დუმილის ფასი: „რუსეთში უხმაუროდ წასვლა სხვაა და სხვა, მისგან უხმაუროდ დისტანცირება“

23-06-2020 17:37:13 ანალიზი

სანამ ბერლინი მოსკოვს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო სანქციებით ემუქრება, თბილისმა უდანაშაულობის პრეზუმფციაზე „ზრუნვა“ დაიწყო. ერთი შეხედვით, სწორედ ამგვარ შთაბეჭდილებას ტოვებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის კომენტარი, როდესაც დაგვიანონსა, "პოზიციას სასამართლოს დასკვნის შემდეგ დავაფიქსირებთო". მაგრამ ცხადია, თბილისი დუმილის სავალდებულო დარღვევის გადავადებას ხელოვნურად ცდილობს. სავალდებულო იმიტომ, რომ მოქალაქეობა არა მხოლოდ თავად მოქალაქეს (განურჩევლად წარმოშობის, მრწამსის, რასის, სქესისა...) აკისრებს პასუხისმგებლობას სახელმწიფოს წინაშე, არამედ თავად სახელმწიფოსაც.

თუ მაინც უდანაშაულობის პრეზუმფციის საკითხს მივყვებით, საინტერესოა, რომ მსგავსი სტანდარტი მმართველი გუნდის წევრებს ხელს არ უშლით, კრიტიკოს საერთაშორისო პარტნიორებს დასავლურ ღირებულებებზე (შიდა აუდიტორიის გასაგონად) „ლექცია უკითხონ“, მეორეს მხრივ – სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, წინდაწინ კრიმინალად შეაფასონ პოლიტიკური ოპონენტი. მსგავსი სითამამის დეფიციტი რატომ გვაქვს მაშინ, როდესაც საქმე ქვეყნის მთავარ საფრთხეს ეხება და რა არის ამ დუმილის ფასი?

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის დაკვირვებით, ხელისუფლების დუმილი „ძალიან შემაშფოთებლად ხმაურობს“:

„ძალიან უცნაურია მსგავსი ქცევა. მე საზოგადოებას აფგან მუხთარლის [თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და მას ახლობლებმა აზერბაიჯანის ციხეში მიაკვლიეს] საქმეს შევახსენებდი: ჩვენ ეს ადამიანი „დავკარგეთ“, აზერბაიჯანიდან კი გერმანიაში წაიყვანეს. ეს არის საკითხები, სადაც ჩვენ ევროპულად არ ვიქცევით. როდესაც ჩვენს მოქალაქეს კლავენ და აშკარად ჩანს, რომ კლავს რუსეთის სახელმწიფო, საქართველომ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს გერმანიას; თქვას, რომ დასაკარგი მოქალაქეები არ ჰყავს, რომ მიუღებელია ის, რაც ხდება, რომ ენდობა გერმანიის გამოძიებას, შესაბამისად, მათ მიერ გამოტანილი დასკვნა, რომ რუსეთის სახელმწიფოა ჩართული მკვლელობაში, შემაშფოთებელი და მნიშვნელოვანია, ამიტომ გმობს მსგავს ქცევას და მზადაა, ითანამშრომლოს გერმანიის მთავრობასთან – ეს მკაფიოდ უნდა თქმულიყო. სამწუხაროდ, დუმილი ძალიან ცუდად ხმაურობს: ან ჩვენ სათქმელი არაფერი გვაქვს, რაც თავისთავად ცუდია, ან კიდევ უარესი – რაღაცეები ვიცით და ამის თქმა არ გვინდა: ანუ ჩვენ არ გვინდა, რაღაც ინფორმაცია გადავცეთ, რაც რუსეთის ინტერესებს დააზიანებს? – თუ ასეა, ეს ამორალური საქციელია! ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ ცალსახად და მკაფიოდ უნდა გამოკვეთოს პოზიციები: მიესალმოს გამოძიებას, დაგმოს რუსეთის ქმედებები და გამოხატოს გერმინიასთან თანამშრომლობა – არც ერთ მათგანს არ აკეთებს და ეს ძალიან შემაშფოთებელია“.

რა არის დუმილის ფასი?

ლოიალობა: რუსეთი სადღაც, რაღაც ფონზე ვითომდა ამას დადებითად ჩაუთვლით [საქართველოს ხელისუფლებას], მაგრამ რუსული პოლიტიკა არ ცნობს საპასუხო დადებით ნაბიჯს,– ფიქრობს ზაქარეიშვილი.

„რუსეთი ღუმელივითაა: რასაც გადააგდებ, ყველაფერს წვავს. საქართველოში არსებობენ პარტიები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება კარგია. მაგრამ რეალურად ეს გამორიცხულია! პირადად მე მთავრობაში ყოფნისას მომხრე ვიყავი, რუსეთიდან დისტანცირება ხმაურის, დედის გინების ... გარეშე მომხდარიყო. ამის გამო ხშირად მაკრიტიკებდნენ. მაგრამ სხვაა, როდესაც რუსეთისგან უხმაუროდ მოდიხარ და სხვა, როდესაც რუსეთში უხმაუროდ მიდიხარ. ამ პოზიციებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. რუსეთიდან წასვლაა საჭირო და არა თანამშრომლობის მცდელობა: ის უმადურია, დაუნახავი, განადგურებს, როდესაც მისი ინტერესები ჩნდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპასთან, როდესაც ის ჩვენთან არაა, და მით უმეტეს, მასთან უნდა ვიყოთ, როდესაც ის ჩვენთანაა. ამდენად, უცნაურია, როგორ აქვთ პირში წყალი ჩაგუბებული!“

დუმილის გზავნილი

„იქ, სადაც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ და ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად შემიძლია ბრძოლა, ამას მომავალშიც გავაკეთებ, ბუნებრივია, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მათი ინტერესების დამაბრკოლებელი ფიგურა - არა, მაგრამ ჭანჭიკი მაინც ვარ“,– ასე ხედავდა საკუთარ როლს ზელიმხან ხანგოშვილი, მაგრამ როგორც ჩანს, ჭანჭიკზე მეტი აღმოჩნდა.

რონდელის ფონდის მკვლევარი, შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ფიქრობს, რომ „დუმილი ძალიან ნეგატიური გზავნილია ყველასთვის: რუსეთის წინააღმდეგ ხმა არ უნდა ამოიღო და არაფერი გააკეთო, რადგან დაცული არ ხარ“.

რაც შეეხება უშუალოდ ხანგოშვილის საქმეს, ის პრობლემას ორი მიმართულებით ხედავს:

  • სახელმწიფომ დაკარგა მოკავშირე და მნიშვნელოვანი ავტორიტეტი;
  • როცა სახელმწიფოს მოკავშირე დასჭირდება, მისი მოძიება გაუჭირდება.

„პანკისის ხეობაში მსგავსი ავტორიტეტული პირი აღარაა. რუსეთი ყოველთვის ცდილობდა საქართველოს ტერიტორიაზე პროვოკაციების მოწყობას და ამ მიმართულებით ზელიმხან ხანგოშვილის და მსგავსი პირების მუშაობა ფასდაუდებელი იყო – არაერთი თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა“,– იხსენებს უტიაშვილი „აქცენტთან“.

კავკასიოლოგ ალეკო კვახაძის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვეს პირებმა, რომლებიც თავის დროზე ქართულ სახელმწიფოსთან სათანამშრომლოდ მზად იყვნენ:

„მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიაში. იყო იმ საველე მეთაურთა შორის, რომელთაც კადიროვის რეჟიმთან გარიგებაზე უარი თქვეს და „შავ სიაში“ მოხვდა. ხანგოშვილი საქართველოს სახელმწიფოსთან პანკისის და ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით თანამშრომლობდა – პრობლემური საკითხებისას ერთგვარი მედიატორის როლს ასრულებდა. ერთ–ერთი მაგალითია ლაფანყურის მოვლენები: თავად იყო ჩართული მოლაპარაკების პროცესში და მძევლები გამოიყვანა. რომ არა მისი აქტივობა, მსხვერპლი შესაძლოა, გაცილებით დიდი ყოფილიყო. კიდევ არიან მსგავსი პირები, მაგრამ მათმა ნაწილმა ქვეყანა უკვე დატოვა სწორედ იმიტომ, რომ მიუხედავად მათი ღვაწლისა, სახელმწიფო მათ უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს. ხანგოშვილის „ქეისის“ შემდეგ, ვისაც მსგავს თანამშრომლობას შესთავაზებენ, უპირველესად დაფიქრდება, რამდენად შეძლებს სახელმწიფო მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ეს „ქეისი“ გვიჩვენებს, რომ სახელმწიფო არათუ მაგალითად, 2015 წელს ხანგოშვილზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებას, არამედ მიჩქმალვას ცდილობს. ის რუსეთისთვის მიუღებელი პირი იყო, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კი რუსეთის გაღიზიანება არ უნდა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები