
კრემლი ნატო–ს „დროული და არა აუცილებლად სიმეტრიული“ პასუხით ემუქრება
25/04/2019 08:18:29 სხვა, მსოფლიო
კრემლი შავი და ბალტიის ზღვებში ნატო–სწარმოდგენილობის ზრდისა და რუსეთის საზღვრებთან ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოჩენის საპასუხოდ „დროული და არა აუცილებლად სიმეტრიული“ ნაბიჯების გადადგმის პირობას დებს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 24 აპრილს მოსკოვში, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრაქტიკული ქმედებები, – იქნება ეს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოჩენა, თუ შავი და ბალტიის ზღვებშიწარმოდგენილობის ზრდა,– დაძაბულობას აღრმავებს და რუსული მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. მერწმუნეთ, საპასუხო ნაბიჯები დროულად იქნება გადადგმული, თანაც არ არის აუცილებელი, ისინი ნატო–ს ქმედებების სიმეტრიული იყოს“,– განაცხადა სერგეი შოიგუმ.
შავი ზღვის აუზში მეტი ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება ნატო-მ ყირიმის ანექსიის, ქერჩის კრიზისისა და მეზობლების მიმართ რუსეთის სხვა აგრესიული ნაბიჯების საპასუხოდ მიიღო. ბრიუსელსა და თბილისში ამას იძულებით, თუმცა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეკავების ყველაზე ეფექტურ ზომად განიხილავენ.
როგორც 23 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბათუმის პორტში ამერიკულ სამხედრო გემ „როსის“ მიღების შემდეგ განაცხადა, ეს ყველაფერი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კეთდება:
„რუსეთის რეაქციის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ აშშ–სთან და ნატო–სთანსამხედრო თანამშრომლობა, მათ შორის სამხედრო ხომალდების ვიზიტები რეგიონში მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის უზრუნველყოფას უწყობს ხელს“, – განაცხადა იზორიამ.
ამავე კონტექსტში განიხილავენ სამხედრო ანალიტიკოსები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს, რომელიც უკვე რუტინულად იქცა. მათი აზრით, სწორედ რუსეთის ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ცივი ომის რიტორიკა და გამალებული შეიარაღება განახლდა.
ცნობისთვის: რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს ატარებს. გასულ კვირას სამხედროებმა სარაკეტო შეტევების მოგერიებაში ივარჯიშეს, ახლა კი წვრთნას პირობითი მტრის ობიექტების დაბომბვაში გადიან. სწავლებებში 3 000 ჯარისკაცი, 400 ერთეული ტექნიკა და სამხედრო გემი მონაწილეობენ.
მიმდინარე წვრთნებს საქართველოს ხელისუფლება ძალის დემონსტრირებად აფასებს.
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ შარშან 120-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის სამხედრო წვრთნა და მანევრი ჩატარდა, ხოლო ამჯერად 3 000 სამხედროს მონაწილეობით ძალიან მასშტაბური წვრთნები იმართება.
"ეს ორ რამეზე მიანიშნებს: 1. ჩვენი ოკუპირებული რეგიონები ფაქტობრივად, სამხედრო პოლიგონად იქცა და 2. ეს არის რუსეთის პოლიტიკა, როგორც თავად ამბობენ, რეაქცია საქართველოს ნებისმიერ წინსვლაზე, ნაბიჯზე, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების განმტკიცებას, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობას, NATO-სთან დაახლოებას“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე წვრთნები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პარლამენტმაც დაგმეს.
"ყველა ასეთი მოქმედება სამშვიდობო პროცესს ძირს უთხრის და მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს მშვიდობასა და სტაბილურობას მთლიანად რეგიონში", – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.
საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე საქართველოს ისტორიულ წარსულს იხსენებს და აცხადებს, რომ ქვეყნისთვის გამოსავალი სწორედ დასავლეთთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციაა:
„რუსეთი ხომ ამას ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებს და ამის ისტორიული პრაქტიკა უკვე გვაქვს: 1994–1999 წლებში პრაქტიკულად მიტმასნილები ვიყავით მის კალთას, მის პოლიტიკურ დღის წესრიგს ვატარებდით, საქართველოში ძალოვან მინისტრებს კრემლის რეკომენდაციით ვნიშნავდით, მაგრამ ამას მოსკოვისგან საქართველოსთან მიმართებაში არანაირი პოზიტიური გზავნილი, დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. მეტიც, როგორც კი პირველი დამოუკიდებელი ეკონომიკური პროექტი - - ბაქო–ჯეიჰანის ნავთობსადენი გაჩნდა, რუსეთმა საქართველოს პრეზიდენტს ტერაქტი მოუწყო; 1997 წელს რუსული მოდელით საქართველოს კონფედერაცია (რაც ქვეყნის სუვერენიტეტის ფაქტობრივ მოსპობას ნიშნავდა) რომ ვერ შედგა, მეორედ მოაწყვეს ტერაქტი; გალში მცირე ომი და უამრავი სხვა ნეგატიური სიურპრიზი გვქონდა...
დღეს რუსეთი აცნობიერებს, რომ რაც მეტად ითანამშრომლებს საქართველო დასავლეთთან, მეტად გაიზრდება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ინტენსივობა. ეს მას აშფოთებს: დემოკრატიული ხელისუფლება გარედან რთულად მანიპულირებადია და მას გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესის ეშინია. მეორეც, რაც უფრო მეტად მიებმება საქართველო დასავლეთს სამხედრო–პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, მით მეტად დაშორდება რუსულ ორბიტას და მოსკოვს შეეზღუდება საქართველოსა და უკრაინაზე ზემოქმედების ბერკეტები“.
სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მიმომხილველი თემურ ჩაჩანიძე დარწმუნებულია, რომ რუსეთს მისი მეზობლების, მათ შორის საქართველოს ვერანაირი ნეიტრალიტეტი ვერ შეაჩერებს და ძლიერი პარტნიორების გარეშე ქვეყანამ შესაძლოა, თავისუფლება დაკარგოს:
«რუსეთს [საქართველოს] ვერანაირი ნეიტრალიტეტი ვერ შეაჩერებს. იგი აგრესიული სახელმწიფოა, რომელიც მუდმივად ვინმესთან ომისკენ, ვინმეს დაპყრობისკენ ისწრაფვის და ცდილობს, მეზობლები შიშში აცხოვროს. თუ საქართველოს ძლიერი პარტნიორები არ ეყოლება, თავისუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებს».
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021