Accentnews.ge
ოკუპირებული აფხაზეთი: ახალი “პრეზიდენტის” საკადრო და სტრუქტურული სამთავრობო ცვლილებები

ოკუპირებული აფხაზეთი: ახალი “პრეზიდენტის” საკადრო და სტრუქტურული სამთავრობო ცვლილებები

01/05/2020 09:25:57 კონფლიქტები

მიმდინარე კვირის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელიც მოვალეობების შესრულებას გასულ ხუთშაბათს შეუდგა, დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის ახალ სტრუქტურას აყალიბებდა და რიგ საკადრო გადაწყვეტილებებზე მუშაობდა.

28 აპრილს გამოქვეყნდა მისი ბრძანებულება დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის შესახებ. ამ მხრივ ბჟანიას გადაწყვეტილებებმა დიდწილად დააბრუნა ის სტრუქტურა, რომელიც რამდენიმე დღის წინ “პრემიერად” დანიშნული დე ფაქტო ექს-პრეზიდენტის – ალექსანდრე ანქვაბის მმართველობის დროს მოქმედებდა. თუმცა განხორციელდა რიგი სხვა სახის ცვლილებებიც.

კერძოდ, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის დე ფაქტო სამინისტრო ბჟანიამ ორ უწყებად – “ჯანდაცვის სამინისტროდ” და “სოცუზრუნველყოფისა და დემოგრაფიული პოლიტიკის სამინისტროდ” გაყო; “დემოგრაფიისა და რეპატრიაციის სამინისტროს” უწინდელი – “რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტის” სტატუსი დაუბრუნა დემოგრაფიის სფეროში უფლება-მოვალეობების ხსენებული დე ფაქტო სამინისტროსთვის გადაცემით; კურორტებისა და ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის “სახელმწიფო კომიტეტებს” კი პირიქით, “სამინისტროების” სტატუსი დაუბრუნა, პირველ შემთხვევაში - სახელწოდების “ტურიზმის სამინისტრომდე” შემოკლებით; დე ფაქტო განათლების სამინისტრო და “სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის კომიტეტი” კი “განათლებისა და ენობრივი პოლიტიკის სამინისტროდ” გააერთიანა.

გარდა ამისა, ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის დე ფაქტო სახელმწიფო სამმართველო “ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტად” გარდაიქმნა, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის “სახელმწიფო” სამმართველო – “კავშირგაბმულობის, მასობრივი კომუნიკაციისა და ციფრული განვითარების სახელმწიფო კომიტეტად”, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში უფლება-მოვალეობების დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემით.

რიგ შემთხვევებში ბჟანიას გადაწყვეტილებები უბრალოდ სახელის ცვლილებას ითვალისწინებს. ასე, მაგალითად, “არქიტექტურის, ქალაქგეგმარებისა და საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობის სახელმწიფო სამმართველოს” სახელწოდებიდან სიტყვა “არქიტექტურა” გაქრა, ხოლო “მშენებლობის სახელმწიფო სამმართველოს” სახელწოდებას პირიქით, სიტყვა “კაპიტალური” დაემატა და ამიერიდან “კაპიტალური მშენებლობის სახელმწიფო სამმართველო” ეწოდება.

რაც შეეხება ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის საკადრო გადაწყვეტილებებს, პირველ დე ფაქტო ვიცე-პრემიერად ბესლან ჯოპუა დაინიშნა, რაც აფხაზური საზოგადოებისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა: ალექსანდრე ანქვაბის დე ფაქტო პრეზიდენტობის დროს მას სოფლის მეურნეობის დე ფაქტო მინისტრის თანამდებობა ეკავა, თუმცა ბოლო წლებში ჯოპუას შესახებ არაფერი ისმოდა. იგი დაიბადა 1962 წელს, სოხუმში დაამთავრა სკოლა, შემდეგ – აგრონომიის ფაკულტეტი. მუშაობდა ჯერ აგრონომად, მოგვიანებით გადავიდა კომკავშირულ და პარტიულ საქმიანობაზე. 1989 წელს ჩამოაყალიბა ახალგაზრდული კომერციული ცენტრი «ამზა». 1992-1993 წ.წ. იბრძოდა “აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის”, იყო აღმოსავლეთ ფრონტის ბატალიონის კომისარი. 1993 წლიდან მუშაობდა ოჩამჩირეს ჩაის ფაბრიკის მთავარ აგრონომად. 2007 წლის მარტიდან გახლდათ აფხაზური დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი. 2011 წლის ოქტომბერში დაინიშნა სოფლის მეურნეობის დე ფაქტო მინისტრად და თანამდებობა რაულ ხაჯიმბას დე ფაქტო ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დატოვა.

დე ფაქტო ვიცე-პრემიერად და “ფინანსთა მინისტრად” ვლადიმირ დელბა დაინიშნა, რომელიც თავის დროზე ასევე ალექსანდრე ანქვაბის სახელისუფლებო გუნდს წარმოადგენდა. იგი დაიბადა 1974 წ. სოხუმში, იქვე დაამთავრა უნივერსიტეტი, ხოლო შემდეგ – ასპირანტურა ანალიზის აღრიცხვისა და აუდიტის განხრით მოსკოვში. გახლდათ დე ფაქტო ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 2011 წლის ოქტომბრიდან – დე ფაქტო ფინანსთა მინისტრი/ვიცე-პრემიერი. 2014 წლის 2 ივნისიდან 29 სექტემბრის ჩათვლით – ანქვაბის გადადგომის შემდეგ დე ფაქტო პრემიერის მოვალეობას ასრულებდა. ბოლო წლებში კი აფხაზური უნივერსიტეტის პრორექტორად მუშაობდა.

გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ოთარ ლაკრბა, რომელიც ამ სტრუქტურაში ანქვაბის მმართველობის პერიოდში - 2012-2014 წლებში მუშაობდა და სამსახურიდან საკუთარი სურვილით, დე ფაქტო ხელისუფლების შეცვლისთანავე წავიდა. იყო ასევე ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრი, ბოლო წლებში ეწეოდა აქტიურ ოპოზიციურ მოღვაწეობას.

გუშინ ასლან ბჟანიამ დე ფაქტო მინისტრების დანიშნვის შესახებ კიდევ სამ ბრძანებულებას მოაწერა ხელი. ამჯერად მან არჩევანი შეაჩერა იმ პირებზე, რომლებსაც თანამდებობები რაულ ხაჯიმბას მმართველობის დროსაც ეკავათ. კერძოდ, 1960 წ. დაბადებულ ლევ კვიცინიას საგანგებო სიტუაციათა დე ფაქტო მინისტრის პორტფელი ერგო; 1973 წ. დაბადებულ თამაზ წახნაკიას – ჯანდაცვის დე ფაქტო მინისტრის; რუსლან აჯბას – სოცუზრუნველყოფისა და დემოგრაფიული პოლიტიკის დე ფაქტო მინისტრის; დაურ ქურმაზიას - გადასახადებისა და მოსაკრებლების დე ფაქტო მინისტრის.

დე ფაქტო აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაიყვანეს სამუშაოდ აფხაზური “პარლამენტის” ორი დეპუტატიც: გაგრის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებლად იური ხაგუში (დაბ. 1985 წ.) დაინიშნა, დე ფაქტო შს მინისტრად – მილიციის პოლკოვნიკი დიმიტრი დბარი (დაბ. 1984 წ,).

და ბოლოს, ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ბესლან ეშბა (დაბ. 1967 წ.), რომელიც მანამდე აფხაზური დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი და ორჯერ დე ფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერი გახლდათ, ამჯერად სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს.

ბევრმა აფხაზმა ინტერნეტ-მომხმარებელმა უკვე გამოთქვა პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ “ბიუროკრატიული აპარატის “გაბერილობას” ადამიანები აფხაზეთში მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნისას აკრიტიკებენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი რატომღაც აღარ აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ პირველი ვიცე-პრემიერისა და კიდევ სამი ვიცე-პრემიერის არსებობა – ეს უკვე გადამეტებაა”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S