Accentnews.ge
ანაკლია, აშშ და რუსეთის შფოთვის მიზეზები: სამი ექსპერტის შეფასება

ანაკლია, აშშ და რუსეთის შფოთვის მიზეზები: სამი ექსპერტის შეფასება

14/06/2019 14:48:35 თვალსაზრისი, ინტერვიუ

მართალია,  საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრები, რომელსაც აბაშიძე–კარასინის ფორმატს ვუწოდებთ, ოფიციალურად ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად შეიქმნა, თუმცა რუსი დიპლომატი შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისთვის. ამ ჯერზე, 13 ივნისს მან ყურადღება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე გაამახვილა და ამ კონტექსტში აშშ–ის  სახელმწიფო მდივნის ტონი დაიწუნა

"ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს" - განაცხადა კარასინმა აბაშიძესთან შეხვედრის დაწყებამდე.

ექსპერტმა ეროვნული უსაფრთხების საკითხებში თეონა აქუბარდიამ კარასინის განცხადებაში რამდენიმე მესიჯი ამოიკითხა: კარასინს სურდა, ოფიციალური მოსკოვის აღშფოთების ტონი გაეგოთ ვაშინგტონში; მან თითქოს „დაიცვა“ საქართველოს დამოუკიდებლობა, პორტებს საქართველო საკუთარი სურვილით უნდა აშენებდეს და რომ შეერთებულ შტატებს არ უნდა ჰქონდეს მასზე გავლენა. ამასთან აქუბარდია კარასინის განცხადებას, თითქოს რუსეთი დაინტერესებულია საქართველოს სოციალური, კულტურული, ეკონომიკური განვითარებით, განგრძობადი ოკუპაციის ფონზე ცინიკურად მიიჩნევს.

როგორც აქუბარდია ამბობს, კარასინის აღშფოთება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას  – ანაკლიის პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს:

„რეალურად კი ჩვენთვის ნათელია რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს სუვერენულ საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, რომელსაც ის ყველა სახის ძალის დემონსტრირებით ეწინააღმდეგება:  სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ საინფორმაციო სივრცით. ძალიან უხერხულია ისიც, რომ ამხელა ქვეყანა ამ ტონალობით საუბრობს პატარა საქართველოსთან და ასე ღიზიანდება საქართველოს ნებისმიერი პროგრესით. ანაკლიის პორტით კი საქართველო აიმაღლებს რეგიონში თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს და კარასინის განცხადებაც ამ გაღიზიანების გამოხატვა იყო. არადა პირიქით, თუ ლოგიკურ ჯაჭვს მივყვებით, რუსეთის ინტერესებში უნდა შედიოდეს ძლიერი, სტაბილური მეზობელი. რუსეთს კი სურს, საქართველო იყოს წარუმატებელი ქვეყანა, რათა როგორც ქვეყანაზე, ისე რეგიონზე საკუთარი გავლენის გაძლიერება შეძლოს“.

როგორც ექსპერტი ამბობს, ინვესტიციებს მოჰყვება უსაფრთხოებაც და ამ კონტექსტში მან 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები გაიხსენა:  

„თუ გავიხსენებთ საქართველოზე გამავალ ენერგეტიკულ პროექტებს –  ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი, ბაქო– სუფსა, გარდა წმინდა ეკონომიკურისა, მათ ჰქონდათ დამატებითი უსაფრთხოების კომპონენტი: საქართველო ხდება მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციის მატარებელი ქვეყანა –კასპიის ზღვის რესურსების გამტარი ევროპისკენ და ასეთ შემთხვევაში რთულია საქართველოზე ნებისმიერი სახის აგრესიის გამოვლენა. თუნდაც ის, რომ 2008 წლის  აგვისტოს ომის დროს ნავთობსადენებს არ შეჰქმნიათ საფრთხე, სწორედ ამის დასტურია. ამ მილსადენების უსაფრთხოების კუთხით ნატო აქტიურად არის ჩართული.

რაც შეეხება უშუალოდ პორტს, როგორც უკვე ვთქვი, საქართველო დამატებით ეკონომიკურ მიმზიდველობას იძენს როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთისთვის. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ მნიშვნელობაზე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიკას და ინვესტიციებს მოჰყვება უსაფრთხოების კომპონენტიც. ის ფაქტი, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის მშენებლობას, ამერიკული ინვესტიცია არის ანაკლიის კონსორციუმში, ზრდის უსაფრთხოებას. ამდენად, სწორედ ესაა მდგენელი, რომ ანაკლიის პორტი არა მხოლოდ ეკონომიკური, უსაფრთხოების გაძლიერების დამატებითი კომპონენტია და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, დროულად მოხდეს მისი განხორციელება და მას ექნება გავლენა საქართველოს თითოეულ მოსახლეზე“.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და თსუ-ის ასოცირებული პროფესორის ეკა აკობიას შეფასებით, კარასინს საკითხის გაქილიკების მცდელობა ჰქონდა და მისი განცხადება რუსეთის რეალურ წუხილებს არ გამოხატავს. რეალურად კი რუსეთს ადარდებს ის გარემოება, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომელმაც შესაძლოა, ანაკლიის პორტით სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნების რუქაზე მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთოს.

„იმ მოცემულობაში, როდესაც რუსეთს საქართველოს ეკონომიკის თუ პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებზე სრული კონტროლი ჯერ–ჯერობით არ აქვს, დამოუკიდებელი სატრანზიტო დერეფნის გაჩენა, რომელსაც ინფრასტრუქტურულად აქვს შესაძლებლობა, საერთაშორისო ტვირთის დიდი ნაწილი მიიღოს და შემდეგ ევროპისკენ გადააგზავნოს, რუსეთისთვის პრობლემაა. როგორც არ უნდა ცდილობდეს რუსეთი, ძლიერი და დიდი სახელმწიფოს იმიჯის დამკვიდრებას,  მას  საშუალო სახელმწიფოს ტიპის საზრუნავი და შესაძლებლობები აქვს:  რუსეთისთვისაც მნიშვნელოვანია სატრანზიტო საკითხები – სურს, აღმოსავლეთის ტრანზიტი მთლიანად,  კასპიის ზღვიდან ჩრდილოეთით გაუშვას და შემდეგ რკინიგზით რუსეთის სხვადასხვა პუნქტებიდან გადანაწილდეს ევროპაში. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში რუსეთს არ აწყობს, ტვირთები აღმოსავლეთ–დასავლეთის დერეფნით წამოვიდეს, ნაცვლად ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფნისა, მას არ სჭირდება, კონკურენტული დერეფნები და ალბათ ესაა მიზეზი, რატომაც გამოეხმაურა საკითხს. როგორც აშშ–ის სახელმწიფო მდივნის, ისე რუსეთის გამოსვლაში გამოიკვეთა, რომ რეალურად საქართველო–რუსეთის თემებში ერთ–ერთი აქტუალური საკითხია ანაკლია“.

მისივე შეფასებით, ფუნქციური ანაკლიის პორტი მისი მომწოდებლებით ქვეყნისთვის შექმნის უსაფრთხოების კომპონენტებს, ვინაიდან ტრანზიტით დერეფნით დაინტერესებული მხარისთვის ქვეყნის სტაბილურობა ღირებულია, თუმცა ამ რეალობას მხოლოდ პორტის მშენებლობა არ წარმოშობს:  

„რაც მეტი აქტორისთვის იქნება საქართველო საინტერესო, მით უფრო ნაკლებ მტაცებელ აქტორს ექნება სურვილი და შესაძლებლობა, ქვეყანაში არასტაბილური ვითარება იყოს. ამიტომაც, მოწოდების დივერსიფიკაცია, მათ შორის ჩინეთიდან, კორეიდან, ინდოეთიდან, ყველა მსურველი მსხვილი მწარმოებლისგან საქართველოსთვის კარგია, რადგან ის ხდება მაქსიმალურად საინტერესო სხვა ქვეყნებისთვის. აქვე უნდა ითქვას, რომ პორტის აშენება თავისთავად არ წარმოშობს ამ რეალობას. პორტის მშენებლობა, დერეფნის შექმნა და ზოგადად სატრანზიტო ფუნქციის შესრულება მნიშვნელოვანწილად უნდა იყოს საქართველოს მთავრობის საზრუნავი. ერთია, კომპანიის მიერ პორტის აშენება და ლოჯისტიკის გამართვა და მეორეა, ამას შეხედო, როგორც ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მომავალს და იზრუნო, პორტი დაიტვირთოს ტვირთებით, არსებობდეს სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებები, თუ მოლაპარაკებები, რათა დერეფანს რეალური ფუნქცია ჰქონდეს. კერძო ინვესტორმა თავისი საქმე უნდა შეასრულოს, სახელმწიფომ თავისი“.  

ანაკლიის პორტის როგორც ეკონომიკურ ისე უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელობას იზიარებს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი:

„ანაკლიის პორტს აქვს როგორც ეკონომიკური დატვირთვა, ასევე  აქვს უდიდესი დატვირთვა უსაფრთხოების მიმართულებით და  ამასწინათ ეს აშშ–ის საკმაოდ მაღალი ეშელონებიდანაც გავიგეთ. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით შეშფოთდა რუსეთის ისტებლიშმენტი და გზავნილმაც არ დააყოვნა: რუსეთი სკურპულოზურად აკვირდება, თუ რა განვითარდება საქართველოში და ალბათ შეიმუშავებს კონტრზომას, რომ ეს პროექტი [ანაკლია] შეჩერდეს, დროში გაიწელოს და ა.შ. ვიცით, რომ რუსეთის ფედერაციის პრობლემაა მისი უშუალო მეზობლების და ზოგადად რეგიონის განვითარება: ურჩევნია, ჰყავდეს რაც შეიძლება მოშლილი სახელმწიფო სისტემების მქონე მეზობლები, რომ ადვილად განახორციელოს მათზე ზეგავლენა; არ სურს იმ გავლენების დაკარგვა, რაც ოდესღაც – საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა ამ რესპუბლიკებზე. ეს საკითხი რუსეთისთვის პრობლემა იყო და ყოველთვის დარჩება და ეს არ არის ცალკე აღებული ნატოსკენ სწრაფვა, ანაკლიის პორტი, ან სხვა რომელიმე ინფრასტრუქტურული პროექტი. იმედი მაქვს, ამისთვის ჩვენი ხელისუფლება მზად არის, ან მზად იქნება და გარკვეულ ნაბიჯებსაც მიმართავს“.

ბაჩიაშვილი იმედს იტოვებს, რომ კორპორაცია და მთავრობა მოძებნიან საერთო ენას, რადგან მისი შეფასებით, პროექტი არა კერძო კორპორაციული, ან პარტიული, არამედ სახელმწიფო ინტერესის მატარებელია და ის დათქმულ ვადებში განხორციელდება.

„ამ პროექტს დიდი დაკვირვებით უყურებს როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ჩვენი სტრატეგიული მოწინააღმდეგე რუსეთის ფედერაცია. მხოლოდ ის, რომ ამ ქვეყნებმა ასეთი დიდი ყურადღება მიაქციეს ამ პროექტს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის უნიკალურ მნიშვნელობას. გარდა ამისა, ვფიქრობ, პროექტი კარგად ჯდება  ნატოს ახალ სტრატეგიაში – შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება. ამ კუთხითაც ვერ ვუარყოფთ ანაკლიის პორტის უნიკალურობას და ამ მიმართულებითაც აქვს რუსეთს პროექტის მიმართ ყურადღება გამახვილებული“.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S