პუტინის “დემოკრატია”: რუსეთის რესპუბლიკის არსებობას მსხვილი წერტილი ესმება?

23-06-2020 16:12:57 ანალიზი

პუტინის მმართველობის განმახანგრძლივებელი საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ საჩივრები უპასუხოდ რჩება. ამჯერად უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტების ადმინსტრაციული სარჩელი არ მიიღო, რომლითაც საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო კენჭისყრის 1 ივლისისთვის დანიშნვის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება საჩივრდებოდა. წინა შემთხვევების მსგავსად, მოსამართლეს უარის მოტივები არ აუხსნია. მანამდე ანალოგიური სარჩელით უზენაეს სასამართლოს მოსკოვის საქალაქო სათათბიროს დეპუტატებმა ევგენი სტუპინმა და ოლეგ შერემეტიევმა მიმართეს იურისტ სერგეი ბოჩაროვთან ერთად. სასამართლოს პასუხი მათ ამ დრომდე არ მიუღიათ.

მოსარჩელეების აზრით, კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში საყოველთაო კენჭისყრის ჩატარება “დანაშაულის ტოლფასია”. მათ სურთ, სასამართლომ ვერდიქტი 1 ივლისამდე გამოიტანოს, როცა კენჭისყრაა დანიშნული, თუმცა რეალურად, მის ჩატარებას ხელისუფლება უკვე 25 ივნისიდან დაიწყებს.

ფორმალურად, რუსეთში კოვიდ-ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა არ შემოუღიათ, ბოლო პერიოდში კი მოსკოვსა და არაერთ რეგიონში თვითიზოლაციის რეჟიმიც გააუქმეს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად კოვიდ-ინფიცირების დაახლოებით 8 000 შემთხვევა ფიქსირდება, ანუ მეტი, ვიდრე იმ დროს, როცა პრეზიდენტმა პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებების 22 აპრილისთვის დანიშნული საყოველთაო კენჭისყრა სწორედ ეპიდემიის მოტივით 1 ივლისისთვის გადადო.

ერთ-ერთი მოსარჩელის – დეპუტატ ევგენი სტუპინის განცხადებით, ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონი საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ამდენად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც კი ითვალისწინებს:

“თავად კენჭისყრის შესახებ კანონს ვერ გავასაჩივრებთ, მაგრამ უფლება და შესაძლებლობა გვაქვს, გავასაჩივროთ თარიღი. სარჩელი წარვადგინეთ, რადგან ვთვლით, რომ 1 ივლისისთვის ქვეყანაში ეპიდემია ვერანაირად ვერ დასრულდება. სადღეისოდ რუსეთში კორონავირუსისგან ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება და ნათელია, რომ საარჩევნო უბნებზე ხალხი მასობრივად დაინფიცირდება. რა ზომებიც არ უნდა იქნას მიღებული ადგილებზე, ეს ყველა შემთხვევაში ხალხის მასობრივი თავშეყრა იქნება, ამიტომაც ამჟამად ეს ღონისძიება სრულიად უადგილოა და მისი ჩატარება არავითარ გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. შესაძლებელია მისი უფრო გვიანი დროისთვის გადატანა, როდესაც ვირუსი უკვე დამარცხებული იქნება. ასე, რომ ჩვენი სარჩელი ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის სურვილითაა განპირობებული”.

სტუპინის განმარტებით, სხვა საფუძვლებით (მაგალითად იმით, რამდენად კონსტიტუციურია ან არაკონსტიტუციური, რომ პუტინი 6 საპრეზიდენტო ვადით გადის) პრეზიდენტის ბრძანებულების გასაჩივრება შეუძლებელი იყო, თუმცა თავად რეფერენდუმის პროცედურა ცალსახად უკანონოა:

“სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლიც რომ ავიღოთ (საარჩევნო კომისიების მუშაობისა და საარჩევნო უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლა), იგი ფორმალურადაც კი არ მიესადაგება ამ კენჭისყრას, რადგან მასში რეფერენდუმზე და არჩევნებზეა საუბარი, ხოლო ის, რაც 1 ივლისს იქნება, სრულიად გაუგებარი კონსტრუქციაა, რომელიც კანონიერ სივრცეს სცდება. გარდა ამისა, როგორც უკვე ცნობილია, მედიის წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების დასწრება ამ კენჭისყრაზე პანდემიის მოტივით გამორიცხეს, საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები კი საათში ერთხელ, 10 წუთით მარტონი დარჩებიან ურნებთან. ამასთანავე, მოსკოვში ჩატარდება ელექტრონული ხმის მიცემა… – ეს ყველაფერი სრულიად არალეგიტიმურს ხდის პროცედურას. თუმცა ფაქტი ფაქტია, ხელისუფლება ამას ჩაიდენს, ჩვენ კი ამ ვითარებაში ვაკეთებთ იმას, რაც ძალგვიძს – ვცდილობთ, ამ სრულ უკანონობას კანონის ძალით შევეწინააღმდეგოთ”.

კიდევ ერთი მსგავსი სარჩელის ავტორი - პოლიტოლოგი ვალერი სოლოვეი ასევე დარწმუნებულია, რომ იქიდან გამომდინარე, როგორ ხდებოდა ცვლილებების ე.წ. საყოველთაო განხილვა, ეს ყველაფერი სრულიად არალეგიტიმურია და თან უკანონოც:

“ეს ყველაფერი წერტილს, ან, სულ მცირე, მსხვილ ჯვარს უსვამს 90-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბებული რუსეთის რესპუბლიკის არსებობას. საუბარი იმაზე კი არ არის, რომ პირობითად, ელცინის კონსტიტუცია პუტინისეულით იცვლება. რუსეთის რესპუბლიკა იმ სახით, რომლითაც ყალიბდებოდა 90-იანი წლების დასაწყისში, არსებობას წყვეტს. კონსტიტუცია მის იურიდიულ გაფორმებასა და პლატფორმას წარმოადგენდა. ეს რესპუბლიკა ამიერიდიან აღარ არსებობს”.

რატომ არის ხელისუფლებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი, პლებისციტი 1 ივლისს – პანდემიის პერიოდში ჩაატაროს?

დეპუტატ სტუპინის აზრით, “სამომავლოდ ყველაფერი მხოლოდ გაუარესდება და ხელისუფლებამ ეს კარგად იცის”:

“მოქალაქეების შემოსავლები მცირდება და ამის კვალდაკვალ იკლებს ხელისუფლების რეიტინგიც. მმართველმა ძალამ მშვენივრად უწყის, რომ უკეთესობისკენ მისი მდგომარეობა არ შეიცვლება, ამიტომაც ჩქარობს. თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნებისმიერ რეიტინგზე ბევრად მნიშვნელოვანია. მათ არაფერი უშლით ხელს, ბრძანებულება შეცვალონ, ვადა გადაწიონ, ან სულაც უარი თქვან ამ პლებისციტზე. თუ პუტინს მისი ვადების “განულების” გადაუდებელი აუცილებლობა დაუდგა, ადგეს და კანონი შეცვალოს”.

მოსწრების სურვილში ხედავს მიზეზს პოლიტოლოგი სოლოვეიც. მისი აზრით, “ფუნდამენტური მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ვლადიმირ პუტინი ძალიან ჩქარობს და ეს მის პირად გარენოებებს უკავშირდება”.

პოლიტოლოგი იხსენებს, რომ თავდაპირველად კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის დაწყება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი და სურდათ, მთელი ეს პროცესი 1,5-2 წლით გაეწელათ.

“ასეთ შემთხვევაში ეს კიდევ ნორმალური იქნებოდა. თუმცა თუ გავითვალიწინებთ პუტინის პირად გარემოებებს, რომელიც მკვეთრად შეიცვალა, ახლა ის ძალიან ჩქრობს: პუტინისთვის აუცილებელია რაღაც სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება, რომელიც რუსეთს მის გარეშე გააკონტროლებდა, ამიტომაც წლის ბოლომდე ეს ბაზა უსიკვდილოდ უნდა ამოქმედდეს” – განმარტავს სოლოვეი.

თუმცა არსებობს, მისი თქმით, ტაქტიკური მიზეზებიც და ერთ-ერთი მათგანი განწყობათა დინამიკას უკავშირდება:

“გადავადების ყოველი დღე აუარესებს საზოგადოების განწყობას ზოგადად ყველაფრის მიმართ, რაც ხელისუფლებისგან მომდინარეობს, მისი ყველა ინიციატივისადმი. გარდა ამისა, როდესაც პლებისციტის თარიღი განიხილებოდა, სახელდებოდა რამდენიმე ვარიანტი – ივლისის დასაწყისი და ბოლო, აგვისტოს დასაწყისი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი კირიენკო 1 ივლისს ლობირებდა, - ამბობდა, “ხალხი უბრალოდ შვებულებებში გავა და ურნებთან ვეღარავის მოვიყვანთო”.

რა შედეგის მიღების იმედი აქვს ხელისუფლებას და როგორი შეიძლება, აღმოჩნდეს იგი რეალურად?

პოლიტოლოგ სოლოვეის ინფორმაციით, კირიენკო პუტინს 65%-იან აქტივობასა და ცვლილებების 73-75%-იან მხარდაჭერას დაჰპირდა.

“ეს თანაწონადია იმისა, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიხილეთ. ვინაიდან პლებისციტი პუტინის მიმართ ნდობა-უნდობლობის დემონსტრირებად განიხილება, შედეგები მსგავსი უნდა იყოს. რას მივიღებთ რეალურად – ჯერ ძნელი სათქმელია, თუმცა ვიცი, რომ ცვლილებების წინააღმდეგ ხმის მიცემის განწყობა ხალხში საკმაოდ ძლიერია. სამწუხაროდ, ოპოზიცია დანაწევრდა: იმ დროს, როცა ერთი ნაწილი (და ამას მეც ვეთანხმები) ამბობს, რომ უნდა წავიდეთ პლებისციტზე და ვთქვათ “არა”, მეორე ნაწილი ბოიკოტირების მოწოდებით გამოდის. ძალიან კარგად ვიცი, რომ ბოიკოტი პრეზიდენტს აძლევს ხელს. მისთვის ეს ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. მას აწყობს, ისინი, ვისაც წინააღმდეგ შეეძლო ხმის მიცემა, არ მივიდნენ. თუ ბიულეტენს ურნაში უშვებთ, შედეგების გაყალბება ბევრად რთულია”, – დასძენს ვალერი სოლოვეი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები