
მედპერსონალის კატასროფული უკმარისობის პირობებში კრემლი COVID-19-თან ბრძოლას სტუდენტებს აიძულებს
04/05/2020 18:02:18 მსოფლიო
ბოლო დღეებში რუსულ ოპოზიციურ მედიასაშუალებებში სულ უფრო ხშირად ჩნდება ცნობები COVID-19-ის პანდემიის ფონზე მედპერსონალის კატასტროფული უკმარისობის, კლინიკებში საშინელი სამუშაო პირობების, მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების აუტანელი დეფიციტის შესახებ. პრობლემის რეალურ არსებობაზე მეტყველებს სანქტ-პეტერბურგის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მის საიტზე უამრავი ვაკანსიის გამოქვეყნებაც. საუბარი უმთავრესად საშუალო და დაბალი რგოლის მუშაკებზე.
ამ ფონზე 27 აპრილს რუსეთის განათლების სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლითაც სამედიცინო სასწავლებლები დაავალდებულა, 1 მაისიდან მაღალი კურსების სტუდენტები “პრაქტიკაზე” კოვიდინფიცირებული პაციენტების მიმღებ სამედიცინო კლინიკებში გაგზავნონ. როგორც ჩანს, სწორედ ამ გზით გადაწყვიტა ხელისუფლებამ სამედიცინო პერსონალის კატასროფული დეფიციტის პრობლემის შემსუბუქება.
და მართალია, მოსკოვში სტუდენტებს თვეში 100 ათასი რუბლის გადახდას დაჰპირდნენ, თუმცა მათ დიდ ნაწილს ამ დაპირების არ სჯერა, რეგიონებში კი ანაზღაურების ოდენობა ჯერ საერთოდ არ დასახელებულა. ამ პირობებში, როგორც “Север.Реалии”-ს კორესპონდენტმა გაარკვია, სტუდენტების უმრავლესობას სამინისტროს ხსენებული გადაწყვეტილება სულაც არ ახარებს.
"შოკში ვიყავი, როცა ჩვენი უნივერსიტეტის საიტზე დავინახე ცნობა მე-4-მე-5 კურსის სტუდენტების კოვიდ-ინფიცირებულებთან მუშაობაში ჩართვის შესახებ, – ამბობს პეტერბურგის მეჩნიკოვის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ელისაბედი (სახელი შეცვლილია). – ვაცნობიერებდი, რომ ეს განათლების შესახებ არანაირ ფედერალურ კანონს არ შეესაბამება და რომ ჯანდაცვის სამინისტროს უფლება არ აქვს, სასწავლო გეგმა იძულებით შეგვიცვალოს".
ელისაბედი მაღალი კურსების იმ სტუდენტებს დაუკავშირდა, რომლებიც ბოლო წლებში უკვე მუშაობენ სხვადასხვა კლინიკებში. "ბევრმა მათგანმა მითხრა, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მიღება მხოლოდ ახლა დაიწყეს, მანამდე კი განყოფილებებში მხოლოდ რესპირატორები მოიპოვებოდა და მათი შეძენაც ბევრს საკუთარი სახსრებით უწევდა", – ყვება სტუდენტი.
იგივეს ამბობს ამ სასწვლებლის მე-6 კურსის სტუდენტი ანტონი (სახელი შეცვლილია), რომელიც უკვე ორი წელია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯანელიძის სახელობის ინსტიტუტში გაანაწილეს:
“კლინიკა საერთოდ არ მარაგდება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. ექიმები ერთ ნიღაბს მთელი დღე-ღამის განმავლობაში იყენებენ. არის ასევე ერთჯერადი მოსასხამი, რომელსაც უკვე მეორე კვირაა, ვიყენებ. პერსონალი მასობრივად ინფიცირდება. არაეთ განყოფილებაში ექიმებიდან უკვე აღარავინ დარჩა”.
“რადიო თავისუფლებამ” კლინიკას ამ ინფორმაციის დაზუსტება სთხოვა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია. პეტერბურგის ჯანდაცვის კომიტეტში კი ჟურნალისტს განუცხადეს, რომ "ქალაქი არ არის პასუხისმგებელი ფედერალური დაწესებულებების ინდდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფაზე".
ელისაბედმა სასწავლებლის ხელმძღვანელობას სთხოვა, მიეწოდებინა ინფორმაცია ინფიცირების რისკისა და შრომის პირობების შესახებ, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:
"თქვენ ხომ მომავალი ექიმები ხართ, იცოდით, სად მოდიოდით და თუ მუშაობა არ გსურთ, აკადემიური შვებულება აიღეთ. ამასთანავე, შესაძლოა, დაგეკისროთ დისციპლინარული სასჯელიც, სტიპენდიის შეწყვეტისა და სასწავლებლიდან გარიცხვის ჩათვლით".
ამასთან, როგორც ელისაბედი ყვება, სასწავლებელთან კონტრაქტი იმგვარადაა შედგენილი, რომ ყველაფერზე, რაც სტუდენტს პრაქტიკის დროს შეიძლება, დაემართოს, თავად ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას იხსნის და მას სრულად სტუდენტს აკისრებს.
სტუდენტებმა, რომლებსაც მსგავს პირობებში პრაქტიკის გავლა არ სურთ, ერთიანი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და პეტიციაც შეადგინეს. ისინი მიმართავენ სასწავლებისა და რეგიონის ხელმძღვანელობას და განმარტავენ, რომ სურვილი აქვთ, პაციენტებს დაეხმარონ, მაგრამ არა ამ პირობებში, როცა საფრთხე შეიძლება, შეექმნას მათი შვილებისა და ხანდაზმული ახლობლების სიცოცხლეს.
საპასუხოდ სასწავლო ნაწილმა ახალგაზრდებს პრაქტიკის გავლაზე უარის თქმის სპეციალური ფორმები დაურიგა შესავსებად, მაგრამ მათში საუბარია უარის თქმაზე ზოგადად პრაქტიკის გავლაზე და არაა დაზუსტებული კოვიდინფიცირებულებთან მუშაობის შემთხვევა.
“მედპერსონალს რუსეთში ექცევიან, როგორც პირუტყვს”
რაში დასჭირდა რუსეთის ხელისუფლებას, კოვიდინფიცირებულებთან სამუშაოდ იძულებით პრაქტიკაზე სტუდენტების საკმაოდ მოწყვლადი ჯგუფის გადასროლა?
“მედპერსონალი ხომ რუსეთში ვადაგასულ ჩვრად გამოიყენება. ექიმებს ისე ექცევიან, როგორც პირუტყვს, ამიტომაც მათი დიდი ნაწილი სამსახურს ტოვებს. არადა, ვიღაც ხომ უნდა ებრძოლოს კორონავირუსს? - ჰოდა, ახლა ჩვენი გადასროლა გადაწყვიტეს", – ამბობს მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სამედიცინო უნვერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტი კრისტინა (სახელი შეცვლილია).
თუმცა რით შეიძლება, დაეხმარონ კორონავირუსთან ბრძოლაში სახელმწიფოს სტაციონარებში მუშაობის პრაქტიკის არმქონე სტუდენტები – მისთვის გაუგებარია:
"ეს ოლუზიაა, თითქოს სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ადამიანს პაციენტების დამოუკიდებლად მკურნალობა შეუძლია. სტაციონარში პრაქტიკა ერთხელაც არ გვქონია. შემიძლია, თუნდაც 300 თეორიული ტესტი გავაკეთო კორონავირუსთან ბრძოლის თემაზე, მაგრამ რეალურ დახმარებას ვერავის გავუწევ. მოუმზადებელი სტუდენტი ე.წ. “წითელ ზონაში” მუშაობას, რაღა თქმა უნდა, ვერ შეძლებს, თავადაც დაავადდება და ყველა ახლობელსაც გადასდებს ინფექციას”.
კრისტინას თქმით, პრორექტორმა ონლაინ-თათბირის დროს ყველას მკაცრად მიანიშნა, რომ კოვიდპაციენტებთან სტაციონარებში მუშაობა სასწავლო პროგრამის სავალდებულო ნაწილია და მის გარეშე ჩაითვლება, რომ სტუდენტმა პროგრამა არ გაიარა, ასეთი ახალგაზრდები კი სახელმწიფო გამოცდებზე არ დაიშვებიან.
ისევე, როგორც ხსენებული სასწავლებლის ბევრი სხვა სტუდენტი, კრისტინაც ფასიან ფაკულტეტზეა, სწავლების 5 წელიწადში მისმა ოჯახმა უკვე 1,5 მლნ რუბლი გადაიხადა და ახლა, სასწავლო გეგმის მოულოდნელი ცვლილების მიუხედავად, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სწავლის საფასურის შეცვლას არ აპირებს.
"გამოდის, ფული უნდა ვიხადო იმაში, რომ გაუგებარ პირობებში ვიმუშავო კოვიდინფიცირებულებთან?! “წითელ ზონაში” მუშაობაში თქვეში 100 ათას რუბლს გვპირდებიან, თუმცა არავინაა დარწმუნებული, რომ ამ თანხას მივიღებთ – აგერ, ჩემს ნაცნობ სტუდენტსაც დაჰპირდნენ, რომელმაც ეს “პრაქტიკა” უკვე დაიწყო და 100-ის ნაცვლად მხოლოდ 15 000 მიიღო.... “მწვანე ზონაში” მუშაობა კი საერთოდაც უფასოა, არადა, უფრო საშიშიც კია, რადგან ამ ზონაში ექიმები საერთოდაც დაცვის საშუალებების გარეშე მუშაობენ, მერე კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბრუნდებიან ოჯახებში, სადაც შეიძლება, ყველა დააინფიცირონ” – ამბობს კრისტინა.
“ამოავსონ ხვრელები”
პესიმისტურადაა განწყობილი მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო-სტომატოლოგიური უნივერსიტეტის მე-6 კურსის სტუდენტი ედგარ ოგანიანიც.“ოფიციალურად, განრიგის მიხედვით, მე-6 კურსს აქვს პრაქტიკა აკრედიტაციის ფარგლებში. წელს აკრედიტაცია კორონავირუსის გამო არ გვექნება. ამის ნაცვლად გვაგზავნიან სამუშაოდ კორონავირუსის მქონე პაციენტების განყოფილებებში. ამასთან, არანაირი ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ გავივლით სტუდენტები ამ პრაქტიკას, არ არსებობს. უბრალოდ გვთხოვეს, კორონავირუსის შესახებ სწავლების დისტანციური კურსი გაგვევლო და დავრეგისტრირებულიყავით მედიკოსების ან სამედიცინო კოლეჯდამთავრებულების საიტზე. მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ სტუდენტები ვართ! ანუ, გვაიძულებენ, დავაფიქსიროთ იმთავითვე ყალბი ცნობები ჩვენი განათლების დონის თაობაზე", – ამბობს ოგანიანი.
პრაქტიკის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში სტუდენტს აკადემიური დავალიანება ემუქრება, რიგ შემთხვევებში კი – სასწავლებლიდან გარიცხვაც კი, - დასძენს სტუდენტი.
მისივე ინფორმაციით, სასწავლებლის ხელმძღვანელობამ ყველა მაღალკურსელს ცხრილი დაუგზავნა, რომელშიც თავისი მონაცემები უნდა შეიყვანონ და დააფიქსირონ, მზად არიან თუ არა, კორონავირუსის მქონე ავადმყოფებთან იმუშავონ. ცხრილის ბოლოს ჩამოთვლილია უარის თქმის მიზეზები. ფეხმძიმობა მათ შორის მითითებული არ არის. საპატიო მიზეზებად ითვლება მხოლოდ თავად სტუდენტის ან მისი ოჯახის წევრების მიერ ქრონიკული დაავადებების ქონა, ოჯახის ხანდაზმული წევრების ყოლა, სხვა რეგიონში თვითიზოლაციაში ყოფნა, საერთო საცხოვრებელში ცხოვრება.
ოგანიანმა პრაქტიკის გავლაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ ინფიცირების შემთხვევაში შიშობს, ხანდაზმული ნათესავები დააინფიციროს.
"ხელისუფლებამ სტუდენტების მოზიდვა გადაწყვიტა, რათა ჯანდაცვის სისტემაში გამოვლენილი ხვრელები შეავსოს: ექიმები სამსახურებს ტოვებენ – ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და თუნდაც მინიმალური ანაზღაურების გარეშე მუშაობა შეუძლებელია", – თვლის მომავალი სტომატოლოგი.
იძულებაზე უარის თქმა
ურალის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი არინა (სახელი შეცვლილია) დარწმუნებულია, რომ ვითარების შეცვლა მხოლოდ არსებული მდგომარეობის ხალხის სამსჯავროზე გატანითაა შესაძლებელი. ამიტომაც იგი განათლების სამინისტროს ბრძანებით დაზარალებულ სხვა თანატოლებთან ერთად შეურთდა მოძრაობას კორონავირუსთან ბრძოლაში მედიკოსი სტუდენტების მობილიზების წინააღმდეგ.
სტუდენტებმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას რიგი მოთხოვნები წაუყენეს, რომელთა შორისაა “იძულებაზე უარის თქმა”: სტუდენტებმა კორონავირუსით ინფიცირებულებთან მუშაობის პრაქტიკის გავლის გადაწყვეტილება მხოლოდ ნებაყოფლობით უნდა მიიღონ, ხოლო მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სათანადოდ უნდა იყვნენ უზრუნველყოფილები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და გარანტირებული ჰქონდეთ დაპირებული ანაზღაურება.
არინას სასწავლებელში სტუდენტების ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობაში ჩართვის ვადები ჯერ დაზუსტებული არ არის.
“Север.Реалии”-ს კორესპონდენტმა შესაბამისი ინფორმაცია ყველა ზემოთჩამოთვლილი უმაღლესი სასწავლებლიდან გამოითხოვა, მაგრამ პასუხები ამ დრომდე არ მიუღია.