ამიერკავკასიური “კორონა”: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული ეპიდემიოლოგიური და პოლიტიკური ასპექტები

22-05-2020 19:55:35 კავკასია ,ანალიზი

კოვიდ-პანდემიისთვის წერტილის დასმა ჯერ აშკარად ნაადრევია, თუმცა მასთან ბრძოლაში გარკვეული მიღწევებისა და ჩავარდნების შეჯამება უკვე ალბათ, შესაძლებელია. მეზობლებთან შედარებით, საქართველო მკაფიო ლიდერად გამოიყურება როგორც ავადობის სტატისტიკის, ისე მთავრობის რეაგირებისა და კრიზისიდან გამოსვლის ტემპების კუთხით. რამდენად რეალურია ეს სურათი, რამდენად არის ქვეყნის მიღწევები მოქმედი ხელისუფლების დამსახურება და რა შთაბეჭდილებას უქმნით ეს ყველაფერი ჩვენს ამიერკავკასიელ მეზობლებს? ამ თემებზე ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ექსპერტების მოსაზრებებს გთავაზობთ.

რატომაა საქართველო პირველი

ქართველი ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ საბოლოო შეფასებების კეთება ჯერ ნაადრევია – არა იმიტომ, რომ რაღაც არის მოსალოდნელი, არამედ იმიტომ, რომ ამ დრომდე არ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე, თუმცა ინდიკატორებზე დაყრდნობით იგი იზიარებს მოსაზრებას, რომ სადღეისოდ საქართველო სამეზობლოში პირველია.

მისივე აზრით, ძირითადი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანა ზედმიწევნით ასრულებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და, რაც მთავარია, ბრძოლა ადრე დაიწყო:

“ჩვენ მოვყევით ვირუსის გავრცელების არა პირველ, არამედ დაახლოებით მესამე ტალღაში, ამიტომაც გვქონდა დრო როგორც გასაანალიზებლად, ისე გარკვეული გადაწყვეტილებების ჯერ კიდევ პრობლემის გაჩენამდე მისაღებად. ამასთანავე, ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ სიკვდილის საფრთხის წინაშე საკმაოდ კარგადაა ორგანიზებული და პრინციპში, ყველა ასრულებდა ამ რეკომენდაციებს. გარდა ამისა, თავად ჯანდაცვის სისტემამაც, დარგის უამრავი პრობლემის მიუხედავად, მობილიზება შეძლო და გამოჩნდნენ საკვანძო პერსონები, რომლებმაც კრიზის-მენეჯმენტს საკმაოდ კარგად გაართვეს თავი. თავის მხრივ მთავრობაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა: მოსახლეობასთან ძალზე მკაფიო და ოპტიმალური კომუნიკაცია დამყარდა”.

რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების შედარებით უარეს შედეგებს, ხუხაშვილის აზრით, მიზეზები შესაძლოა, რამდენიმე იყოს:

“შესაძლოა, ჩვენთან მართვის სისტემამ იმუშავა უკეთ. უპირველესად, ჩვენ საკარანტინო ღონისძიებებზე უფრო ადრე გადავედით და საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ, ანუ, ასე ვთქვათ, პროცესს დავასწარით. სომხეთსა და აზერბაიჯანში კი შესაძლოა, მოერიდნენ მთლიანად ეკონომიკის შეჩერებას, ბაზრები, რესტორნები და სოციალურად სარისკო სხვა ადგილები იქ გაცილებით გვიან დახურეს. არადა, ამ ვითარებაში დღეებსა და საათებსაც კი აქვს მნიშვნელობა – ერთი დღეც შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. თუმცა ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ აზერბაიჯანში 2-2,5-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში, დასახლებულობის სიმჭიდროვე მეტია და, შესბამისად, საწყისი რისკებიც იქ უფრო მაღალი იყო”.

აზერბაიჯანელი პუბლიცისტი და ეკონომისტი თოგრულ ჯუვარლი თვლის, რომ ამიერკავკასიის ქვეყნების განსხვავებული შედეგები არა, მაგალითად, მართვის უფრო დემოკრატიულ ან უფრო ავტორიტარულ სისტემებს უკავშირდება, როგორც ხშირად იწერება, არამედ უპირველესად, მთავრობების რეაგირების სისწრაფეს. გარდა ამისა, მისი აზრით, გარკვეული პრობლემების მიუხედავად, ქართული ჯანდაცვის სისტემა აზერბაიჯანულზე შედარებით უკეთესია:

“ფაქტი ერთია: ქვეყნებმა, სადაც ინფექციური სამსახურები, თავად ექიმები უკეთ იყვნენ მომზადებულები და ზოგადად მზადყოფნის დონე უფრო მაღალი იყო, ყველაფერს უკეთ გაართვეს თავი, ხოლო ვინც დაიგვიანა - უარესად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანობაში, აზერბაიჯანში ინფიცირების დონე კრიტიკული არ აღმოჩნდა, რაც უდავოდ ხელისუფლების დამსახურებაა: მართალია, დასაწყისში მან დაიგვიანა, მაგრამ შემდეგ მალე მოახდინა მობილიზება და ამის წყალობით დაგვიანება კრიტიკული არ აღმოჩნდა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში – მას შემდეგ, რაც საკარანტინო ღონისძიებები გაუქმდება”.

ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობა სომხეთშია. ერევნის პრეს-კლუბის თავმჯდომარე ბორის ნავასარდიანი თვლის, რომ სომხეთი ამ დროისთვის ჯერ კიდევ ინფიცირების ზრდის ეტაპზე და მთავრობის მიერ ეპიდემიასთან საბრძოლველად შემუშავებული გეგმის განხორციელების მესამე ფაზაში იმყოფება:

“სამთავრობო გეგმის პირველი ფაზა წყაროების ლოკალიზებაში მდგომარეობდა, მეორე – შემზღუდავ ღონისძიებებში ისევ და ისევ [ვირუსის] გავრცელების აღსაკვეთად (თუმცა ეს ზომები მაინცდამაინც მკაცრი არ ყოფილა, ისევე, როგორც დამრღვევთა მიმართ გატარებული სადამსჯელო ზომები), დღეს კი მესამე ფაზაში ვიმყოფებით, როცა პირველმა ორმა მაინცდამაინც კარგად ვერ იმუშავა და ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ჯანდაცვის სისტემამ დატვირთვას გაუძლოს. ამავდროულად, იხსნება ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფერო, ბიზნესი, ვაჭრობა და ა.შ.”.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორც სომეხი ექსპერტი აღნიშნავს, საფრთხისადმი თავად მოსახლეობის არასაკმარისად სერიოზული დამოკიდებულებაა:

“ხალხის უმრავლესობა სიმშვიდეს ინარჩუნებს, თუმცა რაც ხდება, რა თქმა უნდა, არ მოსწონს. როგორც ჩანს, რაღაც შინაგანი დამცავი მექანიზმები უბიძგებთ, საფრთხეს არასათანადო სერიოზულობით მოეკიდონ. მთლიანობაში საზოგადოება ცხოვრების ჩვეული ნირის შენარჩუნებას ცდილობს და თავს ირწმუნებს, რომ საფრთხე იმდენად დიდი არაა, როგორც ჩანს. ამასვე უკავშირდება ალბათ, სხვადასხვა პოპულარული კონსპიროლოგიური თეორიები, თითქოს კორონავირუსი საერთოდ არ არსებობდეს, ან, სულ მცირე, საფრთხე გაზვიადებული იყოს”.

აი, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი კი სულაც არ არის დარწმუნებული, რომ საქართველო კოვიდ-ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის პირველია. არსენ ტოროსიანს ოფიციალური ქართული კოვიდ-სტატისტიკის მიმართ ეჭვები აქვს.

«როდესაც საქართველოდან შემოსულ მძღოლებს ტესტირებას ვუტარებთ, ხშირ შემთხვევაში ტესტი დადებით შედეგს აჩვენებს. მაშ შეიძლება თუ არა, ჩაითვალოს, რომ საქართველოში დღიურად მართლაც 1-2 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, თუ უბრალოდ ყველა არსებული შემთხვევა არ ვლინდება, ან არ აღირცხება ოფიციალურ სტატისტიკაში?», - განაცხადა დღეს მინისტრმა და კიდევ რამდენიმე კონკრეტული კითხვა გააჟღერა, კერძოდ, რომელი ტესტები იყო გამოყენებული საქართველოში ფიქსირებულ შემთხვევებში და ხომ არ ყოფილა ისინი ე.წ. სწრაფი, რომელსაც სომხეთში პრაქტუკულად აღარ იყენებენ მათი დაბალი სიზუსტის გამო? უტარდებათ თუ არა საქართველოში ტესტირება მოქალქეებს, რომელთაც მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის სუსტი სიმპტომატიკა აღენიშნებათ? გათვალისწინებულია თუ არა სტატისტიკაში შემთხვევები, რომლებშიც პაციენტი პნევმონიით გარდაიცვალა, მაგრამ ამავდროულად კოვიდ-ინფექციაც ჰქონდათ დიაგნოსტირებული?

ტოროსიანმა ისიც აღნიშნა, რომ სომხური ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულზე ძლიერია:

«ქართული ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო სისტემები მნიშვნელოვნად განსხვავდება სომხურისგან, თანაც არა მათ სასარგებლოდ. ჩვენი უფრო მძლავრია და ეს ფაქტია”.

მინისტრს აინტერესებს ისიც, რამდენად შეძლებენ საქართველო და სხვა სახელმწიფოები ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას.

ცნობისთვის: სომხეთში სადღეისოდ სულ 5928 კოვიდ-ინფიცირებულია აღრიცხული, გამოჯანმრთელდა 2874, გარდაიცვალა 74 მოქალაქე. საქართველოში კი ეს მაჩვენებლები შესაბამისად 723-ს, 495-ს და 12-ს შეადგენს.

რატომ არ შემოუღიათ აზერბაიჯანსა და სომხეთში მკაცრი საკარანტინო და სადამსჯელო ზომები

როგორც თოგრულ ჯუვარლი აღნიშნავს, ნებისმიერი კრიზისი – ეს ხელისუფლებასა და ხალხს შორის მოლოდინების ახალი გაცვლაა და ამ მხრივ ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანში მოსახლეობის მკაცრი იძულება, საკარანტინო ზომები დაეცვა, არ ყოფილა, გასაკვირი არ უნდა იყოს:

“ხელისუფლება, სურვილიც რომ ჰქონოდა, ხისტ რეპრესიულ ზომებს ვერ გაატარებდა - უბრალოდ იმიტომ, რომ კრიზისის პერიოდში მისი ურთიერთობა ხალხთან, პოლიტიკური თვალსაზრისით, იგივენაირად “წაიხისტებდა”, როგორც პანდემიამდე: იყო გარკვეული ზეწოლა ჟურნალისტებზე, გარკვეულ პოლიტიკოსებზე და ა.შ. მაგრამ ამას ხელისუფლების მიერ პანდემიის თავის მიზნებში გამოყენებას ვერ დავარქმევთ – ეს საშტატო რეჟიმში ხდებოდა. აი, ამ ფონზე კარანტინის დამრღვევთა მიმართ დამატებით ხისტი სადამსჯელო ზომები რომ შემოეღოთ, საზოგადოებაზე წნეხის კიდევ უფრო გაძლიერება მმართველ ძალას კარგს არაფერს მოუტანდა”.

ასევე არ ისურვა შექმნილ ვითარებაში მოსახლეობის კეთილგანწყობით გარისკვა შედარებით დემოკრატიულმა სომხეთის ხელისუფლებამაც, - თვლის, თავის მხრივ, ბორის ნავარიანი:

“ახალ ხელისუფლებას ნდობის უსაზღვრო კრედიტის პირობებში შეეძლო, უფრო მკაცრი რეპრესიული ზომები შემოეღო, თუმცა ეს, ჩემი აზრით, იმიტომ არ გააკეთა, რომ მოსახლეობის კეთილგანწყობით გარისკვა მაინც არ ისურვა. თანაც ჩვენი რეპრესიული აპარატის სუსტი ბუნების გათვალისწინებით, ეს არც იქნებოდა ეფექტური”.

როგორ აფასებს COVID-19-თან ბრძოლის კუთხით სამი ქვეყნის ხელისუფლებების საქმიანობას ხალხი და ოპოზიცია

გია ხუხაშვილი ნაწილობრივ იზიარებს ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას ამ მხრივ საქმე წინა ხელისუფლების დროს გატარებულმა ადმინისტრაციულმა რეფორმამ და მის შედეგად მკაფიოდ ჩამოყალიბებულმა ადმინისტრაციულმა ვერტიკალმა გაუადვილა:

“ნაწილობრივ ეს მართლაც ასეა, რადგან ის ინსტიტუციონალური წესრიგი, რომელმაც კრიზის-მენეჯმენტის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა, [მიხეილ] სააკაშვილის დროს ჩამოყალიბდა. დიახ, იქ იყო, რა თქმა უნდა, თავისი ნეგატივი, მაგრამ საკუთრივ ინსტიტუციონალური წესრიგი სწორედ მისი მმართველობის დროს ჩამოყალიბდა. თუმცა ეს არ აკნინებს კონკრეტული პერსონების – იმ ეპიდემიოლოგების, ვირუსოლოგების წარმატებას, რომლებიც ბოლო პერიოდში არა მარტო მკურნალობით, არამედ მენეჯმენტითა და ნორმალური კომუნიკაციით იყვნენ დაკავებულები. ჩვენთან გაჩნდნენ ახალი საზოგადო მოღვაწეები – სწორედ ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები, – რომლებიც ახლა ყველაზე პოპულარული ადამიანები არიან. ძალზე მნიშვნელოვანია, როცა ხალხს მარტივი, გასაგები ენით უხსნი, როგორია რისკები, თანაც აცნობიერებ, რომ საქმე პანიკამდე არ უნდა მიიყვანო. დაბალანსებულმა, ძალზე აკურატულმა კომუნიკაციამ, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა”.

ბორის ნავარიანი ამ კონტექსტში სომხეთის მოქმედი მთავრობის გამოუცდელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

“ამჟამინდელ მთავრობას, წინასთან შედარებით, რა თქმა უნდა, უდიდესი უპირატესობები აქვს: ახლა რომ წინა მთავრობა გვყავდეს, დარწმუნებული ვარ, მთელი პოლიტიკური და მმართველი ელიტა იმაზე იქნებოდა კონცენტრირებული, როგორ დაეცვა საკუთარი თავი და გამოეყენებინა ვითარება პოლიტიკური გავლენის განმტკიცებისა და პირადი გამდიდარებისთვის. ახალ ხელისუფლებაში თუ სადმე მსგავსი მომენტები გვხვდება, ისინი ცალკეული ხასიათისაა. თუმცა ახალ მთავრობას ახასიათებს გამოუცდელობა. ვიტყოდი, რომ ამჟამად ეპიდემიასთან ბრძოლაში ერთგვარი გადაღლილობისა და მეტიც, დაბნეულობის მოწმენი ვართ. ამას ადასტურებს ის ახალი ზომებიც, რომელიც გუშინდელი დღიდან ამოქმედდა. ჩემი აზრით, ისინი არასაკმარისადაა გააზრებული და ძნელი წარმოსადგენია, ვითარებაზე დადებითად აისახოს: ერთის მხრივ, 25 მაისიდან ძალაში შევა ნიღბების ტარების აუცილებლობა – ქუჩაშიც კი, ხოლო მეორეს მხრივ ხსნიან, მაგალითად, რესტორნებს, მათ შორის – მათ დახურულ დარბაზებსაც... ნათელია, რომ ჩვენი რეპრესიული სისტემის შეზღუდული ეფექტურობის პირობებში იგი ამ ყველაფერს ვერ აუვა”.

რაც შეეხება მოსახლეობის დამოკიდებულებას მთავრობის საქმიანობისადმი, მისი შეფასებით, “არსებობს ნდობა იმ ინფორმაციის მიმართ, რომელსაც მთავრობა ასაჯაროებს, თუმცა არ არსებობს რწმენა, რომ მთავრობა ეფექტურად მოქმედებს”.

იგებენ თუ აგებენ საბოლოოდ ხელისუფლებები?

რიგი ანალიტიკოსების პროგნოზით, მაღალი ალბათობით, არსებულ ვითარებაში “ქართული ოცნების” რეიტინგი გაიზრდება, თუმცა ამავდროულად იზრდება ხელისუფლებისადმი ხალხის მოთხოვნაც, რაც შესაძლოა,”ოცნებას” საბოლოოდ პრობლემად ექცეს.

ამ მოსაზრებას გია ხუხაშვილიც იზიარებს და აღნიშნავს, რომ სარეიტინგო ბონუსი ძალზე მოკლევადიანია:

“როდესაც სიკვდილის შიშია, ადამიანი უფრო ლოიალური ხდება მათ მიმართ, ვისზეცაა დამოკიდებული მისი ბედი. მაგრამ როგორც კი სიკვდილის შიში უკანა პლანზე იწევს, წინა პლანზე კი შიმშილის შიში ინაცვლებს, ადამიანი აგრესიული ხდება და ლოიალურობას აგრესია ცვლის. ეს ფაქტორი საქართველოში უკვე შეიმჩნევა: სიმართლე რომ ვთქვათ, დღეს უკვე ყველამ დაივიწყა ხელისუფლების კარგი კრიზის-მენეჯმენტი. დიახ, “ქართულ ოცნებას” მის ხარჯზე ბოლო პერიოდში მაღალი რეიტინგი ჰქონდა, თუმცა მერე მისი შიდა პოლიტიკაში კონვერტირება სცადა და ამან დიდი რყევები გამოიწვია. შედეგად დღეს შეიძლება, ითქვას, რომ მათ დაკარგეს ყველა ის დივიდენდი, რომელიც კორონავირუსთან პარტნიორობით მოიპოვეს. არ უნდა ეჩქარათ – გამოუვიდათ ერთგვარი შიდაპოლიტიკური ფალსსტარტი არჩევნებამდე და ახლა “ოცნების” მდგომარეობა შესაშური არ არის: ეკონომიკაში ვარდნაა, სოციალური რისკები ძალზე მაღალია და სად წავა ამ ვითარებაში ხალხი პასუხის მისაღებად? - ხელისუფლებასთან. გარდა ამისა, ხელისუფლებამ დაამატა შეცდომები საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით – და ოპოზიცია მაშინვე გამოცოცხლდა”.

თოგრულ ჯუვარლი თვლის, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ეპიდემიასთან მეტ-ნაკლებად წარმატებული ბრძოლით მოპოვებული დივიდენდების პოლიტიკურ ბონუსებში კონვერტირება ასევე გაუჭირდება:

“უკვე არსებობს იმის აღქმა, რომ კრიზისიდან გამოსვლა იქნება რთული და ხანგრძლივი, განსაკუთრებით – მსოფლიოში ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის გათვალისწინებით. ცოტა გამაკვირვა კიდეც, სიმართლე გითხრათ, რომ სწორდ პანდემიის პერიოდში გაჩნდა ახალი გენერალური პროკურორი, რაიონებში კორუფციასთან ფართომასშტაბიანი ბრძოლა გაჩაღდა სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანში იწყება კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი თანხების ათვისება და ჩნდება ცდუნებები, რაიონებს საკადრო წმენდის ტალღამაც გადაუარა. […] სიტუაციით სარგებლობის სურვილი შესაძლოა, იყო კიდეც, მაგრამ რამდენად მოიტანს ეს პოლიტიკურ დივიდენდებს – დარწმუნებული არ ვარ”.

აი, ბორის ნავარიანი კი სომხეთის მოქმედი ხელისუფლების რეიტინგის ვარდნას, ეპიდემიასთან შედარებით წარუმატებელი ბრძოლის მიუხედავად, ნაკლებად ელის:

“თუ ხელისუფლების რეიტინგი საერთოდ შეირყევა, - მხოლოდ უმნიშვნელოდ: არა იმიტომ, რომ საბაბი არ არსებობს, არამედ ალტერნატივის მიმართ მოსახლეობის უნდობლობის გამო. არსებული პოლიტიკური არჩევანიდან გამომდინარე, ხალხის უმრავლესობა მაინც იმ აზრისკენ იხრება, რომ მოქმედი მთავრობა, ყველაფრის მიუხედავად, მხარდაჭერას იმსახურებს”.

ახალი ამბები