აფხაზური “სასაზღვრო” პარადოქსები და მათი მიზეზები

25-06-2020 15:24:06 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვანი უცხოელი სტუმრებიდან, რომლებიც 24 ივნისს მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმსა და თანმდევ ღონისძიებებს დაესწრნენ. თუმცა თავად ოკუპირებულ რეგიონში ბჟანიას რუსეთში ვიზიტს არა ამ სიმბოლური კუთხით, არამედ სულ სხვა – კრემლის მესვეურებთან კონტაქტის პრაქტიკული შედეგების მოლოდინის გამო ანიჭებდნენ მნიშვნელობას, კერძოდ, ოკუპირებული რეგიონისთვის ამჟამად ყველაზე აქტუალური საკითხების – რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნისა და ფინანსური დახმარების აღდგენის მიმართულებით.

სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ამ დრომდე არ ცხრება დავა იმაზე, მართებულია თუ არა კორონავირუსის პანდემიის მხრივ რუსეთში არსებული ვითარების ფონზე მასთან დე ფაქტო საზღვრის გახსნა. კამათის მორიგ მიზეზად კრემლის ერთ-ერთ რუპორად ცნობილი მედიასაშუალების - “SPUTNIK-Абхазия”-ს პუბლიკაციის “სქრინი” იქცა, რომელშიც ვითომდა ასლან ბჟანიას შესაბამის განკარგულებაზე იყო საუბარი. ოფიციალური წყაროები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა რიგითი მოქალაქეების დავა, უნდა გაიხსნას თუ არა დე ფაქტო საზღვარი, ტურისტული სეზონის გახსნის თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მაინც არ ცხრება.

იდგა თუ არა ეს საკითხი რეალურად მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრების დღის წესრიგში – წინასწარ არ თქმულა, თუმცა საერთაშორისო, საპარლამენტო და თანამემამულეებთან კავშირების დე ფაქტო საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ასტამურ ლოგუა, ისევე, როგორც დე ფაქტო საზღვრის გახსნის მომხრე ინტერნეტ-მომხმარებლები, თვლის, რომ აფხაზური მხარე მას მოსკოვში გვერდს ვერ აუვლიდა.

«დიახ, რა თქმა უნდა, მოველი, რომ მოსკოვში ამ თემაზეც იქნება საუბარი. მოვხვდებით თუ არა იმ პირველი ქვეყნების სიაში, რომლებთანაც რუსეთი კორონავირუსის გამო ჩაკეტილ საზღვრებს გახსნის? სულ ახლახანს წავიკითხე ცნობა იმის შესახებ, რომ საზღვარი უპირველესად, სომხეთსა და ბელარუსთან გაიხსნება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ ორ ქვეყანას აფხაზეთიც დაემატება – თუ, რაღა თქმა უნდა, ეს სერიოზულ ზიანს არ მოგვაყენებს კორონავირუსული ინფექციის კუთხით. მეც მშვენივრად მესმის საფრთხე, თუმცა მოსაზღვრე კრასნოდარის მხარეში, მაგალითად, 1 ივნისიდან ყველა შეზღუდვა მოიხსნა და ვხედავთ, რამდენი ტურისტი შევიდა უკვე იქ დასასვენებლად. ასე, რომ, ჩემი აზრით, საზღვრის გახსნა ურიგო არ იქნებოდა, მით უფრო, რომ ჩვენი ბიუჯეტიც საგრძნობლად დაცარიელდა, ამას კი ხელფასების, შემწეობების, პენსიების გაცემისა და მთლიანობაშიც რესპუბლიკის ეკონომიკური მდგომარეობის თემა ებმის. ბევრი ადამიანი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში არაა დასაქმებული, საზაფხულო სეზონის გახსნაზეა დამოკიდებული. იმედია, მიიღწევა რაღაც შეთანხმებები ინვესტპროგრამის ფარგლებში ფინანსების გადანაწილების თაობაზე… ვფიქრობ, ამ თემებზე მოსკოვში აუცილებლად ისაუბრებენ».

აი, დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის გახსნის თემა კი, სამწუხაროდ, ჯერ იდეის დონეზეც არსად განიხილება. და ეს – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის კუთხით ვითარება შეუდარებლად უმჯობესია. ჩაკეტვითაც სოხუმმა დე ფაქტო საზღვარი ჩვენ ბევრად ადრე ჩაგვიკეტა, ვიდრე რუსეთს.

როგორც ამასთან დაკავშირებით “აქცენტს” ადგილობრივმა მიმომხილველმა განუცხადა, რომელმაც ვინაობის განსაჯაროება არ ისურვა, ამ ერთი შეხედვით, პარადოქსულ გადაწყვეტილებას თავისი ახსნა აქვს. კერძოდ, იმ პირობებში, როცა სოხუმი, ცხინვალისგან განსხვავებით, უფრო გონივრულად მოიქცა და კორონავირუსის პანდემიის პირობებში პოლიტიკური მიზეზების გამო საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებაზე უარი არ განუცხადებია, სადღეისოდ “რესპუბლიკაში” ამ კუთხით ვითარება მეტ-ნაკლებად ნორმალურია და მთავარ საზრუნავს მოსკოვის მიერ 6 თვის წინ ჩაკეტილი ფინანსური “ონკაბნის” გახსნა წარმოადგენს ტურიზმის სფეროდან მისაღებ საკუთარ შემოსავლებთან ერთად.

“მართალია, პრემიერმა ანქვაბმა ამასწინათ შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებს ყველას გასაგონად განუცხადა, თბილისის მიმართულებით ავამდყოფების გადაშვებისთვის ხელი არ შეეშალათ, თუმცა გადაუშვეს ვინმე? - არა. ასე, რომ ის, რაც ანქვაბმა თქვა, გამოცდილი პოლიტიკოსის განცხადება იყო მხოლოდ – სხვა არაფერი. რეალურად, საზღვარი კვლავინდებურად ჩაკეტილია და ეს ურთულეს მდგომარეობაში აყენებთ უპირველესად გალელებს, რომლებიც პანდემიის დაწყებამდეც იჩაგრებოდნენ. თუ ვინმე თვლის, რომ მათ მიმართ უსამართლო მიდგომას აფხაზეთის დანარჩენი მოსახლეობა ვერ ამჩნევს, ძალიან ცდება: აფხაზეთის სხვა რაიონებში მცხოვრებ ბევრ აფხაზს გალის რაიონში ნათესავები, ახლობლები, უბრალოდ ნაცნობები ჰყავს და კარგად ვიცით, რამდენად უუფლებო და დაჩაგრულია იქაური მოსახლეობა თუნდაც საბუთების არქონის გამო ზოგადადაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ამჟამინდელ - საკარანტინო მდგომარეობაზე” – აღნიშნა მან.

ჩვენი თანამოსაუბრის აზრით, იმედი, რომ დე ფაქტო პრემიერად იმ ანქვაბის დაბრუნება, რომლის წინააღმდეგ პოლიტიკური ოპონენტების ერთ-ერთ არგუმენტს თავის დროზე სწორედ “გალელებისადმი ლმობიერება” წარმოადგენდა, გალელების მდგომარეობაზე დადებითად აისახებოდა, მაინცდამაინც საფუძვლიანი ვერ იქნება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში ამას ნაკლებად უნდა ველოდოთ:

“როგორც უკვე აღვნიშნე, ანქვაბი გამოცდილი პოლიტიკოსია: ნაკლებ სავარაუდოა, მან ხმამაღლა ისეთი რამ თქვას, რაც არ ღირდა და პირიქით, დემოკრატიული იმიჯის მხარდასაჭერად საჭირო მომენტში საჯაროდ არ მოახდინოს იმის დეკლარირება, გალელებს უჭირთ და საზღვარზე ყველა გადაუშვითო. მაგრამ ერთია განცხადებები, მეორე – რეალური ქმედებები. ჩვენზე უკეთ თავად ახსოვს, რად დაუჯდა თავის დროზე “გალელებისადმი ლმობიერება” და მეორედ ამ ფოცხს არ დააბიჯებს”.

ამის ერთ-ერთ დასტურად მიიჩნევს ჩვენი თანამოსაუბრე სულ ცოტა ხნის წინ გალის ოკუპირებულ რაიონში ადგილობრივი მილიციის უფროსად იმ პირის დანიშნვას, რომელიც “გალელებს მშვენივრად ახსოვთ და როლისგანაც კარგს ნამდვილად არ უნდა ელოდნენ”.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები