რუსეთში საარჩევნო კომისიები საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის პერიოდში მუშაობაზე უარს აცხადებენ

09-06-2020 22:15:25 მსოფლიო

რუსეთის რიგ რეგიონებში ადგილობრივი საარჩევნო კომისიების წევრები პრეზიდენტის ინიციატივით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საყოველთაო კენჭისყრის პერიოდში მუშაობაზე უარს აცხადებენ. მათ პროტესტს ორი მიზეზი აქვს: კორონავირუსის საფრთხე და პოლიტიკური მოტივი.

სანამ რუსეთის ხელისუფლება 1 ივლისისთვის დანიშნული კენჭისყრისთვის ემზადება, რომელიც ფაქტობრივად უკვე 25 ივნისს დაიწყება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია ჯერ კიდევ საკმაოდ მძლავრია, უბნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლები პრაქტიკულად არ იქნებიან, ბევრი ამომრჩეველი კი წინასწარ - სახლის პირობებშივე მისცემს ხმას, რიგმა საუბნო საარჩევნო კომისიებმა ღია წერილი გაავრცელეს, რომელშიც მუშაობაზე უარს აცხადებენ და კოლეგებს ამ პოზიციის გაზიარებისკენ მოუწოდებენ.

"1 ივლისის კენჭისყრა რეალური საფრთხეა არა მარტო ჩვენი, არამედ ამომრჩევლების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. ჩვენ მუდმივად მოგვიწევს უბნებზე ყოფნა 7 დღის განმავლობაში და ათასობით ადამიანს უნდა დავეხმაროთ პოზიციის დაფიქსირებაში. ამდენად, უამრავ ადამიანთან მოგვიწევს კონტაქტში შესვლა როგორც ხმის მიცემისთვის გამოყოფილ დახურულ სივრცეებში, ისე კარდაკარ შემოვლისას. საკმარისია, კომისიის ერთი წევრი მაინც დაინფიცირდეს – და დაინფიცირდებიან როგორც კომისიის სხვა წევრები, ისე ხმის მიმცემი უამრავი მოქალაქეც. ამასთან, ყოველი სამუშაო დღის შემდეგ ვრისკავთ, ინფექცია სახლში მივიტანოთ და დავაინფიციროთ ოჯახის წევრებიც, რომელთაგან ზოგიერთისთვის ეს შესაძლოა, სიკვდილის საფრთხის მატარებელი აღმოჩნდეს. არსებულ ვითარებაში ამ კენჭისყრის ჩატარება თვითმკვლელობისა და ათასობით მოქალაქის მკვლელობის ტოლფასია. ამიტომაც 1 ივლისს ხმის მიცემის ორგანიზებაზე უარს ვაცხადებთ და მოვუწოდებთ ყველას, ჩვენს პროტესტს შემოუერთდეს", – ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც რუსეთის სხვადასხვა რეგიონების საუბნო საარჩევნო კომისიების უკვე 200 წევრი აწერს ხელს.

თუმცა როგორც პროტესტის ერთ-ერთი ინიციატორი სერგეი ლებედევი აცხადებს, ეპიდემიაც რომ არა, არსებობს კენჭისყრის არჩატარების პოლიტიკური მოტივიც:

“თავად კენჭისყრის პროცედურა იმდენად ბუნდოვანია, ვერაფერს გავაკონტროლებთ. აღარაფერს ვამბობ თავად საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსზე. მაგრამ ბევრი ჩვენი კოლეგა მაინც იმუშავებს – ისინი კომისიებში ფაქტობრივად იმ ნიშნით შეყარეს, რომ კორონავირუსზე და ცვლილებების შინაარსზე მეტად ფული აინტერესებთ, რომელსაც გადაუხდიან. დამოუკიდებელი დამკვირვებლები კი, როგორც უკვე ვიცით, უბნებზე არ იქნებიან. ამას დაემატება სრულიად უკონტროლო წინასწარი ხმის მიცემა სახლიდან, ასევე ელექტრონულად – და ხელისუფლება წინასწარვე მიიღებს საჭირო შედეგს”.

  • როგორც ცნობილია, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფაქტობრივად, მეექვსე ვადით ქვეყნის სათავეში დარჩენის შესაძლებლობას იღებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები