Accentnews.ge
რუსეთი "ტრანსკამის" აღდგენას შეუდგა: საფრთხეები და სარგებელი საქართველოსთვის

რუსეთი "ტრანსკამის" აღდგენას შეუდგა: საფრთხეები და სარგებელი საქართველოსთვის

25/04/2019 16:07:04 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის დელეგაცია სტუმრობს. განხილვის მთავარ თემას რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალის – ე.წ. ტრანსკამის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მისი სამომავლო რეკონსტრუქცია წარმოადგენს, რამაც მაგისტრალის შეუფერხებელი მუშაობა უნდა უზრუნველჰყოს.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რაშიდ ნურგალიევმა საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, რომლებიც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას" უკავშირდება. მთავარი აქცენტი კი მთელი წლის განმავლობაში "ტრანსკამის" შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო ზომებზე გაკეთდა.

„ჩვენ შევისწავლეთ გზის საშიში მონაკვეთები, რომლებიც ზვავსაწინააღმდეგო გალერეების მშენებლობას მოითხოვს. გვახსოვს გზის წლევანდელი - 16–დღიანი თოვლის ბლოკადა და ვაცნობიერებთ, რომ შეიძლებოდა, განვითარებულიყო სერიოზული პროცესები, რომლებიც რესპუბლიკის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. "ტრანსკამი" ხომ ერთადერთი სატრანსპორტო არტერიაა, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთთან აკავშირებს. ამინდმა წელს გზის მოწყვლადობა დაადასტურა და პრობლემა სასწრაფოდ გადაჭრას მოითხოვს. ჩვენი მუშაობის შედეგად რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო კავკასიის ქედის ორივე მხარეს "ტრანსკამის" შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ღონისძიებათა კომპლექსს შეიმუშავებს. საუბარია, მათ შორის, ზვავსაწინააღმდეგო გალერეებისა და გვირაბების მშენებლობაზე“,– აღნიშნა ნურგალიევმა.

სარემონტო სამუშაოები ტრასის ჩრდილოეთ ნაწილში, 36–დან 59–ე კმ-მდე მონაკვეთზეიგეგმება. რუსეთის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.კონტრაქტის საწყისი მაქსიმალური ღირებულება 1,53 მილიარდ რუბლს შეადგენს. სამუშაოებისდასრულების სავარაუდო თარიღად 2020 წლის 30 სექტემბერია გამოცხადებული. იმდროისთვის ექსპლუატაციაში ტრასის 21-კმ–იანი განახლებული მონაკვეთის გაშვება იგეგმება.ამასთან, უახლოეს გეგმებშია ცხინვალის რეგიონის შეუზღუდავი ენერგომომარაგებისუზრუნველყოფაც, რაც ავტომატურად "ტრანსკამის" მთელი ინფრასტრუქტურის (დამატებითიმაღალვოლტიანი კაბელის ჩადება), ასევე „როსნეფტის“ 6 თანამედროვე ავტოგასამართისადგურის მოწყობას ნიშნავს.

რუსეთის „პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი ალექსეი მუხინი დარწმუნებულია, რომ პროექტი სამომავლო გათვლით ხორციელდება და საუბარია რაღაც ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც ახალი აბრეშუმის გზის და ამჟამად სხვადასხვა მიმართულებით მშენებარე სატრანსპორტო არტერიების კუთხით ჩნდება:

"დიდი ალბათობით, აქ საუბარია ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც აღმოსავლეთისთვის რუსეთისა და ევროპის გავლით იხსნება და, რაღა თქმა უნდა, ეს კავშირშია საქართველოსთანაც: ეს ქვეყანა ნატო–ში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, რაც რუსეთში ზღვარგადასულ იდიოსინკრაზიას იწვევს, თუმცა საქართველო მაინც განიხილება უახლოესი მომავლისთვის სავაჭრო პარტნიორად“.

ტრანზიტის თემა მას შემდეგ "ტივტივებს"რაც საქართველომ და რუსეთმა 2011 წელს გააფორმესშეთანხმება ვაჭრობის მონიტორინგისა და საბაჟო ადმინისტრირების ძირითადი მექანიზმების შესახებ.ამ თემის აქტუალობას დიდწილად განაპირობებს მრავალმილიარდიანი ინვესტიციები გზებისრეკონტრუქციაში.

რუსი პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი თვლის, რომ თუ ტრანზიტის საკითხი რეალურად დადგება დღის წესრიგში და მის გასაშვებად ტექნიკური კუთხით მზადება დაიწყება, აქ კრიტიკულ პუნქტად იქცევა ცხინვალის ირგვლივ შემოვლითი გზის მშენებლობა:

„ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ტრანზიტს რეალისტურ ვარიანტად განიხილავენ“.

კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი ტრანზიტის საკითხის უახლოეს მომავალში გადაჭრის პერსპექტივას ვერ ხედავს:

„ზოგადად, ტრანზიტის საკითხი პერიოდულად აქტიურდება. პრინციპში, დაინტერესებულია ყველა მხარე - რუსებიც, ოსებიც, სომხეთიც და საქართველოც. სხვათა შორის, არანაკლებ არიან დაინტერესებულნი ჩეჩნები და დაღესტნელები. საქართველო არის გასაღები, შედარებით მოკლე გზა - ა) შავი ზღვისკენ და თუ დაემატა ახალი პორტები, თუნდაც ანაკლიის სახით, საქართველოსადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება; ბ) თურქეთისა და ირანისკენ. თუმცა პრობლემად რჩება ა) ოკუპირებული ტერიტორიები და ბ) საქართველოს ფრთხილი დამოკიდებულება ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში. ამიტომ რაიმე სწრაფ და მომენტალურ გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ. თუმცა ამ მიმართულებით მოძრაობა და ინიციატივები ჩრდილოეთიდან იქნება“.

კანაშვილი საქართველოს ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას და საფრთხეებზე მიანიშნებს:   

„ჩვენი ინტერესი ორმხრივია: პირველი - საქართველოს სატრანზიტო ფუნქციისა და, შესაბამისად, შემოსავლის გაზრდა; მეორე - ეს ტერიტორიები თუ იხსნება ტრანზიტისთვის, ხვალ შეიძლება, სხვა რაღაცისთვისაც გაიხსნას. ოდესმე ეს ტერიტორიები საქართველოსთვის უნდა გაიხსნას, ამას კი სჭირდება სტიმულები. დღეს ამგვარი სტიმულები, რეალობას თუ შევხედავთ დიდად იქეთა მხარეს არ აქვს, ტრანზიტი შეიძლება, იყოს ამგვარი სტიმული. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად უნდა იყოს გაანალიზებული, არაღიარების პოლიტიკასთან შეთავსებული და მხოლოდ შემდეგ უნდა იქნას გადადმული შესაბამისი ნაბიჯები. თუ არაღიარების კომპონენტი იქნება კარგად დაბალანსებული, არა მგონია, რაიმე საფრთხე შეიქმნას. პირიქით, ტრანზიტი, თუ რაიმე ხეირს მოუტანს მათ [ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს], შეგვიძლია საჭირო მომენტში გამოვიყენოთ ზეწოლის ინსტრუმენტად. ჩვენთვის ეს ტრანზიტი შეიძლება, არა იმდენად ფინანსურად, რამდენადაც პოლიტიკურად იყოს მომგებიანი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S