მწვანე კერა: ამაზონია, როგორც კორონავირუსის მუდმივი წყარო

18-05-2020 22:48:39 ეს საინტერესოა

კატასტროფული განადგურება და “სამრეწველო ათვისება” ამაზონიის ველური რეგიონებისა, სადაც ჯერ კიდევ ნარჩუნდება ხელთუქმნელი ჯუნგლების პლანეტაზე ყველაზე მსხვილი მასივები, დედამიწაზე ახალ-ახალი საშიში დაავადებების წარმოშობას იწვევს, რომლებიც ადამიანს ცხოველებისგან გადაეცემა. COVID-19-ის პანდემიის ფონზე ეკოლოგები მოუწოდებენ კაცობრიობას, დაფიქრდეს იმაზე, რომ ამჟამინდელი კორონავირუსი შესაძლოა, მხოლოდ დასაწყისი იყოს.

რომელიმე – ჩვენთვის ამ დრომდე უცნობი მომაკვდინებელი ვირუსის შემდეგი პანდემია შესაძლოა, დედამიწაზე ამაზონიის ტროპიკული ტყეებიდან გავრცელდეს, - აცხადებს ცნობილი ბრაზილიელი ეკოლოგი, ბლოგერი და პოლიტიკური აქტივისტი დავიდ ლაპოლა. იგი გვაფრთხილებს, რომ ველური ფაუნის ბუნებრივ საარსებო გარემოში ადამიანის შეჭრა, რის გამოც დაიწყო, მაღალი ალბათობით, კორონავირუსის პანდემია, ამაზონიაში სწრაფად იმატებს ტყის მასობრივი ჩეხვის გამო. “ცივილიზაციის” შეჭრა ამაზონიის ერთ დროს სრულიად ხელთუქმნელ, ფართობით გიგანტურ ტყიან რაიონებში უამრავი ზოონოზური დაავადების წარმოშობას იწვევს.

კორონავირუსი SARS-CoV-2, როგორც უკვე თითქმის დარწმუნებულები არიან მსოფლიო მეცნიერები, ადამიანს მესამე სახეობის “გამოვლით” ღამურებისგან ჩინეთის სწრაფად ურბანიზებად პროვინცია ჰუბეიში გადაეცა. დავიდ ლაპოლა, რომელიც იკვლევს, როგორ ცვლის ადამიანის ზემოქმედება ტროპიკული ტყეების ეკოსისტემებს, დარწმუნებულია, რომ ამაზონიაში იგივე პროცესები ხდება. "ამაზონიის აუზი – ეს სხვადასხვა ვირუსების უზარმაზარი რეზერვუარია, – განუცხადა მან სააგენტო “AFP”-ს,. – და სჯობს, ბედი არ გამოვცადოთ".

ინდური ტომი მურა გაჩეხილი ტყის ადგილზე. ბრაზილია, ამაზონას შტატი

ამაზონკის აუზის ტროპიკული და წვიმის ტყეები უმსხვილესია მსოფლიოში, სწორედ ისინი ქმნიან ჟანგბადს არა მარტო ლათინური ამერიკისთვის, არამედ მთელი პლანეტისთვის. ამაზონიას უკავშირდება მსოფლიოში უმსხვილესი ეკოლოგიური კატასტროფაც: ადამიანის ზემოქმედების შედეგად გაუტყეურების პროცესის გამო ტყეების 20%-ზე მეტი უკვე სამუდამოდ არის განადგურებული.

ამაზონიის ტყეები მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიოლოგიური მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა: ცოცხალი არსებები აქ ბევრად მეტია, ვიდრე აზიისა და აფრიკის ტყეებში, ერთად აღებულში. საუბარია, კერძოდ, მცენარეთა 40 ათასზე მეტ (მათ შორის ხეების 16 ათასზე მეტ), თევზის 3 ათასზე მეტს, ფრინველების თითქმის 2 ათას, ძუძუმწოვრებისა და ქვეწარმავლების 1000-ზე მეტ, უხერხემლოების თითქმის 130 ათას სახეობაზე.

მაგრამ დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყე საშიში სისწრაფით ნადგურდება. გასულ წელს, ბრაზილიის ამჟამინდელ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს მმართველობის დასაწყისში ბრაზილიურ ამაზონიაში ტყის ჩეხვა 85%-ით გაიზარდა და წელიწადში 10 ათას კვადრატულ კილომეტრს გაუტოლდა. ეს არის ტერიტორია, რომელიც ფართობით ლიბანის, კვიპროსის, იამაიკის ან ყატარის ტერიტორიებს უტოლდება. რეგიონის გაუტყეურებაზე პასუხისმგებლები უპირველესად ბრაზილიური მთავრობის მიერ მხარდაჭერილი გიგანტური კორპორაციები არიან, თუმცა ასევე საშუალო ფერმერული მეურნეობებიც, მეშახტეები და სახერხი საწარმოები, რომლებიც ამაზონიაში ხშირად არალეგალურად მოქმედებენ.

ტენდენცია წელსაც გრძელდება. 2020 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ჯუნგლების 1200-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი განადგურდა, რაც ახალ ანტირეკორდად იქცა წლის პირველი ოთხთვიანი პერიოდის განმავლობაში, - იუწყება თანამგზავრული ფოტოებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტი (INPE).

"ეს ცუდი ამბავია არა მარტო პლანეტის, არამედ ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც, – ამბობს დავიდ ლაპოლა, რომელმაც გერმანიაში, მაკს პლანკის ინსტიტუტში სადოქტორო ხარისხი დედამიწის სისტემების მოდელირების დარგში დაიცვა, ახლა კი ბრაზილიაში, კამპინასის უნიერსიტეტში მუშაობს. – როგორც კი ახდენთ პროვოცირებას და არღვევთ ეკოლოგიურ ბალანსს, ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე “ხტება”. მსგავსი კანონზომიერება შეიმჩნევა შიდსის, ებოლას და დენგას ცხელებების კუთხითაც. ყველა ეს ვირუსი წარმოიშვა და ვრცელდება უზარმაზარი მასშტაბებით სწორედ ეკოლოგიური დისბალანსის გამო".

ბოლო დრომდე მსგავსი “ნახტომების” უმრავლესობა სამხრეთ აზიასა და აფრიკაში იყო კონცენტრირებული და ხშირად ღამურების გარკვეულ სახეობებთან ადამიანის კონტაქტებს უკავშირდებოდა. მაგრამ ამაზონკის წარმოუდგენელმა ბიოლოგიურმა მრავალფორევნებამ შესაძლოა, სწორედ ეს რეგიონი აქციოს მსოფლიოში კორონავირუსების ყველაზე დიდ წყაროდ, - დარწმუნებულია დავიდ ლაპოლა. იგი აზუსტებს, რომ საუბრობს მთლიანობაში კორონავირუსების ოჯახზე და არა კონკრეტულ სახეობებზე, რომლებიც ამჟამინდელი პანდემიის უკან დგას.

ამასთან, ეკოლოგის თქმით, ბრაზილიის მოქმედი ხელისუფლება მუდმივად ახდენს ზეწოლას ეროვნულ ბუნებადამცველ სააგენტო IBAMA-ზე, რომელიც ბოლსონარუმ გაპრეზიდენტებიდან მალევე პერსონალისა და ბიუჯეტის შემცირების პრობლემას შეეჩეხა.

ხანძრები ბრაზილიურ ამაზონიაში. 2019 წლის აგვისტო

ბოლსონარუს, რომელიც მსოფლიოში გლობალური კლიმატური ცვლილებების საფრთხის ერთ-ერთ მთავარ უარმყოფად ითვლება, არაერთხელ უთქვამს, რომ ტროპიკული ტყეების დაცვა ბრაზილიის ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს და მის განვითარებას აფერხებს. 2018 წლის არჩევნებში გამარჯვებულს, ხმათა უმრაველსობა მას სწორედ სამმა მთავარმა “სატყეო” შტატმა – ამაზონასმა, მატუ-გროსუმ და მატუ-გროსუ-დუ-სულმა მოუტანა, სადაც ტყეები ნადგურდება და მათ ადგილზე აგროკულტურული ბიზნესი ვითარდება. სასოფლო-სამეურნეო ფერმები და საწარმოები აქ ამაზონიის ჯუნგლებს უტევს, მათი მფლობელები და თანამშრომლები კი აქ უნიკალურ ფლორას, ფაუნასა და არქაული ინდური ტომების მრავალი ათასწლეულის საარსებო გარემოს ანადგურებენ.

2019 წლის ზაფხულში ამაზონიაში ამ მიზეზით კატასტროფული ხანძრები მძვინვარებდა. საძოვრებისთვის ტყეების ჩეხვამ რეგიონის ტოტალური “გამოშრობა” გამოიწვია. თუმცა ამაზონიის ტყის თვალუწვდენელი ფართობების მასობრივი გადაწვის უმთავრესი მიზეზი მაინც ხანძრების ხელოვნური გაჩენა იყო, – იმ ტერიტორიის გასაწმენდად, რომელსაც საქმოსნებისთვის შემოსავალი მოაქვს.

"ბუნება სამაგიეროს გადაგვიხდის, – ამბობს ბრაზილიელი ეკოლოგი. – მაგრამ მისი შურისძიება არა მარტო დაუნდობელი იქნება, არამედ არაშერჩევითიც. კორონავირუსსა თუ ნებისმიერ სხვა დაავადებას ხომ სულაც არ ადარდებს, ვინ ხართ – მილიარდერი მეწარმე, თუ რიგითი მეცნიერი, როგორიც მე. იგი განურჩევლად ყველას მოგვკლავს".

რადიო თავისუფლება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები