ზურაბ ხანგოშვილი: „ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა!“

19-06-2020 17:39:05 სამართალი ,ინტერვიუ

მართალია, ოფიციალური თბილისი დუმილის რეჟიმს ამ დრომდე არ არღვევს, მაგრამ 18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დაკვეთაში რუსეთის სამთავრობო ორგანოები ოფიციალურად დაადანაშაულა. უფრო ადრე გერმანიამ სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით, ორი რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან. და თბილისმა რა გააკეთა, რომელსაც მოქალაქე მოუკლეს? დუმს ან თავს იმ მძიმე ჩანაწერის თაობაზე იმართლებს, პროკურატურის დასკვნაში რომ მოხვდა: "დაკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის მტრული ურთიერთობები რუსულ სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ინგუშეთის მთავრობებთან, ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან”. საქართველოს ოფიციალური პირები ამბობენ, „ტექნიკური შეცდომააო“, საქართველოში გერმანიის ელჩმა ვითარების შერბილება სცადა, „ეს მოკლულის სიტყვებია, არა პროკურატურის და ასე არ ფიქრობს გერმანიის მთავრობაო“, თუმცა მსგავსი მინიშნება ერთწლიანი გამოძიების შემდეგ დადებულ საჯარო დასკვნაში არაა და არის მოლოდინი, რომ დროთა განმავლობაში გამოძიების შედეგების შესახებ მეტი გახდება ცნობილი. ეს არანაკლებ აქტუალურია იმ ფონზეც, რომ სულ ახლახანს საქართველოში ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვის შესახებ გახდა ცნობილი, კვალი კვლავ რუსეთისკენ მიდის, ხოლო თბილისი რუსეთზე ღიად საუბარს ამ შემთხვევაშიც ერიდება.

„აქცენტი“ გერმანული გამოძიების შესახებ მოკლული საქართველოს მოქალაქის ძმას ზურაბ ხანგოშვილს ესაუბრა.

ერთ–ერთი თქვენი ბოლო ინტერვიუ წავიკითხე. ბრძანეთ, ახალი არაფერი მსმენია საქმეზე, შეიძლება, გამოძიება ჩიხში შევიდაო. თქვენთვის მოულოდნელი იყო გერმანიის ფედერალური პროკურატურის დასკვნა, რომელიც 18 ივნისს ყველასთვის გახდა ცნობილი?

კი, მოულოდნელი იყო. პრინციპში, იმაზე მეტ ინფორმაციას არ ვფლობ, რაც გამოქვეყნდა. აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში მკვლელის სასამართლო პროცესი იქნება და მეტი გახდება ცნობილი. ადვოკატმა მითხრა, საქმე გადმომცეს, მაგრამ მოცულობითია და დრო დამჭირდება შესასწავლადო. ველოდები.

ალბათ თქვენც დაინტერესდით, რომ დასკვნაში საქართველოცაა ნახსენები: "დაკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის მტრული ურთიერთობები რუსულ სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ინგუშეთის მთავრობებთან, ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან”. საქართველოში გერმანიის ელჩმა ეს ფორმულირება კი შეარბილა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რაც ფედერალური პროკურატურის დასკვნაში წერია. თქვენ რა იცით ამ ფრაზის შესახებ?

ჩვენს სიტყვებზე დაყრდნობით ხომ არ იტყოდა ამას პროკურატურა?! ელჩმა კი სცადა გამართლება...ჩვენთვის ისედაც ნათელი იყო, რომ პრორუსულები არიან და მათ ინტერესებს იცავენ.

ანუ ფიქრობთ, რომ პროკურატურა დასკვნისას არა ზელიმხანის დამოკიდებულებას, არამედ ზელიმხანის საქმის მასალებს დაეყრდნო?

რა თქმა უნდა. საკმარისია საქმეში ჩახედვა: საქართველოში ზელიმხანზე რომ თავდასხმა [2015 წელს. თავდასხმის შემდეგ ხანგოშვილმა სახელმწიფოსგან დაცვა არაერთგზის ითხოვა, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ კი საქართველო დატოვა] განახორციელეს, იგივე პირებმა გერმანიაში მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. ანუ, ვგულისხმობ, რომ დამკვეთები იგივენი იყვნენ, ბუნებრივია, შემსრულებლები – სხვები. უდავოა, რომ საქართველოში მომხდარი თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. საქართველოში მკვლელობა დღისით, მზისით სცადეს – თავისუფლად მოქმედებდნენ. საქმე არავინ გამოიძია, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ეს ფაქტი გერმანელ გამომძიებლებს სხვა თუ არაფერი, დააეჭვებდა მაინც, „რატომ არ გამოიძიეს? თავდამსხმელები სად წავიდნენ? არც დაკავებული, არც ძებნაში არავინაა“. აქედანაც ხომ ჩანს, რომ ეხმარებოდნენ რუსულ სპეცსამსახურებს, ყოველ შემთხვევაში, ხელს არ უშლიდნენ.

თავად ზელიმხანი დარწმუნებული იყო, რომ მისი პერსონალური მონაცემები და გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ქართული სპეცსამსახურებიდან გავიდა...

არაა გამორიცხული. ჩამოსვლისთანავე ხომ ვერ მოაგნებდნენ? დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ საფრთხე არ ექმურებოდათ. წარმოიდგინეთ, თავდამსხმელი კამერების ქვეშ დგას, ამაყად ესვრის ადამიანს და ტერიტორიას თავისუფლად ტოვებს. ბუნებრივია, მათ ჰქონდათ ხელშეუხებლობის გარანტია.

გაქვთ ინფორმაცია, შეისწავლა თუ არა გერმანულმა გამოძიებამ ეს ეპიზოდი?

ჯერ–ჯერობით ზუსტად არ ვიცი. მქონდა ასეთი ინფორმაცია, რომ ქართულ სპეცსამსახურებს მკვლელობის საქმის გამოძიებაში მონაწილეობა უნდოდათ. არ ვიცი, რა სახის „დახმარებას“ აპირებდნენ და რით დაარწმუნებდნენ გერმანელებს, როდესაც თავიანთ ქვეყანაში მომხდარი თავდასხმა საერთოდ არ აქვთ გამოძიებული.

თავად გამოძიების შედეგებით კმაყოფილი ხართ, თუ დაგრჩათ კითხვები?

რა თქმა უნდა, კითხვები მაქვს. ჩემი ინფორმაციით, მკვლელს ჩვენება ჯერ არ მიუცია, არ ალაპარაკებულა. გამოსაძიებელი კიდევ ბევრია: თანამზრახველი დაკავებული არაა, ვინც დაეხმარა ბინის თაობაზე, ველოსიპედი უყიდა, იარაღი გადასცა...

ფიქრობთ, რომ გამოძიება შესაძლოა, ზელიმხანის საახლობლო წრემდე მივიდეს?

მსგავსი ეჭვები ადრეც გვქონდა [2015 წლის თავდასხმისას]. გამორიცხული არაფერია.

ერთ–ერთ ინტერვიუში გამოთქვით ეჭვი, „არაა გამორიცხული, ქისტი იყოს გარეულიო“...

ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ, მაგრამ კონკრეტულ ადამიანს ვერ დავადებ ხელს. გამოძიება დაადგენს ამას. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ეჭვებს აჩენს ის, თუ როგორ განხორციელდა თავდასხმა: მაგალითად, გერმანიაში, რამდენადაც ჩვენ ვიცით, მკვლელი ზელიმხანს ელოდებოდა – იცოდა რომელ გზაზე გაივლიდა. არადა, ბერლინში ორიოდ დღის წინ ჩავიდა. ანუ ჰქონდა ინფორმაცია, თუ სად ცხოვრობდა, რომელი იყო მისი ბინის შესასვლელი, ბინა, შეარჩია მოხერხებული ადგილი და იქ ესროლა. ეს დეტალური ინფორმაცია მკვლელს ხომ ვიღაცამ მიაწოდა? გერმანიის სპეცსამსახურებზე არანაირი ეჭვი არ მაქვს, მაგრამ ვიღაც არის ხო? ვინც ზელიმხანს კარგად იცნობდა, მასთან ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ ეჭვია ერთია და ფაქტი შესაძლოა, სხვა აღმოჩნდეს – გამორიცხული არაფერია.

რამდენადაც ცნობილია, უკრაინაშიც იყო მსგავსი მცდელობა...

ამის შესახებ ჩემთვის მას არაფერი უთქვამს. მანდ არ იყო უსაფრთხო გარემო და ამიტომ წამოვიდა გერმანიაში. შემდეგ გავიგე, თითქოს მოწამლვა უნდოდათო – არ ვიცი გაზვიადებულია თუ არა. აი, 2007 თუ –2008 წელს (ზუსტად არ მახსოვს) იყო მსგავსი სიტუაცია: ვიღაც გამოგზავნეს, ზელიმხანი ცოცხლად უნდა გადაეცათ რუსეთისთვის. გადაცემის შემდეგ მე და კიდევ სამი კონკრეტული პირი უნდა მოეკლათ – კადიროვის ხალხი იყო კონკრეტული მიზნებით. ღვთის წყალობით, მაშინ არ გამოუვიდათ, აღვკვეთეთ – იმ მთავრობის დროს მსგავსი რამეების აღკვეთა შესაძლებელი იყო.

2019 წლის გაზაფხულზეც ამბობდა ზელიმხანი, ჩემი ლიკვიდაციის გეგმა კვლავ აქტუალურიაო. ჰქონდა ამ კუთხით რაიმე სახის მიმართვა გერმანიის შესაბამისი უწყებებისადმი, თუ ისინი არ მოეკიდნენ სერიოზულად?

არ ვიცი, თავშესაფარზე რატომ უთხრეს უარი. საქართველოდან ვინც მოდიოდა, თითქმის ყველას უარს ეუბნებოდნენ. სერიოზულად არ მოეკიდნენ, ან საქართველოს მხრიდან ვითარების შემარბილებელი ინფორმაცია მიიღეს: ალბათ, სურდათ, ისე საქართველოში გაეშვათ. ზელიმხანის ლიკვიდაცია საქართველოში უფრო ადვილი იყო, ხმაური არც რუსეთს სჭირდებოდა, საქართველოს შემთხვევაში ისეთი ხმაური არ ატყდებოდა, როგორც გერმანიაში.

აგვისტოში მკვლელობიდან ერთი წელი გავა. ამ ხნის განმავლობაში ქართული მხრიდან ოფიციალურ პირებს თქვენთან კომუნიკაცია ან კომუნიკაციის მცდელობა თუ ჰქონიათ?

მთავრობის წარმომადგენლებს საჯაროდ, ოფიციალურად ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ. თითქოს ამბობდნენ, „გერმანიაში საქართველოს საელჩო ოჯახს ცხედრის გადმოსვენებაში დაეხმარებაო“, მაგრამ საელჩოდან არავინ გამოჩენილა არც მკვლელობის პირველ დღეებში და არც შემდეგ, არც ვინმეს დაურეკავს. უბრალოდ, ხელისუფლებიდან რამდენიმე პირი დამიკავშირდა, რომლებთანაც პირადი ნაცნობობა მაკავშირებს, და სამძიმარი მითხრეს. ეგ იყო და ეგ. ოფიციალური კუთხით ეს საქმე არავინ შეიმჩია – კომენტარიც კი არ გაუკეთებიათ.

რაც შეეხება საქართველოში მომხდარ თავდასხმას, ამ კუთხით ქართული გამოძიების იმედი არ მაქვს, რადგან თუ გამოიძიებენ, უნდა გამოიძიონ, ვინ აფარებდა თავდამსხმელებს ხელს, ვინ დაბლოკა საქმე და ის არ იქნება რიგითი მოქალაქე, ან პოლიციელი – ვიღაც მაღალი თანამდებობის პირია რუსეთის წარმომადგენელი და საკუთარს დაიჭერენ? ამდენად, ამ მთავრობის პირობებში საქმის გამოძიების მინიმალური იმედიც არ მაქვს. ხოლო თუ გამოიძიებენ, კვალს სხვაგან მიიყვანენ, „თურმე ასე ყოფიალო“ და შესაძლოა, მათ მიერ დასახელებული ადამიანები ცოცხლებიც აღარ იყვნენ. მთავრობა თუ შეიცვალა და შემდეგ გამოიძიებენ საქმეს, ბუნებრივია, სურვილი მაქვს, მართლმსაჯულების წინაშე აგონ პასუხი.

თქვენც გაიხსენეთ 2007 წელი, როდესაც ზელიმხანის წინააღმდეგ ოპერაცია მზადდებოდა, ამის შემდეგ პერიოდულად იყო ინფორმაცია მსგავსი ოპერაციების დაგეგმვის შესახებ, იყო 2015 წელი [თავდასხმა თბილისში] და პროცესი გაგრძელდა 2019 წლამდე. ადამიანებს, რომლებსაც კრემლის სისასტიკესთან უშუალო შეხება არ აქვთ, უჭირთ ამ მოვლენის აღქმა. მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, ერთი ადამიანის მიმართ ეს ცხოველური ინტერესი მაინც რით იყო განპირობებული?

ზელიმხანი ბევრ რამეს არ მეუბნებოდა, ერიდებოდა, როგორც უფროს ძმას, არ მენერვიულა... მაგალითად, ადრე, სანამ ჯერ კიდევ საქართველოში ვიყავი, ჩემთან მოვიდნენ ადამიანები ჩეჩნეთიდან და მითხრეს, რომ თუ მათთან „ვიმეგობრებდი“, პრობლემებიც არ მექნებოდა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მიმართვა ზელიმხანთან ხშირად იყო. მე უარით გავისტუმრე და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს შეთავაზებას ზელიმხანი არასდროს დასთანხმდებოდა: ისინი ჩვენი მტრები არიან, 250 000–მდე ჩეჩენი ჰყავთ მოკლული. არსებობს რუსული გამოთქვა, „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერიაო“ – იცოდნენ, რომ ნებისმიერი საქმეში ზელიმხანი მათ წინააღმდეგ იქნებოდა. ჩვენს ხეობაში ავტორიტეტი ჰქონდა და სანამ ზელიმხანი ცოცხალი იქნებოდა, ხეობაზე გავლენა ვერ ექნებოდათ. ამდენად, მათთვის ზელიმხანი შეფერხება იყო. ახლა კი ნელ–ნელა გავლენის გაძლიერებას შეეცდებიან.

იხილეთ ასევე:

ავტორი: დიანა მუსელიანი

ახალი ამბები