანიაში ხომ ტესტების ძალიან დიდი რაოდენობა ტარდება 1000 სულ მოსახლეზე.

– ჩინეთი, სადაც ეპიდემია ფაქტობრივად დასრულებულია, ასევე არ არის მაჩვენებელი?

– ჩინეთის ოფიციალური საერთო სტატისტიკა, ჩემი ხედვით, ნდობას არ იმსახურებს. მათ ხომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნამდვილი კონსტანტა ჰქონდათ. ყოველდღიურად შემთხვევათა რაოდენობა, თუ არ ვცდები, 38 ათასი – პლიუს-მინუს 200-300 იყო. ეს ხომ შეუძლებელია! რაოდენობა ან უნდა იმატებდეს, ან უნდა იკლებდეს.... სპეციალისტებს ეს კარგად ესმით. მაგრამ ეს ზოგადი ოფიციალური სტატისტიკაა, არსებობს უფრო ზუსტი ლოკალური მონაცემები, რომლებიც სპეციალისტებმა მიიღეს, მაგალითად, უჰანის რაიონებსა და ცალკეულ ჰოსპიტალებში. თუმცა ასეთი ხარისხიანი მონაცემები ძალზე ცოტაა.

– და მაინც, შეიძლება თუ არა, უკვე ამ ეტაპზე დანამდვილებით ითქვას, что COVID-19 გრიპზე სახიფათოა?

– რა თქმა უნდა, ეს უფრო საშიში ვირუსია. შეფასებები მერყევობს, თუმცა ის სულ მცირე, 3,5–4-ჯერ, მაქსიმუმ კი 10-ჯერ უფრო ლეტალურია, გავრცელების უფრო მაღალი პოტენციალიც აქვს და ეს გავრცელებაც უფრო ხანგრძლივია, უფრო გრძელი და ლატენტური საინკუბაციო (კლინიკამდელი) პერიოდით, ჩვეულებრივ გრიპთან შედარებით. ამის გამო მისით შეიძლება, ერთდროულად დაინფიცირდეს ადამიანთა დიდი რაოდენობა, რომელთა ნაწილი ერთდროულად ხვდება კლინიკებში. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ავადმყოფებს ხშირად სჭირდებათ ხანგრძლივი ჰოსპიტალიზება. იქმენა უზარმაზარი მოთხოვნა ინტენსიური თერაპიის ადგილებზე.

– შეგიძლიათ თუ არა მიახლოებით მაინც იმის პროგნოზირება, როდის დასრულდება ეს ყველაფერი?

– არა. ჯერ-ჯერობით პროგნოზირება ძალზე რთულია. ამჟამინდელი – 2020 წლის საგაზაფხულო პიკის დახასიათებას მალე შევიტყობთ, მაგრამ იქნება თუ არა კიდევ ზრდა? რა ბედი ელის მოსახლეობას გერმანიაში ან იაპონიაში, მაგალითად, – ქვეყნებში, სადაც სიკვდილიაონობა თითქოს უფრო დაბალია და ვირუსის გავრცელებაც ნაკლები? ვირუსების ცხოვრება და ადამიანების ცხოვრება ხომ პარალელურ რეჟიმში ვითარდება.

“რადიო თავისუფლების” თხოვნით ვლადიმირ შკოლნიკოვის კოლეგამ ინა დანილოვამ შეაჯამა მიზეზები, რომელთა გამოც კორონავირუსისგან სიკვდილიანობის ოფიციალური მონაცემები - ეს ინფორმაციის ცუდი წყაროა, განსაკუთრებით – სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ვითარების შესადარებლად.

1. რამდენად ფართოდ და ვის უტარდება ტესტირება. იმისათვის, რომ ვიცოდეთ, რომ ადამიანი COVID-19-ით გარდაიცვალა, უნდა ვიცოდეთ, რომ მას ეს ვირუსი ჰქონდა.

2.იღებენ თუ არა ვირუსზე ნაცხს გარდაცვალების შემდეგ. რა პირობებში? აქ შესაძლოა, იყოს და არის ქვეყნებს შორის განსხვავებული მიდგომები. მაგალითად, აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში რეკომენდებულია ნაცხის აღება იმ შემთხვევაში, თუ არსებობდა ეჭვი COVID-19-ზე. გერმანიაში ჯერ ამბობდნენ, რომ გარდაცვალების შემდგომ ტესტირებას არ აწარმოებდნენ, ვინაიდან ცდილობდნენ ინფექციის გამოვლენას მანამდე, სანამ ადამიანი მოკვდებოდა. მოგვიანებით ითქვა, რომ "შეუძლიათ", ატარონ COVID-19-ზე ეჭვის შემთხვევებში, მაგრამ ატარებენ თუ არა და თუ უტარებენ – ვის, დღესაც გაურკვეველია.

3. როგორ დგება მოხსენებები კოვიდ-სიკვდილიანობის შესახებ. რა კრიტერიუმის საფუძველზე. როგორც ჩანს, ზოგიერთ ქვეყანაში (იტალია, აშშ) მიდგომა ასეთია: თუ გარდაცვლილს COVID-19 პრინციპში ჰქონდა, მას სტატისტიკაში ითვალისწინებენ. სხვებში ცდილობენ, დაადგინონ, შეეძლო თუ არა ვირუსს, თუნდაც ყოფილიყო ორგანიზმში, სიკვდილი გამოეწვია. ანუ, აქ გაუგებარია, ვინ ითვლის "სიკვდილს -გან", ვინ – "სიკვდილს -ით".

4. თუ ითვალისწინებენ "სიკვდილს -გან", როგორ საზღვრავენ სიკვდილის მიზეზს. საერთოდ, სიკვდილის მიზეზების ჩვენთვის ჩვეული მთელი სტატისტიკა (მაგალითად, სიკვდილის მიზეზების სტატისტიკა ჯანმო-ს ან როსსტატის საიტებზე) – ეს სიკვდილის პირველადი მიზეზების სტატისტიკაა. სიკვდილის პირველადი მიზეზი – დაავადება ან ტრავმა, რომელმაც დასაბამი მისცა მოვლენათა ჯაჭვს, რომელმაც სიკვდილი გაამოიწვია. და ეს ყოველთვის ერთი მიზეზია. მისი განსაზღვრა, როცა ადამიანი დაავადებულია ერთდროულად რამდენიმე სენით, ყოველთვის ადვილი როდია. ცნობილია, რომ სიკვდილის ზოგიერთ მიზეზთან მიმართებაში სხვადასხვა ქვეყნებში ძალზე განსხვავებული მიდგომებია პირველადი მიზეზის განსაზღვრისას. მაგალითად, დიაბეტის შემთხვევაში. მისით გამოწვეულ სიკვდილიანობაში სხვაობა ქვეყნების მიხედვით ძალიან დიდია. მაგრამ ეს სხვაობა ასახავს სხვაობას არა სიკვდილიანობაში, არამედ მიდგომებში. იგივეა გრიპის შემთხვევაში. იგივე შეიძლება, იყოს კორონავირუსულ ინფექციასთან მიმართებაშიც. COVID-19-ის (ისევე, როგორც გრიპის) შემთხვევაში გარდაცვლილები ხშირად ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან. თუ ადამიანი კორონავირუსული ინფექციით პნევმონიისგან და მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომისგან იღუპება, გასაგებია, რომ სიკვდილის მიზეზი სწორედ COVID-ია. მაგრამ თუ იგი ინფექციის ფონზე იღუპება ძირითადი დაავადების გამო, ექიმებმა უნდა განსაზღვრონ, იქცა თუ არა COVID-19 სიკვდილის პირველად მიზეზად, ხელი შეუწყო მან გარდაცვალებას, თუ საერთოდ არ მოუხდენია არანაირი გავლენა პათოლოგიურ პროცესზე, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია. და აი, აქ შეიძლება, განსხვავებული მიდგომები იყოს ქვეყნების მიხედვით იმაში, როგორ საზღვრავენ ზემოთთქმულს ექიმები.

5. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯანმო არ იძლეოდა იმის ინსტრუქციებს, როგორ უნდა მოხდეს COVID-ისგან სიკვდილის კოდირება. ითქვა მხოლოდ: ასეთია კოდები ახალი დაავადებისთვის და საჭიროა კოდირება იმავე წესებით, როგორითაც გრიპისო. ინსტრუქციები (ჯერ კიდევ არაერთმნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც) მხოლოდ 16 აპრილს გაჩნდა.

მასალა ნათარგმნია https://www.svoboda.org/-დან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S