
აფხაზური პასპორტების აღიარება სუვერენიტეტის აღიარების გარეშე? - რას ჰპირდებიან სოხუმს
02/05/2019 13:15:05 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთს სამდღიანი ვიზიტით “არწარმოდგენილი ერებისა და ხალხების ორგანიზაციის” წარმომადგენლები სტუმრობდნენ. როგორც ვიზიტის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ორგანიზაციის ლობირების საკითხთა კოორდინატორმა ლუჩია პარუჩიმ განაცხადა, UNPO აფხაზეთის მაცხოვრებლებს“რესპუბლიკის ფართო საერთაშორისო აღიარებისა და მსოფლიოს მასშტაბით აფხაზური პასპორტითთავისუფლად გადაადგილების პრობლემების დაძლევაში” დაეხმარება.
“არწარმოდგენილი ერებისა და ხალხების ორგანიზაცია” (UNPO - Unrepresented Nations and Peoples Organization) საერთაშორისო არასამთავრობო სტრუქტურაა, რომელიც მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ეუთო და სხვა) წარმომადგენლობის არმქონე ხალხებს აერთიანებს, თავის ძირითად მიზნად კი “მცირე ერების თვითგამორკვევის უფლების რეალიზებასა და საერთაშორისო არენაზე მცირე აბორიგენი ხალხების უფლებების დაცვას” ასახელებს. ორგანიზაცია 1991 წელს ჰააგაში დაფუძნდა, მისი შტაბ-ბინა კი სადღეისოდ ბრიუსელში მოქმედებს.
აფხაზეთი ორგანიზაციაში 1991 წელს გაწევრიანდა და სადღეისოდ მასში დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს სახითაა წარმოდგენილი.
მიმდინარე წლის მარტში UNPO-ს აქტიური მხარდაჭერით აფხაზური დე ფაქტო საგარეო უწყების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში რიგი შეხვედრები გამართეს.
უფრო დეტალურად ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებაში UNPO-ს გეგმებზე პრეს-კონფერენციაზე ამ ორგანიზაციის პოლიტიკისა და კვლევების განყოფილების ხელმძღვანელმა ფერნანდო ბურხესმა ისაუბრა.მისი თქმით, ორგანიზაცია “აქტიურად დაეხმარება რესპუბლიკას მოსახლეობის მხოლოდ აფხაზური პასპორტის მქონე ნაწილის გადაადგილების პრობლემის გადაჭრაში, დაიწყებს ევროკავშირიდან და შეეცდება, დაარწმუნოს ყველა აქტორი, რომ ეს ადამიანის უფლებების წარმოუდგენლად უხეში დარღვევაა,მოსახლეობის 30% [ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის დაახლოებით ეს რაოდენობა არ ფლობს, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, სადღეისოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტს და აქვს მხოლოდ აფხაზური ე.წ. პასპორტი] ვერ ახდენდეს საკუთარი საბაზისო უფლებების, კერძოდ თავისუფალი გადაადგილების უფლების რეალიზებას».
«არსებობენ რიგი სხვა ნაწილობრივ აღიარებული ქვეყნები (მაგალითად, პალესტინა, კოსოვო და ჩრდილოეთ კვიპროსი), რომელთა შემთხვევაშიც გამოსავალი მოიძებნა: დაიდო ხელშეკრულებები მსოფლიოს ზოგიერთ სახელმწიფოსთან, რომლებიც ამ ქვეყნების მოქალაქეებს მათი ეროვნული პასპორტებით მოგზაურობის ნებას რთავენ. ამგვარად, არსებობს მსოფლიო პრაქტიკა ეროვნული პასპორტების აღიარებისა ამა თუ იმ ქვეყნის სუვერენიტეტის ფართო საერთაშორისო აღიარების გარეშე და ეს პრაქტიკა აფხაზეთზეც უნდა გავავრცელოთ», - აღნიშნა ბურხესმა.
UNPO-ს წარმომადგენლები ოკუპირებულ რეგიონს დე ფაქტო ხელისუფლების მიწვევით ესტუმრნენ.ბოლო დღეების განმავლობაში მათ გამართეს რიგი შეხვედრები დე ფაქტო საგარეო საქმეთა და ტურიზმის სამინისტროებში, სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, შეხვდნენ დე ფაქტო პრეზიდენტსა და პრემიერს. დე ფაქტო საგარეო პოლიტიკურ უწყებაში სტუმრებმა ახალგაზრდა აფხაზი დიპლომატებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგიც ჩაატარეს, რომელიც როგორც UNPO-ს, ისე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობების ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს ეხებოდა.
სოხუმის ხელისუფლება ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე დიდ იმედს ამყარებს, კერძოდ - “ევროპამდე რეალური ინფორმაციის მიწოდებისა” და გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფის მიმართულებით.
“ვინაიდან აფხაზეთი საერთაშორისო სტრუქტურების წევრი არ გახლავთ, ჩვენი ხმა პრაქტიკულად არსად ისმის, ჩვენი პოზიცია ძალზე სუსტადაა წარმოდგენილი მსხვილ საერთაშორისო პლატფორმებზე. ამით აქტიურად სარგებლობენ ქართველი ოპონენტები,რომლებიც ამ სტრუქტურების ყველა სხდომაზე ცდილობენ არათუ ობიექტური, ხშირად ცრუ ინფორმაციის გაჟღერებასაც კი. მაგალითად, ქართული მხარე აქტიურად ცდილობს,საერთაშორისო საზოგადოების მასობრივ შეგნებაში ჩანერგოს აზრი, თითქოს აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და არა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს აბსოლუტურად გამოგონილი, ცრუ ტერმინია და ამას აქტიურად უნდა ვებრძოლოთ. ეს ძალზე სერიოზული გამოწვევაა ჩვენი რესპუბლიკისთვის” - განმარტავს ამასთან დაკავშირებით დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბა.

ირაკლი ტუჟბა
მისივე თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მუდმივ კონტაქტზეა UNPO-სთან და მისი დახმარებით 2019 წლის მარტში ევროპარლამენტში პირდაპირი კონტაქტების დამყარება მოახერხა ევროდეპუტატებთან, პოლიტიკურ მრჩევლებთან, სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისა და ჯგუფების წარმომადგენლებთან.
“ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ევროპარლამენტის დღის წესრიგს ქმნიან. ამდენად, მათთან პირდაპირი შეხვედრების შესაძლებლობა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. დიახ, ევროპარლამენტარების დიდ ნაწილს ევროკავშირისთვის ტრადიციული პოზიცია აქვს, თუმცა არსებობს აქტიური უმცირესობაც, რომელთანაც შესაძლებელია მუშაობა ჩვენი იდეების ლობირების მიმართულებით. ამ მხრივ UNPO-ზე დიდ იმედს ვამყარებთ: მისი შტაბ-ბინა ხომ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში - ბრიუსელში მდებარეობს, სადაც პრაქტიკულად ყველა ძირითადი პოლიტიკური სტრუქტურა და მამოძრავებელი ძალაა წარმოდგენილი. მარტის ვიზიტი ბრიუსელში იმედს გვისახავს, რომ UNPO-სთან თანამშრომლობით სამომავლოდ კარგ შედეგებს მივაღწევთ” - ამბობს ტუჟბა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომლის წამოწევასაც სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება ევროპელებთან ურთიერთობისას ცდილობს, სწორედ გადაადგილების თავისუფლებას ეხება:
“ჩვენი აზრით, აუცილებელია, პრობლემის გადასაჭრელად პროცესებში ჩავრთოთ ევროპული საზოგადოება და საერთაშორისო სტრუქტურები (გაერო, ეუთო და სხვა). ვთვლით, რომ უპირველესად, სწორედ ევროპულმა საზოგადოებრიობამ უნდა შექმნას პირობები აფხაზური ეროვნული პასპორტებით მოგზაურობის დასაშვებად. მსგავსი პრაქტიკა ხომ თავად ევროპის შიგნით არსებობს, მაგალითად, გვაქვს კოსოვოს პრეცედენტი: ევროპის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა სლოვაკეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, კოსოვოს სუვერენიტეტს არ სცნობენ, თუმცა კოსოვოს ეროვნულ პასპორტებში ვიზებს უპრობლემოდ არტყამენ და ამ გზით ცდილობენ იმ ჰუმანიტარული პრობლემის გადაჭრას, რომელიც გადაადგილების თავისუფლებას უკავშირდება. ჩვენ ვითხოვთ, რომ აფხაზეთის მოქალაქეების მიმართაც ანალოგიური გადაწყვეტილება იქნას მიღებული. მშვენივრად გვესმის, რომ ეს ჰუმანიტარული პრობლემა პოლიტიკურ ასპექტებსაც მოიცავს, რის გამოც სწრაფ შედეგებს არ უნდა ველოდოთ. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საზოგადოებრიობა მართლაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს და აფხაზეთის მოქალაქეებსაც უახლოეს პერსპექტივაში მიანიჭებს შესაძლებლობას, მათი საბაზისო უფლების – გადაადგილების თავისუფლების რეალიზება მოახდინონ”.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021