
რუსეთი აშშ-ისგან ხელოვნური სუნთქვის აპარატების მიღებას დასთანხმდა
08/05/2020 09:48:50 მსოფლიო
დონალდ ტრამპმა განაცხადა ვლადიმირ პუტინის თანხმობის შესახებ მის წინადადებაზე, რუსეთს კორონავირუსულ ინფექციასთან საბრძოლველად ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები მიაწოდოს, - იუწყება “Reuters” ორი ქვეყნის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის დეტალებზე დაყრდნობით.
მანამდე თეთრმა სახლმა და კრემლმა ამ საუბრის სხვა დეტალები განასაჯაროეს. კერძოდ, აღინიშნა, რომ განხილული იყო მსოფლიოში კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის კუთხით, ასევე ნავთობის ბაზარზე არსებული ვითარება. პუტინის მხრიდან ითქვა, რომ OPEC-თან დადებული ახალი შეთანხმება “დროული” იყო, რადგან “1 მაისს ამოქმედებულმა დოკუმენტმა უკვე მოახდინა პოზიტიური გავლენა ფასების სტაბილიზაციაზე”. პრეზიდენტებმა იმსჯელეს ასევე შეიარაღების კონტროლის თემაზე და ტრამპმა შესაბამის შეთანხმებებში ჩინეთის ჩართვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
ცნობისთვის: საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებამ, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის 30 წლის წინ დაიდო, გასულ წელს მოქმედება შეწყვიტა. ვაშინგტონმა მოსკოვი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და გასვლის შესახებ განაცხადა. ამ პოზიციას ნატო-მაც დაუჭირა მხარი. თავის მხრივ, რუსეთმა ბრალდება უარყო და ასევე გააკეთა განცხადება შეთანხმებიდან გასვლის შესახებ.
გარდა ამისა, აშშ სტრატეგიული შემტევი შეიარაღების სამომავლო შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ შეთანხმების პროლონგაციის ბლოკირებით დაიმუქრა. ეს დოკუმენტი, რომელსაც ვადა მომავალ წელს ეწურება, ბოლო მსხვილ შეთანხმებად ითვლება ბირთვული არსენალების შემცირების მიმართულებით.
2014 წელს ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთის ურთიერთობები დასავლეთთან, მათ შორის აშშ-სთან მკვეთრად დაიძაბა. რიგი ექსპერტები მათ მდგომარეობას “ცივი ომის” დროინდელს ადარებდნენ. თავის მხრივ, მოსკოვი ყირიმის მიერთებას “ისტორიული სამართლიანობის აღდგენად” აცხადებს.