მწიფდება თუ არა კორონა-კატასტროფა ცხინვალის რეგიონში?

07-05-2020 11:58:36 კონფლიქტები

COVID-19-მა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონშიც შეაღწია: გამოვლენილია პირველი სამი ინფიცირებული. მათგან ორი ახალგორელი დედა-შვილია (ბავშვი 6 წლისაა), დაბრუნებული ვლადიკავკაზიდან, სადაც ისინი სხვა დაავადებებისგან მკურნალობდნენ, მესამე კი – სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლების 14 წლის კურსანტი, რომელიც რუსეთიდან რამდენიმე დღის წინ სხვა თანაკურსელებთან ერთად დაბრუნდა (სულ რუსეთიდან უახლოეს დღეებში 300-მდე კურსანტის დაბრუნებას ელიან). ამგვარად, სამივე ინფიცირებული რუსეთიდანაა შესული და ორი მათგანი არასრულწლოვანია.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, რომელსაც თბილისმა არაერთგზის შესთავაზა დახმარება, საკმარისი დრო ჰქონდა ამ საფრთხისთვის მოსამზადებლად. თუმცა ადგილობრივი ექსპერტები თანხმდებიან, რომ პანდემიისთვის არანაირი მზაობა არ არსებობს და ის დაახლოებით თვენახევრიანი “ფორა”, რომელიც დე ფაქტო მმართველებს გააჩნდათ, ფაქტობრივად ფუჭად დაიკარგა.

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით პირველი ინფიცირებულების გამოვლენის შემდეგ არსებულ ვითარებას ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში აღწერს. მისი ინფორმაციით, “არაერთი ადგილობრივი შეშინებულია, რადგან არ ენდობა საავადმყოფოს და სრულიად სამართლიანადაც”.

“პირველი ინფიცირებულები გამოვლინდა სამხრეთ ოსეთში. მათგან ორი - ჩვენს რაიონში. ორივე საკარანტინო ზონაში იყო. ისინი ცხინვალში საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მათთან კონტაქტში მყოფი რამდენიმე ადამიანი კი - ცხინვალის საკარანტინო ზონაში. ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარი ექიმია. მთავარი ექიმი რომ მათთან კონტაქტში შევიდა - ადასტურებს კარანტის პირობების არასრულყოფილ დაცვას. დღეს მთელი დღე საავადმყოფოდან უშედეგოდ უკავშირდებოდნენ რაიონის ადმინისტრაციის უფროსს - ვერ მოძებნეს. ესეც - ჩვენი მდგომარეობის აღწერა…. არაერთი ადგილობრივი შეშინებულია, რადგან არ ენდობა ჩვენს საავადმყოფოს და სრულიად სამართლიანადაც: მედიცინისგან აქ მხოლოდ შენობა დარჩა, რამდენიმე პროფესიონალის იმედზე – პერსონალის 80 % სახელისუფლებო მფარველების რეკომენდაციითა დანიშნული და კუნთში ნემსის გაკეთების და წნევის გაზომვის იქით არ ღირს, რამე ანდო. ზოგადად კი გადაჭარბებულია შეფასება ხელისუფლების ეფექტურ ზომებზე. რომელ ზომებზეა საუბარი? კარანტინი კარანტინს არ ჰგავდა და უმეტესობა დაწესებულებებისა ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, უბრალოდ გვიან დაფიქსირდა. გულწრფელად ვგულშემატკივრობ იმ მედპერსონალს, ვისაც ავადმყოფებთან მოუწევს მუშაობა”, – წერს მეარაყიშვილი.

ადგილობრივ ექსპერტებს ეეჭვებათ, რეგიონში ამ დრომდე რეალურად მხოლოდ სამი ინფიცირებული იყოს. ისინი შემთხვევათა გამოვლენის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებენ და ურჩევენ მოსახლეობას, პანდემიისთვის სრული მოუმზადებლობის პირობებში საკუთარ თავზე თავად იზრუნოს.

ყოფილი დე ფაქტო დეპუტატი, ექსპერტი როლანდ ქელეხსაევი ფაქტობრივად დარწმუნებულია, რომ ოკუპირებულ რეგიონში ბევრი უსიმპტომო მოქალაქე რჩებათ შეუმჩნეველი, ბევრიც – სიმპტომებიანი – რუსული წარმოების ტესტების უვარგისობის გამო:

“დღემდე არსებობდა რესპუბლიკაში შემომსვლელთა კონტროლის ორი ძირითადი ინსტრუმენტი – სავალდებულო კარანტინი და ტესტები. მაგრამ კარანტინი კორონავირუსს ავლენს მათში, ვისაც ორი კვირის განმავლობაში დაავადების სიმპტომები უვლინდება, არადა, ინფიცირებულთა დაახლოებით ნახევარში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში (მაგალითად, სტუდენტებში, რომლებიც რუსეთიდან ბრუნდებიან) დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს... ნოვოსიბირსკული «Вектор»-ის მიერ დამზადებული ტესტები კი ხშირად იტყუება, ამიტომაც მათზე, როგორც დიაგნოსტირების ძირითად საშუალებაზე, რუსეთში უკვე უარს ამბობენ; მას შემდეგ, რაც ამ ტესტების 60%-იანი ცდომილება დადასტურდა, იგივე ჩრდილოეთ კავკასიაში უფრო კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გადადიან. ჩვენთან ერთადერთი ასეთი აპარატია და, როგორც ვიცი, არც ისაა მუშა მდგომარეობაში. ამასთანავე, ტომოგრაფია კორონავირუსის უკვე გართულებას – პნევმონიას ავლენს, ასე, რომ უსიმპტომო პაციენტები კვლავ აღურიცხავები რჩებიან. ამგვარად, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ბევრი ინფიცირებული უბრალოდ შეუმჩნეველი არ დაგვრჩა. ასეთ ვითარებაში, ვფიქრობ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ გვაქვს ინსტრუმენტარი რეალური ვითარების შესაფასებლად; არ გვაქვს შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობაც და ერთადერთი, რაც გვაქვს – ეს არის ცოდნა იმისა, როგორ დავიცვათ თავი. სწორედ ამ ცოდნას უნდა დავეყრდნოთ” – ამბობს ქელეხსაევი.

პოლიტოლოგი დინა ალბოროვა კი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ფაქტობრივად დანგრეული ჯანდაცვის სისტემის პირობებში ოკუპირებულ რეგიონში ძალიან ბევრია ადამიანი დაბალი იმუნიტეტით, შაქრის დიაბეტით, ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებებით, თანაც არა მარტო ხანდაზმული – ბავშვიც ბევრი ავადმყოფობს და ყველა მათგანი რისკ-ჯგუფს განეკუთვნება.

«თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს საკუთარ თავზეც და გვერდში მყოფებზეც. ჩვენ კვლავ გვმართებს მობილიზება, რადგან აბსოლუტურად არ ვართ მზად შესაძლო ეპიდემიისთვის – არც ექიმები არიან მზად. პირველ რიგში, გონება უნდა ჩავრთოთ ყველამ – ხელისუფლებამაც და რიგითმა მოქალაქეებმაც, თითოეულმა უნდა დავიცვათ საკუთარი თავი. მაგრამ რას ვხედავთ სადღეისოდ? - ქუჩებში უამრავი ხალხია და ყველა უნიღბოდ დადის! თუმცა ნიღბები არც გაყიდვაშია.... აქ უკვე ხელისუფლების მიმართ ჩნდება კითხვა: აპირებს თუ არა დღეიდან მაინც თუნდაც ელემენტარული დაცვის უზრუნვეყოფას? - ნიღბებით, ხელთათმანებით, დეზინფიცირების საშუალებებით….აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ აუცილებელია შენობების, ქუჩების დამუშავება და ა.შ. ვფიქრობ, ყველა საბავშვო ბაღი და სასწავლებელიც უნდა დაიკეტოს 1 სექტემბრამდე – ამ დროის განმავლობაში არავინ დაჩლუნგდება» - ამბობს ექსპერტი.

როგორც ჩანს, შეშფოთებულია არა მარტო მოსახლეობა და საექსპერტო თანამეგობრობა, არამედ ახლა უკვე დე ფაქტო ხელისუფლებაც, რომელიც დღემდე ჯიუტად უკუაგდებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების არაერთ შეთავაზებას კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების თაობაზე და აცხადებდა, “ყველაფერში სტრატეგიული პარტნიორი – რუსეთი დამეხმარებაო”….

გასული 1,5 თვლის განმავლობაში თავად რუსეთში პანდემიის მხრივ მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, რუსული მედია აქტიურად ავრცელებს შემაშფოთებელ ცნობებს ინფიცირებულთა სულ უფრო მზარდი რაოდენობის, ხელისუფლების მიერ გარდაცვლილთა რიცხვის ათ- და ასჯერადად ხელოვნურად შემცირების, მედპერსონალისა და დაცვის საშუალებების კრიტიკული დეფიციტის – ერთი სიტყვით, სრული კატასტროფის შესახებ; ცხინვალის ოკუპირებულმა რეგიონმა კი ამ 1,5 თვის განმავლობაში “სტრატეგიული პარტნიორისგან” “დახმარება” მხოლოდ უვარგისი ტესტ-სისტემებისა და ინფიცირებულთა ექსპორტირების სახით მიიღო... ახლა, როცა პირველი სამი ინფიცირებულიდან სამივე სწორედ რუსეთიდან აღმოჩნდა დაბრუნებული და მათგან ერთი კურსანტია რუსეთის სამხედრო სასწავლებლების სტუდენტების იმ 300-კაციანი ჯგუფიდან, რომლის ეტაპობრივი დაბრუნება ცხინვალის რეგიონში 5 მაისიდან დაიწყო (ნოვოსიბირსკის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის 6 და რიაზანის სამხედრო-საჰაერო სასწავლებლის 20 კურსანტი 5 მაისს ძაუსის (ოსური სახელწოდება) რაიონულ საავადმყოფოში განათავსეს, უახლოეს დღეებში კი ელიან კურსანტების დაბრუნებას სანქტ-პეტერბურგიდან, მოსკოვიდან, ბლაგოვეშჩენსკიდან, - სულ 300 სტუდენტის), დე ფაქტო ხელისუფლების “საპარტნიორო” ოპტიმიზმს, როგორც ჩანს, ცოტა არ იყოს და წყალი შეუდგა: წუხელ ცნობილი გახდა, რომ 10-დან 17 მაისის ჩათვლით რუსეთთან დე ფაქტო საზღვარი სრულად ჩაიკეტება – უკლებლივ ყველა მოქალაქისათვის და სატვირთო ტრანსპორტისთვისაც კი. როგორც ამასთან დაკავშირებით დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განმარტა, «რესპუბლიკას დრო სჭირდება, რათა კარანტინში განათავსოს, გამოიკვლიოს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს დაბრუნებულ მოქალაქეებს, მათ შორის – სამხედრო სასწავლებლების კურსანტების დიდ ჯგუფს».

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები