ვინ მოკლა ჯუმბერ მილაძე

21-05-2020 12:14:18 კონფლიქტები ,ანალიზი

ორიოდ დღის წინ გზად ცხინვალიდან თბილისისკენ ინსულტით 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე გარდაიცვალა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მამაკაცი რამდენიმე დღის წინ ახალგორიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისთვის სათანადო დახმარება აღმოჩენილი არ ყოფილა, შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში სამკურნალოდ არ უშვებდნენ და საბოლოოდ გარდაცვალების მიზეზიც სათანადო სამედიცინო დახმარების დაგვიანება გახდა.

“ტერმინი "გარდაიცვალა" როგორც წესი, გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა ადამიანი ბუნებრივი მიზეზით – სიბერით ან ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად კვდება; როცა გარეგნულად ჯანმრთელი ადამიანი მოულოდნელად კვდება, ამბობენ, დაიღუპაო; მაგრამ თუ ადამიანი კვდება გარე გარემოებების შედეგად, რომელიც მას ვიღაცამ შეუქმნა, ამბობენ, მოკლესო. ამ თვალსაზრისით, ჯუმბერ მილაძე მოკლეს, რადგან იგი თავისი ნებით არ შეყოვნებულა, თავად არ უთქვამს უარი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღებაზე, რომელსაც სულ 20-წუთიანი სავალი გზა აშორებდა, - მას ადმინისტრაციული ზომებით აკავებდნენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ისე, რომ სათანადო სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ და ამავდროულად მისი სხვაგან მიღების უფლებას არ აძლევდნენ, - მაშასადამე, იგი მოკლეს” – წერს ამასთან დაკავშირებით “რადიო თავისუფლების” პროექტ “Эхо Кавказа”-ს ადგილობრივი მიმომხილველი მურატ გუკემუხოვი.

მისივე შეფასებით, იმ ახალ წესებს, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა ახალგორელი ავადმყოფების მიმართ შემოიღო, მკვლელობის გარდა, ვერაფერს უწოდებ და ვერაფრით ჩაითვლება “იძულებით ზომებად”, რადგან სულ ცოტა ხნის წინ სხვა - ჰუმანური წესები მოქმედებდა, რომელთა წყალობითაც ადამიანები ცოცხლები რჩებოდნენ:

“ადრე საქართველოში სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას ლენინგორის [ახალგორის – რედ.] რაიონული საავადმყოფოს მორიგე ექიმი იღებდა, რომლის კვალიფიკაცია სახელმწიფოს [ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას – რედ.] თავად მისი დასაქმების ფაქტით ჰქონდა აღიარებული. შემდეგ ექიმი უკავშირდებოდა ქართულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და ლენინგორელ [ახალგორელ – რედ.] ჩინოსანს, რომელიც უფლებამოსილი იყო, ესაუბრა მესაზღვრეებთან, რათა მათ “რაზდახანის” [ოსური სახელწოდება – რედ.] გამშვები პუნქტი გაეხსნათ, თუკი შემთხვევა ღამით ხდებოდა – და ავადმყოფი დროულად ხვდებოდა ქართულ კლინიკებში. 10 წლის განმავლობაში ეს ერთადერთი ბიუროკრატიული ფორმალობა იყო მომაკვდავის გადარჩენის გზაზე. მაგრამ პრეზიდენტ ბიბილოვს ეს რატომღაც ეცოტავა და გადაწყვიტა, მთელი ბიუროკრატიული კონსტრუქცია აეგო, რომელიც ახლა ადამიანებს, უმთავრესად უწყინარ მოხუცებს კლავს”.

ახლა ადგილობრივი ექიმის გადაწყვეტილება საკმარისი აღარ არის – საჭიროა კონსილიუმი. თუმცა სასწრაფო ჰოსპიტალიზების გადაწყვეტილებას ვერც ის იღებს – უბრალოდ ცნობას აძლევს ავადმყოფს შემდგომ ინსტანციებში თანხმობის მისაღებად. შემდეგ პაციენტი რთული, მიხვეულ-მოხვეული, ხან ზემოთ, ხან ქვემოთ მიმავალი გზით, სამი უღელტეხილის გავლით ცხინვალში გადაჰყავთ და უტარებენ “კვლევას”, რომელიც 2 დღიდან ერთ კვირამდე შეიძლება, გაგრძელდეს. ამის შემდეგ ცხინვალელი ექიმები თავის დასკვნას დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს აწვდიან, ეს უკანასკნელი კი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციას უთანხმებს და მხოლოდ იქ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, გაუშვან თუ არა პაციენტი სამკურნალოდ ქართული კლინიკებში.

“რა აზრი აქვს ამ ყველაფერს სამედიცინო თვალსაზრისით, თუ, რა თქმა უნდა, იქიდან გამოვდივართ, რომ ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა? - არავითარი. რა აზრი აქვს სახელმწიფო დაცულობის თვალსაზრისით? - ასევე ნულოვანი, რადგან ეს არც უსაფრთხოების საკითხებს ეხება, არც საბიუჯეტო ხარჯებს. ამაში რომ რაიმე პრინციპული იყოს, ავადმყოფებს თბილისში სამკურნალოდ არც წითელი ჯვრის ხაზით გაუშვებდნენ. და ვერც ამჟამინდელი კარანტინი ხსნის რამეს, მით უფრო, რომ ეს წესები ჯერ კიდევ გასულ წელს ამოქმედდა. პანდემიის გათვალისწინებით, შეიძლებოდა, მაგალითად, შემოეღოთ წესი, რომ კარანტინის დასრულებამდე ადამიანი უკან ვეღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ არგაშვება? ანუ, ამ ნოვაციებს არანაირი გონივრული ახსნა არ აქვს. სწორედ აქედან გამომდინარეობს ბრალდებები ბოროტმოქმედებაში” – აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით გუკემუხოვი.

ქეთევან ციხელაშვილმა ბიბილოვის მიერ შემოღებული ეს წესები “აბსოლუტურად არალეგალურ შეზღუდვებად” შეაფასა და აღნიშნა, რომ შეფერეხებები არ უნდა ხდებოდეს, სულ მცირე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების აუცილებლობის შემთხვევებში მაინც. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალგორის რაიონის მაცხოვრებლების პრობლემას ეთნიკური ელფერიც აქვს, რაც სრულიად მიუღებელია.

“შეიძლება, რა თქმა უნდა, ეს სიტყვები ქართულ პროპაგანდად მოვნათლოთ და ყურადღება არ მივაქციოთ, მაგრამ არ შეიძლება უყურადღებოდ დატოვება იმ ფაქტისა, რომ ლენინგორელების [ახალგორელების – რედ.] მოკვდინება ნორმად იქცევა. სხვა როგორ უნდა გავიგოთ ის ფაქტი, რომ გასული წლიდან რაიონის უკვე ათზე მეტი მკვიდრი დაიღუპა იმის გამო, რომ სასწრაფო ჰოსპიტალიზებისთვის საზღვარზე არ გადაუშვეს და ამ გადაწყვეტილებებისთვის პასუხი არავის უგია?!” - დასძენს მურატ გუკემუხოვი.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი კი მომხდარში ცხინვალის გარდა, თბილისის პასუხისმგებლობაზეც მიუთითებს.

“ჯუმბერ მილაძეს არ ვიცნობდი. არ ვიცოდი მისი ავადმყოფობის ისტორია და ასევე არ ვიცოდი ოჯახის მცდელობის შესახებ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაეყვანათ სამკურნალოდ.ანატოლი ბიბილოვი არის ბოროტი ადამიანი, - არ მოვერიდები ამის თქმას, საქართველოს ხელისუფლება კი - მთხლე და არაფრის მაქნისი: ითვალეთ გარდაცვლილების თავები ახლა და აკეთეთ განცხადებები მწუხარე სახით, დაიმუქრეთ, რომ არავის შეარჩენთ - და ვიცხოვროთ ამ რეჟიმში წლები... ან გირჩევთ, ყველა რომ დავიხოცებით, ერთად გააკეთეთ განცხადება რაიონის დახურვაზე - უფრო ეფექტური იქნება...უპასუხო კითხვას დავსვამ: მეათე თვე რომ მთელი რაიონი მძევლად ვართ აყვანილი, ვინმეს სადმე უჩივლეთ? მილაძე თვეების განმავლობაში გადაყვანას რომ ითხოვდა, მაშინ სად იყო საქართველოს ხელისუფლების რეაქცია? სადაა სათითაო გარდაცვლილზე საჩივარი? თუნდაც საქართველოს პროკურატურამ აღძრა საქმე? ჰოდა კარგად იყავით თქვენი ყალბი განცხადებებით” – წერს თამარი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები