რა კავშირი აქვთ “ქურდების” მკვლელობას, ხაჯიმბას გადადგომას, არძინბას სახლის დაცხრილვასა და პატიმრების უცნაურ გაქცევებს

03-06-2020 17:25:29 კონფლიქტები ,ანალიზი

ოკუპირებული აფხაზეთის ახალი დე ფაქტო ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიის, მის ფონზე ისედაც ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებისა და მთელ რიგ სხვა გამოწვევებთან ერთად, კრიმინოგენული ვითარების გამწვავების პრობლემის წინაშეც აღმოჩნდა. ამ კუთხით ბოლო დღეებში აფხაზეთში განვითარებული მოვლენები დღეს ერთმანეთის მიყოლებით ორი პატიმრის ფრიად უცნაური გაქცევებით დაგვირგვინდა. და ეს, დიდი ალბათობით, დასასრული არ არის.

დავიწყოთ ბოლოდან – პატიმრების დღევანდელი გაქცევებით. პირველი მათგანი სოხუმის ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილებიდან დღეს დილით გაექცათ. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ხელბორკილებისგან გათავისუფლება მოახერხა და საწოლის თეთრეულის გამოყენებით მესამე სართულის ფანჯრიდან დაეშვა. სოფელ თავისუფლების მკვიდრს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით აქვს წაყენებული. 5 მარტს იგი სასამართლოში იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადებულა, რის შემდეგაც 15 მაისს დააკავეს. რატომ დასჭირდა დაკავებულს სოხუმის კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში გადაყვანა – დე ფაქტო შსს არ აკონკრეტებს.

კიდევ უფრო საინტერესოა დღეს გაქვეული მეორე პირის ისტორია. როგორც რიგი ადგილობრივი მედიასაშუალებები წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, პატიმარი, რომელიც 29 მაისს პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის – ვლადისლავ არძინბას სახლის დაცხრილვაშია ეჭვმიტანილი, უბრალოდ “საავადმყოფოს კარიდან გავიდა” და გაქცევისთვის დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია.

თავად შეიარაღებული ინციდენტი 29 მაისს სოფელ ქვემო ეშერაში მოხდა, სადაც არძინბების საგვარეულო სახლი მდებარეობს. მისი დაცხრილვის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა თავად ფაქტმა გასაგები მიზეზების გამო ფართო რეზონანსი გამოიწვია.

არძინბას სახლის დაცხრილვას წინ უსწრებდა იმავე დღეს – 29 მაისს მომხდარი კიდევ ერთი რეზონანსული ფაქტი – სოხუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ერიკ ჭკადუას დაკავება. იგი ერთ-ერთია და უკანასკნელი იმ ოთხი პირიდან (დავით და თემურ ახალაიები 2019 წლის დეკემბერშივე დააკავეს, ხოლო ბესლან ბგანბა – 2020 წლის იანვარში), რომლებიც კიდევ ერთი გახმაურებული კრიმინალური ინციდენტის – გასული წლის დეკემბერში სოხუმის სანაპიროზე მდებარე რესტორან “სან-რემოში” ორი “კრიმინალური ავტორიტეტის” - ასტამურ შამბას და ალხას ავიძბას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. იმ ინციდენტს 22 წლის ოფიციანტი ქალი – დომენიკა აკირთავაც შეეწირა, რომელიც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, ჩამოთვლილ მოვლენებს ერთმანეთთან პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს. მართალია, ვლადისლავ არძინბას საცხოვრებელი სახლის დაცხრილვის ინციდენტი აფხაზურ მედიაში ფართოდ არ გაშუქებულა, მაგრამ პატარა რეგიონში ამბები ისედაც სწრაფად ვრცელდება და როდესაც დე ფაქტო შს მინისტრმა დიმიტრი დბარმა საზოგადოებას კონკრეტული გვარების ხსენების გარეშე მიმართა მოწოდებით, “ვითარების მადესტაბილიზებელი ქმედებებისგან თავი შეიკავონ და გამოძიებას ხელი არ შეუშალონ”, ყველა მიხვდა, ვის და რას გულისხმობდა “მინისტრი”.

«ერთ-ერთი იმ პირთაგან, რომლებიც პირველი პრეზიდენტის სახლის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში არიან ეჭვმიტანილები, დაკავებულია. თუმცა თვითმხილველები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და ამით ჭეშმარიტების დადგენას ხელს უშლიან. რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების პირად შემადგენლობაში მობილიზაციაა გამოცხადებული, ვითარება სახელმწიფოში კონტროლს ექვემდებარება და ყველა დამნაშავეს გარდაუვალი სასჯელი ელის. ჩვენ გვეყოფა ძალა და რესურსი, რომ კანონის აღსრულება უზრუნველვყოთ” – განაცხადა მაშინ დე ფაქტო შს მინისტრმა.

მაგრამ გადის რამდენიმე დღე და დაკავებული პირი გარბის, თანაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე…

სხვა პირობებში ეს ან სასაცილო იქნებოდა, ან სატირალი, თუმცა აფხაზურ რეალობაში, თანაც იმ პირობებში, როცა საქმის ფიგურანტები ცნობილი გვარების წარმომადგენლები არიან, ეს მოვლენები თითქმის კანონზომიერებად გამოყურება.

არაოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ბოლო დღეებში აქტიურად მუსირებს სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში, ერიკ ჭკადუა პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის ნათესავის – ქემალ არძინბას დედის ბინაში იმალებოდა, ვლადისლავ არძინბას სახლს კი ცეცხლი “სან-რემოში” მოკლული “კრიმინალური ავტორიტეტების” ნათესავებმა გაუხსნეს, რომლებიც მთელი ეს პერიოდი ქემალ არძინბას ეძებდნენ.

ამ ამბების სრული სურათის აღსაქმელად მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ “კრიმინალური ავტორიტეტების” ხსენებული მკვლელობა ტრიგერად იქცა მიმდინარე წლის იანვრის ცნობილი პოლიტიკური მოვლენებისთვის, რომლებიც აწ უკვე ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის - რაულ ხაჯიმბას გადადგომით დაგვირგვინდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლულის ბიძაშვილი – დონეცკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკაში” საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ახრა ავიძბა ნათესავის მკვლელობის შემდეგ აფხაზეთში დაბრუნდა და მკვლელებს თავად ეძებდა. მან შს იმჟამინდელი დე ფაქტო მინისტრი გარი არშბა დამნაშავეების მფარველობაში დაადანაშაულა და მისი გადაყენება მოითხოვა. ასეც მოხდა – არშბა გადადგა.

თუმცა ახრა ავიძბა ამით არ დაკმაყოფილდა: მან “კრიმინალური ავტორიტეტების” მკვლელობა დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას დაუკავშირა და მისი რეჟიმი “მკვლელების გაშვებაში” დაადანაშაულა, თან განმარტა, “ეს მკვლელები ხაჯიმბას ხელისუფლების საყრდენი ძალააო”. იანვრის მოვლენების, კერძოდ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმის დროს კი ახრა ავიძბამ ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულა და მიაღწია კიდეც საწადელს – ხაჯიმბა გადადგა.

ერთი სიტყვით, დიდი პოლიტიკურ-კრიმინალური ამბები პატარა ოკუპირებულ აფხაზეთში გრძელდება და უახლოეს ხანებში, მაღალი ალბათობით, ამ სერიალის გაგრძელება გველის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები