ხანგოშვილის საქმის მეორე ფიგურანტიც ФСБ–სთან დააკავშირეს

30-06-2020 17:54:03 ადამიანი და კანონი

რუსეთის მოქალაქე, რომელიც ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში ფიგურირებს, შესაძლოა ასევე იყოს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან (ФСБ) დაკავშირებული. როგორც Bellingcat-მა გაარკვია, აღნიშნული პირი რომან დავიდოვია.

გამომძიებლებმა შეძლეს, აღნიშნული პირის მეშვეობით დაედგინათ კიდევ რამდენიმე კაცი, რომლებიც სავარაუდოდ, სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ. მინიმუმ, სამი მათგანი ეჭვმიტანილია საზღვარგარეთ მომხდარ შეკვეთილ მკვლელობებში,– ნათქვამია ბრიტანულ ჯგუფ Bellingcat-ის, გამოცემა Spiegel-ისა და რუსულ The Insider-ის ერთობლივ გამოძიებაში.

გამომძიებლები დარწმუნებული არიან, რომ რომან დავიდოვის სახელი და მონაცემები გამოგონილია.

ირკვევა, რომ მასზე 2019 წელს გაიცა საზღვარგარეთის პასპორტი, მანამდე კი ასეთი მონაცემების მქონე ადამიანი რუსეთის სახელმწიფოს მონაცემთა ბაზაში არ არსებობდა, თუმცა ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ რომან დავიდოვს იმავე დღეს მიეღო გადაკეთებული პასპორტი, როდესაც კრასიკოვმა მიიღო.

18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ამასთან, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხანგოშვილი რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით იქნა ლიკვიდირებული.

"დაკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის მტრული ურთიერთობები რუსულ სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ინგუშეთის მთავრობებთან, ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან”, – ნათქვამია ფედერალური პროკურატურის საიტზე განთავსებულ დოკუმენტში.

ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ თავის დროზე, ჩეჩნეთის ომის დროს ხანგოშვილი იბრძოდა ჩეჩენი ამბოხებულების მხარეს რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ, ხოლო 2008 წელს საქართველოში რაზმი შეკრიბა ცხინვალის რეგიონში რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

იმავე დღეს ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გერმანიაში რუსეთის ელჩი სერგეი ნეჩაევი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

«დღეს კვლავ მოვიწვიეთ რუსეთის ელჩი სასაუბროდ, რათა ცალსახად გამოგვეხატა რუსული მხარის წინაშე ჩვენი პოზიცია. გერმანიის მთავრობა უპირობოდ იტოვებს სამომავლო მოქმედების უფლებას», – განაცხადა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ავსტრიელ კოლეგასთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე და იქვე დასძინა, რომ “აუცილებელია, სასამართლო ხელისუფლებამ მომხდარი გამოიძიოს და განაჩენი გამოიტანოს”.

ოფიციალურ თბილისს საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსეთის როლზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. განიმარტა, რომ პოზიცია სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ დაფიქსირდება.

იხილეთ ასევე: The Insider, Belingcat და Der Spiegel: ვინ არის „ელბრუსი“, რომლის კვალიც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში იკვეთება

ზელიმხან ხანგოშვილი გასული წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მდებარე პარკთან მოკლეს. ეჭვმიტანილი მკვლელობის დღესვე, დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. გერმანიის ხელისუფლება მის ვიანობას ასაიდუმლოებდა. თუმცა ჟურნალისტური გამოძიების შედეგების თანახმად, ის რუსული "ეფესბეს" სპეცრაზმის ყოფილი წევრი ვადიმ კრასიკოვია, რომელიც რამდენიმე სხვა დაკვეთილი მკვლელობის საქმეებშიც ფიგურირებს. კრასიკოვი გარკვეული დროის განმავლობაში რუსეთში იძებნებოდა, თუმცა შემდეგ ძებნა გაურკვეველი მიზეზებით შეწყდა. გერმანიაში ბრალდებული ყალბი საბუთების გამოყენებით იყო ჩასული.

რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს ამ დრომდე მუდმივად უარყოფდა, პრეზიდენტმა პუტინმა კი ყოფილი საველე მეთაური “ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან დამნაშავედ” მოიხსენია, რომელსაც “მოსკოვის მეტროში ტერაქტის შედეგად უამრავი ადამიანის დაღუპვასთან აქვს კავშირი”. თავად ხანგოშვილის მკვლელობა მან “ბანდიტურ გარჩევებს” დაუკავშირა და ისიც დასძინა, რომ მოსკოვი მის ექსტრადირებას უშედეგოდ მოითხოვდა. თავის მხრივ, გერმანიამ პუტინის ეს უკანასკნელი მტკიცება ოფიციალურად უარყო. გერმანიის ფედერალური მთავრობა მოსკოვს ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში არასათანადო თანამშრომლობაში ადანაშაულებდა იმის საკმარისი რაოდენობის მტკიცებულებების ფონზე, რომ მკვლელობა მისი, ან მას დაქვემდებარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ იყო დაკვეთილი. ამასთან დაკავშირებით ბერლინმა გერმანიიდან ორი რუსი დიპლომატიც გააძევა, მოსკოვმა კი საპასუხოდ რუსეთში გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა-ნონ-გრატად გამოაცხადა.ჩეჩნეთის ომის დროინდელმა საველე მეთაურმა საქართველო 2015 წელს, თბილისში მასზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ დატოვა, რომელიც დღემდე გამოუძიებელია. თავად ხანგოშვილი დარწმუნებული იყო მისი მკვლელობის მცდელობასთან რუსეთის კავშირში.

იხილეთ ასევე: "პირში გეუბნებიან, “ძმები ვართო” და როდესაც ზურგშექცეულს დანას მირტყამ, ასეთი ძმობა არ მესმის“

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოჯახი საქართველოში დარჩა და არც ვაპირებდი მის წაყვანას, ვფიქრობდი, რომ სიტუაციას მხოლოდ მე გავერიდებოდი გარკვეული დროით, მაგრამ შემდეგ მომივიდა ინფორმაცია, რომ ჩემი მკვლელობის დავალება ახალ ჯგუფს მისცეს. ზუსტად ვიცი, რომ დავალების გამცემი რუსული „ეფესბეა“, ჩრდილოეთ ოსეთშია მათი ჯგუფი მოკალათებული. საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა თავად გადავწყვიტე, რადგან მიუხედავად არაერთი თხოვნისა და ოფიციალური მიმართვისა, ქართულმა სახელმწიფომ ჩვენთვის დაცვა არ გამოყო. რიგ წერილებზე უარით მისტუმრებდნენ, ნაწილს კი საერთოდ უპასუხოდ ტოვებდნენ. ამის შემდეგ საკუთარი წყაროებით მივიღე ინფორმაცია, „თუ შენ ვერ მოგწვდებიან, შენი ოჯახი არ იქნება უსაფრთხოდო“,- აცხადებდა 2016 წელს „აქცენტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხანგოშვილი.

ამავე ინტერვიუში ის ყვებოდა, რომ 2015 წლის თავდასხმამდეც მზადდებოდა მისი და კიდევ ორი ქართველი გენერლის მკვლელობა და იგი კავკასიელების ხელით უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მაშინ მიზანი ვერ მიიღწა.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივებსა და რუსული მედიის მიერ მისი სახელის არაერთგზის დაკავშირებას ტერორიზმთან, ხანგოშვილი ხსენებულ ინტერვიუში შემდეგზე ამახვილებს ყურადღებას:

„მე საქართველოში მტრები არ მყავს. რაც შეეხება რუსული სპეცსამსახურების მოტივებს, არასდროს დამიმალავს, რომ რუსეთ–ჩეჩნეთის ომში ვიბრძოდი და ჩემი მეორე სამშობლოს ინტერესებს ვიცავდი. ამასთან, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დროს გავწიეთ ორგანიზება, შევკრიბეთ ქისტები და მზად ვიყავით საომრად. იქ, სადაც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ და ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად შემიძლია ბრძოლა, ამას მომავალშიც გავაკეთებ, ბუნებრივია, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მათი ინტერესების დამაბრკოლებელი ფიგურა - არა, მაგრამ ჭანჭიკი მაინც ვარ. გარდა ამისა, კონკრეტული ადამიანების ლიკვიდაციისთვის გამოიყოფა თანხა და ეს მათთვის, ასე ვთქვათ, ფულის კეთების წყაროც არის. ამასთან, ქართველმა გამომძიებლებმა მითხრეს, თითქოს ბესლანის საქმესთან მქონია კავშირი. სისულელეა! დავიწყოთ იმით, რომ ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მქონია და თავად ამბის თაობაზე ტელევიზიით შევიტყვე. თუ არ ვცდები, მაშინ აზერბაიჯანში ვიყავი, ზუსტად არ მახსოვს. ამ საქმესთან ჩემს კავშირს ვერაფრით დაადასტურებენ! ამასთან, თუ რუსულ მედიას გადაავლებთ თვალს, უამრავ რამეში მადანაშაულებენ, მათ შორის - ტერაქტების განხორციელებაშიც. ეს ტყუილია. ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ჩემს მიერ განხორციელებული რომელიმე ქმედების დროს თუნდაც ერთი სამოქალაქო პირი დაშავებულიყოს, არათუ დაღუპულიყოს! რაც შეეხება რუს სამხედროებს, ვიმეორებ, ჩეჩნეთის ომში ვიბრძოდი. თავდასხმამდე მომაწოდეს ინფორმაცია, რუსები საქართველოში ნიადაგის გამაგრებას ცდილობენ და პოტენციური მოწინააღმდეგეების გაწმენდას შეეცდებიან, ამიტომ ფრთხილად იყავიო. ამისთვისაც არ მიმიქცევია თავის დროზე ყურადღება “.

უკვე 2019 წლის გაზაფხულზე ხანგოშვილმა „აქცენტს“ განუცხადა, რომ მისი ლიკვიდაციის საკითხი კვლავ აქტუალური იყო და ამის შესახებ მას დაზუსტებული ცნობები ჰქონდა, 23 აგვისტოს კი ის ბერლინში მოკლეს.

მანამდე რამდენიმე დღით ადრე, 15 აგვისტოს ხანგოშვილს 40 წელი შეუსრულდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები