სააკაშვილი, უკრაინა და საქართველო: რატომ ვერ იმუშავა დიპლომატიამ

08-05-2020 15:55:54 საგარეო პოლიტიკა ,კომენტარი

როგორც ჩანს, ერთ დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწუნებულმა, თუმცა უკრაინის შემთხვევაში გამოყენებულმა მეთოდმა, „პარტნიორები ღია წერილებით არ ურთიერთობენო“ (საქართველოს პრემიერმა ბრძანა, როდესაც ამერიკელმა კონგრესმენებმა ერთმანეთის მიყოლებით ღია წერილებით გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემაზე უარის თქმის შესახებ), შედეგი არ გამოიღო: უკრაინაში წაიკითხეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდენტის, დეპუტატების ვრცელი უსტარები და საბოლოოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში ვიცე–პრემიერად არა, მაგრამ რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, თან ვოლოდიმირ ზელენსკიმ „შემოითვალა“, „ეს ჩვენი პოლიტიკაა. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა… მე კი უკრაინის პრეზიდენტი ვარო“. ამდენად არც საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის „მოლოდინი“ გამართლდა, ყოფილი პრეზიდენტის „ყავის მომდუღებლად“ გამწესების თაობაზე. თუმცა აქ მთავარი სხვა საკითხია – რატომ არ აღმოაჩნდა საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პარტნიორებთან ურთიერთობაში საკმარისი გავლენა და როგორ აისახება გადაწყვეტილება პარტნიორებს შორის ურთიერთობაზე? თბილისმა უკრაინიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. მართალია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი ამბობს, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა არ განიხილებაო, მაგრამ საკითხავია, ამ ურთიერთობებს ხომ არ გადახედეს თავად უკრაინაში?

როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე „აქცენტთან“ ამბობს, გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის დეკლარირებული პარტნიორობის მიღმა არსებობს გარკვეული უთანხმოებები, რაც ბევრ რამეში ვლინდება, მათ შორის:

  • საქართველო ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ შეურთდა;
  • საქართველოს არ შეუძლია საერთაშორისო არენაზე მანევრირება.

„საქართველოს დიპლომატია უშვებდა შეცდომას – საქართველო და უკრაინა ერთიან პაკეტში არ განიხილებოდა. არა და ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, სამწუხაროდ, საქართველოში მომხდარის ლოგიკური გაგრძელებაა. ამიტომ, გვჭირდებოდა, რომ სადაც კი უკრაინა ჩანდა, ყველგან მის გვერდით ვყოფილიყავით. ამასთან, ცოტა „უცნაური“ ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან: ერთ მხარეს ანგარიშზე გვაქვს სამი ეთნიკური წმენდა, მუდმივი განგრძობადი ოკუპაცია, ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია და იმავდროულად, რუსეთი მესამე ეკონომიკური პარტნიორია და ქალბატონი თურნავას [ეკონომიკის მინისტრი] სიტყვებით, ერთ–ერთ პირველებს რუს ტურისტებს გავუხსნით საზღვრებს, მერე რა, რომ მხოლოდ მოსკოვში 70 000–ზე მეტი ინფიცირებულია.

ეს ანომალიური ურთიერთობები ჩვენს დიპლომატიას არათანმიმდევრულს ხდის, რაც საბოლოო ჯამში აისახება ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე და ამან უკრაინაში გააჩინა განცდა (მაქვს უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია), საქართველო არაა სათანადოდ წარმოდგენილი უკრაინის პარტნიორ და მხარდამჭერ სახელმწიფოებს შორის და აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი პოზიცია უკრაინის პოლიტიკური ელიტისთვის ბოლომდე მისაღები და გასაგები ვერ იქნებოდა“.

მისი დაკვირვებით, „იკვეთება, რომ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პოსტსაბჭოთა რეგიონში არ აქვს იმხელა ავტორიტეტი, რომ მისი პოზიცია გაითვალისწინონ:

„ხომ არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს პოზიცია გაითვალისწინონ აშშ–ში, ბრიტანეთში, იაპონიაში, კანადაში, რუსეთში... ავტორიტეტი კი იქმნება პრინციპული და პროაქტიური საგარეო პოლიტიკით, პარტნიორებთან ურთიერთობებით. როგორც ჩანს, ჩვენს დიპლომატიას ეს აკლია. ადვილია, სხვისკენ გაიშვირო ხელი და ელჩი გამოიწვიო, მაგრამ დაისვა საკითხი, რა არ გააკეთა დიპლომატიამ სწორად? მახსენდება მომენტი, როდესაც საქართველომ გაერო–ს გენასამბლეაზე პალესტინის ავტონომიის მხარდამჭერ გადაწყვეტილებაში მიიღო მონაწილეობა. მაშინ ისრაელის ელჩმა საკითხი შემდეგნაირად დასვა: „ეს ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობების გადახედვას გამოიწვევსო“. საქართველოში ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა კი უპასუხა, „ეს ორი ქვეყნის ურთიერთობის გადახედვას არ უნდა იწვევდეს, მაგრამ ელჩის პოზიციის გადახედვას კიო“. შესაბამისად, კითხვა უნდა დაისვას, ჩვენ უკრაინასთან რა ვერ დავალაგეთ ისე, რომ მათ საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის მსგავსი დისკომფორტის შემქმნელი გადაწყვეტილება არ მიეღოთ?“.

როგორც გობრონიძე ამბობს, „როდესაც ვერ ახერხებ, პარტნიორ სახელმწიფოს გვერდში დაუდგე, ბუნებრივია, რომ პარტნიორი პოლიტიკური ელიტის პოზიციას არ გაიზიარებს“:

„რომ გამოდიან და სერიოზული სახით აკეთებენ კომენტარებს უკრაინასთან ურთიერთობების გადახედვის თაობაზე, ეს ურთიერთობები ჯერ კიდევ კიევში ხომ არ გადაიხედა, როდესაც ჩვენგან არ გამოჩნდა სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა? როდესაც საქართველოში ომი იყო, უკრაინის ორი პრეზიდენტი ჩამოვიდა თბილისში, ჩვენგან მსგავსი მხარდაჭერა დაფიქსირდა, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო? იუშენკო [უკრაინის იმჟამინდელი პრეზიდენტი] თბილისში სააკაშვილთან პერსონალური ურთიერთობის გამო არ ჩამოსულა, მას ესმოდა, რომ თუ აქ რუსეთი დაუსჯელი დარჩებოდა, შემდეგი სიაში უკრაინა იქნებოდა და ასე მოხდა კიდეც. ჩვენ ადეკვატურ პარტნიორობას ვაჩვენებთ, თუ მსოფლიოა ჩვენგან დავალებული? აქედან ხომ არ დაიწყო ქართულ–უკრაინული ურთიერთობების გადახედვა?“

რაც შეეხება უშუალოდ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშნვის საკითხს, გობრონიძისთვის მკვლევარის პოზიციიდან საინტერესოა:

„საერთაშორისო პოლიტიკაში ისედაც არ ვართ განებივრებული პრეცედენტებით, როდესაც ერთი სახელმწიფოს პრეზიდენტი მეორე სახელმწიფოში რაიმე წამყვან თანამდებობაზე ინიშნება. შესაბამისად, ეს შემთხვევა, მკვლევარის პოზიციიდან რომ შევხედოთ, საინტერესოც და უნიკალურიცაა“.

მეორეს მხრივ, გობრონიძე ფიქრობს, რომ ეს უკრაინას პოლიტიკურ კლასში სერიოზულ კრიზისზე მიუთითებს:

„უკრაინა ვერ ახერხებს, ქვეყნის შიგნით მოიძიოს ძალა, რომელსაც რეფორმების განხორციელება შეუძლია. კი ბატონო, სააკაშვილის ადმინისტრაცია იდეალური რეფორმატორი იყო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მაგრამ უკრაინაში არ ითვალისწინებენ იმ მთავარ კონტექსტს, რომ სააკაშვილმა საქართველოში „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყო. „ცარიელ ფურცელზე“ რაღაცის გაკეთება ბევრად ეფექტურია, მით უმეტეს, ძალიან პატარა სახელმწიფოში. ეს პრაქტიკა რამდენად გამოსადეგია უკრაინისთვის, მეორე თემაა, რადგან უკრაინას არ აქვს ის სასტარტო პოზიცია, რაც ჰქონდა საქართველოს და საქართველოში ჩატარებული რეფორმის სტილი და მანერა განსხვავდება იმ საჭიროებებისგან, რაც დღეს უკრაინას უდგას“.

ახალი ამბები