ანტიტერორისტული ცენტრი: რეალურად რაზე საუბრობდნენ ქართველი და რუსი დიპლომატები

20-05-2020 17:27:07 საგარეო პოლიტიკა ,ანალიზი

თუ აქამდე საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის პარალელურად, 2005 წელს საუბარი მიმდინარეობდა აჭარაში საქართველო–რუსეთის ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის განთავსებაზე (რაზეც საბოლოოდ თბილისმა უარი განაცხადა), საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის (მოლაპარაკებებისას საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი იყო) 19 მაისის განცხადებამ კორექტივები შეიტანა. კერძოდ, ზურაბიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ამ თემაზე გაკეთებული კომენტარი შეუსწორა და თქვა, რომ რეალურად საუბარი შეეხებოდა სამმხრივ – ნატო–საქართველო–რუსეთის ანტიტერორისტულ ცენტრს. ამ კონტექსტში პრეზიდენტმა არსობრივად ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული სიტყვები „მოსაზრება“ და „შეთანხმება“ გამოიყენა.

"იყო ეს მოსაზრება, შეთანხმებაც, რომ გახსნილიყო ანტიტერორისტული ცენტრი. ოღონდ ერთი რამე ავიწყდება [სერგეი ლავროვს], როცა ამას ახსენებს და ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი: ეს არა საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი (რომელიც მაშინ მხოლოდ ბაზის შემცველი იქნებოდა), არამედ, ნატო-საქართველო-რუსეთი [ანტიტერორისტული ცენტრი] იქნებოდა და ეს სულ სხვა ფორმატია, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი, საინტერესო ელემენტები. ამაზე ნატო–ს და რუსეთის დათანხმება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება, ეს ფორმატი მომავალში, როცა სხვა განზომილებაში ვიქნებით, ძალიან საინტერესო იყოს. იმ დროს შესაძლებელი იყო და შეიძლება, მომავალში, რამე მომენტში ჩავთვალოთ, რომ ეს საჭირო და კარგი ფორმატია რაღაცების გადასაწყვეტად. ის ფაქტი, რომ ნატოსთან ერთად კეთდება ეს, ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კარგად დავფიქრდებით, ძალიან საინტერესო,– განაცხადა "რუსთავი 2"–ის ეთერში სალომე ზურაბიშვილმა.

მაინც რაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ამ საკითხის გარკვევას „აქცენტი“ იმ პირებთან შეეცადა, რომლებიც 2004–2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყვნენ დასაქმებულები და პროცესთან და ინფორმაციასთან გარკვეული ან პირდაპირი შეხება ჰქონდათ.

ერთ–ერთი ასეთი პირი, საქართველო–რუსეთს შორის მომლაპარაკებელი ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაშაკიძე ანტიტერორისტული ცენტრის კონტექსტში ნატო–ს კომპონენტზე არათუ შეთანხმებას, მის არსებობასაც ვერ იხსენებს; ამბობს, რომ მსგავსი რამ მას არც სმენია, თუმცა იხსენებს იმ პროექტს, თუ რა ფორმატში წარმოედგინათ რუსებს საქართველოში ხსენებული ცენტრის განთავსება.

„სანამ მე ჩართული ვიყავი, ნატო–ს კომპონენტზე საუბარი არ ყოფილა.

როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თემა დადგა, იმისთვის, რომ საკითხის სწრაფად გადაწყვეტის სტიმულირება მოეხდინა, მიხეილ სააკაშვილმა [საქართველოს პრეზიდენტი] ასეთი იდეა [ანტიტერორისტული ცენტრი] შესთავაზა რუსებს, რომელსაც ისინი [რუსული მხარე] „ჩაებღაუჭნენ“ და შემდეგ საკმაო ხანი დასჭირდა, რომ მინიმუმამდე დაგვეყვანა. რუსებმა რაღაც პროექტები წარადგინეს, თუ როგორ წარმოედგინათ მსგავსი ცენტრის არსებობა. იმ მასშტაბის [პროექტები] იყო, რომ დათანხმება გამოირიცხა: მივიღებდით რუსული სპეცსამსახურების ცენტრს შესაძლო სამხედრო კომპონენტითაც, რომელსაც აქ ყოფნის ლეგალური საფუძველი ექნებოდა“,– უყვება „აქცენტს“ ვაშაკიძე.

ნატო–ს კომპონენტის არსებობის შესახებ არაფერი სმენია რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩს ვალერი ჩეჩელაშვილსაც.

„ძალიან კარგად მახსოვს, რომ რუსეთმა ახალქალაქიდან და ბათუმიდან სამხედრო ბაზების გაყვანის სანაცვლოდ ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა მოითხოვა. ამ კონცეფციას პრინციპში, ჩვენ დავეთანხმეთ, რადგან რუსეთ–საქართველოს ერთობლივი ცენტრი უკეთესი იყო, ვიდრე რუსეთის სამხედრო ბაზა. იქ ნატო–ზე არავითარ საუბარი არ იყო, ამას რუსები არ დასთანხმდებოდნენ და არც მსგავსი წინადადება ყოფილა. მაგრამ როდესაც ამ ცენტრის თაობაზე მოლაპარაკებები დავიწყეთ, გავეცანით რუსეთის კონცეფციას, რომლის თანახმადაც, უნდა ჩამოყალიბებულიყო არა საქართველო–რუსეთის ერთობლივი, არამედ რუსეთის ცენტრი, სადაც რუსეთი გადაწყვეტილებებს ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად მიიღებდა. ბუნებრივია, ამას ჩვენ ვერ დავუშვებდით თუნდაც იმის გათვალსიწინებით, რომ ცენტრზე რაღაც წვდომა გვქონოდა. ჩვენი იდეა კი იყო, რომ გადაწყვეტილებები მხარეებს შეთანხმებულად უნდა მიეღოთ, მათ შორის ცენტრში განლაგებული ძალების გამოყენებაზეც, რაც რუსეთს არ სურდა. საბოლოოდ, ბაზები ისე გავიყვანეთ, რომ ამ ცენტრზე საუბარი დამთავრდა“,– იხსენებს „აქცენტთან“ ჩეჩელაშვილი.

კითხვაზე, მაშ რას ეყრდნობა სალომე ზურაბიშვილი მსგავსი განცახდების გაკეთებისას, ჩეჩელაშვილი პასუხობს: „შეიძლება, რაღაც ეტაპზე, როდესაც ქართულ–რუსულ ცენტრზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ჩვენ ეს როგორც ერთ–ერთი წინადადება, ისე დავაყენეთ (თუმცა მსგავსი რამ მე არ მახსენდება) და ბუნებრივია, ამ წინადადებაზე რუსეთი იმთავითვე იტყოდა უარს“.

ცნობილია, რომ რუსი პოლიტიკოსები და რიგი ანალიტიკოსები ანტიტერორისტული ცენტრის იდეას კვლავ ლობირებენ, პერიოდულად კეთდება საჯარო განცხადებები მისი არსებობის საჭიროების თაობაზე, რასაც ჩეჩელაშვილი „თავხედურ წინადადებას“ უწოდებს:

„ეს იმდენად თავხედური წინადადება იქნებოდა, ვეჭვობ, რუსებს გაებედათ ამის გაკეთება. თუ ეს რომელიმე ფორმატში გაბედეს, აბსოლუტურად დაუშვებელია და ქართულ დელეგაციას მკაცრი რეაქცია უნდა ჰქონოდა: რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების ქვაკუთხედი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და დეოკუპაციაა. ამის თაობაზე კი რუსეთის საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაში მკაფიო ჩანაწერი არსებობს, თან ორ თანმიმდევრულ – 2013 და 2016 წლების დოკუმენტში. დოკუმენტში კი ვკითხულობთ, „რუსეთი მზადაა, განახორციელოს ნებისმიერი სახის თანამშრომლობა საქართველოსთან იმ პირობით, თუ საქართველომ სცნო რეგიონში ჩამოყალიბებული ახალი რეალობები“. ეს კი საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის აღიარებას გულისხმობს. ვიდრე ეს პრინციპიალური პოზიცია იქნება ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს, მიზანშეუწონლად მიმაჩნია რუსეთთან პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგის წარმოება. ქალბატონი სალომე ამბობდა, „დიალოგის მომხრე ვარ“, მაგრამ იქვე დასძენს, „დიალოგი დიალოგისთვის მიუღებელიაო“. ეს სწორედ ის შემთხვევაა, რადგან ეს დიალოგი დიალოგისთვის იქნება. რაც შეეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, ამაზე შეიძლება, ვილაპარაკოთ, თუმცა აქაც დიდი კითხვის ნიშანია, რამდენად უნდა დავუშვათ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები