აფხაზური საჯილდოო იარაღის კრიმინალური კვალი

26-05-2020 18:15:55 კონფლიქტები ,რეპორტაჟი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ შს “მინისტრ” დიმიტრი დბარს იმ პირთა სიის მომზადება დაავალა, რომლებსაც 2015-2020 წ.წ. პერიოდში აფხაზეთში “სხვადასხვა დამსახურებებისთვის” ჯილდოდ იარაღი გადაეცათ, გადაამოწმოს, ხომ არ არიან დაჯილდოებულთა შორის კრიმინალური წარსულის მქონე პირები და ასეთების აღმოჩენის შემთხვევაში მათ იარაღი “სახელმწიფოს სასარგებლოდ” ჩამოერთვათ. დე ფაქტო მინისტრს ასევე დაევალა, იმავე პერიოდის განმავლობაში მომხდარი მკვლელობებისა და სხვა დანაშაულების სია შეადგინოს და დე ფაქტო პრეზიდენტს სისხლის სამართლის შესაბამისი საქმეების ამჟამინდელი მდგომარეობა მოახსენოს. ტელეგრამ-არხი «АБХАЗИЯ-ЦЕНТР» დე ფაქტო პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას რუს მილიარდერ დიმიტრი ბოსოვის ამასწინანდელი სიკვდილის ფაქტს უკავშირებს. სოცქსელების აფხაზური სეგმენტის მონაწილეებმა კი გაიხსენეს რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტების მთელი სერია, რომელიც რუსულმა მედიამ სხვადასხვა დროს აფხაზურ საჯილდოო იარაღს დაუკავშირა.

ცნობისთვის: დიმიტრი ბოსოვი 6 მაისს, გამთენიისას მოსკოვის პრესტიჟულ უბან რუბლიოვკაში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ცნობით, ცხედრის გვერდზე იდო Glock19 gen4 მარკის საჯილდოო იარაღი, რომელიც ბოსოვს თითქოსდა გარკვეული დამსახურებებისთვის ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროსგან ჰქონდა მიღებული.

როგორც «АБХАЗИЯ-ЦЕНТР» აღნიშნავს, ასლან ბჟანიას განკარგულებაში ორი საეჭვო მომენტია: 1) რატომ მოიცავს შემოწმება მხოლოდ რაულ ხაჯიმბას დე ფაქტო მმართველობის წლებს? 2) რატომ არ ინტერესდება დე ფაქტო პრეზიდენტი, საიდან ჩნდება ოკუპირებულ აფხაზეთში ავსტრიული წარმოების ძვირადღირებული პისტოლეტები Glock? არხის მესვეურების ვარაუდით, “იარაღი აფხაზეთში საქართველოდან ხვდება, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის ქონა ნებადართულია”.

რამდენიმე წლის წინ ეს თემა გააშუქა პეტერბურგულმა გამოცემა Фонтанка.ру-მაც. დენის კოროტკოვის 2017 წლის 9 მარტის პუბლიკაციაში სათაურით «რისთვის აიარაღებს აფხაზეთი რუსულ ბიზნესს» ნათქვამი იყო, რომ რუსეთში აფხაზური საჯილდოო იარაღის გამოჩენის შემთხვევები არაერთია.

ასე, მაგალითად, 2017 წლის 15 ნოემბერს მოსკოვის ოლქის დაბა ფრიაზინოში მეწარმე გრიგორ აგეკიანმა ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან კონფლიქტის დროს ცეცხლი გახსნა საბრძოლო პისტოლეტიდან. ინციდენტს მსვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ აგაკიანს ეს იარაღი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან ჰქონდა მიღებული.

კიდევ უფრო ადრე, იმავე წლის 22 თებერვალს პეტერბურგში გადამდგარმა მაორმა იური მეშჩერიაკოვმა სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს მასზე თავდასხმაში მონაწილე სამი პირიდან ერთ-ერთი მოკლა, მეორე კი დაჭრა. ადგილზე მისულ მილიციელებს მან ნებართვა უჩვენა იარაღის ტარებაზე, რომელიც, როგორც თავად განაცხადა, აფხაზური დე ფაქტო მთავრობისგან მიიღო ჯილდოდ. მოგვიანებით მეშჩერიაკოვის ბინის ჩხრეკისას საჯილდოო აფხაზური საბუთები აღმოაჩინეს. Фонтанка.ру-ს ცნობით, მეშჩერიაკოვის იარაღს “ბნელი” ისტორია ჰქონდა: იგი ყაზახეთში მოიპარეს, რის შემდეგაც ჩეჩენი ე.წ. “ბოევიკების” ხელში გამოიარა.

Фонтанка.ру შეეცადა, გაერკვია, რამდენი ერთეული აფხაზური იარაღია ამჟამად რუსეთის მოქალაქეების ხელში. გამოცემამ მილიციის პოლკოვნიკ სერგეი დერევიაშკინს მიმართა, რომელიც სანებართვო სამუშაოს კუთხით მთავარ სპეციალისტად მოიაზრება. მისი თქმით, უცხოური მთავრობების მიერ იარაღით დაჯილდოება ლეგალური შეიარაღების ერთ-ერთი გზაა და სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებზე უმთავრესად აფხაზეთის მიერ ასობით ერთეული იარაღია გადაცემული.

დენის კოროტკოვის ინფორმაციით, Фонтанка.ру-მ აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რუსეთის რამდენმა მოქალაქემ და რა დამსახურებისთვის მიიღო მისგან საჯილდოო იარაღი, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მისვლია.

როგორც “Эхо Кавказа” აღნიშნავს, საკითხს აფხაზური პრედისტორიაც აქვს: 2016 წლის გაზაფხულზე დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა ალმას ჯაპუამ სოცქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოიპოვა რუსეთის იმ მოქალაქეების სია, რომელთაც 2015 წელს აფხაზეთში საჯილდოო იარაღი გადასცეს. სიის 33 ფიგურანტიდან, ჯაპუას თქმით, არ იყო არც ერთი ადამიანი, რომელსაც აფხაზეთთან რაიმე კავშირი მაინც ჰქონდა და ვერავითარ ინფორმაციას “რესპუბლიკის” წინაშე მათი დამსახურებების ან ღვაწლის შესახებ მან ვერ მიაკვლია.

რაულ ხაჯიმბას დე ფაქტო მთავრობამ ჯოპუას განცხადებებს “პროვოკაციული”, “დამახინჯებული” უწოდა და განაცხადა, რომ “იარაღით დაჯილდოების პრაქტიკა შეესაბამება ტრადიციებს”, ხოლო “იმ პირთა შორის, რომლებიც დაჯილდოვდნენ, არიან გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, რუსეთის ფედერაციის სუბიექტების ხელმძღვანელები, ასევე რიგი სხვა პირები, მათ შორის - ისინი, ვისი დამსახურებაც აფხაზეთის წინაშე ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, არ საჯაროვდება».

რატომ ამოტივტივდა ეს თემა ამჟამად დე ფაქტო პრეზიდენტის განკარგულების სახით – ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. უცნობია ისიც, იქნება თუ არა საზოგადოება ინფორმირებული ბჟანიას განკარგულების აღსრულების შედეგების თაობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები