გიორგი გობრონიძე: „ვიქცევით ისე, როგორც უთავმოყვარეო სახელმწიფო და უღირსი საზოგადოება“

17-06-2020 18:54:18 საგარეო პოლიტიკა ,ინტერვიუ

რამდენად ადეკვატურია მმართველი გუნდის პოზიციონირება ქართველი ჟურნალისტის წინააღმდეგ დაგეგმილ შესაძლო დანაშაულის საქმეზე; რას უნდა ამბობდეს, მაგრამ არ ამბობს ქართული პოლიტიკური სპექტრი; რა რისკებს წარმოშობს თავად შეკვეთილი მკვლელობის საქმე, რა გზავნილია ის საქართველოს მოქალაქეებისადმი? – ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტს გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.

გიორგი გობრონიძე: უპირველესად, ამ მიმართულებით სპეცსამსახურების მუშაობა ნამდვილად იმსახურებს აღნიშნვას: ასეთი საქმეების გახსნას და შემდეგ მასზე ლაპარაკს იშვიათად ახერხებენ ჩვენი ტიპის სპეცსამსახურები და კარგია, თუ ასეთ შედეგს ვდებთ, თუნდაც, პარტნიორებთან თანამშრომლობით. მაგრამ აქ მეორე ნაწილიც მნიშვნელოვანია: თუ გამოძიება საბოლოოდ დაადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეს (არ აქვს მნიშვნელობა, ვინაა ის) უცხო ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან ემუქრებოდა კონკრეტული საფრთხე და ამისთვის კონკრეტული ადამიანების დაქირავება მოხდა, რაც ნიშნავს, რომ ერთი სახელმწიფო მეორის ტერიტორიაზე ადამიანების ლიკვიდაციას გეგმავს, რბილად რომ შევაფასოთ, მტრული ნაბიჯია და ეს სერიოზულ საერთაშორისო ყურადღებას საჭიროებს.

ზოგადად უცნაურია, რუსული მხარის რეაქცია გიორგი გაბუნიას გინებაზე (ეთიკურ მხარეს არ შევეხები). არასერიოზულია, როდესაც მსოფლიოში ყველაზე დიდი, ბირთვული შეიარაღების, დამოუკიდებელი და თვითკმარი კოსმოსური პროგრამის და პრეტენზიის მქონე სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანო, რომ დედამიწაზე მეორე ან პირველი პოლუსია, სამ დღეს გაბუნიას გინების განხილვას უთმობს. რა უნდა გავაკეთო მე, ერთმა რიგითმა მკვლევარმა, რომ რომელიმე მთავრობაში ვინმემ ყურადღება მომაქციოს? ადამიანი გამოვიდა, იგინა და ის ლამის სუპერვარსკლავად აქციეს. ამ ინციდენტს შესაძლოა, ისე ჩაევლო, კვალი მეხსიერებაში არ დაეტოვებინა, მაგრამ ამისგან რუსეთმა მოვლენა შექმნა. ეს უკვე მიუთითებს რუსული პოლიტიკური კლასის ხასიათზე, თუ რამდენად ღრმადაა მათში არასრულფასოვნების კომპლექსი გამჯდარი. წარმოიდგინეთ, ტრამპს რომ ვინმემ აგინოს, შემდეგ ამ საკითხზე აშშ–ის კონგრესმა და სენატმა სამი დღე იმსჯელოს და შემდეგ უკვე რომელიმე შტატის გუბერნატორმა „ქილერი“ გამოგზავნოს ადამიანის მოსაკლავად. ეს ხომ წარმოუდგენელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ პრესტიჟული და ძლიერი სახელმწიფოა?! ეს პირველ რიგში, არასერიოზულად წარმოაჩენს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ მეორეს მხრივ – აჩვენებს ამ სახელმწიფოს დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ: არ აინტერესებთ ჩვენს ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური წესები; არ აინტერესებთ, რომ ეს სახელმწიფოა და არა მეზობლად გახსნილი ჯიხური და თავს უფლებას აძლევენ, ასე მოიქცნენ.

ძალიან კარგია, როდესაც იყო საუბარი, რომ კონკრეტული დამნაშავის კვალი რუსულ ოფიციალურ პირებამდე მიდის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებამ საუბარი საერთაშორისო პარტნიორებთანაც გააგრძელოს: თუ ვსაუბრობთ, რომ გვჭირდება საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება რუსეთზე ზეწოლისთვის, ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ: ეს ღიად წარმოაჩენს რუსულ დესტრუქციულ როლს არა მხოლოდ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში, არამედ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ რუსეთში კრიტიკული აზრის მქონე ადამიანები, მათ შორის ბლოგერები უჩინარდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც „დაპოსტეს“, რაც პოლიტიკური კლასისთვის მიუღებელი იყო – გავიგეთ, რომ ეს რუსეთის შიგნით ხდება, მაგრამ რუსეთის გარეთ ამის კეთებით რუსული პოლიტიკური ელიტა საკუთარ თას საუდის არაბეთის, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმების გვერდით აყენებს და ამას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს. მით უმეტეს, რომ ჟურნალისტზე თავდასხმას ორი განზომილება აქვს: ეს არ არის მხოლოდ შურისძიება შეურაცხყოფაზე, ეს არის პირდაპირი განაცხადი, „თქვენ არ უნდა ილაპარაკოთ ის, რაც ჩვენ არ მოგვწონს“ – ეს პირდაპირი განაცხადია სიტყვის თავისუფლების შესახებ: დღეს შეიძლება, გინებაა მიუღებელი, მაგრამ ხვალ თქვენს მიერ რუსეთის შესახებ დაწერილი კრიტიკული სტატია შესაძლოა, არ მოეწონოთ, რომელსაც შემთხვევით გადააწყდება რომელიმე რუსი ჩინოვნიკი და თავს უფლებას მისცემს, მკვლელი გამოაგზავნოს. ეს თავხედობის რაღაც სხვა ეტაპზე ასვლას გულისხმობს. ის იყო მიუღებელი, როდესაც საკუთარი სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლების ლიკვიდაციას გეგმავდნენ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ ახლა ამით რუსეთი აგზავნის სიგნალს, რომ საქართველოში მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის მმართველი კლასისთვის მისაღებ გზავნილებს არ აფიქსირებენ, უსაფრთხოდ არ არიან.

ვფიქრობ, ეს საკმარისი საფუძველია, ქართულმა დიპლომატიამ დღის წესრიგში დააყენოს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი თუნდაც სანქციების მექანიზმების გაძლიერებით,

– ბოლო ორი დღის განმავლობაში მმართველი გუნდის წევრების და თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული ზოგადი კომენტარები მსგავსი აქტივობის რწმენას გაძლევთ?

– არა. მე რაც ვთქვი, ეს იქნებოდა ადეკვატური პოზიცია. ხოლო თუ შევხედავთ იმას, რასაც ვაკეთებთ, ადეკვატურობასა და ამ პოზიციას შორის იგივე სხვაობაა, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით – ხსენებულ ორ გზავნილს შორის. კითხვა მიჩნდება ხოლმე, რამდენად სწორად აღიქვამს ჩვენი პოლიტიკური ელიტა ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს: მეზობელი ქვეყანა ბედავს, ჩვენი მოქალაქის ლიკვიდაციას გეგმავს და ამ დონეზე ყველაფერი ისევ შიდა პოლიტიკური კინკლაობის დონეზე გადადის. გავიგე, რომ ეს რაღაც მომენტში ვიღაცას რაღაცისთვის შეიძლება, გამოეყენებინა, მაგრამ სახელმწიფოს თავისი ყველა მოქალაქის დაცვის ვალდებულება აქვს: საქართველოს მოქალაქის პასპორტს გასაგები ქართულით და ინგლისურით აწერია, რომ მის მფლობელს ქართული სახელმწიფო მფარველობს, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს მოქალაქე, თუ არა. და ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხის ირგვლივ პოლიტიკური კლასი კონსოლიდირდეს, ჰქონდეს საერთაშორისო რეზონანსი, იმართებოდეს შეხვედრები ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ვიყენებდეთ საერთაშორისო ტრიბუნას, რომ მსგავსი რამ გაგვიბედეს და თუ ჩვენთან ეს გაუვათ, სიაში სხვა ქვეყნებიც იქნებიან, რომ რუსეთმა ჰიბრიდული ომი ახალ დონეზე აიყვანა, – ვიღებთ წინასაარჩევნო, შიდაპოლიტიკურ, საშუალო ხარისხის გზავნილებით კინკლაობას.

– იდეაში, ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩები უნდა ჰყავდეს უწყებაში მიწვეული და მიდიოდეს მსჯელობა, აგზავნიდეს მიმართვებს, როგორც გასულ წელს, როდესაც გიორგი გაბუნიამ აგინა პუტინს, გააგზავნა ნოტა, "შეაფასეთ ჟურნალისტის ქმედებაო"...

– წარმოუდგენელია ... საინტერესოა, საგარეო საქმეთა სამინისტრო გაბუნიას ამხელა მნიშვნელობას რატომ აძლევს, რომ მისი გინება საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასოს?! დავუშვათ, დაეთანხმნენ, მერე?

– რას ნიშნავს ეს, გიორგი? ამ დროს საკუთარ თავს, როგორც სახელმწიფო, რა ვითარებაში აყენებ?

– ვიქცევით ისე, როგორც უთავმოყვარეო სახელმწიფო და უღირსი საზოგადოება. ბატონი გაბუნიას მისამართით ჩემს პერსონალურ განწყობებზე არ ვსაუბრობ: თუ არ მომწონს მისი ჟურნალისტური სტილი, მარტივი არჩევანი მაქვს – ტელევიზორს პულტი აქვს და შემიძლია, გადავრთო. აქ საკითხი სხვა რამეს ეხება: ამ კაცმა რომელიმე კანონი დაარღვია? უზრდელობა და გინება კანონდარღვევა არაა. ეს რატომ უნდა ვაქციოთ სახელმწიფოთაშორის მოვლენად? ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქციას ერთადერთი იმით ვხსნი, რომ მათ იცოდნენ, მოსკოვში რა პარანოიკებთან აქვთ საქმე; იცოდნენ, რომ ასეთი არაადეკვატური რეაქცია ექნებოდათ. ის, რომ არასრულფასოვან სახელმწიფოსთან [რუსეთის ფედერაცია] გვაქვს საქმე, ამ მოვლენამაც გამოაჩინა: შეუძლია, კუნთებზე იყუროს, მაგრამ არ შეუძლია, საკუთარ ტერიტორიაზე გაუმკლავდეს წყალდიდობას, ხანძარს, ნავთობის დაღვრას და პანდემიას. საბჭოთა კავშირიდან დარჩენილ არმიის ნანგრევებს მოათრევს დღემდე. ამ ფონზე ქართული დიპლომატიის მესმის, მაგრამ ამის შემდეგ აუცილებელია, რომ შევძლოთ და ღირსეულად დავიცვათ ჩვენი მოქალაქე.

– გაბუნიას ირგვლივ მიმდინარე მოვლენებმა ბევრს გაახსენა ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა. გამოძიებამ რუსული სპეცსამსახურების კვალი გამოკვეთა, საქართველოს კი ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე არ აქვს დაფიქსირებული. როგორ ფიქრობ, ეს დუმილი შეცდომა იყო? რეალურად, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რისი გაკეთება იყო შესაძლებელი?

– როდესაც საქართველოს მოქალაქეს (განურჩევლად წარმოშობისა, აღმსარებლობისა, კანის ფერისა და ა.შ ) საზღვარგარეთ ვიღაცა რაღაცას დაუშავებს, ჩვენს ქვეყანას გააჩნია იურისდიქცია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე. ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს უნდა მოეთხოვათ გამოძიების პროცესში ჩართვა, საქმე ბოლომდე მიეყვანათ და ხმამაღლა ესაუბრათ ამ თემაზე. როდესაც ბერლინში მივეცით ამის უფლება, იგივე თბილისში დაგეგმეს. როდესაც თავს დახრი, შემდეგ ხშირად წამოგარტყამენ. ჩვენ უნდა ვგავდეთ სახელმწიფოს, მაგრამ არათუ სახელმწიფოსავით ვიქცევით, შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ. ეს 80% მთავრობის ბრალია, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობა აკისრია საზოგადოებას და პოლიტიკურ კლასს: შეხედეთ საზოგადოების ნაწილის განწყობას, „რატომ არ მიიყვანა „ქილერმა“ საქმე ბოლომდეო“ – ეს რა არის? მაქვს მე გარანტია, რომ ხვალ ჩემი შვილი არ იქნება თავდასხმის მსხვერპლი, მაქვს გარანტია, რომ მესამე ქვეყნის დახმარებით ჩემს ტერიტორიაზე ტერაქტს არ მოაწყობენ და დარტყმის ობიექტი ჩემთვის ძვირფასი ადამიანები არ აღმოჩნდებიან? მაქვს გარანტია, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მხოლოდ ერთ ჟურნალისტზე გაჩერდება და კიდევ უფრო სერიოზულ ფორმებს არ მიიღებს? ჩვენ ერთი სერიოზული მოცემულობა გვავიწყდება: გვინდა თუ არა, რუსეთთან ძალიან მძიმე, პრაქტიკულად, საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ რუსეთთან კონფლიქტი არ დაგვისრულებია – ჩვენი ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია, ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა სამჯერაა განხორციელებული და თითოეული თავის დახრა, ამ ყველაფრისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ნიშნავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები