Accentnews.ge
ამბავი იმისა, როგორ შევიდა საქართველო "ქრისტეს მოძღვრებიდან განდგომის უმძიმეს ცოდვაში"

ამბავი იმისა, როგორ შევიდა საქართველო "ქრისტეს მოძღვრებიდან განდგომის უმძიმეს ცოდვაში"

10/05/2019 09:13:12 თვალსაზრისი, ანალიზი

დღეიდან 12 მაისმა ქართულ რეალობაში ახალი - ორმაგი დღესასწაულის დატვირთვა შეიძინა: საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა “შრომის კოდექსში” ცვლილებას, რომლის თანახმად, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, "ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის" დღეც განისაზღვრა.

კერძოდ, “შრომის კოდექსში“ შეიტანეს ცვლილება შემდეგი რედაქციით: “12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე – იმედის დღე”.

ინიციატივა, რომლის ავტორი ქვეყნის მთავრობა გახლდათ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და საბოლოოდ მას სხდომაზე დამსწრე ყველა - 96–დეპუტატმა დაუჭირა მხარიმას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებს ხელს პრეზიდენტი მოაწერს, საქართველო თავს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად საერო დონეზეც გამოაცხადებს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს საქართველოს ღვითმშობლის წილხვედრ ქვეყნად ოფიციალურად გამოცხადება "ძალიან მნიშვნელოვნად" მიაჩნია:

“საკითხს, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, აქვს ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენ, როგორც პარლამენტი, რომელიც ხალხის აზრს უნდა გამოხატავდეს, ასე ვთქვათ, პატივს ვცემთ ხალხის აზრს და აქედან გადმომდინარე, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, საქართველო ასევე ოფიციალურად გამოვაცხადოთ ღვისმშობლის წილხვედრ ქვეყანად“.

რამდენად დიდია საზოგადოების ის ნაწილი, რომელზეც სოფიო კილაძე საუბრობდა, უცნობი რჩება, მაგრამ ანალიტიკოსთა დიდ ნაწილს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ საპატრიარქოსა და მრევლის გულის მოგების მცდელობად მიაჩნია. თეოლოგები კი იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ა) მსგავსი საკითხების საერო დონეზე გატანა დაუშვებელია და ბ)  ქრისტიანობაში რომელიმე ერის გამორჩეულობა მიუღებელია.

მათი განმარტებით, ღვთისმშობლის წილხვდომობის საკითხი რომ იყოს არა მითი, არამედ წმინდა გადმოცემა, რომელიც უკავშირდება ეკლესიას, მაშინ ეს ყველა ეკლესიისთვის უნდა იყოს ცნობილი, მაგრამ ასე არ არის და ვერც იქნება თუნდაც ზემოთხსენებული ბ) პუნქტის გამო.

თეოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ მოვა დრო და ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას გააუქმებს.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი კიდევ უფრო ხისტია შეფასებაში და ხელისუფლების ამ ნაბიჯს "ქრისტეს მოძღვრებიდან განდგომის უმძიმეს ცოდვად" აფასებს. 

“ღვთისმშობლის წილხვედრად სახელმწიფოს, ერის გამოცხადება არის საქართველოს საპატრიარქოსა და ხელისუფლების უმეცრების, ამპარტავნების, ქრისტეს მოძღვრებისგან განდგომის უმძიმესი ცოდვა. ქართული მესიანიზმი, მითი იმის შესახებ, რომ ქართველი ერი არის გამორჩეული სხვა ერთა შორის, არის ერესი და მკრეხელობაა, რადგან ახალი აღთქმა არაორაზროვნად უაყოფს რომელიმე ერის გამორჩეულობის, უპირატესობის დოქტრინას, მეტიც, - უარყოფს ღმერთის წინაშე ერების რელიგიურ მნიშნველობას, რადგან ამავე მოძღვრების თანამხად, ღვთის მფარველობით კონკრეტული პიროვნება სარგებლობს და არა ერი. როგორც მოციქული პავლე წერს, "ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა, რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ. არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ" (გალატელთა, 3. 25 - 28)”,–აცხადებს მინდიაშვილი.

ინიციატივას გაჟღერებისთანავე მას „პოპულიზმი“ და “რწმენის გაუფასურება” უწოდა მართლმადიდებელმა მღვდელმა, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ:

“ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის მესვეურნი აცნობიერებენ, რამხელა ზიანს აყენებენ ამგვარი აქტებით ქრისტეს მოძღვრების გავრცელებას. ღვთისმშობლის მიმართ წილხვდომილობის თუ გვწამს, ეს უნდა იყოს ყველაზე შინაგანი, დაფარული, პირადი და საიდუმლო რწმენა თითოეულ ჩვენგანში და ამას არ უნდა სჭირდებოდეს კალენდარში პროკლამირება“, – დაწერა დეკანოზმა.

საკითხის პრეისტორია

“მე ვფქრობ, დადგება ის დიდებული დღე, როცა დღესასწაული გვექნება ღვთისმშობლობა და ღვთისმშობლის წილხვედრობა აღინიშნება საქართველოსი”, – ეს განცხადება, საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ გააკეთა 2018 წლის  28 აგვისტოს ქადაგებისას. მოგვიანებით  – 2018 წლის 28 დეკემბერს წმინდა სინოდმა შესაბამისი განჩინებაც მიიღო. უკვე 2019 წლის 4 აპრილს კი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს მიმართავს დაჩქარებული წესით ახალი დღესასწაულის დასამტკიცებლად. და მიმართა კიდეც.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ეწერა: „საქართველოს საპატრიარქოსთან კონსულტაციების შედეგად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, ასევე აისახოს წარმოდგენილი ორგანული კანონის შესაბამის მუხლში“.

კანონპროექტში მთავრობას მოჰყავდა ციტატები „ქართლის ცხოვრებიდან“, რომელიც, მათი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციას საპატრიარქომ მიაწოდა:

„ივერიაში სამოგზაუროდ განმზადებულ ზეციურ დედოფალს გამოეცხადა უფალი და უბრძანა, რომ დარჩენილიყო იერუსალიმში, ხოლო საქართველოში თავისი ხელთუქმნელი ხატით წარმოეგზავნა მოციქული ანდრია პირველწოდებული. ხელთუქმნელი ხატის, შემდგომში აწყურისად წოდებულის შესახებ მაცხოვარმა ბრძანა, რომ იგი ღვთისმშობლის წილ ანუ მის ნაცვლად დამკვიდრდებოდა ქართველთა მცველად უკუნისამდე ჟამთა ანუ ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე“.

შემდეგ წერია: „აღსანიშნავია ისიც, რომ 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოს თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია. საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად – ეროვნულ დღესასწაულს“.

განმარტებითი ბარათის თანახმად, „ეს დღესასწაული სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და იძენს საყოველთაო ზეიმის ხასიათს“.

იქვე მთავრობის ადმინისტრაცია წერს:

„ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა – ანუ იმედისა. მშვიდობისა და კეთილდღეობის იმედი, ახლობელი და გამაერთიანებელია ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქის. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას — იმედის დღე“.

რაც შეეხება დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროებას, მას შემდეგნაირად ხსნიან:

„გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს საპატრიარქო წელს, 12 მაისს პირველად იზეიმებს და პირველად აღნიშნავს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კონსულტაციის შედეგად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის მიღება მოესწროს 12 მაისამდე. შესაბამისად, მიზანშეწონილია, წარმოდგენილი ორგანული კანონპროექტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S