Accentnews.ge
დიალოგის მომხრე ასლან ბჟანიას არჩევა: მნიშვნელოვანი მომენტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, თუ არაფერი ახალი? - ექსპერტების მოსაზრებები

დიალოგის მომხრე ასლან ბჟანიას არჩევა: მნიშვნელოვანი მომენტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, თუ არაფერი ახალი? - ექსპერტების მოსაზრებები

18/05/2020 16:42:54 კონფლიქტები

2020 წლის 20 მარტს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამართულ ე.წ. „ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში“ ოპოზიციურმა კანდიდატმა - აფხაზეთის უსაფრთხოების დე ფაქტო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. ე.წ. არჩევნებს წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც ხასიათდებოდა ქუჩის დაძაბული გამოსვლებით, პროცესში რუსეთის აქტიური ჩართულობით, რაულ ხაჯიმბას გადადგომითა და ასლან ბჟანიას სავარაუდო მოწამლვის ფაქტით.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ამ თემაზე საქართველოში, აშშ-სა და ბელგიაში მოღვაწე ექსპერტების მოსაზრებებს აქვეყნებს.

კერძოდ, ექსპერტებმა უპასუხეს შემდეგ შეკითხვებს:

  • რამდენად წარმოადგენს ასლან ბჟანიას არჩევა შესაძლებლობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის, ახალი დიალოგი წამოიწყოს?
  • აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით არსებული შეუთავსებელი პოზიციების გათვალისწინებით, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველ ელიტას?
  • იმის გათვალისწინებით, რომ არსებული გეოპოლიტიკური კონიუნქტურა საკმაოდ არახელსაყრელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა თბილისსა და სოხუმს?

დოქტ.ბრუნო ვრეჯის კოპიტერსი, ბრიუსელის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი:

სეცესიურ კონფლიქტებში ნაყოფიერი მოლაპარაკების ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას წარმოადგენს მხარეების მზადყოფნა, ისაუბრონ, როგორც თანასწორებმა. თანასწორობის პრინციპის ორმხრივად აღიარება აუცილებელია მაშინაც კი, როდესაც მხარეებს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ სადავო ტერიტორიის სტატუსთან დაკავშირებით. თანასწორობა შესაძლოა, სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, თუმცა ეს ვერ იქნება სუვერენული თანასწორობა, რადგან ეს უკანასკნელი მხარეების მიერ ერთმანეთის სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარებას გულისხმობს. მაგალითისთვის, ეს შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ მხარეთა წარმომადგენლებს შეუძლიათ ისეთი შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ორივე მხარისთივს სავალდებულო იქნება - სწორედ ისე, როგორც ეს ეუთო-ს ხელმძღვანელობით გამართული მოლაპარაკებების შემთხვევაში მოხდა დნესტრისპირეთის კონფლიქტთან დაკავშირებით.

ეს პრინციპი შესაძლოა, ასევე ნიშნავდეს პოლიტიკურ თანასწორობას, როგორც ეს კვიპროსის მომავალთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს მოხდა, სადაც გაეროს ჰქონდა წამყვანი როლი. თუ მხარეების საბოლოო შეთანხმების საგანი არ არის, თანასწორობის ამგვარი ფორმები მხოლოდ კონკრეტული მოლაპარაკებების ფარგლებში არსებობს, მოლაპარაკებების მიღმა კი თანასწორობა არ უნდა იქნას აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეუთავსებელი იქნებოდა სახელმწიფოთა უმრავლესობის არაღიარების პოლიტიკასთან.

საქართველო უარს ამბობს აფხაზეთისთვის თანაბარი სტატუსის მინიჭებაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატში. ამგვარი პოზიცია უსარგებლოა. მოლაპარაკებებში თანასწორობა არ უნდა იყოს გაიგივებული აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის სტატუსის ამაღლებასთან, რადგან თანასწორობა მხოლოდ ზოგადი წინაპირობაა მოლაპარაკებებში ნაყოფიერი შედეგის მისაღწევად.

ამგვარად, თანასწორი სტატუსის მინიჭება არ ეწინააღმდეგება არაღიარების პოლიტიკას, რადგან ეს უკანასკნელი სახელმწიფოდ არაღიარებას გულისხმობს, რაც სხვა საკითხია. იმედია, ქართული და აფხაზური მხარეები შეძლებენ ამ საკითხის გათვალისწინებას მომავალი დიალოგისთვის მზადების დროს.

დოქტ. მამუკა წერეთელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ცენტრალური აზია -კავკასიის ინსტიტუტი, ამერიკის საგარეო საქმეთა საბჭო

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ასლან ბჟანიას არჩევამ ძირეულად შეცვალოს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხასიათი. აშკარაა, რომ ბჟანიას საკუთარი დღის წესრიგი გააჩნია, თუმცა მოცემულობა დიდად არ იცვლება: აფხაზეთის მმართველი წრეები საქართველოსგან დამოუკიდებლობას კვლავ ითხოვენ და რეგიონი მაინც რჩება რუსული სამხედრო კონტროლის ქვეშ. ზოგადად, რუსეთის ინტერესებში არ შედის არც ამ კონკრეტული კონფლიქტის და არც მის სამეზობლოში არსებული სხვა კონფლიქტების მოგვარება, რადგან ამგვარად მონაწილე მხარეებზე ბერკეტს ინარჩუნებს.

მოსკოვის მხარდაჭერის არქონის პირობებში ბჟანიას გამარჯვება იმის მანიშნებელია, რომ ადგილობრივი პოლიტიკა მნიშვნელოვანია. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი არჩევნებში მარცხდება, რაც ცხადყოფს, რომ აფხაზი პოლიტიკოსები, რომლებსაც დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხი შენარჩუნებული აქვთ, ადგილობრივ მოსახლეობაში მეტი მხარდაჭერით სარგებლობენ, ვიდრე პრო-რუსულად განწყობილი ლიდერები.

იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ კონფლიქტის დარეგულირებას, თბილისმა და სოხუმმა უნდა სცადონ, რომ ჯანდაცვის სერვისები მოსახლეობის უფრო ფართო ნაწილისთვის და ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ასევე, მხარეებმა მხარი უნდა დაუჭირონ მცირემასშტაბიან სავაჭრო და ეკონომიკურ პროექტებს. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შედეგად მიღებული ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო სარგებლის აფხაზეთის მოსახლეობისთვის შეთავაზება, ხოლო ბჟანია უნდა შეეცადოს გალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობის ნორმალიზაციას. უფრო მკვეთრი ნაბიჯი იქნებოდა მოსახლეობის გადაადგილებისთვის საჭირო პროცედურების გამარტივება, რაც ხელს შეუწყობდა მეტ ურთიერთობებს ეკონომიკურ, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროებში. ბოლოს, ენერგოსექტორის განვითარება ორივე მხარისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად უნდა დარჩეს.

მოკლევადიან პერსპექტივაში დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ნდობის აღდგენა და დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილება ორივე მხარის გრძელვადიან ინტერესებში შედის. გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, ვაჭრობის გაზრდა, აფხაზეთისა და საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის მოსახლეობას შორის ბიზნეს- და სოციალური ინტერაქცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ მხარეს შორის ნდობის აღდგენაში.

ლორენს სკოტ შითსი, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი

რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული რაულ ხაჯიმბას გადადგომა და ასლან ბჟანიას არჩევა, რომელიც უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი კრემლის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო კონტროლისადმი, ნათლად წარმოაჩენს მოსკოვსა და სოხუმს შორის არსებული ურთიერთობის სირთულეს. „ძმური ურთიერთობების“ შესახებ გაკეთებული ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, ყველამ, ვისაც უშუალოდ უსაუბრია აფხაზეთის ან რუსეთის მმართველ პირებთან, კარგად იცის, რომ აღნიშნული ურთიერთობები უფრო მეტად პრობლემური გახდა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში.

თბილისი, რა თქმა უნდა, უნდა შეეცადოს სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კონტაქტების გაღრმავებას, რაც ყველაზე უკეთ ისეთი ნაბიჯების გადადგმით მიიღწევა, როგორიც არის ადამიანებისა და საქონლის გადაადგილების გამარტივება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. ამის გარეშე ურთიერთობების შედარებით მცირედი გაუმჯობესებაც კი შეუძლებელია.

თუმცა რუსეთის მმართველი ელიტისა და საქართველოს მიმართ მათი პოზიციის გათვალისწინებით, ნებისმიერი ძირეული ცვლილება მხოლოდ სურვილად რჩება. მართალია, ბჟანიამ დატოვა მცირე სივრცე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი თითქმის სრულად აკონტროლებს აფხაზეთს და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი აქვს დახარჯული იმისთვის, რომ მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა ჰყავდეს აფხაზეთში.

ამჟამად აფხაზეთი თითქმის სრულად არის რუსეთზე დამოკიდებული; რუსეთი აკონტროლებს აფხაზეთის მთლიან სასაზღვრო პერიმეტრს და, შესაბამისად, ვაჭრობასაც. იგი ასევე უზრუნველყოფს აფხაზეთის ბიუჯეტის შემოსავლების ნახევარზე მეტს. მართალია, რუსეთმა არ გამოიყენა ძალაუფლება ხაჯიმბას მხარდასაჭერად, თუმცა ის აუცილებლად გამოიყენებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტებს იმისთვის, რომ მანევრირების სივრცე შეუზღუდოს ბჟანიას ან სხვა ნებისმიერ ადგილობრივ ლიდერს.

პაატა გაფრინდაშვილი, დირექტორი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

რადგან კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლებელია, ქართულ-აფხაზური დიალოგი სხვა საკითხებზე უნდა ფოკუსირდეს. ეს პროცესი სტატუს-ნეიტრალურ მიდგომას უნდა დაეფუძნოს, რადგან მისი წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სავაჭრო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის პროგრამებში.

სოხუმსა და თბილისს შორის მიმდინარე თანამშრომლობა თანდათანობით საჭიროება უფრო ხდება, ვიდრე ფუფუნება, რადგან რუსეთის აგრესიული მიდგომა უფრო და უფრო შემაშფოთებელია. მართალია, აფხაზეთის მმართველ ელიტაში კვლავ არსებობს შიში იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისთან ურთიერთობების გაღრმავება მათ „დესუვერენიზაციას“ შეუწყობს ხელს, მაგრამ ბჟანიას გამარჯვება ცხადყოფს, რომ თბილისთან ეკონომიკური ურთიერთობების მიმართ მხარდაჭერა მაინც არსებობს.

თბილისმა ამგვარ შესაძლებლობას სხვადასხვა პროგრამების განხორციელებითა და გაფართოებით უნდა უპასუხოს. სოხუმმა კი, თავის მხრივ, ღიად უნდა ითანამშრომლოს თბილისთან და გამოიყენოს სტატუს-ნეიტრალური მიდგომა. ამგვარი თანამშრომლობა შესაძლოა, დაეხმაროს რეგიონს ყველაზე მწვავე პრობლემების შემსუბუქებაში. ამას თავად სოხუმიც აცნობიერებს. აფხაზეთის დე ფაქტო მმართველმა ელიტამ „პირველ რიგში აღიარების“ ფორმულის მიღმა უნდა იფიქროს და სცადოს იზოლაციის პრობლემის მოგვარება იმგვარი ნაბიჯებით, როგორიცაა ვაჭრობაზე შეზღუდვების მოხსნა და მოსახლეობისა და საქონლის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა.

უახლოეს პერიოდში თბილისსა და სოხუმს შეუძლიათ, ითანამშრომლონ Covid-19-ის გავრცელების წინაღმდეგ ბრძოლასა და დაინფიცირებულების მკურნალობის მიმართულებით. ასევე შესაძლებელია C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელებაც.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ რუსეთს ყოველთვის შეუძლია სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის პროცესისთვის ხელის შეშლა, ან სულაც მისი შეწყვეტა. თუმცა იმდენად, რამდენადაც მოსკოვს არ აქვს ანექსირებული აფხაზეთი, თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს. როგორც ამას საერთაშორისო პრაქტიკა მოწმობს, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებამ შესაძლოა, მომავალში საკითხის პოლიტიკურ მოგვარებაზე დისკუსიის დაწყებას ჩაუყაროს საფუძველი.

სტატიის ორიგინალი: http://gip.ge/

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S